დღეს, ალბათ, წარმოუდგენელია, ადამიანი ჩადენილ დანაშაულში გამოტყდეს და პოლიციაში თავად მივიდეს. მით უმეტეს, თუ საქმე მკვლელობას ეხება და რაც მთავარია, ისეთ მკვლელობას, რომლის გახსნის შანსიც ძალიან მცირეა.
საავადმყოფოში მოწამვლის ნიშნებით ორი და მიიყვანეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად, 42 წლის ქალი გარდაიცვალა, მასზე უფროსი, 46 წლის კი გადარჩა. წინასწარი ვარაუდით, დები სოკომ მოწამლა, მაგრამ ეს ვერსია მალევე გამოირიცხა.
გარდაცვლილის გაკვეთამ აჩვენა, რომ თაგვის საწამლავ „მიშიაკით“ იყო მოწამლული. „მიშიაკის“ შემცველობა იპოვეს გადარჩენილის სისხლშიც და რაც მთავარია, გადარჩენილმა თქვა, უმცროს დას სოკო არ უჭამია, მარტო მე ვჭამეო. შედეგად, სოკოთი მოწამვლის შესაძლებლობა საბოლოოდ გამოირიცხა.
„ფაქტია, დების კუჭში საიდანღაც თაგვის საწამლავი მოხვდა. მაშინ ის თავისუფლად იყიდებოდა და ნებისმიერისთვის იყო ხელმისაწვდომი. ამიტომ, ოპერჯგუფთან ერთად, თბილისის შემოგარენში, იმ დაბაში გავედი, რომელიც ახლა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საცხოვრებელია. დები მცირე ზომის სახლში ცხოვრობდნენ და სახლიდან წამოვიღეთ ყველაფერი, რისი ჭამა ან დალევაც შეიძლებოდა“, - იხსენებს კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ შემთხვევას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი ბატონი თენგიზი.
ექსპერტიზა ჩაუტარდა აბსოლუტურად ყველა პროდუქტს და დასკვნაც დაიდო - თაგვის საწამლავი კომპოტში იყო გარეული. სოფლად იციან ხოლმე ჩირისგან კომპოტის მოხარშვა და ესეც სახელდახელოდ წამოდუღებულს ჰგავდა. ვაშლის, შავი ქლიავის, კომშისა და მსხლის ჩირი ერთად იყო წყალშ ჩაყრილი და ადუღებული. სახლში სამართალდამცავებმა ნახეს კომპოტის ყველა ინგრედიენტი, გარდა შავი ქლიავისა და ექსპერტიზა ცალ-ცალკე ჩაუტარეს. საწამლავის შემცველობა ერთ ხილშიც არ იყო. ამასობაში, ორი დღე გავიდა და გადარჩენილი დის დაკითხვა შესაძლებელი გახდა.
„სოკოთი არ მოწამლულა ჩემი და, სოკო მხოლოდ მე ვჭამე. ზოგადად, სოკოს ცნობა ვიცი და გამორიცხულია, შემშლოდა. ჩვენ მოგვწამლეს, ოღონდ ვინ, ვერ ვხვდები. ეგ სახლი ერთი თვის წინ ვიყიდეთ, როგორც გავიგე, გვერდით, ღობის მეზობელსაც სურდა ყიდვა, მაგრამ სახლის მეპატრონე გარდაიცვალა, მისმა ნათესავმა კი მე და ჩემს დას მოგვყიდა“, - ეს იყო გადარჩენილი დის მონაყოლი, თუმცა ყველაზე საინტერესო კომპოტის ინგრედიენტებზე თქვა:
„ჩირი მუდმივად მაქვს სახლში, ყველაფერი ჩემი გაკეთებულია, თუმცა შავი ქლიავი სხვენში, პატარა თეთრ ტომარაში ვიპოვე, ვიფიქრე, ძველ მეპატრონეს დარჩა-მეთქი. შავი ქლიავი სასარგებლოა, სულ 4-5 ცალი იყო, ისიც კომპოტში ჩავუშვი, პატარა ტომარა კი ფანჯრის რაფაზე უნდა იდოს...“
სამართალდამცავები სახლში მეორედ წავიდნენ, ტომარა მართლა ნახეს და ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ საწამლავის კვალი ტომარაზეც იყო.
„გაჩნდა ვერსია, რომ ქალები შემთხვევით მოიწამლნენ. იმის ვარაუდი, ვიღაცამ მოწამლული შავი ქლიავი სხვენი შეინახა იმის იმედად, რომ სახლის მეპატრონე იპოვიდა და კომპოტს გააკეთებდა, სისულელე იყო. დავინტერესდი, რითი გარდაიცვალა წინა მეპატრონე და მითხრეს, რომ 56 წლის კაცს გულის შეტევა დაემართა. იმის გამო, რომ ავადმყოფი გული ჰქონდა და ეს მთელმა დაბამ იცოდა, გაკვეთა არ ჩატარებულა. არადა, ვფიქრობდი, რომ სწორედ წინა მეპატრონისთვის იყო გამზადებული ეს საწამლავი“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.
