Digest Logo

„ჩემი საერთო სურათი საკმაოდ დამძიმდა. ღამით მძიმე ქოშინი, სიარულისას და კიბეზე ასვლისას ქოშინი და მოძრაობაში შეზღუდვა, ქვედა კიდურების დასიება...“ - როგორია ლევან ვასაძის მდგომარეობა

1628593886
ლევან ვასაძე

პარ­ტია „ერის“ ლი­დე­რი, ლე­ვან ვა­სა­ძე მისი ჯანმრთელობის და მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

მისი თქმით, ქიმიოთერაპია რთულია, თუმცა დაავადებასთან დათმობას არ აპირებს და ბოლომდე იბრძოლებს.

ვასაძე არ გამორიცხავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას უკავშირდება.

„ჩემი დაავადების უცნაური გარემოებები.

ჩემს უკანასკნელ ტელემიმართვაში, რომელსაც ერქვა „ჩემი მკურნალობის დასაწყისი“, მე დავპირდი საზოგადოებას, რომ ნაწილობრივ წერილობით ფორმატზე გადავიდოდი, რაც გამოწვეულია ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობით.

ეს არ ნიშნავს, რომ მე სრულიად ვეღარ შევძლებ ვიდეო მიმართვების კეთებას, მაგრამ, უახლოეს მომავალში, გამომდინარე ჩემი მდგომარეობიდან, სათქმელის ნაწილს ასე გამოვაქვეყნებ ხოლმე.

სანამ დღევანდელი სათქმელის ძირითად ნაწილს მოგახსენებდეთ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მე არ ვაპირებ ამ ჩემი უეცარი და სრულიად უცნაური ავად გახდომით სპეკულირებას და ამ ავბედობის ხარჯზე რაღაც ქულების წერას.
ჩვენს ქვეყანაში იმდენი ადამიანია დაავადებული მძიმედ, იმდენი ბავშვი მკურნალობს ქიმიით, იმდენი გაჭირვება და უბედურება ტრიალებს, რომ ჩემი დაავადება აქ რა მოსატანია.

მაგრამ, ეხება რა საქმე აქ არა იმდენად ჩემს პირად მდგომარეობას, არამედ, შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესს, ვალდებული ვარ ანგარიში ჩავაბარო საზოგადოებას რა ხდება ჩემს თავს, რათა ფუჭი მითქმა-მოთქმის ოდენობა შევამცირო და საზოგადოებას მივცე საშუალება, თავად გააკეთოს დასკვნები პირველწყაროდან მიღებული ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
თავიდანვე მოგახსენებთ, რომ მე ვერ ვიტყვი გადაჭრით, ეს უიშვიათესი დაავადება, ასე უცნაურად დამთხვეული.

დროში ჩემს პოლიტიკურ სარბიელზე გამოჩენას, აუცილებლად შემთხვევითია, ან აუცილებლად ხელოვნურად არის გამოწვეული. მე ვერცერთ ვარიანტს აქ ვერ გამოვრიცხავ და, როგორც უკვე მოგახსენეთ, არ მაქვს დიდი იმედი იმისა, რომ ოდესმე სიმართლეს ბოლომდე გავარკვევ. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე არ მაქვს ერთგვარი ვალდებულება, ოჯახისა და საზოგადოების წინაშე, დაწვრილებით გავიხსენო ის, რაც ამ უმძიმესი თვეების მანძილზე ხდებოდა ჩემს თავს და რის შესახებაც საზოგადოებამ თითქმის არაფერი არ იცის.

წინა ტელემიმართვაში მე დავასახელე ჩემი დადასტურებული დიაგნოზი (AL ტიპის შეძენილი ამელოიდოზი გულის მიოკარდის დაზიანებით) და მოსალოდნელი მეორე დიაგნოზი (მრავალჯერადი მიელომა). ამ მეორე დიაგნოზის საბოლოო დადასტურებას სჭირდება ჩონჩხის ე.წ. კონტრასტული პეტ/სკანი, რომლის ჩატარების საშუალებასაც ჯერჯერობით არ იძლევა ჩემი თირკმელების მაჩვენებლები.

პრინციპში, დადასტურდება თუ არა მიელომაც, დიაგნოზის სიმძიმე ამით დიდად არ შეიცვლება: ამილოიდოზი ბევრად უფრო აგრესიული რამაა, ვიდრე მიელომა, განსაკუთრებით AL ტიპის. ხოლო, მიელომისათვის დამახასიათებელი პლაზმა უჯრედების უკვე ნაპოვნი რაოდენობა ჩემს ანალიზებში (განზრახ არ ვწერ რამდენი %), სპეციალისტების აზრით, უკვე სრულიად შესაძლებელს ხდის მიელომის ალბათობას, რომელიც, როგორც ცნობილია, მათ შორის დასხივებითა და მოწამვლითაც არის გამოწვევადი.

