ოზურგეთში, სოფელ ბახვში მცხოვრები და-ძმა კოვიდინფექციით გარდაიცვალა. ოზურგეთის საზოგადობერივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიქაუტაძის თქმით, კოვიდი ჯერ დას დაუდასტურდა, ძმა კი მოგვიანებით დაინფიცირდა და დღეს გარდაიცვალა. ამ ტრაგედიას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები გამოეხმაურნენ.
„ჩვენი თბილი, ტკბილი და პოზიტიური ეკა წავიდა და წაიღო ჩვენი მოგონებები, წავიდა და დაგვიტოვა ტკბილი და ამავე დროს მწარედ გასახსენებელი მასთან ერთად გატარებული მომენტები. წავიდა ქალი, რომელიც ყველაფრის მიუხედავად სიყვარულსა და სითბოს აფრქვევდა. ეკა - სამი საუკეთესო შვილის გამზრდელი გმირი დედა, საიმედო დასაყრდენი მეგობარი და ავკარგიანი ქალბატონი - ჩვენ ასეთად გიცნობდით და ასეთი დარჩები ჩვენს გულებში. დიდი გულისტკივილით ვიზიარებთ შენი გარდაცვალებით გულდაწყვეტილი ოჯახისა და ახლობლების ამ უდიდეს მწუხარებას. ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა ეკა“, - წერს გარდაცვლილის მეგომარი.
და-ძმის გარდაცვალებას გამოეხმაურა ბახვის სკოლის დირექტორი მზია ვაშალომიძე.
„ჩემი პატარა სოფლისთვის მოიცალა სიკვდილმა, ზედიზედ წაიყვანა საუკეთესო და გამორჩეული ახალგაზრდები, კახა ბოლქვაძე სულ ახალი თავზარდამცემი ტკივილია!!! რამდენიმე დღის წინ მისი ულამაზესი, სიცოცხლით სავსე და ეკა იმსხვერპლა კოვიდმა, ახლა კახა... კახა გამორჩეული იყო თავისი ზნესრულობით, უწესიერესი და უკეთილშობილესი, ღვთისმოსავი, საუცხოო შვილი, საიმედო მეუღლე და დასაყრდენი ვერიკოსთვის და არაჩვეულებრივი მამა ასეთ კახას იცნობდა ყველა. თვალწინ მიდგას როგორ მოჰყავდა საზიარებლად ხელში ატატებული მისი მერცხლები. სიტყვები სადღაც გაფრინდა, ვერ ვახერხებ ნუგეში ვცე სიბერეგამწარებულ მშობლებს, ასევე უპატიოსნეს და უკეთილშობილეს ადამიანებს. ხუთი ობოლი შვილიშვილი დარჩა ეკასგან და კახასგან მათ იმედზე, ძნელია კიარადა უძნელესი… ვუსამძიმრებ ოჯახს, მთელს სოფელს, ბახვის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მრევლს, გლოვის დრო დაგვიდგა… ნათელი დაუმკვიდროს უფალმა კახას სულს!”, - წერს მზია ვაშალომიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
ყარაჯალაში შშმ პირი ნათესავებმა ქუჩაში დატოვეს
ბოკერიას კლინიკაში ახალნამშობიარები ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა