ისე გავიზარდე, არასოდეს მქონია შეზღუდვები. მშობლები მენდობოდნენ და იცოდნენ, ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამდი, ცხვირი წამეტეხა და მერე მენანა. ცხოვრებაში ყოველთვის იმისკენ ვისწრაფვოდი, რაც ჩემთვის მისაღები იყო.
ეს პირად ცხოვრებასაც ეხებოდა. მოკლედ, შემიყვარდა ბიჭი და მის გვერდით თავს მშვენივრად ვგრძნობდი. იმდენად კარგად გავიცანი, დავრწმუნდი, რომ მისი იმედი ყოველთვის უნდა მქონოდა.
ეს ამბავი ჩემმა მშობლებმაც იცოდნენ, არასოდეს დამიმალავს. იცოდნენ ახლო მეგობრებმაც. ჩვენ ხშირად ვიკრიბებოდით ერთ-ერთი მეგობრის აგარაკზე და ღამეც დავრჩენილვართ. ჩემს საყვარელ ადამიანთან ინტიმური კონტაქტი მქონდა, თუმცა მშობლებს ვერ ვეტყოდი. მთელი ერთი წელი ვიყავით ერთად და როცა ორსულად დავრჩი, ურთიერთობის დაკანონება გადავწყვიტეთ.
სიმართლე გითხრათ, სადედამთილოს ვიცნობდი და ერთი შეხედვაც საკმარისი იყო, რომ მის ხასიათზე წარმოდგენა მქონოდა. თუმცა, ვფიქრობდი, სადაც სიყვარული იყო, იქ მესამე პირის ჩარევა ურთიერთობას ვერ გააფუჭებდა. ურთიერთობა ვერც გააფუჭა, მაგრამ ორსული სახლში არ შემიშვა, კარი ცხვირწინ მომიკეტა და ქმართან ერთად დღესაც ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ.
არასოდეს გამოუთქვამს პრეტენზია სანამ მის შვილს ვხვდებოდი, ყოველ შემთხვევაში, ეს ჩემთვის არავის – არც თავად და არც სხვას უთქვამს. მაგრამ, როგორც კი გაიგო, ბავშვს ველოდებოდი, მაშინვე „აიფოფრა“, ხმას აუწია და უშვერი სიტყვებით მლანძღა.
ყველასთან ლაპარაკობს, თითქოს მისი შვილის გარდა კიდევ სხვებთან ვწვებოდი. მიჭირს ამ ყველაფრის გააზრება და მით უმეტეს, საჯაროდ გამოტანა, მაგრამ იმდენად ამოვიდა ყელში მისი უაზრო ლაპარაკი და ქცევები, სხვა გზა არ დამიტოვა. კიდევ კარგი, მისი შვილი არ ჰგავს დედას და როგორც შეუძლია, მივლის და გვერდით მიდგას. უბრალოდ, ვერ ვხვდები, რატომ ერევა ჩვენს ცხოვრებაში, მით უმეტეს, ხედავს, ერთმანეთზე ამოგვდის მზე და მთვარე და ჩემი ქმარი უჩემოდ არასდროს დაბრუნდება მასთან. ბევრი ეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ვერ დაგვაშორა და ამაზე მწარდება.
არ დავმალავ, მე და ჩემს ქმარს გვიჭირს, არც კი ვიცი, ბავშვი როგორ უნდა გავზარდო, მაგრამ იმედი მაქვს და ვიცი, ორივე ერთად ამას შევძლებთ. ერთ პატარა ოთახში ვართ „გამოკუჭულები“, სველი წერტილებიც გარეთაა, მაგრამ ცოტას ვიხდით და ამიტომ, როგორც გვიჭირს, ისე ვცხოვრობთ სხვის სახლში. ქალბატონი კი მესამე სართულზეა, ოთხოთახიან ბინაში გამოჭიმული.
ამას წინათ დაურეკა ჩემს ქმარს და შესთავაზა: თუ მაგას გაშორდები და სახლში დაბრუნდები, არაფერი მოგაკლდება, მაგრამ თუ უარს იტყვი, ამ ბინასაც შენ ძმას გადავუფორმებ და სოფლის სახლსაცო. ღმერთია მოწამე, მე არც მისი სახლი მინდა და არც სხვა ქონება.
უბრალოდ, მინდა, საყვარელი ადამიანის გვერდით ვიცხოვრო, ჩემი შვილი მშვიდ გარემოში გავზარდო და იმით დავტკბე, რაც მექნება. მთავარია, ქმარი მყავს ისეთი, ყველაფერს გააკეთებს მე და ბავშვი კარგად ვიყოთ და სიმდიდრეს არ დავეძებ. ისიც ვიცი, ბავშვი რომ დაიბადება, ჩემი დედამთილი არც იმას მიიღებს. მაგრამ გავა დრო და წესით, უნდა შერცხვეს ის საქციელი, რასაც ახლა სჩადის.
რას ვიზამთ, ყველა ადამიანს თავისი გაგება აქვს და თუ ჩემს საყვარელ ადამიანთან ქორწინებამდე დავწექი, ეს დანაშაული და მით უმეტეს, სხვისი გასარჩევი არაა. ეს ჩვენი, ორის ცხოვრებაა და თავად მოვაგვარებთ.
დიკო, 24 წლის.
მასალა მომზადებულია ჟურნალ „თბილისელების“ მიხედვით.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„შურდათ ასეთ კაცს რომ ვუყვარდი... 17 წელი იყო სხვაობა... არ იყო გაყინულ-გაშეშებულ სახიანი, ღიპიანი...“ - ქეთათოს ამბავი სიყვარულისა