ამ დეტალებს იმიტომ მოგახსენებთ, რომ დღეს ვაპირებ გავაჟღერო ჩემი ავად გახდომის რიგი სიმპტომატური და კლინიკური გარემოებებისა, რომლებიც ზემოთ ხსენებულ ფაქტებთან ერთად კვალს უნდა ტოვებდეს სამომავლოდ იმ სპეციალისტებისათვის - თუ საგამოძიებო თუ სამედიცინო სფეროდან - რომლებსაც შეიძლება ამ ჩემი შემთხვევის შესწავლა დაევალოთ.

მე ექიმი არ ვარ, მაგრამ, ვეცდები მაქსიმალურად კონკრეტული ვიყო მოვლენათა აღწერისას და გავაკეთო ეს ყველასათვის გასაგებ ენაზე.

დაახლოებით იმავე პერიოდში, როდესაც მე ჩემს ვიწრო წრეში (მათ შორის ტელეფონითაც) დავიწყე მსჯელობა პოლიტიკაში შესვლაზე (ამა წლის მარტი-აპრილი), მე შემეყარა უცნაური ხველა, რომელიც არაფრით არ გამდიოდა და ძლიერდებოდა.

თავიდან არ ვაქცევდი მას ყურადღებას, მაგრამ, მერე ის რაღაც არნახული სიმძიმის ხველად მექცა, მახრჩობდა, ლაპარაკში და ძილში ხელს მიშლიდა და არავითარი წამალი არ შველოდა.

აპრილში, მოსკოვში, ჩვენი ბიზნესკომპანიის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე ყოფნისას, მეუღლის თხოვნით ჩავიტარე კომპლექსური შემოწმება, “აკადემიკოს ლიადოვის სარეაბილიტაციო ცენტრში”. შემოწმებამ ორი სრული დღე გასტანა და მოიცავდა სრულ კომპლექსს კვლევებისა, ყველა ძირითადი ორგანოსა და ანალიზის ჩათვლით, ყველა თანამედროვე დანადგარისა და ტესტის გამოყენებით. მისი შედეგები დოკუმენტირებულია.

კვლევის დასკვნის მიხედვით ყველაფერი წესრიგში მქონდა, გარდა მოძრაობისას ქოშინის ნორმის დაქვეითებული მაჩვენებლებისა და მომეცა რეკომენდაცია პულმონოლოგთან მისვლისა.

თბილისში მოვფრინავდი და ვესტუმრე ძალიან კარგ პროფესორ-პულმონოლოგს, რომელმაც გამომიწერა ხველის საწინააღმდეგო კურსი, რომელმაც შედეგი ჩემს ხველაზე არ გამოიღო. დათქმულ დროზე დაგვიანებით, მასთან განმეორებით ჩემი მისვლისას, მან შემიცვალა მედიკამენტების ნაწილი, მაგრამ, ხველა მხოლოდ ძლიერდებოდა.
ეს არის უკვე მაისის თვე, მას შემდეგ რაც მე გავაკეთე განცხადება პოლიტიკაში შემოსვლისა.

ამასობაში, ჩემი საერთო სურათი საკმაოდ დამძიმდა. ღამით მძიმე ქოშინი, სიარულისას და კიბეზე ასვლისას ქოშინი და მოძრაობაში შეზღუდვა, და ბოლოს, ქვედა კიდურების დასიება, რომლებიც წვივებიდან დაიწყო და ტერფებამდე ჩავიდა, ეს ყველაფერი განუხრელად პროგრესირებდა მაისი-ივნისის თვეების განმავლობაში.

ჩემთვის კიკეთის სუფთა ჰაერზე ჩვეული ვარჯიშით და სრულიად ჯანმრთელი კვებითა და ცხოვრების წესით არაფერი უმჯობესდებოდა.

ძილისას ჰაერის უკმარისობის გამო ლოგინზე წამოჯდომა და მძიმედ სუნთქვა ჩემთვის რეგულარული მოვლენა გახდა.

პულმონოლოგთან მეორე ვიზიტისას, მეუღლემ მთხოვა, იმავე კლინიკაში მუცლის ღრუს რენტგენიც გადამეღო და იქ ერთ ჩვენს ნათესავ ექიმს ღვიძლზე რაღაც არ მოეწონა, თუმცა მერე ეს მცდარი შიში აღმოჩნდა.

ამასობაში, ქობულეთში მივდიოდით, გურიასა და აჭარაში მხარდამჭერებთან მორიგი შეხვედრებისათვის და გადავწყვიტე, კიდევ ერთ სამედიცინო შემოწმებაზე ბათუმიდან სტამბოლში გადავფრენილიყავი, აჩიბადემის კლინიკაში, რომელსაც კარგად ვიცნობ.

მაგ მომენტისათვის ძალიან მძიმედ ვგრძნობდი თავს. დილას ჩემს საყვარელ ზღვაში შევცურე და კინაღამ დავიხრჩვი, ძლივს გამოვედი უკან, იმიტომ რომ, ვეღარ ვმოძრაობდი, თითქოს გული გამიჩერდა, ყველა ნახსენები სიმპტომი გაძლიერებული მქონდა. ჩემს უფროს ვაჟს, შიო-ირაკლის, ბოლო ღამე ჩემთან ერთად ეძინა ნომერში და მეუღლეს დაურეკა, მამა ღამე ისე აჩქარებულად სუნთქავს, არც ვიცი, როგორ სძინავსო.

ნიშანდობლივია, რომ ჩემს სამ მეგობარს და თანამებრძოლს, რომლებთან ერთადაც ბოლო სამი დღე გურია-აჭარაში ვიყავი, რატომღაც ჩემნაირი მახრჩობელა ხველა აეკიდათ იმ დღეებში ერთად ყოფნისას, ლაპარაკისას იხრჩობოდენ და „რა უბედურება არის ესო“, იძახდნენ. მადლობა ღმერთს, როგორც კი დავიშალეთ, როცა მე სტამბოლში გადავფრინდი და ისინი თბილისში დაბრუნდნენ, მათ, სამივეს, ამ ხველამ გაუარათ, რამდენადაც ვიცი, კვალის გარეშე.

ჩემი სტამბოლში გადაფრენის შესახებ მარტო ჩემმა მეუღლემ და ვიწრო წრემ იცოდა, უბრალოდ, ბილეთი შევუკვეთე და ეგ იყო. ვაპირებდი შემოწმებას და 5 ივლისის მოვლენებისათვის საჩქაროდ დაბრუნებას, რათა ყველაფერი გაგვეკეთებინა ამ უბედურების თავიდან ასაცილებლად.

და ძალიან უცნაური იყო, რომ მეორე დილას ყველა ლიბერასტულმა ტელევიზიამ ქვეყანას მოსდო ამბავი ჩემი მოწამვლისა და თურქეთში გადაფრენის შესახებ. ჩემი აზრით, ეს აუცილებლად ცალკე გამოსაძიებელი საკითხია, საიდან და რა იცოდნენ ამ ერთი მესიჯ-ბოქსის ბინადრებმა და რატომ ატეხეს ასეთი ამბავი.

მე კარგად მესმის, რომ ამ ჩვენს უუფლებო ქვეყანაში სუს-იცა და მისი უცხოელი ზემდგომებიც, რასაც უნდათ, იმას უკეთებენ კერძო პირების ტელეფონებს, მაგრამ, ასეთი სინქრონიზაცია ჩემი ცუდად გახდომისა და მათ მიერ ამ ფაქტის ასე გაშუქებისა აუცილებლად გამოსაძიებელია.

23 ივნისს ჩავფრინდი სტამბოლში და მეორე დილას მივედი საავადმყოფოში. გაწერილი მქონდა გრაფიკი სხვადასხვა ექიმებთან შემოწმებისა და სიაში, ისე უბრალოდ, პირველი იყო კარდიოლოგი. აპრილის შემოწმების მიხედვით ხომ გული სრულიად ჯანმრთელი მქონდა.

მანდ მელოდა „საჩუქარი“. ექმიმმა თავის მაგიდაზე დამაწვინა და დამიწყო თავისი აპარატის მოძრავი სენსორით შემოწმება. უცებ შევატყვე, რომ შეცბა, კაბინეტიდან გავიდა და ორ კოლეგას დაუძახა. ისინი დიდხანს აკვირდებოდენ ჩემს სურათს, ერთმანეთს ეთანხმებოდნენ და მომეჩვენა, რომ თანაგრძნობით მიყურებდნენ, როგორც უმძიმესად განწირულ პაციენტს.

მითხრა, ჩაიცვითო და „მახარა“: - არის ეჭვი, რომ თქვენ გჭირთ ერთ-ერთი უმძიმესი, უკურნებელი და უიშვიათესი დაავადება, რომელსაც ამილოიდოზი ჰქვიაო. მე მისი სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ გიდასტურებთ, რომ გჭირდებათ დამატებითი კვლევები, მაგრამ, მათ გარეშეც გისვამთ ახლავე დიაგნოზს, severe heart failure, გულის მწვავე უკმარისობა, გამოწვეული გულის შიდა კედლის დეფორმაცია/გასქელებით, კედელზე აღგენიშნებათ შხამიანი ცილების კრისტალებისათვის დამახასიათებელი ნათება და გაფრთხილებთ, რომ თქვენი გულის განდევნის (ანუ ჟანგბადის გამოყოფის) ფრაქცია დავარდნილია კრიტიკულ %-მდე (განზრახ არ ვწერ რამდენამდე) და გული შეიძლება გაჩერდეს ნებისმიერ დროსო. უფრო ზუსტ სურათს კონტრასტული მაგნიტურ რეზონანსური ტომოგრაფია გვაჩვენებს, რომელსაც საჩქაროდ გინიშნავთო.

ისიც „მახარა“, შესაძლოა გულის და ღვიძლის საჩქაროდ გადანერგვა დაგჭირდეთ, სიცოცხლის ხანგრძლივობა ასეთი დიაგნოზით ძალიან დაბალიაო, შემიცვალა დაგეგმილი კონსულტაციების განრიგი საავადმყოფოში და პირველ რიგში, გადამაგზავნა ნეფროლოგთან და გასტროენტეროლოგთან, რათა მათ ენახათ, არის თუ არა შხამიანი ცილების დანალექები - რომლებიც მან გულზე მინახა - უკვე ჩემს სხვა ორგანოებშიც: თირკმელებში, ღვიძლში და სხვაგან. წამალი არაფერი დაუნიშნავს, გარდა ბანალური შარდმდენისა, რომელსაც მერე დავუბრუნდები.

აქედან იწყება ჩემი კიდევ თვენახევრიანი ტანჯვა-წვალებით, მძიმე ანალიზებითა და პროცედურებით, ეჭვებით და ფუჭი იმედებით სავსე გზა, რომელიც სტამბოლის კიდევ ერთ და მოსკოვის სამ საავადმყოფოს მოიცავს, გზა რომლითაც თავს არ შეგაწყენთ.

რადგან თავიდანვე გულის გაჩერების პრობლემა დადგა, მე უმალვე მივმართე ბატონ ლეო ბოკერიას, რადგან „ბაკულევის სახელობის კარდიო-ქირურგიის ცენტრი“, რომლელსაც ის ხელმძღვანელობს, მსოფლიოში ყველაზე მეტ ოპერაციას აკეთებს გაჩერებულ გულზე - წელიწადში 6 ათასს, და ვიფიქრე ამ მხრივ მაინც ვიქნები დაზღვეული, სანამ კვლევები გრძელდება-მეთქი.

ბატონმა ლეომ უმალ გადმომირეკა, დიაგნოზის იშვიათობიდან გამომდინარე მითხრა, ძალიან დაბალია მაგის ალბათობა, აგერ ნახევარი საუკუნეა ამ საქმეში ვარ და მხოლოდ ორი შემთხვევა მინახავს მასეთი სპეციფიკის, ჩამოდი, ყველაფერი გავარკვიოთო და გადამყვა ზედ, როგორც სჩვევია, და ყველა საჭირო სპეციალისტი მოიზიდა და ჩართო.

შეძენელი, პირველადი AL ტიპის ამილოიდოზი (ანუ არა გენეტიკური) უჩნდებათ ძირითადად მოხუცებს, ვინც წლების მანძილზე დიალიზზე არიან ან მრავალჯერადი მიელომით ავადმყოფობენ და ის, როგორც წესი, თირკმელებში იჩენს პირველად თავს. მე კი - თირკმელები სუფთა მქონდა. მას ძირითადად გარდაცვლილებში პოულობენ აუტოფსიისას და ასე ორ თვეში საღ-სალამათ კაცს ის გეტაკოს, თან „უკუღმა“, ანუ განვითარების საპირისპირო ლოგიკით, ძალზედაც საეჭვიდ ხდიდა დიაგნოზის სანდოობას მხოლოდ გულზე დანახულ სურათზე დაყრდნობით.
ამიტომ გახდა საჭირო მერე გულიდან ნაწილაკების ამოღება, საძილე არტერიიდან შესვლით და გაღრმავებული სისხლისა და შარდის ანალიზების ჩატარება. მაგრამ, ეს მერე იყო.

არ შემიძლია, აქვე არ ვახსენო დიდებული ჩვენებური გურჯი კარდიოლოგი, ბატონი ისმეტ მიქელაძე, ახოვანი და ბრძენი კაცი, რომელიც, თავის მეგობრებთან ერთად, სტამბოლში ზედ გადაგვყვა მე და ნინოს და დიდი მეგობრობა გაგვიწია.

ჩემს მკურნალ ექიმებზე, ჩემი ამერიკაში მცხოვრები კახელი ძმაკაცის თაოსნობით, მერე მოვყვები როგორმე.
მაგრამ, ამასობაში, უცნაური ამბები მოხდა ჩემს თავს.

მიუხედავად უმძიმესი ფსიქოლოგიური დარტყმისა - წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს რვა შვილის მამას, სრულიად ჯანმრთელ ადამიანს, ასეთ რამეს რომ გეტყვიან, რას იგრძნობ - დღიდან ჩემი სტამბოლში ჩასვლისა ჩემი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და ასე გაგრძელდა მოსკოვშიც.

დაიწყო იმით, რომ პირველივე ღამეს პირველად დავიძინე კარგად. სრულიად გამიქრა ნახსენები ხველა, რომელიც სამი თვე მახრჩობდა. აბსოლუტურად ჩამიცხრა ფეხები, რომლებიც ფეხსაცმელებში არ მეტეოდა. და მე არა მგონია ეგ მარტო შარდმდენის დამსახურება იყოს.

