„მშვიდობით, უკან მოხედვა ძნელია“, - ეს ფრაზა, ალბათ სიმღერად ჩაგესმით. დიახ, 2000-იანი წლების ამ ჰიტის შემსრულებელი ექიმი და მომღერალი აჩიკო მეფარიძეა.
დღეს სწორედ მის სკანდალურ და საინტერესო ამბებს მოგიყვებით, რის შესახებაც მედიასთან თავად უსაუბრია:
ბავშვობა
ბავშვობასთან, პირველ რიგში, ასოცირდება დედა, მისი ღიმილი, სიყვარული, მზრუნველობა, სილაღე.
მახსენდება საბავშვო ბაღი, რომელიც ძალიან მიყვარდა. მყავდა არაჩეულებრივი ნუნუ მასწავლებელი, რომელსაც საოცრად თბილი ხმა ჰქონდა. ხუთი წლის ასაკში მომწონდა ელა ფიცჯერალის სიმღერები, მაგრამ არ ვიცი, რატომ.
კომაროვის სკოლაში ვსწავლობდი, პარალელურად, მუსიკაზეც დავდიოდი, თამარ პაიჭაძესთან. ვიყავი ზარმაცი. სპორტშიც ჩართული ვიყავი – კარგი მოედანი გვქონდა ეზოში და დიდი ბიჭები ყოველთვის კარში მაყენებდნენ, ალბათ, ფეხბურთელობით დიდად ვერ გამოვირჩეოდი...
პროფესია
თინეიჯერობის ასაკში არის რაღაც, რაც ძალიან გინდა და გიზიდავს. მეც მინდოდა, ქირურგი ვყოფილიყავი. ეს სპეციალობა ჩემთვის მიუწვდომელი და საინტერესო იყო.
ქირურგს წარმოვიდგენდი, როგორც მძიმე სათვალეებიან, ჭაღარა, სერიოზულ ადამიანს და ალბათ, მეც ასეთი მინდოდა, ვყოფილიყავი. რადგან კომაროვის სკოლაში ვსწავლობდი, ფიზიკოსი ან მათემატიკოსი უნდა გავმხდარიყავი, მაგრამ სამედიცინო ავირჩიე.
ჩავაბარე რუსეთის სამედიცინო უნივერსიტეტში და წავედი სასწავლებლად...
რაც შეეხება მუსიკას, ფორტეპიანოზე დავდიოდი. ნოტების გარჩევა მეზარებოდა ხოლმე, ამ დროს მოვიდოდა ჩემი მასწავლებელი, დაჯდებოდა და დაუკრავდა საოცარ ნაწარმოებებს. ეს იმხელა მოტივაცია და სტიმული იყო ჩემთვის, რომ მინდოდა, მეც ასე დამეკრა.
მშობლები
ჩემი მშობლები საოცარი პიროვნებები იყვნენ, ძალიან მტკივა და განვიცდი, რომ ჩემ გვერდით აღარ არიან. ვერ წარმოვიდგენდი, ეს დრო თუ დადგებოდა. გავიზარდე კლასიკურ ოჯახში. სადაც მამა იყო მამა და დედა – დედა.
ფილმებში რომ არის, მზრუნველი და მოალერსე ბებია, სწორედ ასეთი მყავდა:
„ვაიმე, აჩიკო, ცივი არ ჭამო, ბებია“... როცა რუსეთში ვსწავლობდი, იქაც კი მაკითხავდა, თვეობით ჩამოდიოდა, თან თვითმფრინავით ბევრი ბარგი რომ ვერ მოჰქონდა, მატარებლით მგზავრობდა.
ყუთებით ჩამოჰქონდა ჩემი საყვარელი ნამცხვრები და ნუგბარეულობა. ინსტიტუტის ანსამბლის სოლისტი ვიყავი, ასევე, სხვადასხვა კონკურსში ბევრი გამარჯვება მქონდა მოპოვებული და ყველა მიცნობდა. ბებიაჩემი ეპატიჟებოდა იქ მყოფ ყველა ქართველ ბავშვს და ქართულ სუფრას მონატრებულებს ათას რამეს უკეთებდა. ეს უბედნიერესი პერიოდი იყო.
ომი
ხუთი წელი ვიფრინე აფხაზეთში, „ჰუმანიტარულები“ ვატარე, ჩემ თვალწინ იყო ბრძოლა, აეროპორტში აფხაზეთიდან ჩამოსული დაღუპული ჯარისკაცების ცალ-ცალკე სხეულებს ვპოულობდი და ვაწყობდი...
მაშინ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბში ვმუშაობდი. ხუთი ადამიანი ვიყავით, ვინც აეროპორტში ვხვდებოდით თვითმფრინავებს, სადაც დაჭრილი, დანაწევრებული სხეული, გარდაცვლილები და ყველაფერი ერთად მოდიოდა...
