Digest Logo

11 წლით უფროსი მეუღლე, ეჭვიანობა, ინტრიგები და ქმრის ღალატი - ქეთევან კიკნაძის პორტრეტი

1610892461
ქეთევან კიკნაძე

„არავის საქმეში არ ვერევი და ნურც ნურავინ ჩაერევა ჩემ საქმეში“,- რათქმა უნდა მიხვდით, რომ ეს სიტყვები ჭაბუა ამირეჯიბის უკვდავი ფილმის პერსონაჟს „დათა თუთაშხიას“ ეკუთვნის.

დღეს თავად დათაზე არა, მაგრამ ფილმის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟზე, ბუჩუნი პერტიაზე გიამბობთ, რომლის როლის შემსრულებელი, ქეთევან კიკნაძე გახლავთ.

რეპრესირებული ოჯახი

ბორჯომში ვცხოვრობდი. მამა რომ დააპატიმრეს, მე ათი დღის ვიყავი. ამ გადასახედიდან, ბავშვობა ძალიან ცუდი მქონდა სიღარიბე, ულუკმაპურობა, ყველაფერი ჩემ თავზე გამოვცადე...

დედაჩემი წელებზე ფეხს იდგამდა, რომ გვეჭამა, გვესვა, ჩაგვეცვა... ერთხელ, დედა სოფელში, ბებიასთან და ბაბუასთან იყო წასული.

იქიდან რაღაცები ჩამოჰქონდა ხოლმე. რომ ბრუნდებოდა, თურმე, ხაშურში გაქურდეს, ყველაფერი წაართვეს და მხოლოდ თავის პატარა ჩანთა დარჩა, სადაც ლაკის ტუფლები ეწყო. დილით რომ გავიღვიძე, მახსოვს, დედა საწოლთან მეჯდა. მახსოვს, ჩამაცვა ეს ლაკის ტუფლები და ამ ფეხსაცმელებით ვიწექი.

ბავშვობიდან სპორტში ვიყავი ჩართული, ტანვარჯიშის ყველა ილეთს ვაკეთებდი. კარგად ვცეკვავდი, მაგის გამო სკოლიდან გამომაგდეს, ეგ ბიჭთან ცეკვავს და არაფერს სწავლობსო.

ძალიან მიყვარდა კინო, თეატრი და ოცნება მქონდა, რომ მსახიობი გამოვსულიყავი. როგორც რეპრესირებულის შვილს, არ მწყალობნდენ და კონცერტებზე არ გამოვყავდი.

ერთხელ რაღაც „პარადი“ იყო და ჩავერთე, შპაგატში ჩავჯექი, დროშა მომქონდა და როგორ მიხაროდა, რომ ბოლოსდაბოლოს ადამიანად ჩამთვალეს.

ახდელინი „წინასწარმეტყველება“

სანამ გავთხოვდებოდი, ბორჯომში იყო სონა მკითხავი, საიდან არ ჩამოდიოდნენ მასთან. ნათელმხილველი იყო, ხალხს მიცვალებულებიც კი აპოვნინა. აუცილებლად ღამის ხუთ საათზე უნდა მისულიყავი. კარგად რომ გათენდებოდა, აღარ მკითხაობდა. დედაჩემს ვუთხარი, ამ სონა მკითხავთან მეც უნდა მივიდე-მეთქი. ოთახში რომ შევედი, გული ძალიან მიცემდა. შემომხედა, – შვილო, რა არის, შენი გული ასე რატომ ცემს? ფული რამდენიც გინდა, იმდენი მომეცი, მაგაზე ხომ არ ღელავო. დღეს რა რიცხვიაო? ვუთხარი: 28 აგვისტო-მეთქი. აი, 29 სექტემბერს შენ გათხოვილი იქნებიო. წამოვედი, ვიცინოდი მის ნათქვამზე. გიგა ჯერ გაცნობილიც არ მყავდა. მერე გავიცანი და მართლაც ასე მოხდა ყველაფერი, 29-ში გათხოვილი ვიყავი.

