Digest Logo

„ახლა ატყდა პატარა ბავშვივით, უნდა ჩამოვიდეო, არ მინდა უცხო ქვეყანაში მოვკვდეო - რომ იცოდეს, რა უბედური იყო მისი ჩამოსვლით ოჯახი“ - ემოციური ამბავი ემიგრანტზე

1644476164
ემიგრანტი

სოციალურ ქსელში ემიგრანტების მძიმე ყოფასა და ქვეყანაში დარჩენილი ოჯახის წევრების ურთიერთობაზე საინტერესო პოსტი ქვეყნდება, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„საოცარ დიალოგს შევესწარი დღეს მარშუტკაში, ერთი გოგო შესჩიოდა მეორეს რომ ნანა ბრუნდებოდა ემიგრაციიდან...

ახლაც არ ვიცი ვინ იყო ის ნანა მისთვის, მაგრამ რომ იცოდეს ნანამ რა უბედური და დაღუპული იყო მისი ჩამოსვლით ოჯახი, ინატრებდა ჰაერშივე აფეთქებოდა თვითმფრინავი... ერთი ამბავი გამახსენა ამ ფაქტმა... მორიგე ვიყავი სამსახურში, ერთი ჩვენი კლიენტი მოვიდა აღშფოთებული და განერვიულებული, ოქროები მოიხსნა და შემიფასეო მთხოვა, მანქანის შეცვლა მინდა და თუ დამაკლდა თანხა მერე დავტოვებო, ვიდრე ნივთებს ვსინჯავდი მოიოხა გული ჩემთან... დედაზე იყო გაბრაზებული... 8 წელია ამერიკაშიაო, ახლა ატყდა პატარა ბავშვივით, უნდა ჩამოვიდეო, არ მინდა უცხო ქვეყანაში მოვკვდე, ჩემს სახლში მინდაო... სად გაექცევა ეს სახლიო, ძლივს ცოტა ამოვისუნთქეთ, ვალი გადავიხადეთ, სახლი ვიყიდეთ, რემონტს ვამთავრებთ, მეტალოს კარფანჯარა და ცენტრალური გათბობა დარჩა, სხვა ყველაფერს მოვრჩიო, ვეუბნები ბარემ დაგვემთვრებინა ესეც, რო ჩამოვიდეს აქ რას ვიზამთ არც მე ვმუშაობ და არც მამაო, ისევ თავიდან უნდა ავიღოთ ვალები და რისთვის იწვალა ამდენიო... ხალხი ნატრობს ამერიკასო, ღმერთის წყალობით გაუმართლა და წავიდა და ასე იოლად წამოვა კაცი იქედანო?!... უკვირდა შვილს... ხელისგულზე გაზრდილს... ბინიანს, მანქანაგამოცვლილს, ცენტრალური გათბობით გამთბარს, მაგრამ მაინც ცივსისხლიანს... და დედას გაწირულს, გაყიდულს... საკუთარ სახლში სიკვდილის უფლებაჩამორთმეულს... სახვეწარი გაუხდა მშობლიურ მიწაზე ფეხის დადგმა, ვერ გააძღო „უმუშევარი“ ქმარ-შვილი... ტრაგედია კიდევ ის უფროა რომ მრავლად არიან დღეს ასეთები.. მოხუცი მშობლების ხარჯზე გვერდებგასიებული უსაქმურები, შუბლის ძარღვი რომ არ უწყდებათ ისე ხარჯავენ ასე ნაწვალებ და ნაოფლარ ფულს და სჯერათ რომ „გაუმართლა“ მშობელს იმით რომ ამერიკელს ემსახურება და არა ბერძენს....

ჰო... რატომ მოვყევი ამდენს... მადლობა მინდა ვუთხრა დედას, რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იყო და არის... რომ რა დროსაც არ უნდა დამჭირდეს ვიცი გავაღებ კარს და იქ დამხვდება... ჯანდაბამდეც გზა ჰქონია სახლს სადაც დედა არ იქნება... ჰო და კიდევ... კინაღამ დამავიწყდა მეთქვა... ჩემს სახლს არ აქვს მეტალოს ფანჯრები, გაგიკვირდებათ და არც ცენტრალური გათბობაა, მაგრამ დავიფიცებ სამყაროში თუ რამე არსებობს საფიცარი, რომ ჩემი ბავშვობის სახლში ყველაზე მეტად თბილა“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ამ დროს ყველაზე წარმოუდგენლად მამაცი სურვილი ჩათქმაც კი შეგიძლიათ“ - ხათუნა ნოელის რჩევა ჯადოსნურ დღესთან დაკავშირებით

🔵„ავიღებთ 6 ფურცელს, 1 კალამს და ერთი და იგივე სურვილს დავწერთ...“ - 22.02.2022-ში ამ რიტუალით ოცნებებს აიხდენთ

🔵ყველაზე მშვიდი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით