
დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამ ოთხოზორია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მეტად საინტერესო თემაზე საუბრობს.
ხომ გაგიგიათ ფრაზა „შეუცნობელია გზანი უფლისანი“, ჰოდა, მამა გურამი სწორედ ამის შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, ადამიანს უფლის მიმართ ნდობა უნდა ჰქონდეს.
„თუ სამყაროს გათვლას დავიწყებთ ჩვენი სხეულის შეგრძნებებით, ვერასდროს მივაღწევთ სიმშვიდეს. მინდობა ნიშნავს ჩაუძიებლობას. შეუძლებელია, გავუგო ღმერთს, მაშინ, როდესაც ერთ ოჯახში ცოლი ვერ უგებს ქმარს, მშობელი - შვილს და პირიქით.
მე, ადამიანი, ვინც იმასაც კი ვერ ვხედავ, თუ რა ხდება კედელს იქით ან, რასაც ვხედავ, იმასაც - დამახინჯებულად; ვისი ყურიც არასწორად აღიქვამს, როგორ უნდა მივხვდე ღმერთის განზრახვას?! ამიტომაა აუცილებელი მინდობა.
ქრისტეს აღდგომასაც რწმენით ვიღებთ, თორემ, როგორც კი ჩავეძიებით, არაფერი დარჩება ქრისტესგან. მინდობა არ ნიშნავს, რომ, თუ მოგწონს, რაც გემართება, აღიქვამ ღვთის წყალობად, ხოლო, თუ არ მოგწონს – ღვთის სასჯელად.
ათონზე მცხოვრები ბერები, როდესაც ჯანმრთელად იყვნენ და სიკეთეში ცხოვრობდნენ, ტიროდნენ, ღმერთმა დაგვტოვაო და განსაცდელი რომ ეწვეოდათ, ხარობდნენ – ღმერთი გვეწვიაო.
მაგალითად, პავლე მოციქული ამბობს, როდესაც მდევნიან, მავიწროებენ, მიჭირს, ვშიმშილობ, აი, მაშინ ვარ ყველაზე ახლოს ღმერთთანო. მეტიც, არის შემთხვევები, რომლებიც საერთოდ არ იხსნება და ესეც კი არ ნიშნავს, რომ ღმერთი გვსჯის ან მან დაგვივიწყა.
მე თუ შენ მიყვარხარ, ჩემი მეგობარი ხარ, მაგრამ ერთხელაც ისე მოიქეცი, რომ ვერ ვხსნი, ეჭვი უნდა გამიჩნდეს?!
ბევრჯერ შემრცხვენია, როდესაც ამგვარი ეჭვი გამჩენია მეგობრების მიმართ და შემდეგ გამიგია, თუ რატომ ჩაიდინა ესა თუ ის საქციელი.
ნდობა ნიშნავს, რომ, მართალია, მე არ მესმის ღმერთის, მაგრამ ეჭვი არ უნდა შემოვუშვა.
მესმის, რომ ეს არ არის ადვილი.
აი, იობი იყო ასეთი:
ის არ კიცხავდა ღმერთს! ის ეუბნებოდა: მე ვიცი, რომ შენ მართალი ხარ! ვიცი, რომ მოწყალე ხარ! ვიცი, რომ მტვერი ვარ და შენ ჩემზე შურს არ იძიებდი, მაგრამ მე მინდა, გავიგო მიზეზი!
ხოლო მისი მეგობრები კი ღმერთს ამართლებდნენ:
ფარული მიზეზი იქნება, თორემ ღმერთი უსამართლოდ არავის სჯისო.
ჯერ ერთი, ვინ იცის, როგორ იქცევა ღმერთი, ანუ რა არის უსამართლო და სამართლიანი?!
ღმერთი ჩვენი სამართლით მოგვაგებს?!
ჩვენი სამართლით რომ მოგვაგებდეს, ერთ დღეს ვერ ვიცოცხლებდით!“ - წერს მამა გურამ ოთხოზორია.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵ლოცვები, რომლებიც ყველა სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ - ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს
🔵„3 წელია, რაც სექსსამუშაოში ვარ ჩართული... 6 ენა ვიცი, მაგრამ სამსახური ვერსად ვნახე...“ – ტრანსგენდერი ქალი