მუსიკოსისა და პოეტის დათო ევგენიძის ცხოვრება საინტერესო ეპიზოდებითაა სავსე. მისი შემოქმედების მიღმა დიდი ტრაგედია და დიდი სიყვარული იმალება. ბევრი ტკივილისა და განცდების მიუხედავად, დათო კარგ მუსიკოსთან ერთად, კარგი მეგობარი, მამა და ქმარია.
დღეს „დაიჯესტი“ მისი ცხოვრების აქამდე უცნობ და საინტერესო ამბებს მოგიყვებაT.
დათო ევგენიძე დის გარდაცვალება
„დის სიკვდილის შემდეგ ჩემთვის სამყარო ამომიტრიალდა. და, ალბათ, მაშინ დაიბადა ის დათო ევგენიძე, ვინც დღეს რაღაცას აკეთებს. თუ სიკვდილთან ურთიერთობა არ ისწავლე, ღმერთთან სარკმელები გეკეტება. იმიტომ, რომ უარყოფ რაღაცას, უფლის შექმნილს. როცა სიკვდილს ველაპარაკებოდი, პასუხსაც ვიღებდი. რა თქმა უნდა, ეს არ იყო პასუხი, რომელიც გესმის, მაგრამ... ბევრჯერ გადავადებულა ჩემი სიკვდილი. მითქვამს - კარგი, რა, ჯერ არ წამიყვანო, ჯერ რაღაც მაქვს გასაკეთებელი; შენთვისაც მოსაწყენი იქნება უჩემობა-მეთქი... მოუსმენია და გადაუვადებია“, - ამბობდა დათო ევგენიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
„ლიკა დათოზე ორი წლით უმცროსი იყო. ზღვაზე, გრიგოლეთში მყავდა დატოვებული ნათესავებთან. წამოსვლა უნდოდა ჩვენთან ერთად, მაგრამ მერე გადაიფიქრა. ზღვაში შევიდა, ცურავდა, ათი წლის ბავშვი შეუცურდა, ფეხებში დაქაჩა და გული გაუსკდა. ლიკა ხატავდა, მუსიკასაც წერდა, მღეროდა. ხმა ჰქონდა რაღაც სასწაული. ლამარა ჭყონიამ გვითხრა, ბავშვს ხმა შეუნახეთ, უკვე ჩემსავით მღერისო. სპორტული, მოქნილი, არაჩვეულებრივი აღნაგობის. ღმერთმა არ შემარჩინა. წყალში შევედი და თავის მოკვლა მინდოდა, მაგრამ წყალმა არ დამფარა. რამდენადაც დაუჯერებელი არ უნდა იყოს, ორი წლის ვიყავი, როცა დედაჩემს ხელისგულზე ბელორუსიიდან ჩამოსულმა ქალმა უმკითხავა. 16 წლის ასაკში გოგოს უფრთხილდითო. მე მიფრთხილდებოდა, ცურვა არ ვიცი და ზღვაზე არ მიშვებდა. მაშინ გამახსენდა იმ ქალის სიტყვები. და-ძმას სიგიჟემდე უყვარდა ერთმანეთი. პირველ ხანებში დათო თითქოს მოძულებული მყავდა, მის მიმართ არანაირი გრძნობა არ მქონდა. მერე დათოს რთული ანგინა დაემართა, მოსკოვში თავშიშველი დადიოდა ზამთარში და ეს დედობრივი გრძნობა გალღვა ჩემში და მოვბრუნდი. უფლისგან მაქვს მონიჭებული დიდი ენერგია, იმ ფორმაში ვარ დღესაც, რაც დასაწყისში ვიყავი, არ ვიღლები, არ მძინავს“, - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში დათო ევგენიძის დედა.
დათო ევგენიძე და თვითმფრინავის ბიჭები
მათ დღეს ხან „ჯინსების თაობად“ მოიხსენიებენ, ხანაც „თვითმფრინავის ბიჭებად“. 1983 წლის 18 ნოემბერს შვიდმა ახალგაზრდამ: დავით მიქაბერიძემ, სოსო წერეთელმა, გია ტაბიძემ, გეგა კობახიძემ, თინა ფეტვიაშვილმა, კახა და პაატა ივერიელებმა - საბჭოთა სამგზავრო თვითმფრინავი TY-134 გაიტაცეს. მათ თურქეთში გადასვლა სურდათ და... ხანმოკლე ფრენის შემდეგ თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა და სპეცრაზმმა შტურმით აიღო. დაიღუპა არაერთი უდანაშაულო ადამიანი. რაც შეეხება გამტაცებლებს, გია ტაბიძე თვითმფრინავის სალონშივე დაიღუპა, დაჭრილი სოსო წერეთელი სისხლისგან დაიცალა, დათო მიქაბერიძემ თვითმფრინავშივე მოიკლა თავი, დანარჩენები დააპატიმრეს. მოგვიანებით დაპატიმრებულთა რიცხვს შეემატა მღვდელი თევდორეც, ერისკაცობაში თეიმურაზ ჩიხლაძე. გეგა კობახიძე, ძმები ივერიელები და მღვდელი თევდორე სიკვდილით დასაჯეს. თინა ფეტვიაშვილს 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მან საპყრობილე 5,5 წლის შემდეგ დატოვა.
