მსახიობი მარინა კახიანი, დრამატული პირადი ცხოვრებითაც გამოირჩევა. გია მატარაძეს შემთხვევით შეხვდა, თუმცა მათი სიყვარულის ისტორია წლების შემდეგ განვითარდა როდესაც ცნობილმა რეჟისორმა რობერტ სტურუამ გია მატარაძე თეატრში პედაგოგად აიყვანა.
გია მარინაზე 18 წლით უფროსი იყო და ოჯახი ჰყავდა. მარინა პატარა გოგო იყო. თავადაც ამბობს, რომ ცოლიან კაცთან შეხვედრები არაეთიკურია, თუმცა თავს იმით იმართლებს, რომ ეს გრძნობა დიდი იყო და მას ვერცერთი უმკლავდებოდა.
ტელეკომპანია „მარაოს“ ეთერში მარინა კახიანმა გაიხსენა, როგორ გაიცნო მისი მეუღლე, როდესაც თავად პირველი კურსის სტუდენტი, 1970 წლის მიწურულს გადაღებაზე ბიჭვინთაში იმყოფებოდა.
„პირველად ერთმანეთს ბიჭვინთაში შევხვდით, მაგრამ იქ არაფერი მომხდარა. სიყვარული მაშინ დაიწყო, როდესაც რობიკო სტურუამ, გია თეატრში პედაგოგად მოიყვანა... ჩვენი სიყვარული პედაგოგის და მოსწავლის ბანალურ ისტორიას ჰგავს. მაგრამ ფაქტია - ამას დიდი სიყვარული მოჰყვა. მერიდება ამაზე ლაპარაკი. მას ჰყავდა მეუღლე და, რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიამოვნო გასახსენებელი. ასე თუ ისე, როდესაც ახალგაზრდა გოგონა დაოჯახებულ კაცთან სიარულს იწყებს, ეს ცუდი საქციელია. თავს იმით ვიმართლებ, რომ დიდი სიყვარული გვაკავშირებდა და მის წინაშე უძლურნი ვიყავით. მაშინ ყველა ამ სიყვარულზე საუბრობდა. მერე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ცოტა ხნით ერთმანეთს დავშორებოდით, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდა. მეორე დღესვე დავივიწყეთ ეს შეთანხმება. ჩემი ოჯახის მხრიდანაც მქონდა წინააღმდეგობა, მაგრამ მე ყოველთვის მჯეროდა, რომ მოსახდენი მოხდებოდა. ჩვენი ურთიერთობა გარდაუვალი იყო. სხვათა შორის, დედას და გიას ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. დედას ტკბილეული უყვარდა ძალიან, სადმე სუფრასთან რომ ვიყავით, გია წამოსვლის წინ მასპინძელს ერთ ნაჭერ ტორტს სთხოვდა, რადგან სიდედრისთვის მოეტანა...
რაც შეეხება სიყვარულის ახსნას. ჩვენს ურთიერთობაზე თითქოს ყველა ყველაფერს უთქმელად ხვდებოდა... არც მას ჰქონდა ჩემთვის რაიმე ნათქვამი და არც მე, მაგრამ ყველამ ყველაფერი კარგად ვიცოდით. ახალი წლის ღამე იყო, მეგობართან ვიკრიბებოდით, შემდეგ გიაც მოვიდა. ის რობიკომ განსაკუთრებულად დალოცა, როდესაც დავიშალეთ, გიამ მითხრა, მოდი გავისეირნოთო - ოქროყანისკენ წავედით, მანქანაში რომანტიკული მუსიკა იყი ჩართული, უცებ თოვლიც წამოვიდა და იქ ამიხნა სიყვარული... ბოლოს, როცა ავად იყო მითხრა - არავინ, არცერთი ადამიანი არ მყვარებია ისე, როგორც შენო...
წლების მანძილზე გიაზე არ ვლაპარაკობდი, მით უმეტეს მის გარდაცვალებაზე, სახელის ხსენებაც კი, უდიდეს ტკივილს მაყენებდა,“ - ამბობს მარინა კახიანი და აქვე დასძენს - „მიყვარს, როდესაც კაცი მეტ სიყვარულს ავლენს. მიყვარს, როცა ქალს ეთაყვანება, აღფრთოვანებულია და ანებივრებს. წარსულში სწორედ ასეთი სიყვარული მქონდა. გიას გარდაცვალების შემდეგ ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, მაგრამ არ ვიცი რატომ არ გადავდგი ნაბიჯი... ვერავინ წარმომედგინა გიას ადგილზე, ალბათ ვათას გამოც არ შევქმენი ოჯახი“...
გიას გარდაცვალებასა და პირად გრძნობებზე საჯაროდ ლაპარაკი ძალიან უჭირს, თუმცა ქმარზე დადებით კონტექსტში საუბარს არ გაურბის:
„დიდი დრო გავიდა ჩემი მეუღლის გარდაცვალებიდან და გია ჩემთვის, დღემდე განსაკუთრებულ და საოცარ მამაკაცად რჩება. განათლებული და იუმორის მქონე, კარგი ადამიანი იყო. უამრავ სიურპრიზს მიწყობდა არა მარტო დაბადების დღეებზე, სხვა დროსაც მანებივრებდა. ჩემი წინაპრები სვანეთიდან არიან, მაგრამ სამწუხაროდ, მამა და ბაბუა სვანეთში არ იყვნენ ნამყოფები, არც მე ვყოფილვარ მანამდე: ჩემი ერთ-ერთი დაბადების დღეს, გიამ სიურპრიზი მომიწყო (იღიმის). ვითომ გადაღებისთვის ადგილის შესარჩევად, მესტიაში წავედით რამდენიმე ადამიანი და დაბადების დღე იქ გადამიხადა“.
