2019 წელს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორი სანდრო ბერაძე ცხვარიჭამიას ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლები სანდრო ბერაძეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. გარდაცვლილის დედა და მეგობრები თვითმკვლელობას აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას უკავშირებდნენ.
გარდაცვლილი ოპერატორის დედა ნინო ლოლაძე სოციალურ ქსელში პრემიერს აზარტულ თამაშებზე დაწესებული რეგულაციებისთვის მადლობას უხდის და ქართველ სპორტსმენს ლაშა ტალახაძეს მიმართავს, რომლებმაც კანონპროექტის მიღებას სამწუხარო ფაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ პირადად ის სათამაშო ბიზნესისაგან დიდ გვერდში დგომას გრძნობს.
ნინო ლოლაძის წერილს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.
„გამარჯობა. მე აზარტული თამაშების მსხვერპლის, პირველი არხის ოპერატორის სანდრო ბერაძის დედა ვარ - ნინო ლოლაძე.
პირველად გადავწყვიტე საჯაროდ დამეწერა და გამემჟღავნებინა ჩემი განცდები. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც წარადგინა კანონი აზარტული თამაშების რეგულაციის თაობაზე, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა. ამით ბევრ ოჯახს გადარჩენის იმედი ჩაესახა.
რამდენი შვილმკვდარი დედა წლების მანძილზე ელოდა, რომ ბოლოს და ბოლოს ვინმე დაუპირისპირდებოდა ამ საზარელ მკვლელ მანქანას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სახელოვანი სპორტსმენები ამ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან და არგუმენტად ასახელებენ კაზინოების მეპატრონეების მიერ სპორტის და სპორტსმენების დაფინანსებას.
გასაგებია, რომ ეს დაფინანსება მეტად მნიშვნელოვანია, რათა ჩვენმა ძლიერმა და გამორჩეულმა სპორტსმენებმა უმაღლეს შედეგებს მიაღწიონ, თავი ისახელონ და ჩვენც გვასახელონ, მაგრამ ნუთუ ნორმალურია, რომ ქართული სპორტი და სპორტსმენები მაინცდამაინც სხვა მასობრივად გამანადგურებელი კაზინოების იმედად იყვნენ?...
ათასობით ამ ვითომდა ბიზნესმა ხომ უამრავი ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანა, ასი ათასობით ოჯახი გაანადგურა... იმ დაღუპულ ადამიანთა შორისაც იქნებ რამდენი ტალანტი დაიკარგა, იქნებ რამდენს ჩაუკვდა ოცნება და მიზანი? რომ არა ეს მკვლელი აზარტული თამაშები, იქნებ ჩვენი შვილებიც გამოავლენდნენ თავის ნიჭსა და უნარებს? აქვე მინდა ბატონ ლაშა ტალახაძეს მივმართო. იქნებ გაგახსენდეთ პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე, რომელიც თქვენი წარმატების უშუალო მოწმე და დიდი მხარდამჭერი იყო. მან გამოიჩინა დიდი სურვილი და თავად მიიღო მონაწილეობა თქვენი ასპარეზობის გაშუქებაში. თქვენ თუ არა, მე და მის მეგობრებს კარგად გვახსოვს, როგორ ხარობდა და ამაყობდა თქვენი რეკორდებით და იმით, რომ თქვენი თანამემამულე იყო!
სანდროც მთელი შემართებით იბრძოდა აზარტული თამაშების წინააღმდეგ, მოურიდებლად, ღიად გამოდიოდა და აკეთებდა განცხადებებს, რომ როგორმე თავისი თავიც გადაერჩინა და სხვა მისნაირი ადამიანიც. სანდროს ძალიან ბევრი გეგმა ჰქონდა ცხოვრებაში. ამ მიმართულებით კი, პირველ რიგში რეკლამების აკრძალვას განიხილავდა, მაგრამ ვერ მოასწრო, მას არ დასცალდა. ამ ომში სანდრო დამარცხდა. მას ნერვებმა უმტყუნა, ვერ მოერია ამ საზარელ მანქანას ვერც თავისით და ვეღარც მკურნალობით, რადგან აზარტდამოკიდებულება მძიმე ფსიქიკური აშლილობაა, სერიოზული ადიქციაა და ეს ადამიანები მძიმე სენს ცარიელი ხელებით ებრძვიან. მათ არავინ უდგას გვერდით, არც ცნობილი ადამიანები და არც ის, ვინც ვალდებულია. ეს ადამიანები მიტოვებულები არიან და მთელი პრიორიტეტები ფინანსებისკენაა გადახრილი.
აქ ფული უპირისპირდება ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და მომავალს. სანდროც მათ შორის აღმოჩნდა. მან ეს სიმარტოვე და უძლურება გააცნობიერა, დამარცხდა, რის გამოც საკუთარი თავი შესძულდა და სიცოცხლე საბადურის ტყეში დაასრულა. მან თავისი ბოლო თხოვნა, რომელიც 112-ის ოპერატორს უთხრა, მთელ ქვეყანას დაგვიტოვა. ჩვენ ხუთი დღის შემდეგ ვიპოვეთ სანდროს ცხედარი და მას შემდეგ მე და მთელი მისი სამეგობრო ვიბრძვით. ჩვენ არ გავჩერდებით. თქვენ კი შეგიძლიათ ამ ორ ფასეულობას შორის გააკეთოთ არჩევანი, თქვენი ნებაა... გთხოვთ ბატონო ლაშა ნუ იქნებით იარაღი ამ ჯოჯოხეთური მანქანის, ჩვენ ყოველთვის ვიამაყებთ თქვენით.
აკი ამბობდით, ქართველი ხალხის სიყვარულს არაფერი შეედრებაო და დაფიქრდით, რომ წახვიდეთ სხვა ქვეყანაში ახალგაზრდა თაობის სიცოცხლის ხარჯზე ის ფასი ექნება თქვენს გამარჯვებებს, რაც აქამდე ჰქონდა? მეტად თავს აღარ შეგაწყენთ, წინასწარ გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს და მადლობელი ვარ ამ ბრძოლის დაწყებისთვის, რომელიც უკვე სხვების გადარჩენას სჭირდება და ემსახურება.
პატივისცემით სანდრო ბერაძის დედა ნინო ლოლაძე. P.S. 1 იანვარი სანდროს დაბადების დღეა ,ის 32 წლის გახდებოდა“, - წერს ნინო ლოლაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„მისთვის მონატრება უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე რისკი“ - სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილზე