„მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“... ყველას გახსოვთ ალბათ, ეს ფრაზა. დიახ, ეს გენიალური სიტყვები საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს, ზურაბ ჟვანიას ეკუთვნის.
როგორც ცნობილია, ჟვანიოას გარდაცვალებიდან, დაახლოებით, 14 წლის შემდეგ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ მისი ვარკვლავი გახსნეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას ოჯახის წევრები და ქართველი დელეგაცია ესწრებოდა.
ყოფილი პრემიერის ქალიშვილი, ლიზა 10 წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა. როგორც თავად ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს, თავიდან მძიმე იყო ამ ტრაგედიის ატანა, თუმცა ნელ-ნელა შეეგუა.
„ტკივილი არ განელებულა, სხვა ტიპის მონატრებაში გადავიდა. რაც გავიზარდე და მამაზე ისტორიებს მიყვებიან, კიდევ უფრო ამაყი ვარ.
მასთან გატარებული დღეები ჩემთვის ძალიან ძვირფასია, თუმცა, სამწუხაროდ, მოგონება.
არ დამავიწყდება, მიუხედავად დატვირთული კვირისა, შაბათ-კვირას ყოველთვის ახერხებდა და იცლიდა, ოჯახთან ერთად ბუნებაში გასულიყო.
ეს დრო მენატრება. სხვათა შორის, დედამისს ყოველდღე ნახულობდა, ყოველ საღამოს, შეიძლება ათი წუთით, მაგრამ მაინც შეურბენდა.
დღეში 10-15 საათი მუშაობდა, დილით რომ გავიდოდა სახლიდან, ღამით ბრუნდებოდა, თუმცა შვილებს მისი ყურადღება არ მოგვკლებია.
მახსოვს, რამდენჯერმე მივლინებაში წავყევი. ლონდონში ჰქონდა მნიშვნელოვანი ბიზნესპოლიტიკური შეხვედრა, დაძაბული იყო, მაგრამ გვერდიდან არ მიცილებდა და ცდილობდა, ჩემთვისაც გამოენახა დრო.
მაშინ 9 წლის ვიყავი, გერმანულს ვსწავლობდი და მამა აღშფოთებული მეუბნებოდა: ინგლისში ხარ და ინგლისურად არ უნდა იცოდე ლაპარაკი.
შემდეგში გაითვალისწინე, თუ ენა არ გეცოდინება, ისე იმ ქვეყანაში არ ჩახვიდეო. ჰოდა, ეს სიტყვები გახდა სტიმული, მესწავლა უცხო ენები.
ერთხელ, გაიგო, ჟიულ ვერნის ერთ-ერთი წიგნი არ მქონდა წაკითხული და ამაზეც აღშფოთდა და დამარიგა: აუცილებლად წაიკითხეო.
ერთხელ ვწუწუნებდი, რა ჩავიცვა–მეთქი და გაბრაზდა: ზოგს არაფერი აქვს, შენ კი – ამდენი რამ და როგორ არ გრცხვენია, მაგას რომ ამბობ და წუწუნებო.
– როგორი იყო ცხოვრება მამასთან და მერე, მამის გარეშე?
– მამის გარდაცვალების მერე დაიწყო ჩემი ცნობიერი ცხოვრება, მანამდე პატარა ასაკში ვიყავი და ბევრ რამეს სხვანაირად აღვიქვამდი. მამასთან ერთად ცხოვრება ტკბილ მოგონებად დამრჩა, მის გარეშე ცხოვრება კი არ მქონია – მის არსებობას სულ ვგრძნობ.
ამიტომ, რომ ვთქვა, ჩემი ცხოვრება ორად გაიყო – მამასთან ერთად გატარებული დღეები და მის გარეშე-მეთქი, საკუთარ თავთან არ ვიქნები მართალი.
– რას ნიშნავს, იყო ზურაბ ჟვანიას შვილი? ეს ტვირთია თუ პასუხისმგებლობა?
