2014 წლის 8 ივლისს მსახიობი ლიანა ასათიანი გარდაიცვალა და დაგვიტოვა მის მიერ გენიალურად შესრულებული როლების წყება.
„გიორგი სააკაძე”, „ჭირვეულის მორჯულება”, „თავადის ქალი მაია”, „ჭრიჭინა”, „დიდოსტატის მარჯვენა” „ეთერის სიმღერა” – ეს იმ ფილმების ჩამონათვალია, რომელშიც ლიანა ასათიანმა ითამაშა. ყველა როლს ის უფლის საჩუქარს მიაწერდა და აღნიშნავდა, რომ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება.
გავა დრო და როცა ვინმე იკითხავს, მაინც როგორი იყო ლიანა ასათიანიო, შეგიძლია მშვიდად, სრულიად დარწმუნებულმა უპასუხო: ძლიერი!.. ეს მისი ცხოვრებითაც კარგად ჩანს.
მსახიობს ნახევარძმები და დები ჰყავდა. მამის მეზობლის ქალი შეუყვარდა და სამი შვილი მასთან ეყოლა, დედამისსაც შეეძინა კიდევ ერთი შვილი...
მსახიობს მძიმე ცხოვრება ჰქონდა, თუმცა საზოგადოებას რადგან მამინაცვალთან კარგ პირობებში ცხოვრობდა მისი მძიმე ცხოვრების არ სჯეროდა.
თუმცა მის ცხოვრებაში იყო დღეები, როდესაც შაქარის ნაცვლად ჩაიში მარილს იყრიდა.
მსახიობი მშობლებისგან განებივრებული ბავშვი არ ყოფილა.
ლიანა ასათიანი ყოველთვის მსახიობობაზე ოცნებობდა, ხშირად დადიოდა ოპერაში, თეატრში და კინოში.
„თექვსმეტი წლის ვიყავი, მარჯანიშვილის თეატრში წავედი მეგობრებთან ერთად. „გიორგი სააკაძე" გადიოდა. შესანიშნავი მსახიობები თამაშობდნენ. მთავარ როლში იყო შალვა ღამბაშიძე. ანტრაქტზე მე და ჩემი გოგონები დერეფანში გამოვედით. იცით რა ლამაზ გოგონებთან ერთად ვიყავი? - მახლდნენ პაოლოს ქალიშვილი მედეა, გოგლა ლეონიძის ქალიშვილები - თინა და ნესტანი... უცებ ორი ადამიანი მოგვიახლოვდა - ნატაშა ჟუჟუნაძე, მიხეილ ჭიაურელის ასისტენტი და შალვა გედევანიშვილი - ფილმის მეორე რეჟისორი. მკითხეს, ვინ ვიყავი და შემომთავაზეს, ფილმში გადაღება არ გინდაო?
ამ დროს მსახიობობაზე ვოცნებობდი. ყოველდღე თეატრში დავდიოდი, შინ რომ მოვიდოდი, თუ არავინ დამხვდებოდა, ვიწყებდი იმის განსახიერებას, რაც სცენაზე მქონდა ნანახი... ცხადია, ბედნიერი ვიყავი და დავთანხმდი“- ჰყვებოდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.
მისი პირველი ფილმი „გიორგი სააკაძე“ იყო, თუმცა ყველაზე მეტად თავად, „თავადის ქალი მაია“ მოსწონდა.
ლიანა ასათიანი პირველი დედა იყო, რომელსაც საბჭოთა მთავრობამ უფლება მისცა, უცხოეთში გადასულ შვილს შეხვედროდა. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა საბჭოთა კავშირის ისტორიაში. დედა-შვილის შეხვედრა საბჭოთა კავშირის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, ედუარდ შევარდნაძისა და პოლიტიკურ საკითხებში ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მაიკლ არმაკოსტის დონეზე გადაწყდა.
1988 წლის აგვისტოს ბოლო დღეები იყო. ამერიკის პრესამ და ტელევიზიამ ამ ფაქტს დიდი ადგილი დაუთმო. აეროპორტი სავსე იყო ჟურნალისტებით, ფოტო და კინოკამერებით. „გამოჩნდა ლექსოს შავთმიანი, დიდებული, დედოფლური შესახედაობის დედა“, – წერდა ნიუ-იორკში ყველაზე პოპულარული „სახალხო ჟურნალი“ და ექვს გვერდზე აშუქებდა მსოფლიოში პირველად ტაბუახსნილ მოვლენას.
ლექსოსთან შეხვედრის ის წუთები ბედნიერებისთვის მთელ საუკუნეს ეყოფოდა. ეს ბედნიერება მარტო ერთი დედა-შვილის კუთვნილება არ იყო. ამ შეხვედრით საუკუნოვანი ბოქლომდადებული კარი გაიხნა…
თავად ლექსო თორაძე ხანგრძლივი განშორების შემდეგ მშობლიურ ქალაქს პირველად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციაზე ეწვია.
მსახიობი ყოველთვის დარდით იხსენებდა შვილის ამერიკაში ყოფნის პერიოდს.
„შეცდომაა, რომ ახალგაზრდობაში არ ფიქრობ მოხუცებულობაზე... უნდა ფიქრობდე. სამი წლის წინ ჩიტივით დავფრინავდი. ამას როგორ წარმოვიდგენდი, რომ მომინდებოდა ადგომა და ვერ ავდგებოდი...“- ამბობდა ლიანა.
საკუთარი ხასიათის გამო სულ უკმაყოფილო იყო მისი გარეგნობითაც კი, თუმცა ისე გარდაიცვალა, რომ მის გარეგნობაში არანაირი ცვლილება არ შეუტანია.
„იცით, რა არის ჩემი სიმდიდრე? ლექსომ რაღაც საბუთები გამოგზავნა, კონვერტზე დააწერა: ლექსოს ლიანას. ვუყურებ ამ კონვერტს და ვფიქრობ, ამაზე მეტი რა უნდა მომწეროს?
სარკეში იცით რამდენი ხანია აღარ ჩამიხედავს!.. და ვფიქრობ, რომ ბედნიერი თავისი ცხოვრებით არავინ არ არის“- ამბობდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.
„ცხოვრებაში ბედნიერი წუთებიც ბევრი მქონია და დისკომფორტიც, მაგრამ ჩემს პრობლემებს თავზე არავის არასოდეს ვახვევდი. ახლაც რომ მეკითხებიან: „ლიანა, როგორ ხარ?“ – „ვსიო ო კეი“ – ვპასუხობ. არასოდეს ვამბობ, რომ ცუდად ვარ. არ მიყვარს წუწუნი და იმას, რაც სხვებში არ მომწონს, მე არ გავაკეთებ. მოკლედ, ვფიქრობ, რომ ყველაზე საუკეთესო როლს ცხოვრებაში ვასრულებ…“- ამბობდა მსახიობი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ⤵️
თვითმფრინავის ბორბალზე ქამრით მიმაგრებული გიორგი აბულაძის ტრაგედია
ნატო ვაჩნაძის დამწვარი სხეული მისმა დამ ბეჭდით ამოიცნო - საბედისწერო რეისის ქრონიკები
ვინ არის რეალურად „ზულეიჰა“ - ცნობილი თურქი მსახიობი „ჩუქუროვადან“