მსახიობი თამარ სხირტლაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან ყველა რეკორდი მოხსნა - 70 წელი იდგა სცენაზე. არასდროს გაუცდენია არც სპექტაკლი და არც რეპეტიცია, მაშინაც კი როდესაც ქმარი და შვილი გარდაეცვალა...
ამ ხნის განმავლობაში ბევრი სიხარულიც არგუნა ბედმა, სიყვარულიც, ჯილდოც და არც მაყურებლისგან მოჰკლებია აპლოდისმენტები...
ორჯერ ჩაიქნია ცხოვრებაზე ხელი, ერთხელ, როცა მისი ერთადერთი შვილი, მსახიობი თაზო თოლორაია გარდაიცვალა და მეორედ, როცა მარჯანიშვილის თეატრიდან გაუშვეს – უშტატო მსახიობი გახდა...
თამარ სხირტლაძე და მაყურებელი
„როცა ქუჩაში მივდივარ, ადამიანების თბილ მზერას სულ ვგრძნობ ხოლმე. ისინი მოდიან და მთხოვენ, შეიძლება თქვენთან ერთად ფოტო გადავიღოო. ამ დროს უხერხულად ვარ. მე ვფიქრობ, ქვეყნად ყველაზე დიდი უბედურება ამპარტავნებაა. როცა ამბიციური ხარ და საამისო საფუძველი არ არსებობს, ეგ ხომ მთლად უბედურებაა. მე და ჩემი მეუღლე მეტისმეტად მორიდებულები ვიყავით. ამაში თავისი როლი იმანაც ითამაშა, როცა თეატრში მივედით, იქ მარჯანიშვილის მოწაფეები, მთელი კოჰორტა დაგვხვდა: შალვა ღამბაშიძე, ვასო გოძიაშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე... ჩვენ მათ გვერდზე როგორ დავსხდებოდით?! ფეხზე ვიდექით, ოღონდ კი მათთვის გვესმინა.
ახლა მაყურებლის სიყვარულს და პატივისცემას ყველგან ვგრძნობ. აქამდე მაყურებლის სიყვარულმა მაცოცხლა, ეს მაძლევს ძალას. დამცინიან ხოლმე – როცა თეატრში მოდის, კვდება, აქედან კი მერცხალივით მიდისო. სულ ვშიშობ – ვაი, რომ ვერ ვიცეკვო, ისე ვერ ვითამაშო, სულ ამ განცდაში ვარ. მერე კი, როცა სპექტაკლს ვითამაშებ, თეატრიდან გამოვდივარ და ვფიქრობ, ნეტავ, ახლიდან დაიწყოს ყველაფერი, უფრო კარგად ვითამაშებ–მეთქი. აი, როცა მაყურებელიც ტაშით გაცილებს, მეტი რა უნდა მსახიობს? მერე უკვე არაფერი გტკივა, არაფერი გაწუხებს. ესაა ჩვენი სიმდიდრე...“
„დედამთილმა ტყუპების ნაყოფი ძალით მომაშორებინა“
ძალიან მინდოდა, მაგრამ ცუდი პირობები გვქონდა. მე, ჩემი ქმარი, დედამთილი, მამამთილი, მაზლი, მული, მულისშვილი და ჩემი შვილი ორ პატარა ოთახში ვცხოვრობდით. ჩემი დედამთილი არაჩვეულებრივი ქალი იყო, მაგრამ ექიმთან ძალით წამიყვანა და ტყუპების ნაყოფი მომაშორებინა. მას შემდეგ აღარ დავორსულებულვარ. ალბათ ღმერთმა ასე დამსაჯა. ახლა კი ტყუპებს რომ ვხედავ, ვგიჟდები. უბედნიერესი ქალი ვიქნებოდი, ის ბავშვები რომ გამეჩინა.
