ქართველი მთარგმნელი - ხათუნა ცხადაძე ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტსა და მომხდარი ტრაგედიის მერე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ცხადაძე ფიქრობს, რომ მედია საკუთარ რესურსს არასწორად იყენებს, მაღალ სტანდარტებსა და მნიშვნელოვან ღირებულებებს, რეიტინგის სანაცვლოდ თმობს, რითაც ქვეყანაში შექმნილ სიბნელეს კიდევ უფრო აბნელებს.
„გუშინდელი აქცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჟურნალისტებს მიჰყავდათ ძირითადად და მათ გარშემო შეიკრიბა ხალხი, ლექსო ლაშქარავას მხეცური მკვლელობის გასაპროტესტებლად შეიკრიბა, იმის სათქმელად, რომ საპატრიარქოცა და ხელისუფლებაც ძალადობის დამქაშები არიან და მათ აღვირახსნილობას ხალხი აღარ მოითმენს.
იმის სათქმელად, რომ ამ ხელისუფლებას აღარანაირი ლეგიტიმაცია არა აქვს 5-6 ივლისის შემდეგ და უბრალოდ უნდა წავიდეს.
ახლა ჩემს იმ მეგობრებს მინდა, ვკითხო, რომლებიც პოსტავდით აქ, როგორ აგიჩუყდათ გული, როგორ ყარეთ ცრემლები ჟურნალისტების გამოსვლებზე: რომელმა ტელეარხმა, რომელმა ჟურნალისტმა დადო პირობა, რომ აღარ მისცემს ტრიბუნას სიძულვილის დამქაშებს, რომ აღარ მიიღებს მონაწილეობას უვიცობის, გაუნათლებლობის, ზიზღის ტირაჟირებაში რეიტინგის სახელით? „ვფიცავო!“ ხშირად გაისმოდა აქციაზე, ვფიცავთ, არ შეგარჩენთ ლექსოს სიკვდილსო.
ლექსოს სიკვდილი ქართული სამაუწყებლო სივრცის უგვანი პროფესიული ქცევისა და არარსებული ეთიკური სტანდარტების ბრალიცაა, ტყუილის, სიმდარის, რეიტინგზე დახარბების ბრალიც. ხმა კარგად არ ისმოდა, ნაწილს ცოცხლად ვისმენდი და ნაწილს იქვე ტელეფონში, „ლაივით“, მაგრამ თუ რამე გამომრჩა, მაინტერესებს, „ტვ იმედმა“ დაიფიცა, რომ ცრუპენტელობას და ქვეშაფსიობას მოეშვება, ნანუკა ჟორჟოლიანმა და მაია ასათიანმა დაიფიცეს, რომ ადამიანის ღირსების დამაკნინებელ, უფლებების შემლახავ, მდარე გადაცემებს აღარ გააკეთებენ თუ რომელიმე სხვა ჟურნალისტმა დაიფიცა, რომ სარედაქციო პოლიტიკასა და სტანდარტებზე მეტს იზრუნებს, მეტი პასუხისმგებლობით იმუშავებს ჯანსაღი ღირებულებების, მოსახლეობის ინფორმირების, ცოდნის გავრცელების მიზნით? რომელმა არხმა დაიფიცა, რომ მდარე სერიალებით არ გამოულაყებს ადამიანებს ტვინებს? რომელმა აღიარა, რომ სიმდარით, იაფფასიანი სეირით ტვინგაწყალებული მასა ისევ ჟურნალისტებისაკენ მიმართავს საკუთარ აგრესიას? დიახ, გაუნათლებელი ადამიანები, ორკებიც უყურებენ კარგ გადაცემებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, თუ შესთავაზებ.
რომელმა დაიფიცა, რომ შეატრიალებს პოლიტიკას და იმას კი არ შესტენის მაყურებელს, რასაც თურმე ის „ითხოვს“, არამედ თავად შესთავაზებს უკეთესს, რომ ხალხმა უკეთესი და უკეთესი მოითხოვოს? ლექსო ლაშქარავა სიბნელემ მოკლა, იმ სიბნელემ, რომლის გამავრცელებლები და ხელშემწყობები ქართული ტელევიზიებიც არიან. შეუძლებელია, ნაგავი უყარო საკენკად მრევლს და მერე ოქროს კვერცხის დადება მოსთხოვო. ათასჯერ მეტ ნაგავს დაგიდებს. ის სცენა გეხსომებათ, მდიდრები ლოჟებიდან რომ აფურთხებენ პარტერში მჯდომ პლებეს „ახალი კინოთეატრი პარადიზოში“ და რამდენიმე წელიწადში ქვევიდან მძ...ის გუნდებს რომ მიიღებენ სახეში. ასე ხდება.
ჰოდა ეს გულის აჩუყება და ცრემლების ყრა ისევ იმ კოლექტიური სკლეროზისა და ინფანტილიზმის, მაშასადამე - უმოქმედობის წრეზე გვაბრუნებს და გვეუბნება, რომ ასე არაფერიც არ შეიცვლება. მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და წავიდეს, საპატრიარქოს მაფიოზური, განგსტერული დაჯგუფება საერთოდ გადაშენდეს, ჟურნალისტებმა კი საკუთარი წილი პასუხისმგებლობა და ვალდებულება უნდა აიღონ, რომ იმ სტანდარტებით მოემსახურებიან საკუთარ საქმეს, რომლებსაც ისეთი ქვეყანა მოითხოვს, როგორიც ჩვენ, ყველას, გვინდა. კიდევ იმის დამატება მინდა, რომ ეს საშინელი სიძულვილი, რაც ამ დღეებში ვიხილეთ, მხოლოდ ჟურნალისტებისადმი მიმართულ ბრძოლად არ უნდა მოვთარგმნოთ. ეს სიძულვილი უმცირესობებისადმი სიძულვილია პირველ რიგში და ეს მეორე პლანზე არ უნდა გადავიდეს.
ლექსო ლაშქარავაც ამას შეეწირა. კი, ჟურნალისტები ნამდვილად სძულთ ამ ქვეყანაში და მათი დაცვა, მათი საქმიანობის დაცვა ჩვენი ყველას უკეთ ცხოვრების საწინდარია, ისინი რომ არა, საერთოდ წასული იქნებოდა ჩვენი საქმე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ყველაფერი. მართლა ყველაფერი.
მთავრობისა და საპატრიარქოს ფანების, ასევე ჟურნალისტებისა და არასამთავრობოების მოძულეთა შტერულ გამოხტომებს წავშლი“, - წერს ხათუნა ცხადაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ანაფორის ქვეშ იმალებიან მოძალადე, წამქეზებელი პირები“ - ჭოხონელიძე
„ამ თემას ასე საჯაროდ ბოლოჯერ შევეხები - იცით რა ქნა ნაცემმა, დასისხლიანებულმა ლექსომ?“