Digest Logo

ორჯერ დაქვრივება, შვილის სიკვდილი, მამინაცვალის გვარი - ცოტა რამ ნანა ფაჩუაშვილზე

1611827204
მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი

რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული სახე ნანა ფაჩუაშვილი სინამდვილეში გვარად ადამიაა, გვარი „ფაჩუაშვილი“ კი მისი გამზრდელი მამისგან მიიღო. მამასთან ურთიერთობა არასდროს ჰქონია. მისი უმცროსი ძმა შემთხვევით გაიცნო. 

ნანას პირადი ცხოვრება ტრაგედიებითაა სავსე. ქმარი ქორწინებიდან 4 თვეში გარდაეცვალა და 2 თვის ფეხმძიმე დარჩა, წლების შემდეგ შვილიც დაეღუპა. შემოქმედებით საქმიანობას მაინც აგრძელებს. წარმატებულ, ძლიერ და ყველასათვის საყვარელ ადამიანად ის დღემდე რჩება.

დღეს მისი ცხოვრების ნაკლებად ცნობილ ამბებზე მოგიყვებით:

ბავშვობა და წლების შემდეგ ნაპოვნი ძმა

„ფაჩუაშვილი ჩემი მამინაცვალი იყო, მან ხუთი წლის ასაკიდან გამზარდა. თუმცა, მთელი სკოლის პერიოდში ადამია ვიყავი. მამაჩემს ჩემმა მამინაცვალმა შეუთვალა, ისედაც მე ვზრდი და უფლება მომეცი, ჩემი გვარი მივცეო. იმდენად კარგი და მზრუნველი ადამიანი იყო, რომ სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. დღემდე მამად მოვიხსენიებ და მის საფლავზე დავდივარ. მერე გაჩნდა ჩემი და. ისე ვიყავი გაეგოისტებული, მისი დახრჩობა მინდოდა.... მახსოვს, ხელში დასაჭერად რომ მომაწოდეს, ბევრი ვაჯანჯღარე, ლამის ტვინის შერყევა დავმართე. მიუხედავად იმ დიდი სიყვარულისა, რაც ჩემმა ოჯახმა მომცა – მამინაცვალმა მართლა არაფერი დამაკლო, მთელი ცხოვრება მომიძღვნა, რა თქმა უნდა, სულ მაქვს იმის შეგრძნება, რომ მეორე ვარ და არა პირველი. სხვათა შორის, ერთი უცნაური რამ მოხდა და ამას, პირველად ვამბობ ხმამაღლა. მამის მხრიდან უმცროსი ძმა მყავს, რომელთანაც, სამწუხაროდ, კონტაქტი არ მქონია, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ მამასთან არ მქონდა ურთიერთობა. როცა უკვე დიდი ვიყავი შუახნის ასაკში ახალ სახლში გადავედი. მითხრეს, შენს თავზე გვარად ადამიები ცხოვრობენო. ვიფიქრე ავალ, ვნახავ ვინ არიან, ვინ უნდა იხმაუროს, ვინ უნდა ჩამოუშვას წყალი-მეთქი. რომ ავედი, ერთი სიმპათიური ახალგაზრდა კაცი დამხვდა. რემონტს აკეთებდა, მუშები ჰყავდა. რომ ვუთხრი, იცით, მე ადამია ვარ და ძალიან მწყდება გული, რომ ჩემს გვარს ვერ ვატარებ-მეთქი, გაეღიმა. ხელი გადამხვია, გვერდზე გამიყვანა და მითხრა: ნურაფერს მიყვები, ნანა, ყველაფერი კარგად ვიცი შენს შესახებ. შენ ჩემი და ხარო. ისე ცუდად გავხდი, ცრემლები ძლივს შევიკავე. სერიალებში რომ ხდება, ასეთი რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში. მას შემდეგ, ძალიან დავახლოვდით ოჯახებით. იმ სახლში მისი შვილი და შვილიშვილები ცხოვრობენ. ღმერთმა ინება ასე, რომ ერთმანეთი გვეპოვა. განსაკუთრებულად მეძახის დაიკოს და თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიხარია ამ წლებში ამის გაგონება, როცა იცი, რომ ნამდვილი და ხალასია“, - იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში ნანა ფაჩუაშვილი.

ქორწინება და დაქვრივება - ახალი ოჯახის შექმნა და ისევ დაქვრივება

მსახიობ ნანა ფაჩუაშვილის პირადი ცხოვრება სიმძიმებით სავსეა. პირველად 19 წლის ასაკში დაქორწინდა, ქმარი 4 თვეში გარდაეცვალა და 2 თვის ფეხმძმე დარჩა. ვაჟი გააჩინა და გარდაცვლილი ქმრის სახელი დაარქვა... მეუღლის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ შეხვდა ადამიანს, რომელსაც კვლავ დაუკავშირა ცხოვრება, მასთან გოგონა შეეძინა. მეორე მეუღლისთვის ხელი ჰქონდა ჩაკიდებული, როცა სული დალია.

