ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და გორში, გუდვილთან გადახდენილ ამბავს იხსენებს.
„გორში, გუდვილის წინ დგას.
- ხურდა ხომ არ მოგრჩა? ხომ არ დაგრჩა ხურდა? - მაღაზიიდან გამოსულ, სანოვაგით დატვირთულ ადამიანებს ეკითხება.
დავაკვირდი, არც ერთ შემსვლელს არ სთხოვა ფული, ჯერ აცდის, იყიდონ რაც უნდათ, იქნებ არ მორჩეთ ხურდა, იქნებ გათვლილი თანხით შედიან...
ვინ ვინ და მან ზუსტად იცის რა არის ხუთჯერ გადათვლილი ფულით მაღაზიაში შესვლა...
- შვილები გყავს? - მოულოდნელად მიახლოვდება და მეკითხება...
- კი...
- გეყოლება ასე ორი...
- არა, ერთი მყავს...
- შენ გოგო გეყოლება... ჯიუტად ცდილობს კაკულიას წაართვას პროფესია...
- არა, ბიჭი...
- ხო, კარგია, დააქორწინებ, რძალი გეყოლება, მაგრამ გოგოც რომ გყავდეს, უკეთესი იქნებოდა...
- შეიძლება ოდესმე მყავდეს კიდეც - ვუღიმი...
- კი, რატომ არა, ახალგაზრდა ხარ... იქნები, ასე... პაუზა გააკეთა, თვალი მოჭუტა, ამხედ-დამხედა და... ასე 25 ის...
- 37-ის ვარ...
- ხო... დაფიქრდააა... ხო, ახალგაზრდა ხარ - არ იტეხს იხტიბარს...
- არც თქვენ ხართ ბებერი, უკაცრავად, მაგრამ აქ დგომას მუშაობა არ გირჩევნიათ?
- ვერ ვმუშაობ, მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ, სამუშაოც სად არის? ვისაც ძალა აქვს მუშაობის და ახალგაზრდაა, ისიც ვერ შოულობს აქ სამსახურს და საბერძნეთში მიდის, ან იტალიაში, იქ არის სამუშაო და ხელფასსაც უხდიან - სერიოზული სახით მიყვება...
- შემოდი და ეს მოგვაშორე აქედან, თორემ, გადავაგდებ... დამღალა, რა ვალდებული ვარ, გემსახურო - გამოსძახეს გუდვილიდან უკმეხად...
ხმა არ გაუღია, შევიდა, გაყინული ხელები ერთმანეთს რამდენჯერმე გაუსვა, მაგიდაზე პირდაპირ, თეფშის გარეშე დადებულ ბუტერბროტს დასწვდა და ჩაკბიჩა.
გუდვილის თანამშრომელი არ წყნარდებოდა, ყურთან უბზუოდა...
ყურადღებას არ აქცევდა, ეტყობა, მიჩვეული იყო, არც პასუხს სცემდა, არც გაბრაზება გამოუხატავს, იქნებ, არც არაფერზე ფიქრობდა საჭმლის გარდა, მშვიდად ილუკმებოდა დამადლებულ ლუკმას...
- უკაცრავად, ეს ბუტერბროდი ხომ იყიდა? აქ, ეს მაგიდები ხომ იმიტომ დგას, რომ დაჯდეს და ჭამოს? - შევაწყვეტინე გუდვილის თანამშრომელს დაუსრულებელი საყვედურები...
- კი, მაგრამ ასე არავინ ჭამს...
- როგორ ასე?
- აი, მაგიდაზე ნამცეცები ყრია მერე...
გავხედე, ეტყობა, გაიგონა, თითი დაადო მაგიდაზე დავარდნილ ნამცეცს და ტუჩიდან გამოყოფილ ენაზე აიკრა...
- სხვები არ ყრიან?
- არა, არ ყრიან. სხვები თეფშით ჭამენ...
- ეს რატომ არ ჭამს თეფშით?
- მე რა ვიცი.
- არ გაქვთ უფლება, რომ თეფში მიაწოდოთ?
- კი, მაგრამ...
