საქართველოს საპატრიარქო დღეს 17:00 საათზე სამშვიდობო პარაკლისს გადაიხდის - ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მათ ადამიანებს, რომლებიც თბილისის სხვა და სხვა უბნებში თბილისი პრაიდს აპროტესტებენ ქაშვეთის ტაძარში მისვლა სთხოვეს.
„როგორც მოგეხსენებათ, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა დღეს დაგეგმილი აქცია გადადეს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დღეს, 17 საათზე, ქაშვეთის ტაძარში ტარდება სამშვიდობო პარაკლისი. შესაბამისად, კვლავ მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას აპროტესტებს პრაიდის ორგანიზებას, შეიკრიბოს ქაშვეთის ტაძართან, თავი შეიკავოს ყოველგვარი აგრესიული, ძალადობრივი ქმედებისაგან და მშვიდობიან ვითარებაში დაესწროს ლოცვას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, „პრაიდის კვირეული“ საქართველოში 1-5 ივლისს იმართება. კვირეულის ფარგლებში სულ 3 ღონისძიება დაიგეგმა. 1-ელ ივლისს დოკუმენტური ფილმის კინოჩვენება გაიმართა, 3 ივლისს - პრაიდ ფესტივალი, კვირეულის მთავარი აქტივობის, „ღირსების მარშის“ ჩატარება კი 5 ივლის დაიგეგმა.
„ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ მობილიზებულები არიან ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები. მარშის გაპროტესტებისკენ მოწოდება გააკეთა საპატრიარქომაც. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის“ სახელით გაავრცელა განცხადება და 18 წლამდე ასაკის ბავშვებსაც მოუწოდა რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ.
5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ვითარება ამ დრომდე დაძაბული რჩება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
უმძიმესი კადრები - ჟურნალისტს „პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის 50-მდე მონაწილე ფიზიკურად უსწორდება