„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი დემოკრატიის იდეის მიმართ ქართველი პოლიტიკოსების დამოკიდებულებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი შეფასებით, როდესაც რამე არ გამოსდის ადამიანს საკუთარი თავის ნაცვლად სხვას აბრალებს. ჩერგოლეიშვილი ფიქრობს რომ დემოკრატიის იდეის მიმართაც ადამიანების ნაწილს ანალოგიური შეხედულება აქვს.
„ადამიანს, ზოგადად ახასიათებს, როცა რაღაც არ გამოუვა, ამოცანას დააბრალოს და არა საკუთარ თავს.
ვარდების რევოლუციიდან ორი, თუ სამი წლის შემდეგ, დავიწყე ძალაუფლების მქონეთა შორის ისეთი ადამიანების შემჩნევა, რომლებიც წინააღმდეგობით დამფრთხალნი, ამტკიცებდნენ რომ ლიბერალური დემოკრატიის იდეა ამ ქვეყნისთვის ჯერ ადრეა „მკაცრი ხელი სჭირდება ყველაფერს”.
2008 წლიდან ეს მიდგომა ნაციონალურ პოლიტიკად იქცა, სადღაც რევერსი მოხდა, სადღაც არა, მაგრამ პროგრესული იდეების გასატანად გაცილებით მეტი ძალისხმევა და ბრძოლა გახდა საჭირო.
ამ დროს, უკვე უფრო ხშირად გვესმოდა „პრაგმატიკოსების“ ირონიულად ნასროლი „ერთი მუჭა ლიბერალები“.
ამ „პრაგმატიკოსებმა“ მწარედ წააგეს, თან ისე, რომ მათი ზოგიერთი წარმომადგენელი პოლიტიკაში ვერც ბრუნდება, მცდელობის მიუხედავად.
ლიბერალებმაც წავაგეთ მათთან ერთად და ნაკლები გავლენა გვაქვს, მაგრამ იდეას არ წაუგია, ოპოზიციაში ვართ და ოპოზიციაში ვაცოცხლებთ იმ იდეებს, რომლებსაც სწორ მომენტში ვამკვიდრებთ.
მაგრამ ამ პოსტის თემა წინა ხელისუფლების ყავლგასული „პრაგმატიკოსები“ არ არიან.
მე იმ ახალგაზრდა ადამიანებზე ვწუხვარ, რომლებიც ჯერ ძალაუფლებას არც კი გაკარებიან და უკვე გაირყვნენ.
უფრო და უფრო ხშირად მესმის მტკიცება, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიის იდეამ ამ ეტაპზე არ გაამართლა და „მკაცრი ხელი“ და შლეგია საჭირო.
„არ იმუშავა ბოკერიას დემოკრატიამ, არაა ხალხი მაგისთვის მზად” - ლუზერების საყვარელი ფრაზაა.
კრილოვისაა მგონი მელიას და ყურძნის იგავი ხო?
საკუთარ უნებისყოფობას ხომ არ დააბრალებ, დემოკრატიის იდეას უნდა დააბრალო, რომ არ მუშაობს.
ყველგან მუშაობს, სადაც დანერგავ. თქვენ ნებისყოფა არ გყოფნით, უბრალოდ“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: