Digest Logo

„აქ დამეკიდოს“ გრიშაშვილი... შავ პილპილში არეული თამარაშვილის ფერფლი და სხვა მოგოგნებები გია ფერაძეზე

1610721357
მსახიობი გია ფერაძე

ლეგენდარული მსახიობის გია ფერძის ცხოვრებაში იყო დიდი ტრიუმფი, გაუგონარი ტრაგედიაც, დიდი იღბალიც და უიღბლობაც. გიას მეგობრები და ნაცნობები ნიჭიერ, გულიან და მხიარულ ადამინად იგონებენ.

დაიჯესტი“ მსახიობის ბიოგრაფიიდან მნიშვნელოვან ამბებს მოგითხრობთ.

იოსებ გრიშაშვილი და გია ფერაძე

გია ექვსი წლის იყო, როდესაც მისი ბაბუა გადასახლებიდან დაბრუნდა. გიას ხშირად დააყენებდა სკამზე და ლექსებს აკითხავდა. მაშინ ყველა სიტყვას გამართულად ვერ წარმოთქვამდა და ზოგიერთზე ენას უქცევდა. იმ პერიოდში მისი ბაბუას მეგობრის, პოეტ იოსებ გრიშაშვილის საღამოები ხშირად ტარდებოდა. იმ ლექსებს შორის, რომელიც გიამ იცოდა, იყო ასეთი ლექსი „დიდება ბელადს”, რომელსაც განსაკუთრებულად კითხულობდა. ბაბუამ მოჰკიდა ხელი და წაიყვანა ერთ-ერთ ასეთ საღამოზე, სადაც პოეტს წარუდგინა შვილიშვილი და უთხრა, რომ გიამ მისი ლექსი იცოდა, თანაც გამოთქმით კითხულობდა. მეორე განყოფილებაში წამყვანმა წარადგინა გია და ისიც პირდაპირ გავიდა, დადგა სცენის შუაში და გამოთქმით დაიწყო: დიდება ბელადს! – ლექსი „აქ დამეკიდოს” გრიშაშვილისა! და ატყდა დარბაზში ხარხარი. გია დაიბნა. სიტყვა „აკადემიკოსის“ ნაცვლად, ამბობდა ფრაზას: „აქ დამეკიდოს“. სცენაზე სავარძელში მჯდომი სოსო წამოდგა, მივიდა გიასთან, თავზე მოუთათუნა ხელი და ღიმილით უთხრა: შვილო, ამ მთავრობას რომ ვკიდივარ ეგ ვიცოდი, მაგრამ შენ რაღა დაგიშავეო.

ლაშა თაბუკაშვილის და გია ფერაძის სახალისო ამბავი

ლაშა თაბუკაშვილი და გია ვერის უბნელები იყვნენ. გიას ძალიან უყვარდა ლაშას მშობლები – რეზო თაბუკაშვილი და ქალბატონი მედეა ჯაფარიძე. ისინიც სიყვარულით პასუხობდნენ შვილის მხიარულ მეგობარს. ერთხელ თაბუკაშვილებთან სტუმრობისას, გია და ლაშა სუფრას უსხდნენ და ხინკალს შეექცეოდნენ. ლაშა ერთი წუთით გავიდა სამზარეულოში. ხინკალს პილპილი აკლდა. გიამ მიიხედ-მოიხედა და დაიწყო შავი პილპილის ძებნა. იქვე, გიას უკან, ძველებურ, კაკლის ხისგან დამზადებულ კარადაზე რაღაც უცხოური, თავდახურული ქილა იდო, რომელშიც ჩვენში სუნელებს ინახავენ. გია გადასწვდა ქილას, გახსნა და ნახა, რომ შინ რაღაც ფხვნილია. ის-ის იყო ფხვნილის ხინკალზე მოსაყრელად გაემზადა, რომ ლაშა შემოვიდა.

ლაშა გაფითრდა და იყვირა: გია, რას შვრები, ახლავე დადე ქილა ადგილზე! ეს იყო ცნობილი ქართველი მეცნიერის თამარაშვილის ფერფლი, რომელიც ბატონმა რეზომ იტალიიდან ჩამოასვენა და, რომელიც მალე ქართული მიწისთვის უნდა მიებარებინათ. როგორც ლაშა იხსენებს, ეს ქილა გიას მართლაც უნახავს მათ ოჯახში და ეს ისტორიაც თავად გამოუგონია, რაზედაც ბატონი რეზო გამწყრალია: მაგ ონავარმა, თამარაშვილის მეტი სახუმარო ვერაფერი მოიგონაო?!