რისკი
ძალიან რისკიანი ვარ. თინეიჯერობის დროს მიყვარდა ერთი გოგონა – სახელად ნანა. ზღვაში ოთხბალიანი ღელვა იყო, შესვლა არ შეიძლებოდა, მაგრამ თავის გამოჩენის მიზნით, მე მაინც შევედი.
მოვყევი ქვების ორომტრიალში, გამიჭირდა გამოსვლა, თუმცა, მაინც გავრისკე და გავაკეთე.
როცა რიგაში ჯარში ვმსახურობდი, პარაშუტიდან გადმოვხტი, ხუთი კილომეტრის სიმაღლიდან, 13 ნახტომი მაქვს გაკეთებული.
უნივერსიტეტის ანსამბლში როცა ვმღეროდი, ალპინისტებთან ერთად წავედი. 60 მეტრზე ვიყავით ასულები, მრავალსართულიანი შენობა რომ წარმოიდგინოთ, ფეხები უფსკრულში მქონდა გადაკიდებული და ეს რომ გავიაზრე, კანკალმა ამიტანა და ფეხზე ვერ დავდექი.
პოლიტიკური დევნა
პოლიტიკური დევნა ჩემზე არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი დაჭერილი იყო, იმ დროს ვიყავი ძალიან პოპულარული. მამაჩემი დაიჭირეს, როგორც კი სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში. ეს იყო 2003 წლის ნოემბერი.
თუმცა, მამაზე დევნა 2000 წლიდან დაიწყო, მაშინ, როდესაც სააკაშვილი ჯერ კიდევ საკრებულოს თავმჯდომარე გახლდათ.
მამა იყო თბილისის სატყეო მეურნეობის დირექტორი და მის სამსახურში შედიოდა თბილისის შემოგარენის გამწვანება, ამ გამწვანების დაცვა და განაშენიანება.
მამაჩემს 30 000 ჰექტარზე აქვს ხელოვნურად გაშენებული წიწვოვანი ტყე. მათ შორის, თბილისიდან წყნეთის ჩათვლით, რომელიც გრძელდება კოჯორში. მიშა მამას ბრალს სდებდა იმაში, რომ არაკანონიერად ჭრიდა და ჰყიდდა ხეებს.
ის წყნეთში, ჩვენს სახლთან მოდიოდა, აწყობდა დემონსტრაციებს, მოჰყავდა რვა ქალი, რომლებიც სულ თან დაჰყვებოდნენ. იბარებდა ტელევიზიებს და ყვიროდა, რომ შოთა მეფარიძე იყო ფეოდალი. მაგრამ, როგორც ამბობენ, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.
ეს იყო მხოლოდ მისი საპრეზიდენტო პიარი. ის მიწები, რომლებსაც მამაჩემი იცავდა, დღეს ყველა გაყიდულია. კაკლები არის ამის მაგალითი. იქ ნათლად ჩანს, რომ ხელოვნურად არის გაშენებული ტყე, თუმცა მისი ძირითადი ტერიტორია კერძო დასახლებითაა სავსე. ეს ასე არ უნდა ყოფილიყო.
მამა სამსახურიდან 2004 წელს გაათავისუფლეს. „კაკლების“ ტერიტორია და დანარჩენი ადგილები კი, მერეა გაყიდული. სწორედ ეს გახლდათ მიზეზი მამაჩემის დევნის, რომელიც 2000 წელს დაიწყო.
მის მერე 16 წელი გავიდა და დრომ ყველაფერი ნათლად დაგვანახვა. ძალიან ცუდი პერიოდი იყო ჩემი ოჯახისთვის, ასევე რთული იყო ჩემთვისაც, რადგან იმ დროს პოპულარობის ზენიტში ვიყავი.
გარდა ამისა, რთულია, როცა სრულიად მოულოდნელად, ნიღბიანი პირები გეჭრებიან სახლში და გჩხრეკენ. მეც და ჩემს და-ძმასაც ასე შემოგვივარდებოდნენ ხოლმე სახლში, ღობეებიდან ხტებოდნენ.
თუმცა, რას ეძებდნენ, ვერ გეტყვით. ამ ყოველივეს დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერი არსებობს, მათ შორის, მე მაქვს ის კადრი შენახული, როდესაც პირადად სააკაშვილმა გადაამტვრია ჩვენი ჭიშკარი და ხალხი ეზოში შემოვარდა.
