Digest Logo

24 დეკემბრიდან ყველა შეზღუდვა არ გაუქმდება - მთავრობა გეგმას ცვლის

1608533392
ლოქდაუნი ქალაქების

დასავლეთ ევროპის ქვეყნებში შობა-ახალი წლის მოახლოვების გამო კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ამკაცრებენ, საქართველოში კი 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე  შეზღუდვები დროებით იხსნება.

როგორც „რეზონანსი“ წერს, მთავრობამ ადრე დაანონსებულ გეგმაში ცვლილება შეიტანა და 24-დან შეზღუდვების მხოლოდ ნაწილის მოხსნაა დაგეგმილი.

როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ „რეზონანსთან“ საუბარში აღნიშნა, 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე პერიოდში შეზღუდვების მთლიანად მოხსნა არ იგეგმება, რადგან ამ შემთხვევაში ეპიდვითარება გაუარესდება.

შეზღუდვების მნიშვნელოვნად შემსუბუქების მომხრე არც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეა. მისი თქმით, არსებული შეზღუდვებით ქვეყანაში ეპიდვითარების კუთხით სტაბილიზაციის ნიშნები გვაქვს და შედეგი წყალში არ უნდა ჩაიყაროს.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები დღეს წარედგინა საბჭოს. ჩვენ უფრო რადიკალური პოზიციის მომხრე ვართ. რამე მნიშვნელოვანი შემსუბუქების რეკომენდაციას არ ვიძლევით, რადგან გამოჩნდა ე.წ. სტაბილიზაციის ტენდენცია ქვეყანაში და არ უნდა გადავყაროთ ეს ყველაფერი წყალში. საქართველოსთვის 2-3 ათასი შემთხვევა ყოველდღიურად ძალიან ბევრია, ეს იწვევს ჯანდაცვის სექტორზე ძალიან დიდ ზეწოლას.

„სამედიცინო პერსონალი ძალიან გადაღლილია. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ყოველდღიურად 30-დან 40-მდე სიკვდილიანობა, გვქონდა 50 სიკვდილის შემთხვევაც. მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა ამ ეტაპზე არის 1 104 და აქედან 417 გახლავთ ხელოვნურ სუნთქვაზე. ეს ყველაფერი საკმაოდ სერიოზული ზეწოლა გახლავთ სამედიცინო სექტორზე. ამიტომ, ჩვენ ვერ მივცემთ რეკომენდაციას, რომ იყოს მნიშვნელოვანი შემსუბუქებები", - განაცხადა გამყრელიძემ „პირველ არხთან“ საუბარში.

შეზრუდვების ნაწილობრივი მოხსნის მომხრეა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძეც. მისი თქმით, თუ აკრძალვები მთლიანად მოიხსნა, შესაძლოა იანვარში ისეთივე „აფეთქება" მივიღოთ, რაც ე.წ. შავი პარასკევის შემდეგ გვქონდა.

„შეზღუდვების რაღაც ნაწილის მოხსნა ალბათ საჭიროა, მაინც შობა-ახალი წელია, მაგრამ სრული მოხსნა ალბათ პაციენტების რაოდენობის მატებას გამოიწვევს.

„თუ შეზღუდვები სრულად მოიხსნა, ალბათ იანვარში ახალი აფეთქება გვექნება, გააჩნია მოსახლეობა როგორ მოიქცევა. თუ მოიხსნება და ისეთივე ამბავი თუ შეიქმნა, რაც „შავ პარასკევს" იყო, რა თქმა უნდა, მოიმატებს.

„თუ შეზღუდვები მოიხსნა, მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს მოხსნა ძალიან დიდ რისკებთან იქნება დაკავშირებული და რეგულაციები აუცილებლად უნდა დაიცვას, რასაც ჰქვია დისტანცია და პირბადე - აუცილებლად!" - განაცხადა ენდელაძემ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ შეზღუდევების მთლიანად მოხსნას დიდი საფრთხეები ახლავს, ამიტომაც, მისი თქმით, ხელისუფლებამ ლოგიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„გასათვალისწინებელია რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. პირველ რიგში, მთავრობას მუდმივი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს მოსახლეობასთან იმ საკითხზე, რომ ეს ახალი წელი უნდა იყოს გამონაკლისი, ყოველგვარი მასობრივი თავშეყრების გარეშე და უნდა ვაქციოთ ოჯახურ დღესასწაულად. ასევე უნდა იყოს საუბარი იმაზე, რომ ადამიანები გეგმაზომიერად წავიდნენ წინასაახალწლო სამზადისისთვის საყიდლებზე და ნაკადები გადანაწილდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ რეგულაციის დაწესება არაფერს გვაძლევს, თუ მისი აღსრულება ვერ შევძელით და ამ რეგულაციებს ხალხი არ აჰყვა.

„ჩემი აზრით, ის, რაც იყო დაპირება წინასაახალწლოდ რეგულაციების მოხსნის შესახებ, უნდა შესრულდეს, თუმცა ნამდვილად ვერ გეტყვით ტრანსპორტთან და ბაზრობებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ისეთი, რომ ამან ადამიანები არ დააზიანოს. ეს ყველაზე რთული საკითხია. თუმცა ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რომ პირბადის ტარება არის უმნიშვნელოვანესი ამ პერიოდში, მოსახლების 95%-მა რომ ატაროს პირბადე, შემდეგ შეგვიძლია უკვე ვიფიქროთ, რომ შეზღუდვები საჭირო აღარ არის,“ - ამბობს აკაკი ზოიძე „რეზონანსთან“ საუბრისას.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რა მოხდება დღეს, 22:21 საათზე და რისი კეთება გვეკრძალება შემდეგი 12 დღე? - „მიკრორევოლუციის მომსწრენი გავხდებით“

ბებია-ბაბუა მყავს კოვიდით მძიმე მდგომარეობაში და არ იციან, რომ შვილი აღარ ჰყავთ, როგორ გავაგებინო? - კაჭკაშიშვილი

თოვლის ბაბუ, გარდაცვლილი მამის დაბრუნება მინდა - წერილი კეკელიძეს


წყარო: www.resonancedaily.com