ქართველი სპორტსმენი ვიქტორ სანეევი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
ვიქტორ სანეევი იყო სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მძლეოსანი და საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი.
ვიქტორ სანეევი დაიბადა 1945 წლის 3 ოქტომბერს ქალაქ სოხუმში. მძლეოსნობაში ვარჯიში 1956 წელს სოხუმშივე, განთიადის სკოლაში დაიწყო, ცნობილი მწვრთნელის აკოფ ქერსელიანის მეთვალყურეობის ქვეშ. თავიდან ვარჯიშობდა სიმაღლეზე ხტომაში, თუმცა 6 წლის შემდეგ ქერსელიანის რჩევით, სამხტომში ვარჯიში დაიწყო.
პირველი ჯილდო მალევე, 1963 წელს მოიგო, როცა მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადაზე მესამე ადგილი დაიკავა. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით 1969 წელს, ლენინის ორდენით 1972 წელს, ხალხთა მეგობრობის ორდენით 1976 წელს.
2005 წელს დაჯილდოებულ იქნა ათლეტთა ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის (IAAF) ვერცხლის მედლით სპორტული მიღწევებისა და სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ქართველი „კანონიერი ქურდი“ მოკლეს – რა ვიცით საბერძნეთში მოკლული კაცის შესახებ?