და თუმცა მძიმე დიაგნოზი სამწუხაროდ დადასტურდა, და თუმცა მე ეს ორი თვე საკმაოდ მძიმე ფსიქო-ნევრალგიურ ფონზე ცუდი ამბების მეტი არაფერი მსმენია ჩემი პერსპექტივების და მდგომარეობის შესახებ, ჩემი შეგრძნებები და სიმპტომები, რომლებიც ზევით აღვწერე, უმჯობესდებოდა.

რაც ყველაზე გასაკვირია, არა მხოლოდ ხველის სრული გაქრობა, ძილისას სუნთქვის მოწესრიგება და კიდურების სრული ჩაცხრობა აღმენიშნა, არამედ, საგრძნობლად გაუმჯობესდა გულის განდევნის (ანუ ჟანგბადის გამოყოფის) ფრაქცია (განზრახ არ ვწერ რამდენიდან რამდენზე), სტამბოლის მაჩვენებლებთან შედარებით მოსკოვში. ეს კი, უკვებლივ ყველა სპეციალისტის ერთობლივი აზრით, სრულიად შეუძლებელია აიხსნას ერთი კინკილა შარდმდენის მოქმედებით, რომლზედაც მთელი ეს დრო ვიყავი ამ შოკის მდგომარეობაში.

ამან, უკვე მოსკოვში ყოფნისას, ექიმების კონსილიუმს გაუჩინა იმედები, რომ შესაძლოა მე უკვე გადავიტანე პიკი რაღაც სხვა დაავადებისა და პირველი ეჭვი იყო ფეხზე გადატანილ მიოკარდიტზე (გულის შიდა კედლის ანთებაზე). ამ ვერსიაში ითქვა, რომ შესაძლოა ჩემმა გულმა ის აიტანა ძლიერი ფიზიკური მონაცემების წყალობით, ხოლო შიდა კედლის დეფორმაცია მაშინ აიხსნებოდა ე.წ. „სპორტსმენის გულის“ ფენომენით, ანუ გულისა, რომელიც მიჩვეულია დიდ ფიზიკურ დატვირთვებს და ზოგჯერ, ასეთი დარტყმისას, იღებს ასეთ ფორმას.

გამიკეთდა ტესტი გადატანილი მიოკარდიტის ანტისხეულების თაობაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ანალიზებმა ეს არ დაადასტურა. ჩემი უარესი დიაგნოზი დადასტურდა და გულის განდევნის (ანუ ჟანგბადის გამოყოფის) ფრაქციის თავისით გაუმჯობესება, ხველის გაქრობას, კიდურების ჩაცხრობასთან და ძილის მოწესრიგებასთან ერთად აუხსნელი დარჩა ჩემი მძიმე დაავადების პირობებში.

თავიდანვე მესმოდა რა, რომ, შესაძლოა, რაც მჭირს, შემთხვევითი არ არის, მე ჯერ კიდევ სტამბოლში ყოფნისას მოვითხოვე ტოქსიკოლოგიური გაღრმავებული ექსპერტიზა, რადგან მესმოდა, რომ თუ საქმე მაქვს მაღალტექნოლოგიურ შეტევასთან, ის რაღაც ბევრად უფრო დახვეწილი უნდა იყოს, ვიდრე ბანალური ღვიძლის ფუნქციები, ბილირუბინის არევა და სხვა. თურქეთში მითხრეს, რომ ამგვარ ექპერტიზას სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდებოდა და დავანებე თავი.
საერთოდ, ჩემს თურქ ექიმს შევატყვე, ერთგვარი არ-სურვილი ამ თემაში ჩაღმავებისა, მიუხედავად მისი უმაღლესი კვალიფიკაციისა. შესაძლოა, გაიგეს რა ჩემგან მოწამვლის ვერსია, „დამგუგლეს“, ნახეს ჩემი გამოსვლები ნამოხვანჰესზე, რომლებიც ჩვენმა ლიბერასტულმა მედიამ ანტი-თურქულად შერაცხა, გაიარეს კონსულტაციები „სადაც საჭიროა“ და გაერიდნენ ამ თემას, მე რა ვიცი. ვის რაში აწყობდა ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგე პაციენტის გულის გაჩერება თურქეთში. ნებისმიერ შემთხვევაში, მე მხოლოდ მადლობა მეთქმის თურქი ექიმისათვის, რომელმაც პირველივე ნახვისას ზუსტი, თუმცა, ჩემთვის სავალალო დიაგნოზის ვარაუდი გამოთქვა და ამით სწორი მიმართულება მისცა დანარჩენ კვლევებს. თუმცა, ისიც მკაფიოდ მახსოვს, მითხრა, აქ ჩვენ ამ იშვიათი დაავადების მკურნალობის ცენტრები არ გვაქვსო და რამდენიმე ქვეყანა მირჩია.
დავუბრუნდეთ ტოქსიკოლოგიას. მოსკოვში, ბაკულევის ცენტრში ჩამოსვლისას, ვესაუბრე ჩვენს ერთ თანამემამულეს, რომელიც იქ წამყვანი ტოქსიკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი და მსოფლიოში დიდი ავტორიტეტია. მან ამიხსნა, მეტაფორულად, რომ ამგვარი რაღაცების აღმოჩენა ძალზე ძნელია. მითხრა, წარმოიდგინე, რომ მანქანა დაგეჯახა და გაიქცა, შენ კი მოტეხილობებს უყურებ და ცდილობ გაარკვიო, რისგან დაგემართაო ეგენიო. მან ამიხსნა, რომ ამგვარი შეტევის შემთხვევაში, აგენტის კვალი ორგანიზმში სწრაფად ქრება, თეორიულად შეიძლება ორიოდე თვე თმაში რჩებოდეს რამე, ისიც, თუ მძიმე მეტალის მარილები იქნა გამოყენებული, მაგრამ, არც ეგ არის გარანტირებულიო. და მე მივხვდი, რომ ჩემი ძალებით ამ ფრონტზე ვერაფერს გავარკვევდი, თან ისედაც ძალიან მძიმედ ვიყავი ფიზიკურად, თან ხომ წარმოგიდგენიათ, მოსკოვში გამოკვლეულ ტოქსიკოლოგიას საქართველოში ვინ დაუჯერებდა და მაგასაც გავანებე თავი, იმიტომ რომ, მაგაზე ბევრად მძიმე გადაწყვეტილებები მელოდა წინ სულ მალე.