გამოძიება თითქოს ჩიხში შევიდა, მაგრამ ქალოს გარდაცვალებიდან მერვე დღეს, განყოფილების კარი გაიღო, ასაკიანი კაცი შემოვიდა, სკამზე მძიმედ დაეშვა და ჩუმად ჩაილაპარაკა, იმ ქალის ცოდვა მე მაწევს კისერზეო.
სამართალდამცავებმა ერთმანეთს გადახედეს, მოსულმა კი მოყოლა მძიმედ დაიწყო.
„ზუსტად 15 წლის წინ, ჩემი შვილი, მეათეკლასელი გოგონა სკოლიდან სახლში აღარ დაბრუნდა. მთელი სოფელი ვეძებდით, ორი დღიეს შემდეგ კი ტყეში მისი ფეხსაცმელი და ჩანთა ვიპოვეთ, გოგო არსად ჩანდა. ის ფეხსაცმელი ახლაც სახლში მაქვს, წინა დღეს ვუყიდეთ და ძალიან უხაროდა. როცა ვიპოვეთ, ერთ-ერთს ქუსლის მხარე აკლდა, მოტეხილი ჰქონდა. მთელი სოფელი ტყე-ღრეს მოვედეთ, ვერსად ვნახეთ, ღობე გვყოფდა მე და ჩემს მეზობელს, მთელი ცხოვრება ერთად მოვდიოდით, ისიც ეძებდა, არანაკლებ წუხდა. მერეც, საღამოობით მასთან გადავდიოდი, ჩემს ხელში გაზრდილი ბავშვიო, ასე მოთქვამდა ხოლმე, ერთად ვტიროდით.
დაახლობით, ექვსი თვის წინ მითხრა, ძველი აბანო უნდა დავშალო და ახალი ავაშენოო. მერე ცუდად გახდა, გული აწყხებდა და საავადმყოფოში დააწვინეს. ვიფიქრე, გავახარებ-მეთქი და აბანოს დაშლა დავიწყე. სწორედ იქ ვიპოვე ჩემი შვილის ფეხსაცმლის ქუსლი. გადავთხარე იქაურობა, გვამს ვერ მივაგენი. როცა საავადმყოფოდან გამოწერეს, დანით დავადექი და ვათქმევინე. იმ საბედისწერო დღეს, შვილი სახლში დაბრუნდა, მაგრამ ჩვენ არ ვიყავით და მეზობელთან მოგვძებნა. ეს ნასვამი ყოფილა, არ ვიცი, რა მოელანდა და ჩემს გოგოზე გაიწია, იმან წინააღმდეგობა გაუწია და ამას შეშის ნაჭერი ჩაურტყამს. არ გამიუპატიურებია, მაშინვე მოკვდაო, კი მითხრა, მაგრამ, კაცმა არ იცის, რა მოხდა.
მერე ჩემს სახლში მოვიდა, ჩანთა აიღო, ყველაფერი ისე მოაწყო, თითქოს გოგო არ დაბრუნებულა. ბავშვი იქ დამარხა, სადაც ახლა წყალსაცავია გაკთებული და გვამს ვეღარ მივაგნებ. თქვენამდე აქ ერთი რუსი მუშაობდა, მასთან მივედი და იმან კიდევ, „ნეტ წელა, ნეტ დელა“-ო, ასე გამომისტუმრა. ჰოდა, მეზობლის მოკვლაც გადავწყვიტე. შავი ქლიავი მე მიდგას ეზოში, გულისთვის კარგიაო და მუდმივად ჩემი ცოლი უკეთებდა ჩირს და აძლევდა. ვიცოდი, სადაც ინახავდა, თაგვის საწამლავით შევაზავე, როცა სახლში არ იყო. შემდეგ, როცა სწორედ საწამლავით მოკვდა, ექიმებმა გულს დააბრალეს. მე მეგონა, ყველა მოწამლული ქლიავი გავიტანე და თურმე, დარჩენილა. სახლის ყიდვა კი იმიტომ მინდოდა, უნდა დამეწვა ეგ ბოროტების ბუდე, ის სახლი, სადაც ჩემი გოგო მოკლეს“, - დაასრულა მოყოლა მოკული ბავშვის მამამ.
სასამართლო აღიარებით მისული კაცი განზრახ და გაუფრთხილებელი მკვლელობებისთვის გაასამართლა და 12 წელი მიუსაჯა. დამ იმ სახლში ცხოვრება აღარ ისურვა და გაყიდა. სახლი დაკავებულის ცოლმა შეიძინა და შეძენიდან ერთ საათში, მთელი დაბა ხედავად, როგორ იწვოდა სახლი, რომელშიც რეალურად სამი მკვლელობა მოხდა - პატარა გოგოსი, მისი მკვლელის და ქალის, რომელიც ამ ისტორიასთან კავშირში არ იყო.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
მოჭრილი თავი, დასახიჩრებული ცხედარი, დამწვარი ბავშვი - საქართველოში მომხდარი სატანისტური მკვლელობები
ქალების უმრავლესობა ორგაზმს ვერ განიცდის - რჩევები სექსოლოგ ზურაბ მარშანიასგან 40+ ქალებს
ვინ და რატომ ნადირობდა უპატრონო გვამებზე თბილისში
ნანი ბრეგვაძის ყველაზე დიდი საიდუმლო - ცოტა რამ მომღერლის პირადზე და უიღბლო სიყვარულზე