– ზურა ჟვანიას შვილობა, დიდი მადლია ჩემთვის. გამორჩეული იყო ოჯახისთვის, ასევე, თავისი მოღვაწეობით. ბევრმა უცხო ადამიანმა ისეთი მოგონებები გამანდო მასზე, მემაყება რომ მისი შვილი ვარ. გამიმართლა, ასეთი მამის შვილი რომ ვარ და ის რომ მყავდა. ძალიან ძვირფასია ჩემთვის.
– როგორ გგონია, დღეს რომ მამა ცოცხალი იყოს, პოლიტიკაში იქნებოდა? პოზიციაში თუ ოპოზიციაში?
– რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, თუმცა, რასაკვირველია, დღეს რომ მამა ცოცხალი იყოს, აუცილებლად პოლიტიკაში იქნებოდა და პოზიციაც და ოპოზიციაც სულ სხვანაირი გვეყოლებოდა. იმდენად გავლენიანი და ძლიერი პოლიტიკოსი იყო, ის რომ ცოცხალი იყოს, პოლიტიკური მდგომარეობა სხვანაირი იქნებოდა.
სხვათა შორის, მამა ბიოლოგი იყო, საბჭოთა კავშირის რღვევის პერიოდში, „მწვანეების“ მოძრაობაში ჩაერთო, თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უშუალოდ პოლიტიკაში მერე ჩაერთო, თუმცა საკმაოდ ადრეულ ასაკში.
ბებიამ მომიყვა, ზურას ბავშვობაში ჰქონდა პატარა ზოოპარკი – აკვარიუმში ჰყავდა თაგვები, რომელთა ქცევებსაც აკვირდებოდა, ასევე, გველი, რომელიც გაექცა და მთელი სადარბაზო ფეხზე დააყენაო. ძალიან უყვარდა ცხოველები და არ დამავიწყდება, წყნეთში, სამთავრობო აგარაკზე, სადაც ვცხოვრობდით, გვყავდა დიდი თუთიყუში და დათვი, რომელიც მამას აჩუქეს. მერე, იმ დათვმა დაცვის თანამშრომელს, რომელიც უვლიდა, ხელზე უკბინა და მამამ გაამწესა.
– ამბობენ, ბუნებით, ძალიან თბილი ადამიანი იყოო.
– კი, ძალიან თბილი იყო, მაგრამ მოფერება მწვალებლური იცოდა და ამაში შვილებიც დავემსგავსეთ. დედას ვაწვალებდით ხოლმე ერთად და ამით ძალიან ვერთობოდით. ერთხელ, დედას ეძინა და მამას ინიციატივით, „გავპასტეთ“.
ძნელია თქმა, მამასთან მიმართებაში ყველაზე მეტად რა მენატრება, თუმცა, სულ ვგრძნობ და მაქვს განცდა, რომ ჩემ გვერდითაა.
ხშირად ვფიქრობ, ახლა რომ ფიზიკურად ჩემთან იყოს, სიამოვნებით დავუჯდებოდი და როგორც ზრდასრული ადამიანი, ისე დაველაპარაკებოდი-მეთქი.
სადაც არ უნდა წავიდე, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში თუ უცხოეთში, მამის სახელი, სულ წინ მხვდება და ყველა გზა ხსნილი მაქვს.
ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამდენი წლის მერეც ისევ ახსოვთ ზურა ჟვანიას სახელი და გვარი და მის ხსოვნას პატივს სცემენ.
ასე რომ, ყველგან მხვდება მისი დანატოვარი და მამასთან ყოველდღიური შეხება მაქვს. სხვათა შორის, სამივე დედმამიშვილმა, ამერიკაში მივიღეთ განათლება და ამით, მამის ოცნება – კარგი განათლება მიგვეღო, ავასრულეთ.
🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:
გამსახურდიას პირად მცველს ცოტნე გამსახურდიამ 3 ტყვია ესროლა – რის აღიარებას სთხოვდა მანანა არჩვაძე?