როგორი მეთოდიკით ვიმკურნალო, ვისთან, როგორ, ველოდო, არ ველოდო რეკომენდებულ კოვიდ-აცრებს მკურნალობის დაწყებამდე, თუ დავკარგო კიდევ 3 კვირა აცრების ცდაში და გავრისკო, რომ დაავადება კიდევ უფრო გავრცელდება სხვა ორგანოებზე, თუ მაინც გავრისკო კოვიდის წინააღმდეგ, რომელზეც მითხრეს, მაგ მდგომარეობაში ვერ გადაიტან ამ შენი დაქვეითებული იმუნიტეტის პირობებში დაზიანებული გულითო და ასე შემდეგ. მთელი ეს „მშვენიერი“ თაიგული გადაწყვეტილებებისა ჩემი „ჯილდო“ აღმოჩნდა ამ შოკური თვე-ნახევრის თავზე, რომელმაც უმძიმეს რამდენიმე დღეში მოიყარა თავი.
რომ მივხვდი, რომ ამ ლოგიკურ აბლაბუდას ვერ ვერევი, ვილოცე და უფალს ვთხოვე, შენ გადაწყვიტე, რა და როგორ ვქნა-მეთქი, და ასეც მოხდა. ღვთის მადლითა და მეგობრების დახმარებით ყველა გადაწყვეტილება მივიღე და მკურნალობა ორი კვირაა დავიწყე, მივენდე უფალს და ყველა ძალა მოვიკრიბე მაგარი ჯახისათვის ამ დაავადებასთან, არაფერს დავუთმობ და არაფერს შევარჩენ, რამდენადაც ეს ჩემს ძალებშია. ქიმია ძნელია, მაგრამ, უფრო ძნელია ისწავლო იყო ავადმყოფი და თვალი გაუსწორო ათას დეტალსა და ალბათობას, არ შეაწუხო სხვები, რამდენადაც შეგიძლია, და გააგრძელო ცხოვრება და ოჯახისა და ქვეყნის მსახურება. გულს მიმაგრებს და მახარებს ამდენი თანამლოცველი, მგონი, მხოლოდ მაგით ვარ აქამდე, გულს მიჩუყებსა და მაღიმებს „ყველაფერი კარგად იქნება, მე ვიცი!“ არხეინი კომენტარები, ესოდენ დამახასიათებელი ამ ჩვენი უსაყვარლესი კულტურისათვის.
მაგრამ, აი რა შემიძლია დანამდვილებით ვთქვა: მე რომ თბილისში დავრჩენილიყავი, ან როგორც ვაპირებდი, სტამბოლიდან დავბრუნებულიყავი 5 ივლისამდე, არსებობს ალბათობა, რომ იმ აუხსნელ გაუმჯობესებებს, რომლებიც ზემოთ აღვწერე, ადგილი არ ჰქონოდა.
ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ 5 ივლისის მოვლენების შედეგად, რაც არ უნდა მექნა, მაინც მე დამბრალებოდა ყველაფერი, და არა ხალხის სამართლიან რისხვას, და ჩემი დაპატიმრება მომხდარიყო. იქ კი ჩემი გულის უკმარისობა მხოლოდ გაღრმავდებოდა და ვინ იცის, რა შედეგამდე მივიდოდა. ის რომ, ამილოიდოზის მიკროფოლაქების შხამიან ნათებას გულის შიდა კედელზე მე ვერავინ დამინახავდა ციხის საავადმყოფოში, ეგ მგონი ფაქტია. და მერე ეძახა ნინოს, ქმარი ჯანმრთელი მყავდაო.
იმაზეც ბევრი ვიფიქრე, მომეყოლა ეს დეტალები საჯაროდ თუ არა.

