პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი, ეკა ბესელია „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე, 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ემოციური პოსტით ეხმაურება.
„არ მახსოვს ბოლოს როდის გამიჭირდა რამის დაწერა…
სიტყვებმა დაკარგა აზრი და შინაგანად დავკარგე ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს რაიმე არგუმენტით (ხშირად მორალის დამცველის სახელით) გაამართლოს ძალადობა!ნუ ვუმტკიცებთ ნურც ერთმანეთს და ნურც სხვებს, როგორები ვართ, ეს ყველაზე უკეთ ჩანს - როგორ ვიქცევით! სად იყო დღეს სახელმწიფო? სად იყო დღეს ადამიანის უფლებების და მისი სიცოცხლის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყებები ?
სად იყვნენ ამ სისასტიკის, ძალადობის, დარბევის, სიმხეცის დროს პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, კომიტეტის თავმჯდომარეები, მინისტრები??
როგორ შეიძლება ამ სისასტიკის გამართლება?
ვინ არის ეს ხალხი ვინც ქრისტეს და მორალის სახელით ძალადობს სხვა ადამიანზე, ვინც არ მოსწონს?
ასეთი მოძალადეები ყველაზე მეტად ძალადობენ საკუთარ დედაზე, შვილზე, ოჯახზე… ყველაზე იოლად გადააბიჯებენ მორალს ….
რას ვუმტკიცებთ ერთმანეთს ? რომ ქვეყნის კონსტიტუცია დასაცავია თუ არა?
100 წლის წინ ჩაიწერა ჩვენს კონსტიტუციაში, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, რომ ჩაგვრა არანაირი ნიშნით არ შეიძლება …
მოგწონს? არ მოგწონს? შეგიძლია ეს თქვა, მაგრამ არ მოგწონს ვიღაცის ან გარეგნობა ამ ცხოვრების წესი - ამის გამო რა უფლება გაქვს იძალადო?და აქვე არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ის სასულიერო პირი, რომელიც კომბლით ან რაიმე საგნით ცდილობს ვინც არ მოსწონს იძალადოს მის მიმართ, ორმაგად დასაგმობი და მიუღებელია. 24 წელია მრევლი ვარ და მოძღვარი მყავს, არასოდეს მივიდოდი და არ გავჩერდებოდი ისეთ სასულიერო პირთან, რომელიც ამგვარ ძალადობას გაამართლებდა... ჩვენი რელიგია არ არის სიძულვილის და აგრესიის, შეუწყნარებლობის და ძალადობის მატარებელი! ჩვენი რწმენა ვერ იტევს ამ სიძულვილს რაც ვნახეთ და ვინც არ უნდა იყოს, რა იერარქიის- თუკი ამართლებს ამ ძალადობას - მოძალადეა! მე არ მჯერა, რომ ჩვენი პატრიარქი მოიწონებს იმას, რაც ხდებოდა გუშინ თბილისის ქუჩებში!
მე არ მჯერა, რომ პატრიარქი ძალადობის მხარეს დადგება ოდესმე, რადგან პირადად ვიცი მისი დიდი სიყვარულისა და ტოლერანტობის ძალა!
არაფერი საერთო უფლის და სამშობლოს დაცვასთან არა აქვს იმას, რაც ხდებოდა 5 ივლისს!
ეს იყო ცრუ პატრიოტიზმს და ზიზღს ამოფარებული ხელისუფლების წახალისებული ძალადობა!
ვიცნობ მათ და არაფერი საერთო არა აქვთ, არც ქვეყნის და არც უფლის სიყვარულთან...
წამქეზებელი ამ ძალადობის იყო პრემიერი და პარტიის თავ-რე კობახიძე!
ეს იყო დანაშაული და ეს იყო ზიანი, რომელიც მათ მიაყენეს ადამიანებს და ქვეყანას მთლიანად!
განუკითხაობა და ქაოსი დაუშვა ხელისუფლებამ და ქუჩაში გამოუშვა სახიფათო მოძალადეები, რომელთათვის სულერთი იყო ვის სცემდნენ…. კიდევ ერთხელ ჩემი სოლიდარობა მედიას და ჟურნალისტებს! დავემშვიდობები ყველა იმ ადამიანს, ვინც ამართლებს ამ ველურობას და ძალადობას! სამშობლოს და უფლის სიყვარული არ თავსდება ამ ველურობასთან და ძალადობასთან რაც ვნახეთ!“, - წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 5 ივლისს, თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი ღირსების მარშის მოწინააღმდეგეები ლგბტ თემს, ღმერთის სახელით დაუპირისპირდნენ. მათი ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი საქართველოს საპატრიარქო იყო. უწყებამ მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.
სასულიერო პირების ნაწილი, ქართველობის დაცვის მოთხოვნით, ადამიანებს ეუბნებოდნენ რომ „როცა სამშობლოს სჭირდება ვალდებულები არიან იძალადონ“.
მოგვიანებით, როდესაც დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს გასცდა, „თბილისი პრაიდმა“ განაცხადა, რომ „ღირსების მარში“ აღარ გაიმართება, რის საპასუხოდაც საპატრიარქომ 17 საათზე სამშვიდობო პარაკლისი გადაიხადა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„როდესაც სრულიად დაუცველი დგახარ გაცხოველებული ბრბოს წინ, ხვდები რომ...“ - მარიამ გეგუჩაძე
„ცოცხალი გვამი ვარ და საკუთარ თავზეც გაბრაზებული!..“ - პეტრე კოლხი
პასუხისმგებლობა, სხვებთან ერთად, უნდა დაეკისროს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს - საპატრიარქო