- ხოდა, მიაწოდეთ...
- მივაწვდი... უკვე მე მიბღვერს...
- იცით, მეც ახლა გვერდით მაგიდასთან ყავას ვსვამ, აულაგებელ, ნამცეცებით სავსე მაგიდასთან, ალბათ, ჩემამდე დატოვა კლიენტმა, არც აგილაგებიათ და არც საყვედურს ეტყოდით, ვიცი. კარგად ჩაცმულ და ფულიან კლიენტებს ხომ შეუძლიათ ნამცეცების დაყრა?
- ეს, ქალბატონო, სულ აქაა და სულ ასე ყრის ნამცეცებს - მაინც არ იშლის თავისას...
ისე დაასრულა ჭამა, თეფში ჯიუტად არ მიაწოდეს...
ისე დაასრულა ჭამა, წარბშეკრული მზერა და ტუჩის კუთხიდან წამოსროლილი ბუზღუნი არ დაჰკლებია...
როგორ ჭამა და როგორ შეირგებს, როდის მიეჩვია თავისი ფულით ნაყიდი ლუკმის დაყვედრებას და ვინ მიაჩვია - მედარდება...
არ ვიცი, ეს ახალგაზრდა გოგო სად გაიზარდა, ჰყავს თუ არა მამა, როგორ არჩევს ფულიან და უფულო მამებს, კარგად ჩაცმულ და ჩაუცმელ ბაბუებს, როგორ არჩევს, ვის შეარგოს ლუკმა და ვის არა...
ჭამა და ისევ გარეთ დადგა...
სიტყვები აღარ მესმოდა, მაგრამ ვხედავდი, როგორ უვლიდნენ გარს სანოვაგით დატვირთული ადამიანები...
სანამ წამოვიდოდი, ახალგაზრდა კაცმა ჩაუარა, პატარა პარკი ეჭირა, აიწურა, ფული რომ სთხოვა, თავი ჩახარა და სწრაფად გაეცალა... თვალი გავაყოლე, გუდვილის წინ, სადგომზე, ყველაზე ღარიბული მანქანის კარი გააღო, რაღაც ეძება, მერე სწრაფად მოტრიალდა, მიუახლოვდა და ხურდები ჩაუყარა...
ეს ბიჭი გუდვილის ერთ-ერთი უმდიდრესი კლიენტი იყო დღეს...
აი, გუდვილის ყველაზე მდიდარი კლიენტი კი ეს კაცია, ინვალიდი, უმუშევარი, კაპიკის მთხოვნელი, გაყინული, დაყვედრებით ჭამას დაჩვეული, ნამცეცებიანი კაცი...
- ზემოთ ხომ ვერ გამიყოლებ, ჯიგარო? - ჰკითხა ვიღაცას...
- სახლში მივდივარ უკვე - რატომღაც ისევ ისე უცერემონიოდ მითხრა და მხრები აწურა, არ ვიცი, სიცივისგან, თუ...
მომერიდა მეკითხა, შვილები თუ ჰყავს...
ეს ის მაგიდაა, სადაც ყავის დალევა მომიხდა, ყველა მაგიდა ასე ბინძური და მოოხრებული იყო.. არც ჭიქაა ჩემი, ერთჯერადი ჭიქით დავლიე და მაგიდას არ გავკარებივარ...
ყველაზე მდიდარმა კლიენტმა, რომელმაც ბოლო კაპიკები დახარჯა, ყველაზე ნამცეცებიანმა კლიენტი, ყველაზე უპრეტენზიო კლიენტმა - ყველაზე სუფთად დატოვა თავისი მაგიდა...
მაინც ვერ ვიგებ, როგორ ირგებს...
ეს კაცი ასე დამადლებულ ლუკმას როგორ ირგებს და...
ისინი ცხოვრებას და სინდისს“, - წერს თამო კეშელავა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„დაბალმა დოზებმაც კი შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერტენზია, ინსულტი და სიკვდილი“ - რას წერს ზაზა თელია
„ვიღაცები მომიგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებით და რაღაცებით მემუქრებიან“ - ზაზა სარალიძე