Digest Logo

გიო ხუციშვილი 61 წლის გახდებოდა - აფხაზეთის ომი, ფარული სიკეთე და აქამდე უცნობი ამბები მომღერალზე

1677154860
მომღერალი გიო ხუციშვილი

23 თებერვალი მომღერალ გიო ხუციშვილის დაბადების დღეა. 

გიომ არა მხოლოდ მის ახლო გარემოცვას, არამედ მთელ ქვეყანას დაუტოვა დაუვიწყარი მოგონებები.

დაიჯესტი“ კიდევ ერთხელ მოგიყვებათ მომღერლის ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალებს.

მომღერალი გიო ხუციშვილი 55 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ფილარმონიის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა და მომღერალი თავის ახლობლებს, გულშემატკივრებს კონცერტით გამოემშვიდობა.

გიოს ცხოვრებაში იყო ორი დიდი სიყვარული, აფხაზეთის ომი, წარმატებული კარიერა და ჩუმად გაკეთებული სიკეთე, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი.

გიოს გარდაცვალების შემდეგ მისი ცოლი მაია ჯორჯაძე გიოსთან ერთად გატარებულ პერიოდს იხსენებდა.

„ყვე­ლამ იცის, რომ ერ­თმა­ნეთ­თან 24-სა­ა­თი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, არ ვი­ყა­ვით შორს ერ­თმა­ნე­თის­გან. მისი წას­ვლით კე­დე­ლი ჩა­მო­მე­შა­ლა... ყვე­ლა­ფე­რი იყო - კარ­გიც, ცუდი, სი­ურპრი­ზე­ბიც... რო­გო­რი მო­უს­ვე­ნა­რიც იყო, ასე მო­უს­ვენ­რად ცხოვ­რობ­და სულ. მუდ­მი­ვად სა­დღაც ეჩ­ქა­რე­ბო­და - წა­ვი­დო­დით ვთქვათ, ერთ ად­გი­ლას, ერთი კვი­რა ვერ ჩერ­დე­ბო­და, მერე დღეს მე­ტყო­და - ჩა­ა­ლა­გე, წა­ვი­დეთ ბა­თუმ­ში, ჩა­ა­ლა­გე, წა­ვი­დეთ თბი­ლის­ში, ჩა­ა­ლა­გე, გავფრი­დეთ იქ, აქ... ახლა ვხვდე­ბი, თურ­მე ასე რა­ტომ ჩქა­რობ­და... ცხოვ­რე­ბა­ში, რა თქმა უნდა, და­ფა­სე­ბუ­ლი და შე­ფა­სე­ბუ­ლიც მყავ­და, მაგ­რამ ახლა ვხვდე­ბი, ვა­ფა­სებ, ვფიქ­რობ და ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად ჩანს - კი, ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ­თვის უნ­დო­და... რო­დე­საც და­ა­ვა­დე­ბას დიდი შე­მარ­თე­ბით ებ­რძო­და, ამ­ბობ­და - ამ პე­რი­ოდ­ში ბევ­რი რამ გა­და­ვა­ფა­სე, ამ ამ­ბი­დან რომ გა­მოვ­ძვრე­ბი, შენ ნახე, სულ სხვა­ნა­ი­რად ვი­ცხოვ­რებთ და სხვა­ნა­ი­რად ვიქ­ნე­ბი­თო...“ - იხსენებდა მაია ჯორჯაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

გიო ხუციშვილი და აფხაზეთის ომი

 

„ომი სხვა თემაა. ეს იყო ყველა ქართველის მოვალეობა. სპონტანურად წავედი, ვერც ვაცნობიერებდი. ჯარისკაცის მამასავით ჩავედი და დავრჩი. ბოლომდე გავედი, მგონი, ბერლინს მივუახლოვდი. წელიწად-ნახევარი ვიბრძოდი. ორჯერ დავიჭერი, დავბრუნდი და ისევ წავედი. ძალიან რთული სიტუაცია იყო. მაშინ, ზუკა მყავდა პატარა. ბევრი მომენტი ყოფილა, მიფიქრია, რომ უკან ვეღარ დავბრუნდებოდი. ძალიან ბევრჯერ შემშინებია და არაერთხელ ჩამიხედავს სიკვდილისთვის თვალებში. ბრძოლის ველზე ფეხს რომ დგამ, ხვდები, წამია შენი სიცოცხლე. ადამიანი ძალიან სხვანაირი არსებაა. შიშისა და სიკვდილის გრძნობა ბევრჯერ გადამილახავს.