სიყვარული

რეჟისორმა გიგა ლორთქიფანიძემ და ქეთევან კიკნაძემ ერთმანეთი თეატრალური ინსტიტუტის ბანკეტზე გაიცნეს, მოეწონათ და ერთ თვეში დაქორწინდნენ. წყვილს სამი ქალიშვილი შეეძინათ – ნინო, ნანა და მაია. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ასაკობრივი სხვაობა დიდი იყო, ამას, მათ ცოლქმრულ ურთიერთობაში ხელი სულაც არ შეუშლია.

ბატონი გიგა, როგორც რეჟისორი სცენაზე თუ კინოში, მეუღლის მიერ შესრულებული საინტერესო მიზანსცენების მთავარი წამქეზებელი იყო. ერთ-ერთ სპექტაკლში თურმე ცოლს მთელი სიმკაცრით, დაჟინებით სთხოვდა, მისი პარტნიორისთვის უფრო ვნებიანად ეკოცნა, ვიდრე ამას აკეთებდა.

გიგა ლორთქიფანიძის მეუღლე: სიყვარული ადრეულ ასაკში ცოტა არასერიოზულია, მაგრამ ადამიანი მაინც ამისთვისაა მოწოდებული. პატარა ბავშვებსაც კი აქვთ ეს განცდა, მაგრამ მათთვის ეს შეუცნობელი და ხელშეუხებელია.

დრო რომ გადის, მაშინ ფიქრობ, რომ თურმე ის გატაცება იყო და არა სიყვარული. რომ გითხრათ, ისე გავთხოვდი, ამის არაფერი გამეგებოდა-მეთქი, მართალი არ ვიქნები. იყვნენ ბიჭები, რომლებიც მომწონდა, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ ვდგებოდი, აღმომიჩენია, რომ ის არ არის, რომელთან ერთადაც ოჯახს შექმნი და მთელი ცხოვრება გაგყვება. გიგა თანდათან მომეწონა. ძალიან კარგად მღეროდა, უკრავდა, ნიჭიერი რეჟისორი იყო. მასში ბევრი თვისება მომეწონა. მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა გავიცანი. მაშინ ასეთი ტრადიცია იყო, კურსდამთავრებულებს შეხვედრას ვუწყობდით.

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ბანკეტით დაგვირგვინდა. დავინახე, სუფრასთან ჩემთვის უცნობი მამაკაცი ზის. ვიკითხე, ვინ არის-მეთქი. როგორ არ იცი, ვინ არის, რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძეაო.

ვცეკვავდი და თან, მისკენ თვალს ვაპარებდი. შევამჩნიე, რომ ისიც დაჟინებით მიყურებდა. ასე შევხვდით ერთმანეთს, ჯერ მეგობართა საერთო წრეში, შემდეგ რამდენჯერმე – განმარტოებით.

სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, ერთი თვე ვხვდებოდით. გიგა ჩემზე 11 წლით უფროსია, ოჯახის შექმნა უნდოდა და ჩვენი ამბავიც ამან დააჩქარა.

ჩემს პროფესიასთან ახლოს იყო და ვფიქრობდი, ერთმანეთს კარგად გავუგებდით. ასეც მოხდა. მე და გიგას ერთი ცხოვრება გვაქვს, რამაც ჩვენი ოჯახი კიდევ უფრო გაამყარა. პატარა ვიყავი და შეიძლება, ეს ნაბიჯი არც გადამედგა, მაგრამ იმდენად მყარი იყო გიგას გადაწყვეტილება, უკან აღარ დავიხიე.

უწინდელი ტრადიციები ჩვენს დროსაც მოქმედებდა. ოჯახი აუცილებლად კითხულობდა, რა გვარის ქალია, რა ოჯახიდან არის... ეს კარგიც იყო. დედაჩემი გახლდათ ჩვენი შეუღლების წინააღმდეგი. არ უნდოდა ასაკით ჩემზე ბევრად უფროსს გავყოლოდი.

