Digest Logo

„ამ ყველაფერს სიკვდილი მირჩევნია...“ - ვინ გარდაეცვალა პეტრე კოლხს

1643784269
პირადი

სვეტიცხოვლის დეკანოზმა პეტრე კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც მის გარდაცვლილ მეგობარს და წარსულის ტკბილ დღეებს უკავშირდება.

როგორც თავად პეტრე კვარაცხელია (კოლხი) წერს, მას უახლოესი მეგობარი ციო გარდაეცვალა.

„იფნევის ქუჩაზე ხშირად დავდიოდით მე და ჩემი მეგობრები… ბოლოს ისე მივეჩვიეთ, ზოგჯერ დღეში ორჯერ მივადგებოდით…

ნაბიჯებს ვერ ვიმორჩილებდი, მიყვებოდი გზას, სადაც ყოველთვის გეტყოდნენ, რომ გვიანი არასდროს არის მოსვლა…

იქ მეგობარი გველოდა, მაგრამ მეგობრის დედა არანაკლებ ელოდა შვილის მეგობრებს…

ხშირად ჩაილაპარაკებდა, მისნაირი გიჟები შემოუკრებიაო…

სულ გაღიმებული გხვდებოდა, რაც არ უნდა გადაღლილი ყოფილიყო, არ გაგრძნობინებდა ვწუხდებიო…

იფნევის ქუჩა, ყველა ჩემი მეგობრისთვის საკრალური გახდა… ვხუმრობდით კიდეც, ჩვენი ,,უმანკოების მუზეუმი” იფნევზე არისო… სადღაც ასეც იყო…

წინასწარ დავრეკავდით გვშია და რამე გაგვიმზადეო… ჩვენი გადარეული მეგობარი გვიპასუხებდა, მოდით, მოდით, კარტოფილი ამ წამს შევწვიო… ხშირად არც იყო ასე, მაგრამ რომ არ გვეუხერხულა, მაინც ასე პასუხობდა…

ჩვენ სად ვიცოდით უხერხულობა… თავხედურად მივადგებოდით ღამის სამ საათზეც და კართან ატყდებოდა ბრახა-ბრუხი… ციო იტყოდა, ჩვენ ჯანდაბას, მეზობლებს მაინც ნუ გადარევთ, თორემ სახლს ვინ ჩივის, ქუჩაზეც არავინ შემოგიშვებთო!..

ატყდებოდა ხორხოცი, გნიასი და რიჟრაჟი ისე შემოგვეპარებოდა, უკანმოუხედავად გავრბოდით…

ერთი წელი უმკაცრესი ზამთარი იდგა… ეზოში ფიჩხებს აგროვებდა ციო… შეშა გამითავდა, არც არავინ მყავს მომიტანოსო… ჩავისვი მანქანაში და საბარგული შეშით გავავსეთ… მარტო შარახვეტია არ ხარ, მხარში დგომაც იციო და გვერდულად ჩაიცინა…

მორწმუნე იყო, ექიმბაშობაც კარგად გამოსდიოდა. ძველ გაზეთებს უკირკიტებდა, წინაპრების ნასწავლიც მოჰყვებოდა და ისეთ მალამოებს ამზადევდა, ორ დღეში ყველა ჭრილობა შუშდებოდა… თვითონაც მალამო იყო… რამდენჯერ აუტანია ჩვენი გიჟობები და სისულელეები…

ღვთისმშობლის მედალიონი ვაჩუქე… ჯვარიც ეკიდა, მაგრამ ეს გამორჩეულად მიყვარს, შარახვეტიას ნაჩუქარაო, ეტყოდა მასთან მისულებს…

ციო გარდაიცვალა… რაღაც ეტაპი დამთავრდა… იფნევის ქუჩა სულ იქნება, მაგრამ ის დრო აღარ დაბრუნდება… აღარც ის ხალისი, არც სპაზმამდე მისული ჰომერული სიცილი ჩამოანგრევს საუკუნოვან კედლებს…

ახლაც მივხვდი, რომ ყველაფერს ადვილად ვეგუებით, ადვილად ქვავდება გულიც და ადვილად ხდება გაუცხოებაც…

ჰოდა, ამ ყველაფერს სიკვდილი მირჩევნია… სანამ ჯერ კიდევ შეუძლიათ ადამიანებს ვიღაცის გამო ტირილი და დამწუხრება…

ვატყობ, მალე ესეც აღარ იქნება… რობოტებივით გავაცილებთ ერთმანეთს!..“, - წერს პეტრე კოლხი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ერმა დაკარგა - ადამიანი, მე დავკარგე - სტიმულის სტიმული“ - თემურ წიკლაურის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

🔵„არის ორი არაექსპერიმენტული და სრულიად ავტორიზებული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა“ - გიორგი ფხაკაძე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

🔵VIDEO: „მადლობა ჩვენი ბავშვობისთვის“ - გივი წიქარიძე გარდაცვლილა

🔵„თქვენკენ როგორაა საქმე ამ მიმართულებით, კოლეგებო?“ - რას წერს ბაკურ ბაკურაძე

🔵„სხვა პოლიტიკურ გარემოში ვიქნებოდით, ზურა რომ არ მოეკლათ! არც ერთი სიტყვა ნიშნისმოგებით“ - ხათუნა ხოფერია