გია – როლი ქუჩაში

ერთხელ გია მეგობრებთან ერთად კაფე „თბილისთან“ იდგა და ფულის საშოვნელად გამვლელ ნაცნობებს ელოდა. შუადღე იყო. ამ დროს ინსტიტუტიდან ელისო გუდიაშვილი და ნანული სარაჯიშვილი გამოვიდნენ. გიამ იცოდა, რომ ელისოს ხუთი მანეთი ედო ჩანთაში და სთხოვა, სამი მანეთი მასესხეო. ელისომ უთხრა, რომ ოჯახის დავალებით რაღაც უნდა ეყიდა და ფულს ვერ მისცემდა. გიამ გაიხედ-გამოიხედა. ელისოს ხელი ჩაავლო და ხმამაღლა ხალხს მიმართა: შეხედეთ ბატონებო, შეხედეთ, ეს ბოზი რუსთაველზე დასეირნობს და ბავშვები სახლში ჰყავს დაყრილი. წადი, გოგო სახლში, წაეთრიე და ბავშვებს მიხედე. რა გინდა, მე რომ დამდევ... ხალხი შეგროვდა მათ გარშემო და ელისოს ალმაცერად დაუწყეს ყურება. გია შევიდა როლში და აგრძელებდა ტირადებს ელისოს შესარცხვენად. ელისო მიხვდა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. აჰა, შე ოხერო – სწრაფად ამოიღო ჩანთიდან ხუთი მანეთი, მიუგდო გიას და ლოყებაწითლებული, სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას. გიაზე დიდი ხნით არავინ ბრაზდებოდა. მწარე ხუმრობის მერე, ისე მიეფერებოდა ადამიანს, შეუძლებელი იყო მასზე გულში რაიმე ხინჯი დაგრჩენოდა.

„არასერიოზული კაცი”

გიას კინოსა და თეატრში ორმოცამდე როლი აქვს შესრულებული, მაგრამ მის ცხოვრებაში საეტაპო სამი ძირითადი როლი იყო – „კავკასიური ცარცის წრე”, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა” და „არასერიოზული კაცი”, დიმა ბათიაშვილის „არასერიოზული კაცი” უცხოეთში რამდენიმე ფესტივალზეა დაჯილდოებული. ფილმი მოსკოვმაც აღიარა და მას ქართული კინოს შედევრი უწოდეს. როცა ფილმი ფედერიკო ფელინიმ ნახა, უტირია. ამ ფილმით დიმამ და გიამ დედას ბავშვობის ოცნება აუსრულეს და ხანში შესული მარტოხელა ქალის როლზე მიიწვიეს, რომელსაც გია ორჯერ მიჰყიდის კატას. ეს გულიანი ფილმი მეოცე საუკუნის ბოლო პერიოდის, თბილის-ქალაქის და ქალაქური ურთიერთობების ნამდვილი ანთოლოგიაა და ბევრი ქალაქელი ბიჭის სახეს ინახავს, რომლებიც დღეს უკვე ცოცხლები აღარ არიან.

გიას ცხოვრების უცნობი ამბავი

ჯერ კიდევ გიას ზენიტში ყოფნისას, იმ ფატალურ შემთხვევამდე ორი წლით ადრე, გია რუსთაველის თეატრთან ერთად გასტროლებზე რუსეთში იმყოფებოდა, კრასნოიარსკში. იქ ჩვეული ტრიუმფით მიმდინარეობდა როგორც თეატრის ისე გიას პირადი ამბები.