ეჭვიანობა

ჩემსა და გიგას შორის ეჭვიანობა იყო. მორივე ეჭვიანები ვიყავით, მაგრამ რომელიმეს რომ გვეფიქრა ოჯახის დანგრევაზე ან რაიმე სერიოზული ყოფილიყო, არ მახსენდება.

შეიძლება, გიგას ჩემთვის უღალატია, ეს სერიოზული არ ყოფილა. ვინმე რომ შეყვარებოდა, იმას ვერ გააჩერებდი, აუცილებლად წავიდოდა. ძალიან ბევრჯერ მისაყვედურია, რა არის ეს ეჭვიანობა-მეთქი. 70 წლის ვიყავი და მაინც ეჭვიანობდა. ვეუბნებოდი, ხომ არ გადაირიე, სირცხვილია, უკვე ამხელა ქალი ვარ, სულ მეკითხები, სად იყავიო. მიპასუხა: როცა არ ვიეჭვიანებ და არ შეგეკითხები: სად ხარ, მაშინ ჩემთვის სულერთი იქნებიო.

გიგას ინტიმური სცენები არასდროს დაუშლია, ასეთი შემთხვევა არ მახსოვს.

დეკოლტეები რომ მოდაში შემოვიდა, ყოველთვის მეცვა. ბევრჯერ კი კარიდან მოვუბრუნებივარ: წადი, ეს ფეხსაცმელი ამ კაბას არ უხდებაო. თვითონ რას ჩაიცვამდა, სულერთი იყო.

რისკი

რისკიანი ვარ, როცა საჭესთან ვზივარ, ხანდახან საჭიროა რისკი, რომ ვიღაც არ შეგეჯახოს. ყველანაირი ტრანსპორტი მიტარებია, გარდა თვითმფრინავისა.

ერთხელ, გადაღებაზე ცირკის მოცეკვავე ქალის როლში ვიყავი და იქ ვცეკვავდი. იქ იყო მოტოციკლეტი, გავრისკე და დავჯექი.

მე და ჩემი მამიდაშვილი ჩუმად ვჯდებოდით ბიძაჩემის მანქანაზე, ის ატარებდა და მე ვცდილობდი მესწავლა. ჯერ „მოსკვიჩზე“ ვიჯექი, მერე „ვოლგაზე“, „მიცუბიშზე“, ახლა „ჯიპი“ მყავს, ასე რომ, თავის დროზე ნატო ვაჩნაძეს უტარებია მანქანა წინა საუკუნეში, მაგრამ მე რომ მანქანაზე დავჯექი, თბილისში საჭესთან ქალი არ იჯდა.

ინტრიგა

ინტრიგაც ბევრი ყოფილა ჩვენს თავს, მაგრამ რამდენადაც ეცადნენ, ჩვენი ოჯახი მით უფრო შეიკრა. ერთხელ ვიღაცამ სახლში დარეკა, გიგამ უპასუხა და მე მიკითხეს. გიგამ უთხრა, სახლში არ არისო. ცოტა ხანში ისევ დარეკეს – იცით, თქვენი ცოლი სად არისო. სად არისო, – ჰკითხა გიგამ. ჰოდა, გაარკვიეთო. გიგამ უპასუხა: გარკვეული მაქვს, გენაცვალე, წადი თეატრში და იქ ნახავთ სპექტაკლზე, ქეთინო დღეს თამაშობსო.

როგორ შეიძლება, გიგას არ სცოდნოდა, მე სპექტაკლი მქონდა თუ არა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც გიგა მუშაობდა ვიღაცასთან და იმის მეუღლეს ჩემთვის ცუდი რამ გაუკეთებია, მაგრამ მე ეს არ შემიმჩნევია, იმიტომ რომ იქ რომ სხვა ძაფია გაბმული, შენ ამით ხელს უშლი. ყველაფრის წამოყვირება არ არის ჩემი თვისება.