პირველად გაგრაში დავიჭერი და მეორედ – ოჩამჩირეში; ერთი აფეთქება იყო და მეორედ – ავტომატის ტყვია მომხვდა. ამ თემის გახსენება ძალიან მიჭირს. იქ ათას საშინელ მომენტს ხედავს თვალი, რომელსაც ტვინი იმახსოვრებს. ერთ ისტორიას გავიხსენებ. ერთ ღამეს სრულიად დანგრეულ სახლში შევედით. შუა ოთახში იდგა პიანინო, დავჯექი და დაკვრა დავიწყე. ბიჭებიც ამყვნენ, ცეკვავდნენ და მღეროდნენ. იქვე, თხრილში რუსები იყვნენ ჩასაფრებულები, თუმცა ხმა არ ამოუღიათ. რაღაც ფილმის სიუჟეტს ჰგავდა. მტერი გვხედავდა, გვისმენდა, მაგრამ ერთხელაც არ გაუსვრია. ესაა ცხოვრება. მოვა დრო, როცა თვითონ დაიშლება ყველაფერი და ქვეყანა ისევ გაერთიანდება. რომელი საუკუნეა, ისევ რომ ჩამოვიდნენ, მიწა მოგვაჭრან და წავიდნენ. ამას უბრალოდ, ბევრი მუშაობა სჭირდება. ომი უკვე სირცხვილია.

გარდა იმ სირთულისა, რაც ბრძოლის ველზე გხვდება, ფსიქოლოგიურადაც რთული გადასატანია. დიდი დრო დამჭირდა, კარგად რომ ვყოფილიყავი. მეუღლესთან ერთად გადავლახე ყველაფერი, თუმცა ძალიან უჭირდა ჩემთან ყოფნა. მაშინ მარტივი გასაძლები არ ვიყავი. დავიწყებდი ისტორიების მოყოლას და მერე ვგიჟდებოდი. მივეძალე სასმელსაც. რომ დავლევდი, მეგონა, ვიბრძოდი. თუმცა, სმაში შვებას ვპოულობდი. ბევრი ცუდი მომენტი ჰქონდა ჩემს მეხსიერებას დალექილი. ერთი პერიოდი საავადმყოფოს კომენდანტი ვიყავი ოჩამჩირეში და წარმოიდგინეთ, იქ რა ხდებოდა. ხალხი შემოჰყავდათ, ზოგს ფეხი არ ჰქონდა, ზოგს ხელი, ქალები მშობიარობდნენ, ახალი სიცოცხლე იბადებოდა... ამ მძიმე მდგომარეობიდან გამომიყვანა სიმღერამ. მუსიკა ჩემი ნარკოტიკია, მასში ვიხარჯები ბოლომდე და სწორედ ის მაძლევს ყველაზე მაგარ „კაიფს“ - ჰყვებოდა გიო.

მომღერლის უფროსი შვილი ელენე ხუციშვილი, მამის გარდაცვალების შემდეგ გიოსთან ურთიერთობას იხსენებდა და ამბობდა, რომ მათ განსაკუთრებული კავშირი ჰქონდათ.

„გიოს სიცოცხლის უკანასკნელი თვეები ყველაზე ცუდი დროა, რაც ჩემს ცხოვრებაში ყოფილა. თვითონ არ საუბრობდა თავის ავადმყოფობაზე, არ უნდოდა, ვინმესთვის დაენახვებინა, რომ რაღაც უჭირდა. ამბობდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, გვიან, ალბათ ღამის 2 საათზე დამირეკა. ისეთი ხმა ჰქონდა, გიოს აღარ ჰგავდა. ლაპარაკი უჭირდა. მითხრა, დაიმახსოვრე, რომ ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება შენ ხარ და მეც ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილი ხარო. მხოლოდ ეს მითხრა და ლაპარაკი ვეღარ შეძლო. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, რაც მე მითხრა... ავად როცა იყო, ყოველდღე მივდიოდი, მაგრამ დიდად არ ვენახვებოდი, რადგან არ მინდოდა, ეფიქრა, რომ მეშინოდა. რადგან მასთან არ ვცხოვრობდი, არ სიამოვნებდა, დილიდან საღამომდე იქ რომ ვიყავი. თავს შევყოფდი ოთახში, შემოგირბინე და ხვალაც მოვალ-მეთქი. არც ის სიამოვნებდა, რომ ისეთს ვუყურებდი“, - იხსენებს ელენე ხუციშვილი.