ერთადერთი შვილი დავკარგე, მაგრამ მეუღლის დაკარგვა კიდევ უფრო ძნელი ყოფილა
„ძალიან ძნელია ამ ყველაფერს გაუძლო... ვამბობ, რომ ერთადერთი შვილი დავკარგე, მაგრამ მეუღლის გარდაცვალება კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა. 70 წელი ერთად ვიცხოვრეთ. ბევრი რამ აწუხებდა, ბოლოს სკლეროზის ნიშნებიც ჰქონდა, მაგრამ მაინც ჩემზე ზრუნავდა. სულ მეკითხებოდა, რეპეტიციაზე ხომ არ გაგვიანდებაო... პატარა ბავშვს რომ შეეჩვევი, მის გარეშე ერთი წუთიც ვეღარ ძლებ და მერე მოგწყვიტავენ, ზუსტად ასე დამემართა... სახლში ვეღარ ვძლებ და ხშირად გარეთ გამოვდივარ, ბაღში ვზივარ. აღარ შემიძლია ვუყურო იმ ადგილს, სადაც ის იჯდა, სადაც ხშირად იყო ... ბოლოს გაჟონვა დაემართა, საავადმყოფოში გავაქანეთ და იქ ცოტა ხანს დაჰყო. სულ მეხვეწებოდა, სახლში წამიყვანეთო. მეოცე დღეს ინფარქტი დაემართა და გარდაიცვალა. ისე მიმძიმს, ადგილს ვერ ვპოულობ, ალბათ გაგეცინებათ და ისევ თეატრმა მიშველა. ახლა სპექტაკლზე ვმუშაობთ და რეპეტიციებმა ისევე გადამრთო თეატრისკენ, როგორ მაშინ, როცა უსაშინლესი პერიოდი მქონდა ცხოვრებაში... ჩემს შვილს სიმსივნე რომ დაუდგინა... თემურ ჩხეიძე სპექტაკლს დგამდა, სადაც მედიკო ჩახავაც თამაშობდა... ჩემთვის ყოველმხრივ სანატრელი იყო ამ სპექტაკლში ვყოფილიყავი და მოვხვდი კიდევაც უსაყვარლეს მედიკოსთან ერთად. ალბათ ასეთ რამეს ვერც კი ვიოცნებებდი და სწორედ მაშინ დამატყდა თავს უბედურება... მახსოვს, მივედი და თემურ ჩხეიძეს და მედიკო ჩახავას ვუთხარი, თეატრში ვეღარ მოვალ და დღესვე-შემცვალეთ მეთქი. ორივე ძალიან გვერდით დამიდგა... თემურმა მითხრა, თუ საერთოდ სახლში დაჯდომას აპირებ, კი ბატონო, მაგრამ თუ როდესმე თეატრში უნდ დაბრუნდე, მაშინ ნუ წახვალო... გადავხედე სხვების ცხოვრებას და მივხვდი, რომ ერთადერთი არ ვიყავი, ვისაც ასეთი რამ შეემთხვა... სახლში ვერაფერს ვამბობდი, რადგან მეუღლემ არ იცოდა, რა სჭირდა ჩვენს შვილს. შენ უფრო ძლიერი ხარ, გაუძლებო და ამიტომაც მე მითხრეს, რომ განუკურნებელი სენით იყო ავად... ერთი თვე ხან ქუჩაში ვტიროდი, ხან ბაღში, ელენე ყიფშიძესთან მივდიოდი და ვინც კი ახლობლად მიმაჩნდა... ჩემს მეუღლეს არ ვეუბნებოდი, მაგრამ თვითონ გაიგო“, - იხსენებდა თამარ სხირტლაძე. ...
მოგონებები ვერიკო ანჯაფარიძეზე
ჩვენ თეატრალურ ბრიგადაში დავდიოდით ერთად. მე და ვერიკო ანჯაფარიძეს სულ ერთ ოთახში გვეძინა. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. ის სხვანაირი ქალი იყო. შეიძლებოდა ღამის 4 საათზე ამდგარიყო, წყალი გადაევლო, სიგარეტი მოეწია. ამ ყველაფრით სხვა რომ არ შეეწუხებინა, ვერიკოს ოთახში სწორედ ამიტომ მიმიჩინეს ადგილი. თავის ისტორიებს მიყვებოდა, ძალიან დავუახლოვდი... ირგვლივ ყველა შემომეცალა, აღარც ვერიკოა, აღარც ლენა ყიფშიძე, აღარც სოფიკო ჭიაურელი... ახალ თაობას ძალიან ვუყვარდით. ახალგაზრდები დღემდე „პადრუგას“ მეძახიან და შენობით მომმართავენ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ორჯერ დაქვრივება, შვილის სიკვდილი, მამინაცვალის გვარი - ცოტა რამ ნანა ფაჩუაშვილზე
ცნობილი ქალების ამბები ციხიდან - „ქურდებმა ციხეში ტორტი გამომიგზავნეს, პატივი მცეს“
ილიკო სუხიშვლის ტრაგიკული სიყვარული, 2 შვილი და ბევრი რომანი