
საქართველო და ის მართლმადიდებლური ქვეყნები, სადაც ეკლესია იულიუსის კალენდრით სარგებლობს, დღეს ძველით ახალ წელს იზეიმებს.
ორი ერთნაირი დღესასწაულის არსებობა ორი კალენდარული სისტემის არსებობით არის გამოწვეული, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ძველი და ახალი სისტემების ერთდროულად გამოყენებით.
იულიუსის კალენდრის მიხედვით, ახალი წელი 13 იანვრის ღამეს დგება, ხოლო გრიგორიანული სტილით ეს დღესასწაული 31 დეკემბრის ღამეს აღინიშნება.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იულიუსის კალენდრის მიხედვით დამდგარი ახალი წელი, ანუ „ძველით ახალი წელი“ ნაკლები პომპეზურობით აღინიშნება. საქართველოში ეს დღე, 1 იანვრისგან განსხვავებით ოფიციალურ დასვენების დღედ არაა გამოცხადებული.
საქართველოში „ძველით ახალი წლის“ აღნიშვნის წესი დიდად არ განსხვავდება 1 იანვრისაგან, ისევ იშლება სადღესასწაულო სუფრა და კვლავ ეწყობა ფეიერვერკი.
საინტერესოა, როგორ აღნიშნავენ „ძველით ახალ წელს“ სხვა ქვეყნებში?
რუსეთში, ისევე როგორც ჩვენთან, 14 იანვრის დღესასწაული არაოფიციალურია. ბელორუსიასა და უკრაინაში 13 იანვრის საღამოს „უხვს“ უწოდებენ და 14 იანვარს განსაკუთრებული პურ-მარილით ეგებებიან.
სერბეთში მას „სერბულ ახალ წელს“ უწოდებენ და დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავენ. საბერძნეთში 14 იანვარს წმინდა ვასილის დღეს უწოდებენ და ზოგიერთი მოსაზრებით, ახალი წლის ძველი სტილით აღნიშვნასთანაა დაკავშირებული.
ბელგრადში, პარლამენტისა და მერიის შენობის წინ ეწყობა კონცერტი. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ორგანიზებით წმინდა საბას საკათედრო ტაძრიდან უშვებენ ფოიერვერკს, სადაც უამრავი ადამიანია შეკრებილი. ასეთივე ღონისძიებები ეწყობა სხვა ქალაქებშიც.
მაკედონიაში
მაკედონიაში ეს დღესასწაული „ძველი ახალი წლის“ სახელითაა ცნობილი (Стара Нова година). 13 იანვრის ღამეს, ხალხი ქუჩებში გამოდის, სადაც მეზობლები უზარმაზარ კოცონს ანთებენ, შემდეგ კი ერთად ჭამენ და სვამენ.
ძველით ახალ წელს ასევე აღნიშნავენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები მაკედონიელები, ძირითადად ავსტრალიაში, კანადასა და აშშ-ში.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„საინფორმაციოს მე აღარ გავუძღვები“ - მიშა სესიაშვილმა „მთავარი არხი“ დატოვა?