გიას იქაც გამოუჩნდა მრავალი თაყვანისმცემელი. მათ შორის იყო ერთი ულამაზესი ქალიშვილი, კრასნოიარსკში ცნობილი გენერლის შვილი, რომელსაც თავდავიწყებით შეუყვარდა გია. მას საქმროც კი ჰყოლია, მაგრამ გიას ნახვის შემდეგ, არავის სახელის გაგონება არ უნდოდა. გიასთვის კი ეს იყო ჩვეულებრივი საგასტროლო რომანი, რომლისთვისაც ყურადღება არ მიუქცევია. აქ ჩამოსვლის შემდეგ გია იღებდა წერილებს, მაგრამ იყო გასტროლები, მსახიობის დატვირთული ცხოვრება და ნელ-ნელა შეწყდა მიწერ-მოწერა. გავიდა ხანი. მოხდა უბედურება. გია ციხეში აღმოჩნდა და, როდესაც ორი წლის მერე გიას სახელზე ისევ მოვიდა წერილი, მე და დედა საგონებელში ჩავვარდით. წერილში იყო პატარა ბავშვის ფოტოები, გია ფერაძის ასლი, რომლის დედასაც ბედის ირონიით ერქვა ირინა და რომელმაც შვილს დაარქვა გია – გვარი კი ფერაძეა. ირინამ მიუხედავად მშობლებისა და ახლობლების დიდი წინააღმდეგობისა, მაინც გააჩინა ბავშვი გიასგან. გიამ, ამის შესახებ არაფერი იცოდა. ირინა მისგან არაფერს ითხოვდა. უბრალოდ, უნდოდა, რომ ორი წლის მერე მაინც გაეგო მამას შვილის შესახებ და გამოეგზავნა ბავშვის ფოტო. დედამ გიას უბედურების ამბავი მისწერა. ირა ძალიან შეწუხდა. მას შემდეგ ყოველთვის კითხულობდა მის მისამართს, რომელიც ხშირად იცვლებოდა. იგი წერილებს წერდა, უგზავნიდა ბავშვის სურათებს. ის დეკაბრისტების ცოლების მსგავსად ზამთარში, ბავშვთან ერთად ჩავიდა იაკუტსკში და ციხეში მოინახულა ჭლექით მძიმედ დაავადებული, საყვარელი ადამიანი, რომელიც მხოლოდ ორიოდ დღით ჰყავდა ნანახი და რომელმაც ასე შეცვალა მთელი მისი ცხოვრება. რა უნდა ვთქვა! ეს არის ჩემი საიდუმლო, რომელზედაც ბევრი ვიფიქრე, გამემხილა თუ არა, მაგრამ ჩვენს დროში ისე იშვიათია ასეთი უანგარო და ძლიერი სიყვარულის გამოვლინება, რომ მინდოდა, ამის შესახებ სხვასაც გაეგო. მას მერე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს მათზე. ბოლო ხანებში ინტერნეტის საშუალებით ვცდილობ, მივაგნო გია ფერაძე-რუსის ასავალ-დასავალს, მაგრამ ჯერჯერობით, უშედეგოდ. ერთია, როდესაც ჩემი და გიას შვილების ბედნიერებაზე სანთელს ვანთებ, მინდა, მისმა წმიდა შუქმა, რუსეთში გადაკარგულ გია ფერაძესაც გაუნათოს გზა.

სულისშემძვრელი ტრაგედია, რომელმაც თბილისი დაადუმა - გია ფერაძემ მეუღლე მოკლა

მსახიობ გია ფერაძისა და მისი მეუღლის ირინა მიქატაძის სიყვარულის შესახებ თბილისში ლეგენდები დადიოდა. 1985 წლის 19 მარტს ლეგენდარული სიყავრულის ამბავი სულისშემძვრელმა ტრაგდიამ შეცვალა.

გია ფერაძემ საყვარელი მეუღლე ირინა მიქატაძე მოკლა... დაზუსტებით არავინ იცის, რა მოხდა მაშინ... ერთ-ერთი ვერსიით, გია ფერაძე სახლში, დაახლოებით, ღამის სამ საათზე მივიდა...

ამის გამო, გიას მეუღლე განაწყენებია, შემდეგ გიას მინიატურული, კალმის ფორმის იარაღიდან გასროლილმა ხუთმილიმეტრიანმა ტყვიამ, ირინა მიქატაძის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ტრაგედიას მითქმა-მოთქმა მოჰყვა, ზოგმა მკვლელობა ეჭვიანობას დაუკავშირა, ზოგმა კი იარაღის გაუფრთხილებელ მოპყრობას...

ერთადერთი, რაზეც ყველა თანხმდებობდა იყო ის, რომ მსახიობს ცოლი სიგიჟემდე უყვარდა და სასიკვდილოდ მას ვერასდროს გაიმეტებდა.

ამ შემზარავი ტრაგედიის დროს გიასა და ირინა მიქატაძის შვილი 11 თვის იყო. დაღუპული დედის მშობლებმა ის წაიყვანეს და თავად გაზარდეს.

37 წლის გია ფერაძე 7 წლით დააპატიმრეს. საპყრობილე 1993 წელს, 45 წლის ასაკში დატოვა. გათავისუფლებიდან 2 წლის შემდეგ, 1995 წლის 20 დეკემბერს, 47 წლის გია დაიღუპა.

მარიკუნა ფერაძეს არც მამა და არც დედა არასდროს უნახავს. თუმცა მამასთან ერთადერთ შეხვედრას ასე იხსენებს:

„ერთხელ, ფანჯარაზე ვიჯექი, ეზოში გრძელ წვერებში გაწეწილი, ჩაჩაჩულ შარვალსა და დაგლეჯილ „ბათინკებში“ ჩაცმული კაცი შემოვიდა. ლოთი და მათხოვარი მეგონა. მომიახლოვდა და მკითხა, ირინას გოგო ხარო? ჰო-მეთქი და დაიწყო ღრიალი. ეტყობა, ბებიაჩემმა, ხმა იცნო, მოვარდა, ფანჯრიდან გადმომაგდო და გული წაუვიდა, თავიდან ვერ მივხვდი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს შეიძლებოდა მამაჩემი ყოფილიყო. ბებიამ მერე მითხრა, მამაშენი იყოო… მესმოდა, როგორ გავარდა ეზოდან ღრიალით...

მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობდი და დარწმუნებული ვარ, შემთხვევით მოუვიდა, რაც დაემართა. ვამაყობ, რომ გია ფერაძის შვილი ვარ. მაგარი მსახიობი იყო. ძალიან მიყვარს ფილმი „არასერიოზული კაცი“… სისტემატურად ვკითხულობდი მის ლექსებს. ბევრი იწვალა, თავი არ მოიკლა. თვითმკვლელობა დროში გაწელა. ეს ბევრად მტანჯველია. მან მოინანია,“ - ამბობდა მარიკუნა ფერაძე.

გიას ფერაძის ცხოვრების დასასრული

გიას პატიმრობიდან გათავისუფლებას საქართველოში სამოქალაქო ომი დაემთხვა, ომი ოსეთში, აფხაზეთში და ყველა უბედურება. გიას კი, ჭლექი აწუხებდა და სერიოზული მკურნალობა სჭირდებოდა. მკურნალობის მაგივრად, იგი პირდაპირ საავადმყოფოში აღმოჩნდა, მაგრამ არა ჭლექის სამკურნალოდ. მრავალი წლის მონატრებული იყო კარგად ჩაცმას და ჰალსტუხსა და კოსტიუმში გამოწყობილმა მიაცილა მეგობრები გლდანში. უკანა გზაზე გადააწყდა შეიარაღებულ ჯოგს და მხოლოდ იმიტომ რომ ჰალსტუხი ეკეთა, რას უყურებ, ვერ ხედავ ჰალსტუხი უკეთია, დასცხე მაგ ინტელიგენტსო – მიაძახეს და ისე სცემეს ფეხებითა და ავტომატის კონდახებით, რომ უგონოდ ეგდო მთელი ღამე გზის პირას თოვლში.

ახალი წლის წინა დღეებში, მხოლოდ დილით იპოვა ვიღაც ქრისტიანმა გამვლელმა და სასწრაფოს შეატყობინა. მე კი ორი დღე საავადმყოფოებში და მორგებში ვეძებე. ბოლოს ძლივს მივაგენი ერთ-ერთ საავადმყოფოს ყბა-სახის განყოფილებაში. სულ ბინტებში იყო გახვეული. პატიმრობიდან გათავისუფლებული გია სულ სხვა ეპოქაში აღმოჩნდა, სხვა გარემოში, სხვა ურთიერთობებში. მისთვის არავის ეცალა, სამწუხაროდ, მეგობრებიც ყველა თავის ყოველდღიურ პრობლემებს იყო შეჭიდებული. თეატრში დაბრუნება არ უცდია და არც თეატრს გამოუდია თავი მისი მიპატიჟებით. დადიოდა ქალაქში ასე მიუსაფარი, როდესაც სოხუმის თეატრის ხელმძღვანელმა დიმა ჯაიანმა, თითქმის ძალდატანებით, მიიყვანა სოხუმის თეატრში, იმედის ნიშანი გაუჩნდა. მათ ძალიან თბილად მიიღეს გია. მადლობა მათ! როდესაც გაიმართა პრემიერა გორკის პიესისა „ფსკერზე”, სადაც გია გაუპარსავი, ფსკერზე დაშვებული ადამიანის როლს თამაშობდა რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზის სცენაზე, დარბაზი სავსე იყო გიას სანახავად მისული მაყურებლით. არა იმიტომ, რომ მან კარგად შეასრულა როლი, არამედ იმიტომ, რომ მონატრებული მაყურებელი მის სცენაზე დაბრუნებას ესალმებოდა.

გიამ თქვა: იმდენი ვინერვიულე, სულ მაკანკალებდა, თითქოს პირველად ვიდექი სცენაზე. ახლა კი მივხვდი, რომ ჩემში, „კრიტის” რომელიღაც კამერაში მოკვდა მსახიობი გია ფერაძეო და მას შემდეგ, სცენას აღარ გაჰკარებია.

„ალვისგან გათალეთ ჩემი კუბოს ფიცარი, ალვა ამკობს ჩემს კავშირს ფერადოვან წარსულთან, ცხოვრება კი შევიცან, რაც არის და ვინც არის, მაგრამ რაღა დროსია... კომედია დასრულდა!“

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

20 წლის თავზეც ასეთი აღფრთოვანებული თუ ვიქნები მისით, ცოლადაც გავყვები - კვესიტაძე-უტიაშვილის ოჯახური ამებები

გინეკოლოგები ავსტრიიდან, სამშობიარო ბლოკი სახლში - ფოტოამბები ბერუკა ივანიშვილის შესახებ

ქორწილი 80 წლის ასაკში, 15-წლიანი პატიმრობა - ასლან აბაშიძის პორტრეტი