თუ მკლავდენ, ეს ხომ მათთვის ინსტრუქციაა, თუ რა არ გამოუვიდათ, სამომავლოდ.
თუ შემთხვევით დავავადდი, ეს ხომ ხალხის ტყუილად შეწუხებაა შენი განსაცდელით.
მაგრამ, მაინც გადავწყვიტე მეთქვა, გინდა თავდაცვისათვის, გინდა ჭორებისა და უაზრო მითქმა-მოთქმის შესამცირებლად.

არის თუ არა შესაძლებელი, ამ ჩვენს უბედურ ქვეყანაში, რომ ამგვარი სცენარი ვინმეს განზრახ განეხორციელებინა? ვის აწყობს, ისედაც არ არსებული ეროვნული პოლიტიკური ფრონტის ვერ გაერთიანება და მართული რადიკალების ამარა დარჩენა? ვის აწყობს, ლიბერალური ნაც-ქოცური დიქოტომიის ხელუხლებლად დატოვება და აქეთ-იქით ქანაობა, სანამ ქვეყნის ნარჩენებიც იღუპება? არის თუ არა შესაძლებელი, რომ მე და ჩემნაირები, ვინც ხელს არ ვაწერთ ლჭყპტ ერთგულების ფირმანებს, რათა უსაფრთხოდ ვიაროთ ჩვენსავე ქვეყნის ქუჩებში, ვინმეს ყელში ვეჩხირებით, და რომ ამ ვინმეს, თავისი ავადმყოფური პოლიტტექნოლოგიური სამზარეულოს შიგნით, ასეთი რამ დაეგეგმა, ღვთის შიშის გარეშე? რა თქმა უნდა.
ასეთ შემთხვევაში ნიშნავს, რომ მე შეუსრულებელ შეკვეთად ვრჩები ლიკვიდაციისათვის. ვის აწყობდა ასეთი რამ? როგორი სცენარით წავიდოდა მაშინ მოვლენები ქვეყანაში? არავინ იცის.
ამავე დროს, არის თუ არა შესაძლებელი, რომ მე უბრალოდ შემეყარა ეს იშვიათი დაავადება მაინცდამაინც პოლიტიკაში შესვლისას? რა თქმა უნდა, ეგეც შესაძლებელია.
ნიშანდობლივია, რომ მთელი ამ თვეების განმავლობაში, ექიმებთან კონსულტაციებისას, მე, შეძლებისდაგვარად, თუმცა ამისათვის არ მცხელოდა, ვსვამდი განმეორებით ერთსა და იმავე კითხვას: შესაძლებელია თუ არა ასეთი დაავადების ასე უეცრად გამოწვევა ხელოვნურად?! ჩემი ექიმები, ვისთანაც მე ხელი მიმწვდა კონსულტაციაზე, ამერიკაშიც, რუსეთშიც, ევროპაშიც, ისრაელშიც და თურქეთშიც, ამას ვერც ადასტურებენ და ვერც უარყოფენ, იმიტომ რომ, პასუხი ამ კითხვაზე სხვა კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება.

მაგრამ, აი, მიელომასათვის დამახასიათებელი პლაზმა უჯრედები, აღმოჩენილი მენჯის ძვლის გაბურღვითა და ძვლის ტვინის, ძვლის ნაწილაკებისა და სისხლის დამატებითი ანალიზების საფუძველზე, უკვე ცალსახად მეტყველებს, როგორც მინიმუმ იმაზე მაინც, რომ მე მაქვს ნიშნები დაავადებისა, რომლის გამომწვევ მიზეზებშიც ცალსახად მითითებულია დასხივება და რადიაციული მოწამვლა.
იმ ძალზედაც მცირედან რაც მე გავარკვიე, გეგონება სხვა საქმე არ მქონდეს, ამგვარი მოწამვლა ხდება ხშირად

სასმელ წყალში იზოტოპური ნივთიერების გარევით, რომლის მიღების შემდეგაც ადამიანის ორგანიზმი დასხივებისას ვეღარ უძლებს რადიაციას. დასხივება შეიძლება მიმართული აპარატურით, ამისათვის სამფეხაზე მდგომი ვიდეოკამერის კამუფლიაჟიც ივარგებს და ბუჩქებში მჯდომი ოფიცერიც, რომელსაც მიაჩნია, რომ უბრალოდ ბრძანებას ასრულებს და სამშობლოს იცავს უდანაშაულო კაცის მოკვლით. ასეთ შემთხვევაში, ესვე დასხივება გვერდზე მგდომებზეც მოქმედებს, მაგრამ, ნაკლკებად და დროებით, აქედან, შესაძლოა ჩემი მეგობრების ხველაც ქობულეთში. მაგრამ ეს ისე, საჯაშუშო ჟანრიდან, იქნებ ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზიაა.