მაშინ, მამა ჩემს დისშვილებთან ერთად, რომლებიც 3 და 4 წლისანი იყვნენ, მარტო იყო სახლში. იმისთვის, რომ ხალხი შეეშინებინა და უკან გაბრუნებულიყვნენ, ერთი აბოიმი ტყვია ჰაერში გაისროლა.
ეზოში გვყავდა ხუთი კავკასიური ნაგაზი და ისინიც აუშვა. ყველა გაიქცა, ერთი კაციც კი არ დარჩენილა სახლის ახლო-მახლოს მაშინ ამ ფაქტზე მიშას პარლამენტში უთხრეს, იურისტი მაინც არ იყო, სხვის სახლში ნებართვის გარეშე რომ იჭრებიო. ეს არის იმ 16-წლიანი დევნის მოკლედ გადმოცემული ისტორია.
ციხეში ექიმად მუშაობა
ვმუშაობდი „რეზ ბალნიცაში“, ანუ „რესპუბლიკურ საავადმყოფში“. ინსტიტუტის მერე ჯერ გამანაწილეს ტყიბულში. იქ უნდა ვყოფილიყავი „შახტაში” და, თუ ვინმეს დასჭირდებოდა ექიმი – მემკურნალა.
მამაჩემმა რაიკომის მდივანს სთხოვა, რომ დაეწერა, ვითომ შახტაში ადგილი არ იყო და გამომიშვეს თბილისში.
მერე, უკვე შემომთავაზეს ნახევარ განაკვეთზე ციხეში მუშაობა.
არაჩვეულებრივი პედაგოგი მყავდა, ქირურგი ნავოლის ქობულია, რომელმაც შემასწავლა ეს დარგი. საინტერესო პერიოდი გავიარე.
ძალიან რთული ობიექტი იყო. ციხე სახელწიფოში, კიდევ ერთი სახელმწიფოა. თან, მაშინ ქურდული მენტალიტეტის მქონე პირები ბობოქრობდნენ.
საავადმყოფო იყო ერთადერთი ადგილი, სადაც სხვადასხვა კოლონიიდან შეეძლოთ შეხვედრა სხვადასხვა რეჟიმის ხალხს.
როცა „სხადნიაკი“ უნდოდათ, საავადმყოფოში იკრიბებოდნენ. აქედან გამომდინარე, ეს ობიექტი თითოეული მათგანისთვის მნიშვნელოვანი იყო.
ექიმები მათთვის პატივსაცემი და საყვარელი პიროვნებები იყვნენ, რადგან იქ ჩვენ ვიყავით ერთადერთები, მათ რომ ვშველოდით. ეს პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო იყო, რადგან იქ გავიარე ცხოვრების სკოლა.
პაციენტი
მყავდა ერთი ავადმყოფი, რომლის გვარი არასდროს დამავიწყდება – შაგაბუწინოვი. არც ვიცი, ეს ადამიანი, რა ეროვნების იყო, ალბათ, უფრო თათარი. საავადმყოფოში მოსახვედრად მან ჩაყლაპა „სვარკის“ ელექტროდი, რომელიც იყო 22-სანტიმეტრ-ნახევარი.
ამხელა რკინა გადაყლაპა. ელექტროდმა გახვრიტა კუჭი, მისი ნახევარი ნაწილი იყო ღვიძლში შესული, ნახევარი კიდევ – დიაფრაგმაში. ეს საკმაოდ რთული ოპერაცია გახლდათ.
ჩვენ მოგვიწია ჯერ მუცლის ღრუს ოპერაციის გაკეთება და მერე გავხსენით გულ-მკერდი. მაშინ ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა, ასისტენტი ვიყავი. გადარჩა ეს ადამიანი. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც „ბრიტვებსა” და კოვზებს ყლაპავდნენ.
უნდა აღვნიშნო, რომ არც ერთი შემთხვევა არ გვქონია სავალალო. ერთი საინტერესო შემთხვევა იყო: კაცმა ჩაყლაპა 40 საკერავი ნემსი. რენტგენი რომ გადავუღეთ, ფილტვებში სულ ნემსები ჰქონდა – საყლაპავიდან პირდაპირ ფილტვეში იყო წასული. ამ შემთხვევაში ოპერაციას ვერ გავაკეთებდით, მაშინ ფილტვები უნდა ამოგვეღო და ადამიანი დაიღუპებოდა.
ორგანიზმს უცხო სხეულების მიმართ აქვს დამცავი მექანიზმი. ქმნის კაფსულას და უცხო სხეული მასში ინკაფსულირდება, რის შედეგადაც ვეღარ მოძრაობს. მისი გადარჩენა თავად მისმა ორგანიზმმა შეძლო.
