Digest Logo

„მტკივა რომ სიკვდილამდე საშინელი ტანჯვა გაიარა ...” - ტრაგედია ეკა კვესიტაძის ოჯახში

1638803329
ეკა კვესიტაძე

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ კორონავირუსმა მამიდაშვილის სიცოცხლე შეიწირა, რომელიც აცრილი არ იყო. მან გარდაცვლილთან დაკავშირებით წარსულში მომხდარი ისტორია გაიხსენა და ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

„არსებობს ისტორიები, რომლებიც ჩვენ საყვარელ ადამიანებთან გვაკავშირებს, მაგრამ ამ ისტორიებს შორის ყოველთვის არსებობს ერთი - ყველაზე გამორჩეული, რომელიც არასდროს ხუნდება, არც ფერს კარგავს, არც სუნს და არც სევდას.

მეც მაქვს ერთი ასეთი ისტორია, ჩემს საყვარელ მამიდაშვილთან - ქეთინოსთან.

1997 წლის დეკემბრის მიწურული იყო, გერმანიაში ვარ - ჰანოვერის მატარებლების სადგურზე. მანჰაიმიდან ჰანოვერში სწრაფი მატარებლით ჩავედი. 20 წლის ვიყავი და ერთ წელზე მეტი მქონდა გატარებული გერმანიაში - ჩემს მომავალ გეგმებსაც გერმანიას ვუკავშირებდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ უკან უნდა დავბრუნებულიყავი.

რადგან თვითმფრინავის ბილეთის ფული აღარ დამრჩა, მატარებლით ჰანოვერიდან მოსკოვში ჩასვლა გადავწყვიტე. ვიცოდი, რომ ჩემი მამიდაშვილები იქ იყვნენ. არ მახსოვს როგორ, მაგრამ რაღაცნაირად მივაწვდინე ხმა, რომ დეკემბრის რომელიღაც დღეს, რომელიღაც საათზე ჰანოვერიდან წამოსული მატარებელი მოსკოვის ბალარუსიის ვაგზალზე ჩამოდგებოდა. იმ ბჟუტავი იმედით, რომ რუსეთის გაყინულ დედაქალაქში, სადაც წინა დღეების ინფორმაციით ყინვამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ვიღაც მაინც დამხვდებოდა, მატარებელში ავედი.

დღემდე მახსოვს მატარებლის დერეფანში ჩამდგარი ახლად გაკეთებული ბორშის სუნი, კუთხეში მიყუდებული ცოცხი აქანდაზით, აღლიცინებულ „პრავადნიკსა“ და იაფასიან კიმონოში გამოწყობილი ქალის ვულგარული ფლირტი და საბჭოტა კუპე, რომელშიც ერთ სანდომიან ქალთან ერთად მოვხვდი.

ორი დღე ნერვიულობისგან ხელისგულებზე ოფლი არ შემშრობია - მხოლოდ 100 ფრანკი მედო ჯიბეში და ასე ჩავდიოდი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირ ქალაქში. ჩემი თანამგზავრი, სანდომიანი ქალი მამშვიდებდა, რომ თუ ჩემი ნათესავები არ დამხვდებობდნენ, თავის სახლში წამიყვანდა და მიპატრონებდა. ამ დანაპირებს ხავსივით ვეჭიდებოდი. ორი თუ სამდღიანი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა მოსკოვში ჩავაღწიეთ.

არასდროს დამავიწყებდა ის მომენტი, რომელიც ჩემს მოგონებაში შავ-თეთრ სურათად ჩაიბეჭდა - ბაქანზე ვდაგავარ, უზარმაზარი ფიფქებით თოვს და ჩემი ჩემოდნის ნახევარი უკვე დაფარა. კაციშვილი აღარ არის, ის სანდომიანი ქალიც სადღაც დაუმშვიდობებლად გამქრალიყო. მახსოვს, როგორ დავინახე ფიფქების ფარდის იქით ქალის სილუეტი, ქეთინო იყო.

ხელში 4 მიხაკი ეჭირა, ერთი მიხაკი ყუნწში გადატეხილიყო და საცოდავად დაკონწიალებდა ჩქარი ნაბიჯით მომავალი ქალის ხელში. ამ შავ-თეთრ სურათში ფერები მხოლოდ ამ მიხაკებს ჰქონდათ. ვიგრძენი როგორ გამილღვა ძარღვებში სისხლი და ხელ-ფეხი როგორ ამიმოძრავდა. გავიქეცი, მთელი ძალით მოვეხვიე და საშინელი ხმით ავტირდი.

ქეთინო ზუსტად ერთი კვირის წინ გარდაიცვალა კოვიდით. აცრილი არ იყო. ყველაზე მეტად ის მტკივა, რომ სიკვდილამდე საშინელი ტანჯვა გაიარა. არაფრის მოწოდებას არ ვაპირებ, რადგან უახლოეს ნათესავებთანაც კი დავმარცხდი“, - წერს ეკა კვესიტაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„უჭირს ხალხს“... ნეტავ რამდენი ასეული ათასის ფოიერვერკი აფეთქდება ახალი წლის ღამეს“ - დავით ქურდიანი

🔵„მწვანე პასპორტი „ქართულ ჯიგრულ პონტში” არის გაკეთებული, ვაქცინაციის საბუთებს აყალბებენ“ - გიორგი ფხაკაძე

🔵„ტრუსში ხელს მიყოფდა, მოგწონსო ხო? - მეუბნებოდა... თამაშის დროს სულ ცდილობდა, რომ უკნიდან რაღაცნაირად შემხებოდა და ეფათურა ხელები“

🔵ვინ არის გმირი ქალი, რომელიც მე-10 შვილის დედა გახდა (ფოტოები)

🔵„ვერ უძლებს ჯანდაცვა ამდენ შავ პარკში ჩასვენებულ ხალხს, რომელთა უკან გაუბედურებული ოჯახები რჩებათ....“ - შოთა ინასარიძე

🔵რა უნდა მოგვიტანოს მეკვლემ იმისთვის, რომ 2022 წელი წარმატებული გვქონდეს - ცაგარელის რჩევები

🔵„გამცირებენ, შეურაცხგყოფენ და ხელით გეხებიან... მისმა ფსიქიკამ ვერ გაუძლო მძიმე შრომით და ფსიქოლოგიურ წნეხს“ - რას წერს ემიგრანტი