წყვილს ერთი ვაჟიშვილი ვათა მატარაძე გაუჩნდა. „გია ძლიან კარგი მამა იყო, მოწონდა შვილის გაზრდის პროცესი, წარამარა წონიდა, ეფერებოდა“, - იხსენებს მარინა კახიანი.
სხვადასხვა დროს მარინას ხშირად უთქვამს - ცხოვრებაში მხოლოდ იმას ვნანობ, ერთზე მეტი შვილი რომ არ გავაჩინეო.
მარინა კახიანის კინოამბები
- პირველად ფილმში „ვერის უბნის მელოდიები“ ეპიზოდში ვითამაშე, მაშინ 12 წლის ვიყავი. ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოსწავლეები ამოგვარჩიეს გიმნაზიელების სცენისთვის. ამას როლს არ ვეძახი, მაგრამ ვამაყობდი და მონაწილეობა ძალიან მსიამოვნებდა. ალბათ, ყველა ბავშვს უყვარს ფილმში გადაღება. თუ არ ჩავთვლით გიმნაზისტს, კინოში პირველი როლი ზაალ კაკაბაძის ფილმში „უმცროსი და“ მქონდა. იმ წელს პირველი კურსი დავამთავრე და ხევსურეთში ვმოგზაურობდით სტუდენტები, სადაც ჩემი მეგობრის - ნათიას მამამ, პროფესორმა დავით გოგოჭურმა წაგვიყვანა. როცა ჩამოვედი ხევსურეთიდან, ფილმ „უმცროსი დის“ ჯგუფის ნაწილი გემზე „გრუზია“, გადაღებებზე იყო წასული. სჭირდებოდათ ახალგაზრდა მსახიობი გოგონა და ბატონმა რეზო ჩხეიძემ, ასე ვთქვათ, თავად დამამტკიცა ამ როლზე და პირდაპირ გადაღებაზე გამიშვა.
გია მატარაძის ფილმებში მონაწილეობაზე გეტყვით, რომ როცა რეჟისორს მსახიობი ცოლი ჰყავს, ის თვლის, რომ მისი მეუღლე რაღაცით სხვა ქალ მსახიობებს აღემატება და ამაში არაფერია გასაკვირი. თუმცა, „მოკვეთილს“ რომ იღებდა, ძალიან მინდოდა მზევინარის თამაში, მაგრამ გია ფიქრობდა, რომ იმ ეტაპზე უფრო ქისტი გოგო გულსუნდა ვიყავი. ჩემი აზრი და სურვილი გავაცანი, თუმცა მზევინარის როლში არაფრით გადამიღო. ძალიან მიყვარდა გიასთან ერთად ფილმის მონტაჟის პროცესის ყურება, ჩემთვის საინტერესო იყო. თავისუფალ დროს მივდიოდი მასთან და იდეებსაც ვაწვდიდი ხოლმე. ჩემი იდეა ხან ამართლებდა და ხან - არა.
„მოკვეთილს“ ხევსურეთში ვიღებდით. რთული პირობების მიუხედავად, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებები ამ გადაღებებს უკავშირდება.
შატილამდე, მთებს შუა მოქცეულ ულამაზეს ადგილზე, პატარა დასახლება ნინოწმინდაში ვცხოვრობდით, იქვე მდინარე არღუნი ჩამოდიოდა. ძალიან დიდ კინოჯგუფში ცხენოსნების უზარმაზარი ჯგუფიც შედიოდა. სინათლე არ იყო, ხანდახან საკვები იგვიანებდა მეწყრის გამო, მაგრამ გიას დიდ პატივს სცემდნენ და ყველაფერი თითქოს, ადვილად გვარდებოდა. დადგა 27 ივლისი, გიას დაბადების დღე. დილის 6 საათზე სროლის ხმა გაისმა, 1-2 თოფისა კი არა, მთელი ჯერი ისმოდა. გია ადგა და მეც გამოვყევი. საოცარი სილამაზის მომსწრენი გავხდით - რიჟრაჟია, მთები, უმშვენიერესი ბუნება, იქვე კი ცხენოსნები და მსახიობები იარაღიდან ისროდნენ. როგორც ჯარი დგას გენერლის წინაშე, ისე ჩამწკრივებულიყვნენ.
საოცრად ამაღელვებელი მომენტი იყო, ყველანი მოგროვდნენ, ზოგიერთი ქალბატონი ემოციებისგან ტიროდა კიდეც...
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ქალების უმრავლესობა ორგაზმს ვერ განიცდის - რჩევები სექსოლოგ ზურაბ მარშანიასგან 40+ ქალებს
ცნობილი ქალების ამბები ციხიდან - „ქურდებმა ციხეში ტორტი გამომიგზავნეს, პატივი მცეს“
ამერიკას პარფიუმერია ქართველმა აჩუქა - „არაამერიკული“ ამბავი
როგორი ქორწილი ჰქონდა ირაკლი კობახიძეს – ფოტოები საოჯახო ალბომიდან