ელენემ ჟურნალისტებთან გიოს ქორწილის წინა პერიოდიც გაიხსენა:

„რაც შეეხება ჩემს დაოჯახებას ცოტა ინერვიულა, მაგრამ მალე შეეგუა. არც ისე პატარა, 26 წლის ვიყავი და... მითხრა, შენ თუ ბედნიერი ხარ, მეც ბედნიერი ვიქნებიო. მე და გიო ერთად ხომ არ ვცხოვრობდით და მე, ჩემი მომავალი მეუღლე და ჩემი უფროსი ძმა ერთი-ორჯერ მივედით მასთან ვახშამზე თუ რაღაც სპორტული გადაცემის საყურებლად. მერე ვუთხარი, ჩემი დაბადების დღე მოდის და ძალიან მინდა, გიორგისთან ერთად ყაზბეგში წავიდე და ამ თვის ბოლოს ალბათ ჯვარს დავიწერთ-მეთქი. ყაზბეგი განსაკუთრებული ადგილია ჩემთვის და გიოსაც ძალიან უყვარდა. მითხრა, ყაზბეგში თუ გინდა წასვლა, თან გერგეტზე უნდა ახვიდე და ჯვრისწერასაც მალე გეგმავ, ისე არ წამოხვიდე იქიდან, რომ ჯვარი არ დაიწეროო. ასე უცებ გადავწყვიტეთ, ჩემს დაბადების დღეზე გერგეტში დაგვეწერა ჯვარი. ერთად წავედით ჩემი მშობლები, ძმები, მეჯვარეები და დავიწერეთ ჯვარი. ამ ჯვრისწერას თვითონ არაფრით გამოაკლდებოდა“.

გიო ხუციშვილს გარდაცვალების შემდეგ წლების წინ გაკეთებული ამბავიც გაუხსენეს. ეს ამბავი ერთ გოგონაზეა, რომელსაც ოცნება აუხდა. ეს ოცნება მას გიო ხუციშვილმა აუსრულა. ელენე მარგალიტაშვილმა გიო ხუციშვილზე მომღერლის გარდაცვალების შემდეგ წერილი გამოაქვეყნა

„დაახლოებით 13-14 წლის წინ, როცა ინტერნეტი ახალი ხილი იყო და მეილიც ახალი გახსნილი მქონდა, TV Imedi-ს ეთერში ვნახე, რომ საახალწლოდ „იმედის ექსპრესი“ იგეგმებოდა - უნდა გაგეგზავნა ყველაზე სანუკვარი ოცნება და ისინი შეეცდებოდნენ, ახალი წლის ღამეს აესრულებინათ. მამაჩემს სამსახური არ ჰქონდა. და 13 თუ 14 წლის ელენეს ყველაზე დიდი ოცნება ის იყო, რომ მამამისს სამსახური ჰქონოდა. მაშინ ჩვეულებრივ ამბად მეჩვენებოდა ეს სურვილი. ახლა ვხვდები, რომ ჩვეულებრივი არ იყო.

თელავის ერთადერთ ინტერნატკაფეში მივედი და „იმედს“ მივწერე. რა ეწერა, სიტყვა-სიტყვით მახსოვს, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვარ მზად ემოციურად, რომ გავასაჯაროვო. ერთ კვირაში პასუხი დამხვდა - საკონტაქტო ინფორმაციას მთხოვდნენ. მეგონა, რაღაც ავტომატური შეტყობინება იყო. დედაჩემის მობილური მაინც მივწერე. ეს იყო და ეს.

1-2 თვე გავიდა.

31 დეკემბერს დედაჩემის ნომერზე დარეკეს. მე ვუპასუხე. „იმედიდან“ ვართ და გთხოვთ, დღეს საახალწლო გადაცემას ბოლომდე უყუროთო. ჩემ გარდა არავინ იცოდა, რაც გავაკეთე. ძალიან ავნერვიულდი და, პირველ რიგში, დედაჩემს და ჩემს დას ვუთხარი. მამაჩემთან მე არ მილაპარაკია - შემრცხვა, მომერიდა და ვინერვიულე. საბოლოო ჯამში, ყველა ახლობელმა გაიგო და დაიწყო უსასრულო ნერვიულობა და ლოდინი.

პირველი წამიდან ვუყურე, როგორ უსრულებდნენ სურვილებს ბავშვებს, რომლებმაც მიწერეს. ზოგს ძაღლი აჩუქეს, ზოგს - მობილური... ყველანაირმა სურვილმა გაიჟღერა. თითქმის ყველა მახსოვს. გადაცემა ინგა გრიგოლიას და გიორგი თარგამაძეს მიჰყავდათ. ახალი წელი რომ დადგა და 1-2 საათიც გადასცდა, მეკვლეები გავაცილე და ყველა იმედი, რაც მაგ დღეს გამიჩნდა, დავკარგე.

გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა, მაგრამ არაფერი. მახსოვს, რომ იმედგაცრუების ცრემლები ყელში მქონდა გაჩხერილი. დასაძინებლად წავედი.

ემოციებისგან დაცლილი ვიყავი და თვალები დავხუჭე თუ არა, ჩამეძინა. ინგას და გიორგის ხმები ბუნდოვნად ჩამესმოდა. ყველას დაგვემშვიდობნენ. მერე უცებ დაიწყეს: „დღეს შევასრულეთ თითქმის ყველა სურვილი, გარდა ერთისა. მაგრამ ისე ვერ დაგემშვიდობებით, ეს წერილი რომ არ წაგიკითხოთ“... და დაიწყეს ჩემი მიწერილი სიტყვების კითხვა. მე ღრმად დარწმუნებული ვიყავი, რომ „ჩამყვა“ და მესიზმრებოდა. „ელენეს ოცნება ყველაზე განსაკუთრებული იყო და ყველას გულზე მოგვხვდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შევასრულეთ“, - დაასრულა ინგამ. ძილშიც კი გული ჩამწყდა.

ამ დროს მესმის მესამე ხმა, რომელიც ამ ორს აჩერებს.

გიო ხუციშვილის ხმა იყო. მაშინ „თელიან ველში“ მუშაობდა. „მე მინდა, რომ ელენეს ოცნება ავასრულო. ელენეს მამა მოვიდეს ჩემთან თელავში და ჩათვალოს, რომ სამსახური აქვს“.

მე ისევ მეგონა, რომ მესიზმრებოდა და თვალები უფრო მაგრად დავხუჭე, მაგრამ ეხლაც მახსოვს, გული როგორ მიცემდა.

უცებ ყვირილი და შეძახილები გავიგე და სახლის ტელეფონზე ზარებმა უსასრულოდ რეკვა დაიწყო. ოთახში ვიღაც შემოვიდა და მითხრა, რომ სასწრაფოდ უნდა გავსულიყავი. არ მახსოვს, ვინ იყო ან მერე რა მოხდა იმიტომ, რომ ეგ დღეები რეალური არ მეგონა და სიზმარივით „დამავიწყდა“, მაგრამ ის მახსოვს, რომ გიომ თავისი სიტყვა შეასრულა და მამაჩემს მუშაობა მართლა დააწყებინა. მაშინ ჩემი ცხოვრება და კიდევ ბევრი რამე მთლიანად შეიცვალა.

პირადად არასოდეს შევხვედრივარ, მაგრამ იმ დღის შემდეგ გიოს ხმის გაგონება ჩემთვის რაღაც სხვა გრძნობებთან დაკავშირდა. თვითონ გიოც სხვანაირად ახლობელი და განსაკუთრებული გახდა.

არ ვიცი და არც მაინტერესებს, რა და როგორ იყო მაშინ გათვლილი პიარ-მარკეტინგულად. მე ის ვიცი, რომ გიოს ხმამ ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. მაშინ პირველად დავიჯერე და ვირწმუნე, რომ ოცნებები, რომლებსაც გულით ვინატრებდი, აუცილებლად ამიხდებოდა.

გუშინ აღმოვაჩინე, რომ ძალიან ცუდად არის და ალბათ ვერ შევძლებ გამოვხატო, როგორ განვიცადე და როგორ მინდა, რომ კარგად იყოს. და როგორ მინდა, რომ რამით დახმარება და იმ მადლობის რამით გადახდა შემეძლოს. ჰოდა, გადავწყვიტე, რომ თვითონ ამ ამბის მოყოლა ყველაზე კარგად იტყოდა ჩემს სათქმელს.ვინმეს ხმა თუ მიგიწვდებათ, უთხარით, აუცილებლად უთხარით, რომ იმ პატარა ელენეს ძალიან უყვარს, სუპერგმირივით უყვარს. და რომ დიდ ელენესაც ძალიან უყვარს და ყველაზე დიდ მადლობას უხდის, რაც კი ოდესმე ვინმესთვის გადაუხდია. მინდა, რომ ძალიან დიდხანს და ძალიან კარგად იყოს. ეს არის და ეს.“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ვინ არის ბაია პატარაიას ქმარი და როგორია ცნობილი უფლებადამცველის ოჯახური ცხოვრება

🔵ვარსკვლავური ომები: ქართველი ცნობილები, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ

🔵სიმამრის მანქანით მოყვანილი ცოლი და 10-კაციანი ქორწილი - ვინ არის ზურა ყიფშიძის ცოლი