ჩვენ უბრალოდ ვამბობდით, რომ ჩვენ თქვენ არ გგავართ. ჩვენი პროტესტი იყო ჩვენი შემოქმედება, ჩაცმის სტილი, ცხოვრების წესი. მაშინ ღამის კლუბები არ იყო, ერთმანეთის სახლებში ვიკრიბებოდით, სადაც პოეზიის საღამოებს, კონცერტებსა და კინოჩვენებებს ვმართავდით...
განსაკუთრებული ხუთეული გვქონდა მე, გეგა კობახიძეს, ირაკლი ჩარკვიანს, ლევან კერესელიძესა და დათო გომართელს. ლევან აბაშიძე მოგვიანებით შემოგვიერთდა, ის ჩვენზე უმცროსი იყო. ჩვენი მეგობრობა სკოლიდან დაიწყო. შატალოებზე „მუზასთან“ ვიკრიბებოდით, ჩანთებს იქვე, ურნის უკან ვმალავდით, მერე ჩავუყვებოდით გზას ალექსანდროვის ბაღისკენ, თან ნაყინს ვჭამდით. იქიდან ამოვუყვებოდით ჩემს სახლთან, მაშინ რუსთაველის 44-ში ვცხოვრობდით, იქვე ფოტოსალონი იყო, სადაც ალიკა და თამაზა გვიღებდნენ სამახსოვრო ფოტოებს. მერე ფულს შევაგროვებდით და ლაღიძეში ჩავდიოდით.
მე და ირაკლი გეგას ყველაზე ახლო მეგობრები ვიყავით. მე უკვე მოსკოვის კონსერვატორიაში ვსწავლობდი და არდადეგებზე რომ ჩამოვდიოდი, გეგა და ირაკლი ყოველთვის აეროპორტში მხვდებოდნენ. ბოლოს მისი ქორწილისთვის ჩამოვედი. ირაკლი აეროპორტში მარტო რომ დამხვდა, გამიკვირდა. მერე იყო ქორწილი... მე და ირაკლის, ცოტა არ იყოს, გვიკვირდა, რატომ იყვნენ მეჯვარეები ის ბიჭები, რომლებსაც არ ვიცნობდით.
არაფერი შეგვიმჩნევია. გეგა დილის 8 საათისკენ სახლამდე მივაცილეთ. დაშორებისას ისე ჩამეხუტა, კაი, რა გჭირს, ერთ კვირაში არ ჩამოხვალთ ბათუმიდან-მეთქი? რომ მიდიოდა, მოტრიალდა, „ქემელის“ კოლოფზე წარწერას „თურქიშ ბრენდ“ თითი გაუსვა და გვესროლა. როგორც ჩანს, რაღაც გზავნილი მოგვცა. კოლოფში 8 ღერი იყო, 4 ირაკლის მივეცი, 4 დავიტოვე. შემდეგ სახლებისკენ წავედით, ირაკლის სახლთან ცოტა ხანს ვილაპარაკეთ, სიგარეტი მოვწიეთ და ირაკლის ვუთხარი, გეგა როგორ უცებ გაგვიქრა, აი, ამ 4 ღერსაც მოვწევთ და შეიძლება სამუდამოდ გაქრეს მეგობრობიდან-მეთქი. რას წარმოვიდგენდი იმას, რაც შემდეგ მოხდა. შინ რომ მივედი, დავიძინე, შუადღისას კი ირაკლის ზარმა გამაღვიძა - ხმა უკანკალებდა, გეგამ თვითმფრინავი გაიტაცაო. ორივე გავცვივდით, აეროპორტისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი იყო და მერე დაიწყო ის კოშმარი... მე მოსკოვში კონსერვატორიაში დაბრუნებამ მომიწია და სასამართლოს ვერ დავესწარი. დათუნა მაჭავარიანისგან გავიგე განაჩენი...
