საქართველოში კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით, დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებაზე საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა. მათი გადაწყვეტილებით, საახალწლოდ არ გაიხსნება ბაზრობები, არ ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი და კომენდანტის საათი დროებით მოიხსნება ახალი წლისა და შობის ღამეს.
24 დეკემბრიდან საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება კვლავ შეზღუდული იქნება
საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან - 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხორციელდეს სრული მოცულობით.
საბჭოს გადაწყვეტილებით:
ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში.
ასევე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება ნებადართული.
„კომენდანტის საათი“ ძალაში რჩება
ქვეყნის მასშტაბით 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით „კომენდანტის საათი“ ძალაში რჩება. შეზღუდვა კვლავ იმოქმედებს როგორც ქვეითად ისე ავტომობილით გადაადგილების შემთხვევაში.
გამონაკლისი იქნება ახალი წლის - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის - 6 იანვრის ღამე.
24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გაიხსნება
24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება ბაზრობებს არ შეეხება. მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები, წესების სრული დაცვის პირობით.
რაც შეეხება სავაჭრო ობიექტებს, ისინი მუშაობას გააგრძელებენ მხოლოდ შეზღუდვების მკაცრი წესის დაცვით.
როგორ იმუშავებენ სავაჭრო ობიექტები 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით?
24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლის სავაჭრო ობიექტები მუშაობას განაახლებენ მხოლოდ კოვიდ-უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით.
გათვალისწინებულია დამატებითი რეგულაციები, რომელზეც წინასწარ გაიმართა კონსულტაციები ბიზნესთან:
- მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00დან 19:00 საათამდე.
- მომხმარებელების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით, რისთვისაც:
- მაღაზიის ფართის ყოველ 20მ2 დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი.
- მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა;
- ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში;
- ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები.
- ამასთან მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მომხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ.
- სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით.
- ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
რამდენი იხარჯება მძიმე და მსუბუქ კოვიდპაციენტებზე - ტიკარაძის პასუხი