გაფუჭებული საქმე

ახალი ცხოვრება რომ დაიწყო, აღარც შუქი, აღარც გაზი, დენი გაძვირდა, ერთ ჩემს მეგობარს ვუთხარი, რეფლექტორი ჩავრთე და მრიცხველი ძალიან სწრაფად ტრიალებს, რა ვქნა, არ ვიცი-მეთქი, მან მასწავლა – შეაკვეხე ფირი, რომ გაჩერდება, ჩაჭერი და აღარ იტრიალებსო. მე გიგასი მეშინოდა, ღამით მივხურე კარი, შევდექი სკამზე და შევტენე ეს ფირი, არ გაჩერდა არაფერი, ვტენე და ვტენე – კინოსტუდიიდან მქონდა ფირები წამოღებული. ბოლოს და ბოლოს ჩავჭერი, მაგრამ ხომ ჩარჩა შიგნით. ერთხელ, ინკასატორი რომ მოვიდა, სახლში არ ვიყავი. გიგა იყო და სადილობდა. ინკასატორს უთქვამს: რა არის, ბატონო გიგა, მთელი „თუთაშხია“ შიგნით შეგიტენიათ, მრიცხველი არ ტრიალებსო. გიგას უთქვამს, არ ვიცი, ბატონო, არაფერი, ჩემი ცოლი რომ მოვა, მას ჰკითხეთო. რომ მოვედი, გიგამ მითხრა: რას კადრულობ, არ გრცხვენიაო? მოკლედ, გადავრჩი.

უცნობი ისტორია

ცნობილი რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე მექალთანე იყო და მეუღლესთან, ქეთევან კიკნაძესთან ამის გამო ჩხუბიც მოსდიოდა. ერთხელ ისე იჩხუბეს, რომ გიგა ლორთქიფანიძე სახლიდან წამოვიდა და ნოდარ დუმბაძესთან ცხოვრობდა. გიგას მეუღლესთან შერიგება უნდოდა, მაგრამ ქეთევანი უარზე იდგა. იმ პერიოდში ქალბატონი ქეთევანი ხატიას როლზე იყო წარდგენილი „მე ვხედავ მზეში“ და ნოდარს გიგასთვის უთქვამს:

– ქეთევანი ხომ ჩემი ხატიაა. მე უარს როგორ მეტყვის, წამო, ცოლთან შეგარიგებო.
მართლაც, ნოდარ დუმბაძე და გიგა ლორთქიფანიძე ქალბატონ ქეთევანთან შესარიგებლად მივიდნენ, მაგრამ მან ორივე სახლიდან იფრინა და კიბეზე რომ ჩამოდიოდნენ, ნოდარს გიგასთვის უთქვამს:

– არა, ძმაო, ეგ ქალი ხატია კი არა ირინა ბუგრიმოვააო...

(ბუგრიმოვა ცნობილი საბჭოთა ცირკის მსახიობი იყო, რომელიც ლომებსა და ვეფხვებს ათვინიერებდა).

 

აგრეთვე წაიკითხეთ:

ხეიბარი დედა, ომში დაკარგული ძმა, უიღბლო სიყვარული, ღალატი და სიკვდილის შიში - ეროსი მანჯგალაძის პორტრეტი

მოკლული მამა და საყვარელი ბიჭი, 2 ქორწინება - „სილამაზით დაფარული“ მაკა ასათიანის ტრაგიკული ამბები

რეპრესირებული ოჯახი, მამის დახვრეტა, ცხოვრება ინტერნატში და ინცესტი - ლეილა აბაშიძის პორტრეტი

ზაური დარინას ქორწილში იყო - ვისზე „გაცვალა“ სლოვაკმა დარინამ რაჭველი ზაური?