მთარგმნელი და პედაგოგი თეა გვასალია სოციალურ ქსელში საკუთარი ოჯახის კოვიდისტორიის შესახებ საჯაროდ წერს და ამბობს, რომ კორონავირუსს ერთდროულად მისი მამა და შვილი ებრძოდნენ. თავად ვირუსი არ გადასდებია, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს მარტო ვერ ტოვებდა და კონტაქტიც იყო.
„საშუალო სტატისტიკური ოჯახის კოვიდ სტატისტიკა (წლების შემდეგ გასახსენებლად).
იანვრის ერთ მზიან დილას „პფაიზერით სამჯერ აცრილმა მამაჩემმა რომ გამოაცხადა, რაღაც ყელი მფხაჭნისო, მაშინვე კოვიდის დიაგნოზი დავუსვი და თავის ოთახში გავამწესე იზოლაციაში. ჯერ ერთი იმიტომ, რომ თავისი 86 წლის მიუხედავად, ყველა ჩვენგანზე ჯანმრთელი და ენერგიულია, ყოველ ახალ დილას ვარჯიშით იწყებს, ჯანსაღად იკვებება, ფეხით დადის, ემერიტუსის სტატუსის მიუხედავად აგრძელებს ლექციების კითხვას, დოქტორანტები ჰყავს, კომპიუტერულ ტექნოლოგიებში გადასარევად ერკვევა და ერთი ინგლისური ვერ ისწავლა, თორემ სხვა მხრივ 21-ე საუკუნის სრულფასოვანი მოქალაქეა და რაც მთავარია, საშუალოდ ათ წელიწადში ერთხელ ემართება ხოლმე სურდო. და რადგან წინა გაციებიდან ჯერ ხუთი წელიც არ იყო გასული, გარეთ კი ომიკრონი მძვინვარებდა, არ იყო ძნელი მისახვედრი რა სჭირდა.
მოკლედ, ეს გავუშვი იზოლაციაში და ავამოქმედე ყველა პროტოკოლი, რაც კი ჯანმოს შავგრემან კაცს გაუხმოვანებია პანდემიის დაწყებიდან დღემდე. პისიარ ტესტი მესამე დღისთვის გამოვიძახე. სწორედ იმ დღეს მისცა სანდროს 39.5 სიცხე. უკვე ტესტიც არ იყო საჭირო დიაგნოზისთვის, მაგრამ სტატისტიკა ხომ უნდა შეგვევსო.
როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე ტესტი დადებითი აღმოჩნდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მამაჩემს მეორე დღეს გაუარა ყელის ტკივილმა და სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია. სანდროს შემდეგი ორი დღე ჰქონდა დაბალი სიცხეები, ახლა კარგადაა, ცოტა ახველებს.
მე ცხადია ბავშვი (რომელიც ზემოდან დამყურებს ) მარტო ვერ დავტოვე და ერთი კვირა მის ოთახში მეძინა. არ ვიცი „პფაიზერმა“ დამიცვა თუ რაიმე სხვა ძალამ, მაგრამ არაფერი გადამდებია. ელენე იხვეწებოდა, არ მომეკაროთ, ფინალურები მაქვს ჩასაბარებელიო და ისიც და მელანოც გადარჩნენ ამ ჯერზე.
სახელმწიფოს მხრიდან ყურადღებას რაც შეეხება, ცოდვას ვერ ვიტყვი, ლამის ყოველ დღე მირეკავენ ჯანდაცვიდან, მაგრამ ძირითადად სტატისტიკისთვის, ანუ მეკითხებიან კოვიდიანების პირად ნომრებს, დაბადების თარიღებს, ოჯახის წევრთა რაოდენობას, ვისაც არ გადაგვედო მათ მონაცემებს და ტელეფონის ნომრებს იწერენ და მეუბნებიან ექიმი დაგიკავშირდებათო, მაგრამ მორიგი ზარით ისევ მამაჩემის დაბადების თარიღს ამოწმებენ.
სანდროს მოსაკითხად კი დაგვირეკა ექიმმა, რომელსაც 112-მა გადასცა სიცხიანი სანდროს მონაცემები, გაუხარდა მსუბუქად რომ მიმდინარეობდა ეს ამბავი და თუ რამე დაგჭირდეთ, არ მოგერიდოთ, შემეხმიანეთო, დამიბარა. ამ ორივეს კარანტინი დამთავრდა, უკვე შეგვიძლია გარეთ გასვლა, მაგრამ სადაც გავიხედე, ყველას კოვიდი ჭირს და არაა საჭირო ზედმეტად სიარული.
იმედია, ეს კოვიდის ბოლო შტამი იქნება, იოლად მოვიხდით და ზაფხულში თუ არა, შემოდგომისთვის მაინც დავასრულებთ კაცობრიობის შეგნებისა და ფიზიკური და მენტალური გამძლეობის გამოსაცდელად მოვლენილ 21-ე საუკუნის პირველ პანდემიას“, - წერს თეა გვასალია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵იმერეთში კოვიდით გარდაცვლილი ქალის ქმარი ცოლის გაყინული კვერცხუჯრედით შვილის ყოლას გეგმავს