„საკმაოდ მკაცრად მომექცა ცხოვრება – 19 წლის დავქვრივდი და დავრჩი მარტო, ბავშვთან ერთად – ეს უკვე თავისთავად დიდი განცდაა. მაშინ ორთვე-ნახევრის ფეხმძიმე ვიყავი, მაგრამ, არცერთი წუთით არ მიფიქრია, ბავშვი მომეშორებინა; პირიქით, ძალიან სასიხარულო იყო, რომ მისი სახელისა და გვარის გამგრძელებელი ჩნდებოდა – თითქოს მისი სიცოცხლე მის შვილში გაგრძელდა...

დიდი სტრესი ახალგაზრდობაში მივიღე და დღემდე ვცხოვრობ გარკვეული შიშით. ყველაფერს უფრო მძაფრად აღვიქვამ, ვიდრე შეიძლება ადამიანმა აღიქვას; ბევრად ემოციური გავხდი, სულ ცუდზე ვფიქრობ... მერე, ინსტიტუტი რომ დავამთავრე, რუსთაველის თეატრში გამანაწილეს და ეს თვითგადარჩენა იყო ჩემთვის. დღემდე უზომოდ მიყვარს ჩემი პროფესია და ამან ეტაპობრივად გადაფარა ის ცუდი, რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში.

საბედისწერო მამაკაცებს - თამაზ აფხაიძესა და ტრისტან ყველაიძეს მსახიობი ასე იხსენებს:

„ტრისტანმა პირველად ინსტიტუტში, ცეკვის გაკვეთილზე დამინახა. მე, ბუფეტში შევამჩნიე, როდესაც ძალიან სიმპათიური ყმაწვილი რძიან ჩაის მიირთმევდა. მეორედ დიდ აუდიტორიაში ვნახე, როიალზე უკრავდა. ტრისტანი ერთი კურსით წინ იყო. ურთიერთსიმპათიები დიდ გრძნობაში გადაიზარდა. მეორე კურსი რომ დავხურე, ზაფხულში დასასვენებლად ბორჯომის ხეობაში გავემგზავრე. იქ კიდევ უფრო კარგი ბიჭი დავინახე. სულაც არ ვჩქარობდი გათხოვებას, მაგრამ თამაზმა ძალიან იაქტიურა. რომ ჩამოვედი, ტრისტანს თავი დავანებე და თამაზს გავყევი ცოლად. ორთვე-ნახევრის ფეხმძიმე ვიყავი, ბაქოში გადაღებებზე მიმიწვიეს, სადაც ტრაგედია მოხდა. მთელი გადამღები ჯგუფი სასტუმროში ვიყავით. თამაზმა ჩამომაკითხა თავის ძმასთან და მეგობრებთან ერთად. აღმოსავლურ ენებზე სწავლობდა, უნივერსიტეტს ამთავრებდა და მერე ირანში მიდიოდა სწავლის გასაგრძელებლად. დღე და ღამე იჯდა და მეცადინეობდა. თან, ბაბინებიანი მაგნიტოფონი ჰქონდა ჩამოტანილი. იმ დღეს ყველა იქ ვიყავით. ხელში მიკროფონი ეჭირა, თავის ხმას იწერდა. მაგნიტოფონს თავი ახდილი ჰქონდა. უცებ რაღაცაზე ხელი მოუხვდა და იქვე მოკლა. ვერ ვუშველეთ. ყველაფერი წამებში მოხდა. ბავშვი, რომელსაც მუცლით ვატარებდი, დავიტოვე. მყავს არაჩვეულებრივი ვაჟი, თამაზ აფხაიძე. მერე თეატრში დავბრუნდი. ახალგაზრდა ვიყავი, ჩემმა წარმატებამ თავბრუ დამახვია, ტრისტანსაც დავუბრუნდი. მაშინ, თამაზი სამი წლის იყო. ერთხელ მკითხა: შეიძლება, შენი ბიჭი ვნახო როგორიაო და აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მოკლედ, სტუდენტობის სიყვარული რაც დავანგრიე, აღვადგინე. ამასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო, ერთხელ, მე და ჩემმა პირველმა ქმარმა რუსთაველზე ჩავიარეთ. ტრისტანი, ინსტიტუტთან იდგა. მერე ჩვენ რომ დავქორწინდით მითხრა: იცი, მაშინ რა ვიფიქრე? ნანა უნდა გათხოვილიყო, იმიტომ რომ, ეს ბიჭი ჩემზე უკეთესია. მეც ასე მოვიქცეოდი, შენზე კარგ გოგოს თუ ვნახავდიო. ტრისტანთან ქალიშვილი შემეძინა. დიდხანს ვიცხოვრეთ ერთად. გული აწუხებდა. პირველად, ოცდაათი წლის ასაკში მოუვიდა გულის შეტევა სცენაზე. ორი წლის შემდეგ შეტევა გაუმეორდა. სასურველი არ იყო ემოციური ყოფილიყო თამაშის დროს, მაგრამ ვერ შეელია სცენას. სხვათა შორის, ჩვენ ხშირად ვიყავით სცენაზე პარტნიორები. ოცდახუთი წელი იცხოვრა ინფარქტიანმა. თითქოს შიშით არ ცხოვრობდა, მაგრამ მე სულ სტრესში ვიყავი. ძილიც კი არ მქონდა. პირველ იანვარს, ჩემი ვაჟის დაბადების დღეზე გარდაიცვალა. ორ იანვარს ჩემი დაბადების დღეა. ამიტომ არც ახალი წლის დადგომა მიხარია და არც ჩემი დაბადების დღის“.

