ემიგრაციაში მყოფი ლალი კობახიძე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს წერს და გარდაცვლილ დედას მიმართავს. როგორც თავად ამბობს, საზღვარგარეთ სამუშაოდ წლებია იმყოფება.
„გამარჯობა დედი. წერილი ბოლოს რომ მოგწერე სულ პატარა ვიყავი და 8 მარტს გილოცავდი. მახსოვს გაგიხარდა..
მე ახლა ემიგრანტი მქვია დე. შენ არ იცი, იმიტომ რომ იჩქარე და ჩემზე ადრე წახვედი...
29 ნოემბერს ზუსტად 2 წელს ათვლის ჩემი ემიგრაციის პერიოდი იტალიაში. მანამდეც სულ გასული ვიყავი, იცი შენ.. იყო თურქეთი, მანამდე რუსეთიც იყო.. საითაც „უუუუუ“ დაიხუვლებდა საშოვარზე გასული მასა, იქით მივსდევდი. სულ წასული ვიყავი, ამიტომაც დაგერქვა ჩემი შვილის გამზრდელი დე.
რა მექნა გენაცვალოს ლალუკა? ბაღშიც ვიმუშავე 6 მანეთად. მერე „ვაჭრუკანაც“ ვიყავი ბაზრობაზე და კუპონიზაციამ მომისწრო. კი იცი ჩემი შანსის ამბავი შენ, ბოლომდე უნდა დავიხარჯო რომ ვჭამო.
შენ კი ძალიან გინდოდა, მაგრამ მე უკვე მივეჩვიე რომ მასწავლებელი აღარასდროს ვიქნები და რომ ჩემი ხვედრია ვიყო შეწირული... იცოდი, რომ ჩვენ ემიგრანტები შეწირულები ვართ? როდესაც ქვეყანაში სიდუხჭირეა, როდესაც ოჯახები საარსებოდ მინიმუმსაც ვერ მოიპოვებენ, იძულებულნი არიან გაწირონ ერთი წევრი და გაუშვან საშოვარზე. თუ კაცი მიდის „საუკეთესო ვარიანტია“, თუ ქალი: - საშინელებაა. ოჯახი რჩება დედის, ცოლის, ბურჯის გარეშე
და იცი მთავარი სირთულე რა არის? სახლიდან მოცილება, სიმარტოვე ან გაუსაძლისი ყოფა კი არა, ყველაფერი ერთადაა რთული. ოჯახის დანაწევრება, მონატრება, საუკეთესო წლების დაკარგვა, გაუცხოება, გაცივება, ვალდებულება.
ამ ქვეყანამ, ფეხზე დგომის ძალა მომცა, უნარი მომცა ბრძოლის. სულ სხვა კუთხით დამანახვა თავი. ძლიერი ვყოფილვარ დე - არ ვიცოდი. შენ კი იცოდი და სულ მამხნევებდი -„შენ მაგარი გოგო ხარ, დედა გენაცვალოსო“.
მენატრები დე. ყველა და ყველაფერი მენატრება, ჩემი მიწა-წყალი, გავერანებული, გაპარტახებული მინდორ-ველი. ლიმონის და ცელოფნების გამყიდველი ბებოებიც მენატრებიან, ის ციგნის ბავშვებიც კი მენატრებიან ფეხებში რომ გებლანდებიან და „სალფეთქებს“ გაჩეჩებენ ხელში...
სულ ვფიქრობდი, რომ ჩემს მუდმივ გასვლებს მიეჩვიეთ სახლში. ნერვიულობენ და მგულშემატკივრობენ, მაგრამ მიეჩვივნენ მეთქი ვფიქრობდი. ახლა სხვაგვარად ვფიქრობ. რთული ყოფილა სუნთქვაშეკრული ცხოვრება. ახლა მესმის შენი დე, სულმოუთქმელად რომ მელოდი ყოველ ჯერზე. გამუდმებით ვგეგმავ უკან დაბრუნების დღეს ,რომელიც როგორც წესი, ყოველთვის გადავადდება ხოლმე დედი, თუმცა მთავარი მაინც დაგეგმარებაა, ეგ დღე მასულდგმულებს, მაძლიერებს და მინათებს საქართველოში დასაბრუნებელ გზას.
ერთ დღეს მართლა ავფრინდები დედი. ხომ გჯერა ჩემი? გადმოვიფრენ ათასობით კილომეტრს, მოვალ შენთან, ჩამოვჯდები ცივ ქვაზე და ახლოდან მოგიყვები, როგორ გადამატანინა ამ ქვეყანამ უშენობა. მანამდე კი წერილებს მოგწერ და აივნიდან მონაბერ სიოს გამოვატან შენამდე დედავ ჩემო. დამელოდე“, - წერს ლალი კობახიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„სანდრას რატომ არ ასამართლებთ? ხარჯების დიდი ნაწილი არის მისი“ - მიხეილ სააკაშვილი
🔵იტალიაში ქართველი ქალი გარდაიცვალა, რომელმაც ემიგრაციაში 13 წელი გაატარა