დათო და ირაკლი
„ჩვენ სულიერი მეგობრები ვიყავით, სხვა სიღრმის ურთიერთობები გვქონდა. არა როგორც ადამიანი, მთელი სამყარო მაკლია მისი სახით. „ევგენ“ ასე მეძახდა, მე „ირას“ ვეძახდი. შატალოზე მუზასთან ვიკრიბებოდით. ბუნკერთან ჩანთებს მივყრიდით. მერე ალექსანდოვის ბაღში ჩავდიოდით, ფოტოებს ვიღებდით. გოგოები, რომლებიც მოგვწონდა, გაკვეთილებიდან გამოგვყავდა. მერე იყო მუზიცირება, იყო ჩხუბებიც… ბიჭები გვერჩოდნენ იმიტომ, რომ გოგოებში პოპულარულები ვიყავით და ძველბიჭებს ეს არ მოსწონდათ.
სულ ერთად ვიყავით, ზამთარ-ზაფხულ. იყო საერთო ბაკურიანები, ბიჭვინთები, ბორჯომები… ცალკ-ცალკე დასასვენებლად არასდროს დავდიოდით. თბილისში ან მე ვრჩებოდი მასთან, ან ის – ჩემთან. ეს იყო 24 საათიანი მეგობრობა“, - ამბობდა დათო ევგენიძე.
დათო ევგენიძის გამორჩეული შეგრძნება
„სულ მახსოვს ყველაზე საბედისწერო და იდუმალი შეგრძნება, რაც დამმართნია. ერთი ლექსი მაქვს: „ზღვას კაბა ავუწიე და ეს სიშიშვლე არ მაპატია“-მეთქი. ეს როგორ უნდა მოვყვე, არც ვიცი. პატარა ბიჭი ვიყავი, 13 წლის და ისე მოხდა, რომ ჩემზე საკმაოდ უფროს ქალთან ერთად ვიცხოვრე ზღვაში. ამ ქალს ჰყავდა ქმარი. ქმარი რომ ჩამოვიდა, მომკიდა ხელი და მახტუნავებდა, დათო, როგორ ხარო? აი, ეს შეგრძნება ცხოვრებაში არ დამავიწყდება - ჩემი ჰაერში ყოფნა, სანამ ისევ დამიჭერდა და იმ ზღვის კაბის აწევა. ზღვამ კაბის აწევა არ მაპატია-მეთქი, რატომ ვთქვი, იცით? ბევრი წლის მერე, ზუსტად ამ ადგილას გარდაიცვალა ჩემი და, ზღვამ წაიღო... მე მგონია, რომ ეს ცოდვა არ მაპატია. ვიცოდი, რომ ვცოდავდი, იმის მიუხედავად, რომ 13 წლის ვიყავი. ის შეგრძნება არასდროს დამავიწყდება, ამ ცოდვის შეგრძნება“, - ყვება მუსიკოსოსი.
დათო ევგენიძის 4 შვილი და ექვსი შვილიშვილი
მუსიკოსს საკმაოდ მრავალფეროვანი პირადი ცხოვრება აქვს და ამაზე ხშირად საუბრობს კიდეც. დათო 4 შვილის მამაა. პირველი ქალიშვილი, ანჟელიკა ფრანგი ბალერინასაგან ჰყავს, რომელიც მოსკოვში, კონსერვატორიაში სწავლისას შეუყვარდა. ანჟელიკა საფრანგეთშია დაქორწინებული და ოთხი შვილი ჰყავს.
