10-ზე მეტი ტყვიით მოკლული 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელია დღეს თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. დასაფლავებას ვერ დაესწრო მოკლულის მამა, გია კვარაცხელია, რომლის საქმიანობასაც შურისძიების ვერსია უკავშირდება. ახლობლების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ჩამოსვლა ვერ შეძლო.
მკვლელობაში ბრალდებულები ისევ იძებნებიან. „კურიერის" ინფორმაციით, ბრალდებულებმა საზღვრის გადაკვეთა მოახერხეს და საქართველოს მეზობელ ქვეყანაში იმყოფებიან. ერთ-ერთი ვერსიით, ბრალდებულებმა საზღვარი სარფიდან თურქეთის მიმართულებით გადალახეს.
ასევე „კურიერის" ინფორმაციით, საქართველოს სხვა მეზობელი ქვეყნიდან მოხდა მკვლელობის დაკვეთაც. გამოძიების ძირითადი ვერსიით, ქილერები ძმები კაკულიების დავალებით მოქმედებდნენ, თუმცა კითხვის ნიშის ქვეშ რჩება - იყო თუ არა ეს სასტიკი მკვლელობა ე.წ. ქურდული სხოდკის დაკვეთაც და არის თუ არა უდანაშაულო ახალგაზრდის მკვლელობა ავტორიტეტული „ქურდების" სინდისზე.
ცნობილია, რომ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავილაძე ოჯახთან და ადვოკატთან კონტაქტზე გამოვიდა.
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებულმა შესაძლოა გამოძიებასთანაც ითანამშრომლოს, თუმცა თავისი პირობებით. უახლოეს სასამართლო სხდომაზე გაირკვევა, ალაპარაკდება თუ არა კავილაძე საქმის მთავარი ფიგურანტის, აკო ჭელიძის წინააღმდეგ, რომელმაც ნიკო კვარაცხელიას 10-ზე მეტი ტყვია ესროლა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
წყარო: rustavi2.ge