ერთხელ ჩემი მორიგეობა იყო და მომიყვანეს გულში დაჭრილი პიროვნება, პურის დანით იყო დაჭრილი. მე გავუკეთე ოპერაცია. ეს კაცი დღესაც ცოცხალია, ღმერთმა კარგად ამყოფოს. ასე რომ, ძალიან ბევრი ადამიანი მყავს გადარჩენილი.
აჩიკოს რჩეული
მის 24 წლის რჩეულს ტანია ჰქვია, უკრაინელი გოგონაა და მოსკოვში ცხოვრობს. ჩვეულებრივი გოგოა, ვერ ვიტყვი, რომ გამხდარია – მე საერთოდ მიყვარს „ფორმებიანი“ ქალები.
ტანიას მენეჯმენტი აქვს დამთავრებული და მენეჯერია. მუშაობს „ერტეერზე,“ ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტად და თავისი საქმის კარგი მცოდნეა. სარეკლამო დეპარტამენტშია.
აჩიკო მეფარიძემ გეგა კობახიძე დახვრეტამდე გაამხნევა - უცნობი ამბავი
მომღერალი აჩიკო მეფარიძე, რომელიც პროფესიით ექიმია, წლების წინ ციხის საავადმყოფოში ექიმად მუშაობდა. როგორც ის ახლა ყვება, მან დახვრეტამდე გეგა კობახიძე ნახა:
„ეს ამბავი არასოდეს გამიჟღერებია. ერთ-ერთი ჩემი მორიგეობის დროს, გამთენიისას, მოჰყავთ პაციენტი, რომელიც ყელის არეშია ტყვიით დაჭრილი, სადაც ტრაქეაა იქ. მოყვება ძალიან ბევრი თანამშრომელი - უშიშროება და ა.შ. აღმოჩნდა, რომ ეს იყო სოსო წერეთელი.
მოიყვანეს აეროპორტიდან "თვითმფრინავის ხალხი" - გეგა კობახიძე, ზუსტად იმ მოვლენების შემდეგ, როცა მოხდა გატაცება. მე მახსოვს, რომ გეგა ფეხშიშველი იყო, ფეხსაცმლის გარეშე. მას არაფერი ჰქონდა დაზიანებული.
შემდეგ შემოიყვანეს უფროსი ივერიელი, რომელიც გულ-მკერდის არეში იყო დაჭრილი, მას დასჭირდა ოპერაცია. ჩემი განყოფილების უფროსი მოვიდა და გავუკეთეთ ოპერაცია, გადავარჩინეთ. თუმცა, წერეთლის შემთხვევაში არ მოგვცეს ტრაქეოსტომიის ჩატარების უფლება, რადგან ის საუბრობდა, ჩვეულებრივად იყო, ტყვია კი ჰქონდა გაჩხერილი ხერხემალთან.
გეგა კობახიძე პირდაპირ გადაიყვანეს ციხეში, შემდეგ წერეთელი გადაიყვანეს, კახა ივერიელს გავუკეთეთ ოპერაცია და ისიც წაიყვანეს ციხეში. სხვას არავის აკარებდნენ, მარტო მე და ჩემი განყოფილების გამგეს გვქონდა ამ პაციენტების მონახულების, გადახვევის და ა.შ უფლება.
ეს ამბავი არც ჩემი განყოფილების გამგემ არ იცის: მე მქონდა პაციენტის ისტორია, რომელიც იდო ფაილში. შევდიოდი ციხის კამერაში თვითმფრინავის გამტაცებელთან და ვიცოდი, რომ არის მიკროფონები, მისმენენ, ვერც თვალით, ვერც ხელით ვერაფერს მანიშნებ... მაგრამ, ბავშვი ვიყავი მაინც, 21 წლის, ამ „პაპკაზე“ დავწერე უკნიდან: არ შეგეშინდეს, შენ კარგად იქნები! და ეს დავანახე... მოსაყოლად იოლია, მაგრამ ამის შემდეგ რა მოვლენებიც განვითარდა და რითიც დასრულდა... ძალიან რთულია, როცა ამდენი რამით ცხოვრობ ადამიანი...“ - თქვა აჩი მეფარიძემ გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“.
„არც ვიცი, ეთერში შეიძლება თუ არა ამის თქმა“ - ომის ისტორია, რამაც ლელა წურწუმია აატირა
აგრეთვე წაიკითხეთ:
შვილი თირკმლის უკმარისობით გარდამეცვალა – მასტერშეფ კობიაშვილის უცნობი ამბები
სნაიპერის მიერ დაცხრილული მანქანა და მამის მკლავებში სიკვდილი - ბიჭი ფილმიდან „კუკარაჩა“
„ყველა მასტურბირებთ, „ვეფხისტყაოსანი“ გეი-პროპაგანდისტულია“ - თამარ ჩერგოლეიშვილის სკანდალები