„ანჟელიკა ფრანგია, პარიზელი. დედამისი მოსკოვში გავიცანი. ქორწინებაში არ ვყოფილვართ, ისე გააჩინა და წლი-ნახევრის იყო ანჟელიკა, საფრანგეთში რომ წავიდნენ, - ყვება დათო ერთ-ერთ ინტერვიუში, - პარიზში რომ ჩავიდნენ, ანჟელიკას დედა მალევე გათხოვდა. პირველად რომ ჩავედი, ანჟელიკა უკვე სამი წლის იყო და დედამისმა მთხოვა: ნუ ეტყვი, რომ მამა შენ ხარ. მინდა, იცოდეს, რომ მამამისი ჩემი ქმარიაო. მეც შევუნახე ეს საიდუმლო. მათთან რომ ჩავდიოდი სტუმრად, ეგონა, ოჯახის მეგობარი ვიყავი. რვა წლამდე ვინახავდი ამ საიდუმლოს. ერთხელაც პარიზში კონცერტი მქონდა „შანზელიზეს“ თეატრში და ბებიამისმა მოიყვანა. კონცერტი რომ დამთავრდა, მოვიდა და მკითხა, შენ მამაჩემი ხარო? ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი კი-მეთქი და ჩავეხუტე. როცა გაიგო, სრულიად სხვა დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდა. მერე სკოლა მიატოვა და ათიდან თორმეტ წლამდე აქ, საქართველოში იყო. გენეტიკური ევგენიძეა, ნამდვილი ქართველი. ისე მოსწონდაქართული ოჯახები, რომ მიდიოდა, გვითხრა, მე აუცილებლად გავთხოვდები და ბევრ შვილს გავაჩენო. მართლაც შეასრულა ეს ნათქვამი. ვინც სკოლაში შეუყვარდა, მას გაჰყვა ცოლად და იმასთან არის დღემდე... ანჟელიკა მე ძალიან მგავს თვალებით. ჩემს დას ჰგავს ქერა თმით, რომელიც 16 წლის ასაკში გარდაიცვალა. რაც ჩემი და გარდაიცვალა, მას მერე ჩემი ცხოვრება შეიცვალა – საერთოდ მე შევიცვალე უკეთესობისკენ, შემოქმედებითადაც ბევრად უფრო მომემატა სიღრმე. თავისი წასვლით, საჩუქარი გამიკეთა ჩემმა დამ, თუ შეიძლება ასე ითქვას. ის ჩემი ანგელოზია. ისეთი დათო ევგენიძე, როგორიც დღეს ვარ, ჩემი დის ნაჩუქარია...“, - ამბობდა დათო ევგენიძე.
საქართველოში მუსიკოსი ნინა კალანდაძეზე დაქორწინდა, რომელიც ქართული კინოს ულამაზესი სახის - კირა ანდრონიკაშვილის ქალიშვილი გახლავთ. ნინამ დათოს ორი შვილი გაუჩინა - ლუკა, რომელიც ნაკლებად არის ცნობილი საზოგადოებისთვის, და ლიკა.
ლიკა ტელეწამყვანი და მოდელია. რამდენიმე წლის წინ მიხეილ სააკაშვილის ნათესავზე იყო დაქორწინებული, ნიკა ალასანიაზე.
მასთან ლიკას ორი შვილი ჰყავს - ქალ-ვაჟი. თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მათი ოჯახი დაინგრა და ლიკა მუსიკოს ნიკა კოჩაროვზეა გამიჯნურებული.
რაც შეეხება დათო ევგენიძეს, ის ნინა კალანდაძესთან დაშორების შემდეგ კიდევ დაქორწინდა - ნინო ჟვანიაზე, რომელმაც ნიკოლოზი გაუჩინა.
„პირველად 26 წლისამ ვიქორწინე ნინა კალანდაძეზე. მერე დაიბადა ლიკა, შემდეგ - ლუკა. ნინა ხელოვნებათმცოდნეა, ახლა მშვენიერი ოჯახი აქვს. ჩვენი ორი საერთო შვილის გარდა, კიდევ ორი არაჩვეულებრივი გოგო ჰყავს. მიხარია, რომ ბედნიერია.
შემდეგში ჩემს ცხოვრებაში ნინო ჟვანია გამოჩნდა და დარჩა სამუდამოდ. პატარა იყო, როდესაც ნათესავის ოჯახში გავიცანი. ვიცოდი მისი ტკივილი, რომ ბებია და ბაბუა დაუხვრიტეს აფხაზეთში. ყოველთვის მომწონდა და თვალყურს ვადევნებდი. ჩვენ 13 წლის წინ დავქორწინდით. პირველ მეუღლეზე 9 წლით, ნინოზე კი 17 წლით უფროსი ვარ“.
მუსიკოსი ამჟამად ნინოსა და ნიკოლოზთან ერთად ცხოვრობს, თუმცა ამბობს, რომ ოთხივე შვილსა და შვილიშვილთან აქტიური ურთიერთობა აქვს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
30 წლით უმცროსი ცოლი და რეკორდულად მაღალი ხელფასი - ამბები დავით საგანელიძის შესახებ
რომანი ცოლიან კაცთან, 18 წლით უფროსი ქმარი და ერთადერთი შვილი - ამბავი მარინა კახიანზე
2500 კაცი, დარბაზში სანთლით ხელში იდგა - თემურ წიკლაურის დიდი ტრაგედია და ოჯახური ამბები