შევაჯამოთ:

-საიდან ეს უიშვიათესი დაავადება, რომელიც წლები ვითარდება, მაინცდამაინც იმ 2 თვეში, რაც პოლიტიკაში შემოვედი, როცა აპრილში საღ-სალამათი გახლდით?

-რა მსგავსი ხველა ეტაკათ ჩემს მეგობრებს ქობულეთში, რომელმაც გაუარათ და რაც მთავარია, რაც სამშობლოდან წამოვედი, სად გაქრა ჩემი ხველაც, კიდურების დასიებაც და ძილის შეუძლებლობაც, მიუხედავად იმისა, რომ მას მერე ცუდის მეტი არაფერი მსმენია და განმიცდია.

-და, რაც მთავარია, რატომ, რის წყალობით გაუმჯობესდა გულის ფუნქცია ყოველგვარი წამლის გარეშე?
თუ ამ გარემოებათა აღწერის მერეც ჩვენი სახელმწიფო და სუსი კვლავ გასუსულები დარჩებიან ამ შემთხვევის მიმართ, ესეც რაღაცის ნიშანი იქნება ჩემთვის.

ახლა წინ მაქვს მძიმე მკურნალობა ძალზედაც სახიფათო დიაგნოზისა და ეს ყველაფერი დაზიანებული გულის ფონზე. უკვე დავკარგე 11 კილო და სიარული ჯერჯერობით დიდად აღარ მეხერხება, და ეს მხოლოდ დასაწყისია ქიმიისა და მერე რა ვიცი რისა.

წინ გრძელი გზაა, და ვიცი, როგორც ამას ჩემი ერთ-ერთი მამა იტყოდა, "რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე”.

გულში საოცარ ნუგეშსა და ძალას ვგრძნობ. ამ დღეებში ენითაღუწერელი ბედნიერება მეწვია, მისმა უწმინდესობამ დამირეკა და დამლოცა, ვისაც ეს განგიცდიათ, იცით რაზე ვსაუბრობ.

ამ ქვეყნად არაფერია შემთხვევითი: ამ წერილს გწერთ მთავარი მკურნალი წმინდანის, პანტელეიმოინის ხსენების დღეს. შეეწიოს წმინდა მოწამე პანტელეიმონი ყველა სნეულსა და ტვირთმძიმეს, მაშვრალსა და დამწუხრებულს ჩვენს სამშობლოში და მთელ ქვეყანაზე.
შემინდეთ, თუ თავი შეგაწყინეთ.

ამ დღეებში გავაგრძელებთ ჩვენს საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ჩვენს საოცარ თანამებრძოლებთან ერთად და ბევრ საინტერესოს და დამაიმედებელს შეგატყობინებთ. მე ვიქნები მაგ ბრძოლაში ბოლომდე, როგორც გამიშვებს ჯანმრთელობა. მე არ შემიძლია ამ მდგომარეობაში გავჩერდე, დავნებდე ავადმყოფობას, ან უკან დავიხიო. ეგ არ არის ვაზის ლერწის ზურგზე დამკიდებელი მეომრის წესი.

დამოუკიდებლად ამ ჩემი მდგომარეობის გამომწვევი მიზეზისა, მე მთელი გულით ვმადლობ უფალს და მხნედ ვარ. ექიმები მაიმედებენ და ოჯახი და მეგობრები გვერდში მიდგანან. ჩვენს მტრებს ერთი არ ესმით, ურევია აქ მათი დინგი თუ არა, ჩვენთვის მთავარი მარადისობაა. რისა მეშინოდეს?!“- წერს ლევან ვასაძე.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„დაჭრილმა კაცმაც შეიძლება, მოიგოს ოლიმპიადა და მხარმოტეხილმაც... გაცნობიერებული მქონდა, რომ მეტკინებოდა და მზად ვიყავი, გამეძლო“ - ლაშა ბექაური

„გუშინ გარდაცვლილ 44 ადამიანს შორის ჩემი ახლობელი, ახალგაზრდა კაციც იყო, რომელმაც „კეთილისმყოფელების რჩევით“ აცრა გადაიფიქრა“ - მძიმე კოვიდ ისტორია

„სიცხე ავარდა 40-ზე და ვერ ვაკავებდით, ისე ხტოდა… ვუყურებდი როგორ კვდებოდა, სასწრაფოს 4 საათი და 25 წუთი ველოდეთ“ – რა მოხდა მაიკო კაჭკაჭიშვილის ოჯახში