მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელმა 14 წლის გოგო ადრეულ ქორწინებას გადაარჩინა. რადიო MarneuliFm -ის ინფორმაციით, სკოლის პედაგოგმა, როდესაც მოზარდის დანიშვნის შესახებ გაიგო, დაუყოვნებლივ მიმართა სახალხო დამცველს.
აღსანიშნავია, რომ ამბავი მთელმა სოფელმა იცოდა, თუმცა ყველა დუმდა.
„ბავშვი არის მეცხრე კლასში. მასზე ბევრად უფროსზე აპირებდნენ დაქორწინებას. იცი როგორ გააკეთებდნენ ამ ამბავს? დაამთავრებდა მეცხრე კლასს და მერე აღარ დაბრუნდებოდა, 9 კლასის ატესტატს აიღებდა. სკოლას უკვე იმის იქით აღარ აქვს უფლება მოიძიოს სად წავიდა, რა გააკეთა. სკოლაში აღარ ირიცხება ეს მოსწავლე და ამ ვალდებულება გვეხსნება. დანიშნეს წინასწარ და წინ წაიგდეს საქმე ასე ვთქვათ. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ის შესაძლებლობა, რომ რაღაცით მაინც დავეხმაროთ იმიტომ, რომ 14 წლის ბავშვისთვის, ნიშნობის დღეს მთავრდება მისი ცხოვრება. საუბარი მაქვს მის განვითარებაზე, განათლებაზე. მთელმა სოფელმა იცის ეს ამბავი რომ იმ სახლში არის ნიშნობა, აქ ქორწილს ეძახიან. მე ძალიან ვაფასებ მარნეულში მოქმედ ყველა ორგანიზაციას, ვინც უფლებრივი კუთხით მუშაობს. მასწავლებელს შეუძლია ერთი ინფორმაცია მიაწოდოს მათ და მცირედი წვლილი შეიტანოს, დანარჩენს ორგანიზაცია აკეთებს.
ბევრი რომ მოიქცეს ასე, დარწმუნებული ვარ, ხშირი ფაქტები აღარ იქნება და რამე შეიცვლება. ნიშნობა შედგა, მაგრამ ბავშვი მშობლების სახლიდან არ წაუყვანიათ. მათ უკვე შეეშალათ ხელი, ქორწინება აღარ მოხდება, ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს. რა ვიცი, პოლიციის და კანონის წინააღმდეგ თუ წავიდნენ... 90%-ით ვვარაუდობ, რომ ეს ქორწინება სრულწლოვნობამდე არ იქნება. რაც შეეხება გოგოს ემოციებს, ის ვერც ხვდება რა ხდება. იმდენად პატარაა, იმდენად გაუთვითცნობიერებელია ამ ყველაფერში, რომ ვერ ხვდება. რომ ველაპარაკები ეღიმება, მორცხვობს. სკოლა მართლა მარტო ის ხომ არ არის, მოხვიდე ბავშვებს ანბანი ასწავლო და ხელფასი აიღო? ჩემთვის გაცილებით მეტია და ვფიქრობ, კარგად მოვიქეცი“, - ამბობს პედაგოგი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ვირუსული ინფექციების დიდი ნაწილი ადამიანისთვის რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენს“ - კომაროვსკი
🔵საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს
🔵„ყველაზე მაგარ ცუცასთან ერთად“ - აჩიკო სოლოღაშვილისა და ნუცა ქავთარაძის ქორწინებიდან 10 წელი გავიდა
წყარო: marneulifm.ge