Digest Logo

„არ გააუცხოო ადამიანები მის ირგვლივ, არ დაუკარგო რწმენა გემუდარები, უფალო“ - ბელა ალანიას ემოციური მილოცვა შვილს

1641800997
ბელა ალანია

პოეტი და ფსიქოლოგი ბელა ალანია სოციალურ ქსელში თავისი შვილის - დაკო ნათელაშვილის ფოტოს აქვეყნებს, მის შესახებ გარკვეული ტიპის ინფორმაციას წერს და დაბადების დღეს ულოცავს.

„დაკო უჭმელია და ძილის წინ თაფლიანი წყალი მიმაქვს - ხოლმე. თან ვეუბნები, ძალას მოგცემს, ვიტამინებს - მინერალებს შეიცავს, თავბრუ არ დაგეხვევა, ძილიც კარგი გექნება, შლაკებისგან გაგისუფთავებს ორგანიზმს, სახის კანიც ლამაზი გაგიხდება-მეთქი...

იქვე, ოთახში, დაკოს პატარა ნაძვი აქვს. ბექამ აჭარიდან ჩამოუტანა ამ ზაფხულს. ძალიან ლამაზი იყო, შენსავით ტანწერწეტააო.

ნაძვმა ცოტა მოიწყინა, ზოგი ტოტი გაუხმა. გული მოგვიკვდა, ხან მზესთან ახლოს დავდგით, ხან მოშორებით. ამას წინათ, ვხედავ, ახალი მწვანე წიწვები გამოუშვია. გახარებულმა ჩემი ემოცია ვერ დავმალე, ეტყობა, დროულად რწყავ დაკო, თუ რა ხდება, ნახე, როგორ გამოცოხლდა-მეთქი.

_ დედა, არ მეჩხუბო, შენ რომ თაფლიანი წყალი მოგქონდა, ნახევარს მას ვუყოფდი. ხომ მითხარი, თუ დალევ კარგად იქნებიო და ვითომ ნაძვს რატომ აწყენდა?!

სიტყვები სადღაც დავკარგე, ვიცი რომ ასე ცხოვრობს, მუდმივად სხვებზე ზრუნვაში.
დავიჯერო, თაფლიანი წყალი მცენარესაც უხდება?

ეგ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მზრუნველობას და სიყვარულს ყველა რომ გრძნობს, ფაქტია.

- დედა, შენ მეუბნები, რომ ყველაფერი ცოცხალია ირგვლივ: ხე, ყვავილი და ქვაც…

- აბა რაა დაკო. ყველა თავის ენაზე ლაპარაკობს, რომელსაც ჩვენ შეიძლება ვერ ვიგებთ, მაგრამ ვგრძნობთ.

- შენ მითხარი, რომ კარტოფილები ერთმანეთში საუბრობენ და როცა კლასში ვთქვი, ბავშვებს გიჟი ვეგონე…

- ინგლისელმა მეცნიერებმა კარტოფილის საცავში დადგეს მაღალი სიხშირის აპარატი, რომელიც უმცირეს ხმას აფიქსირებდა და აღმოაჩინეს, რომ კარტოფილები რაღაც ხმებს გამოსცემდნენ… თავი ვიმართლე მე.
მეორე დღეს კარტოფილი შევწვი და დავუძახე ბავშვებს

- ერთი კარტოფილი მიყვარდა დედამიწის ზურგზე და ახლა იმასაც ვერ შევჭამ, არ მინდა მტრები გავიჩინო, - მითხრა დაკომ და ლუკმა არ შეჭამა.

ბექამ უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა:

- დედა, მას შემდეგ რაც ლექსების წერა დაიწყე, მგონი სხვა განზომილებაში ცხოვრობ.
ასე იყო მართლა.

დღეს , 10 იანვარს დაკო იუბილარია. ატარე უფალო მზიანი გზებით, არ შეჰყარო ეშმაკს. თავისი წილი სიყვარული უწილადე, არ გააუცხოო ადამიანები მის ირგვლივ, არ დაუკარგო რწმენა გემუდარები, უფალო“, - წერს ბელა ალანია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵მის არჩევანს პატივს ვცემ, მაგრამ... - ბელა ალანია ნათელაშვილზე

🔵ბელა ალანია კორონავირუსს ებრძვის - აქ სულ ორი ფერია...

🔵„ჩვენს ქვეყანაში მიცვალებულს სიკვდილს არ კმარობენ. აქ სიკვდილის შემდეგაც კლავენ ადამიანებს…"- რას წერს ბელა ალანია ლექსო ლაშქარავზე

🔵„ჯვარცმული ქრისტეს ნახვისას უნებურად ხდები პილატეს მრევლი, იმ ბრბოს ნაწილი, სეირის საყურებლად რომაა თავშეყრილი“ - ბელა ალანია