„სული მე მაინც ზღაპრული ჯინივით ბოთლში გამომწყვდეული ადამიანის ფიქრი და ოცნება მგონია, რომელიც თავისი გაჩენის დღიდან თავისუფლებას ელოდება, თავისუფლებისაკენ მარადიული ლტოლვა და სწრაფვა ახასიათებს.
მერე ჩვენ, ზოგჯერ ნებით, ზოგჯერ უნებლიეთ, ვათავისუფლებთ მას ამ ბოთლიდან, უფრო ხშირად, იგი თვითონ ითავისუფლებს თავს და უკვე თავისუფალი სასწაულებს ჩადის მეცნიერებაში, ხელოვნებაში და ლიტერატურაში...
თუ რამ საგანძური და ჯილდო მიუცია ღმერთს ადამიანისათვის, სიყვარულის ნიჭია. ცოდვაა ის კაცი, ვინც ამ დიდი ნიჭის, განცდის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან...“- ამონარიდი ფილმიდან „კუკარაჩა“.
პატარა ბიჭი თამაზი, ფილმიდან „კუკარაჩა“ყველამ იცის.
ახლა სწორედ მის ამბებს მოგიყვებით.
თამაზის როლის შემსრულებელ ლადო ტატიშვილის მეტად ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა.
ლადოს დედის, ტომა მამალაძის მოგონება შვილზე:
„საქართველოში სამოქალაქო ომი რომ მიმდინარეობდა, ლადო სწორედ მაშინ ამთავრებდა სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტს.
1992 წელს, თბილისის ბრძოლები რომ დასრულდა და დასავლეთ საქართველოსკენ გადაინაცვლეს, ლადომ თავის მეგობრებთან ერთად სამტრედიაში წასვლა მოინდომა. კინაღამ გავგიჟდი, ვკიოდი, არსად გაგიშვებ-მეთქი, მაგრამ რადგან არ იშლიდა, მეუღლემ დამამშვიდა, ჩემი მანქანით წავიყვან, გვერდით ვეყოლებიო. იქნებ, ამ მანქანით რომ არ ყოფილიყვნენ და სხვა ბიჭებთან ერთად წასულიყო, მათთვის არც ესროლათ.
ჩასვლისთანავე ქართველმა სნაიპერმა დაუცხრილა მანქანა. მერე კი ყვიროდნენ, გაჩერდითო, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მხოლოდ ლადო დაიღუპა, ხელში ჩააკვდა მამას, რომელიც ასევე დაჭრილი იყო.
მეუღლე 5 თვის შემდეგ გარდაიცვალა. დილით ვიპოვე აქ, მისაღებ ოთახში, წაქცეული. 48 წლის გახლდათ.
მყავს შვილიშვილი ლადო-უმცროსი, სამწუხაროდ, მამას ვერ მოესწრო.
იმ პერიოდში ჩემი რძალი, ლადოს მეუღლე ფეხმძიმედ იყო მასზე. ჩემი შვილიშვილი, მამასავით შავთვალაა, ისე კი, ორივეს ჰგავს, ლადოსაც და ქეთისაც, ჩემს რძალს“.
მსახიობ მარი ჯანაშიას მოგონება ლადოზე:
„ასე მგონია, არ შეიძლებოდა, ლადო ამ ფილმში არ მოხვედრილიყო, რადგან თითქოს მართლა თამაზი იყო - ფილმის გმირი, ცოცხალი, სიკეთით სავსე, ძალიან ზრდილობიანი და ცოტათი ცელქი. რასაკვირველია, ქეთი დოლიძის დამსახურებაა მისი შერჩევა. ლადოს დედა, ტომა მამალაძე კინოსტუდიაში კოსტიუმების მხატვარი იყო და ალბათ ქეთიც იცნობდა ლადოს.
იცით, როგორ შევხვდით მე და ლადო? ქეთიმ გაგვაცნო ერთმანეთს და გვითხრა: ეს არის შენი შვილი - ლადო, ეს კი არის დედაშენი - მარინა. იმ წამსვე ვიგრძენი, რომ ჩვენს შორის გაჩნდა წარმოუდგენელი სიახლოვე, რომელიც სწორედ დედაშვილს აკავშირებს და სახელს ვერ უწოდებ.
ლადოს დაღუპვის ამბავიც უცნაურად გავიგე. სამოქალაქო ომი იყო. წამდაუწუმ ვიღაც იღუპებოდა, იმ დღესაც გავდი-გამოვდიოდი, ვსაქმიანობდი, ტელევიზორი ჩართული მქონდა და უცებ ჩამესმა ტრაგიკული ტექსტი, რომ მამის თვალწინ დაიღუპა ახალგაზრდა ბიჭი.
ჩემთვის ჩავილაპარაკე კიდეც, ღმერთო, რა საშინელებაა, როდის უნდა მოეღოს ბოლო ამ სულელურ, უაზრო ომს, როდის უნდა დასრულდეს ეს უბედურება-მეთქი.
ახსენეს ლადო ტატიშვილი, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება - ჩანს, ტვინის რომელიღაც მონაკვეთი აპროტესტებდა და არ იღებდა ამ ინფორმაციას.
დიქტორი განაგრძობდა: ახლა მისი ხსოვნის პატივსაცემად გიჩვენებთ ფილმ „კუკარაჩასო“.
მე ვამბობ, ვა, „კუკარაჩა“ უნდა აჩვენონ! კვლავ ჩავიარე ტელევიზორთან, შევხედე, ფილმი დაიწყო, პირველი კადრია: მე ყვავილებს ვრწყავ და შემოდის თამაზი (ლადო)... უცებ ისეთი ქვითინი ამივარდა...
უკვე, ეტყობა, სხვა გზა არ იყო, ტვინმა ეს ამბავი გააცნობიერა“...
აგრეთვე წაიკითხეთ:
შვილი თირკმლის უკმარისობით გარდამეცვალა – მასტერშეფ კობიაშვილის უცნობი ამბები
მოკლული მამა და საყვარელი ბიჭი, 2 ქორწინება - „სილამაზით დაფარული“ მაკა ასათიანის ტრაგიკული ამბები
„ყველა მასტურბირებთ, „ვეფხისტყაოსანი“ გეი-პროპაგანდისტულია“ - თამარ ჩერგოლეიშვილის სკანდალები