წარმატებულული კარიერის პარალელურად ნანა ფაჩუაშვილის ცხოვრებაში ტრაგედიები არ მთვარებოდა

გასული წლის 4 თებერვალს თეატრისა და კინოს მსახიობის ნანა ფაჩუაშვილის ვაჟი, 55 წლის თამაზ აფხაიძე გარდაიცვალა. ეს კიდევ ერთი დარტყმა იყო ნანა ფაჩუაშვილის ცხოვრებაში. თუმცა მან მაინც მოახერხა ცხოვრების გაგრძელება შვილიშვილებსა და შვილთაშილს ყურადებას არ კაებს და ცდილობს ჯმუდმივად დაკავებული იყოს.

ნანა ფაჩუაშვილი და კარიერა

„ოჯახში უნდოდათ, რომ სამედიცინოზე ჩამებარებინა. ერთ მშვენიერ დღეს, ვზივარ ჩემთვის ოთახში. ფიზიკისა და ქიმიის მასწავლებლებთან უნდა წავიდე. არ ვიცი, ეს ფიზიკა და ქიმია. ვფიქრობ, რა გავაკეთო? უცებ კარი შემოაღო ჩვენი ოჯახის ახლობელმა სიკო დოლიძემ. რა გატირებსო – მკითხა. სამედიცინოზე ჩაბარება არ მინდა-მეთქი. გავიდა მეორე ოთახში ჩემს მშობლებთან და უთხრა: მომეცით ეს ბავშვი. წელს კინომსახიობთა ჯგუფი უნდა გავხსნა და ჩემთან წავიყვანო. მსახიობობაზე ვგიჟდებოდი, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. ძალიან მორცხვი ვიყავი და წარმოუდგენლად მიმაჩნდა, ჩემი თავი მსახიობად. ეს იყო ჩემი ჩუმი ოცნება. მერე ბატონმა სიკომ მითხრა: რვა დღეში თუ მოასწრებ და ისწავლი ლექსს, პროზას, იცეკვებ, იმღერებ – გამოცდებს ჩააბარებ, ოღონდ იცოდე მერე არ შემარცხვინოო. დავიფიცე, რომ კარგად ვისწავლიდი და ასეც იყო, პირველი კურსიდან წარმატებული სტუდენტი ვიყავი. გამოცდები იმდენად ცუდად ჩავაბარე – ნამდვილად არ ვიყავი გამორჩეული, რომ ეთერ გუგუშვილმა ბატონ სიკოს უთხრა: ეს გოგო არ მომწონს. ალბათ, თქვენი პროტეჟეა, რადგან თქვენ იყვანთ ამ ჯგუფს და, აი ნახავთ, როგორ არ გაგიმართლებთო. რამდენიმე წლის შემდეგ, უკვე მსახიობი რომ გავხდი, სტურუას სპექტაკლზე „მზიანი ღამე, სადაც მე ვთამაშობდი, რეცენზია დაიწერა და გუგუშვილმა შემაქო. როცა შევხვდი, ხუმრობით ვუთხარი, ამით თქვენი სიტყვები უკან წაიღეთ-მეთქი. როდის ვთქვი შენზე ცუდი, არ მახსოვსო. თქვენ არ გახსოვთ, სამაგიეროდ მე მახსოვს. ამან ისეთი სტიმული მომცა, ვერ წარმოიდგენთ-მეთქი.

თამამი სცენები ნანას კარიერაში

„მესამე კურსს ვამთავრებდი, როდესაც ბადრი კობახიძე სადიპლომო სპექტაკლს დგამდა. მოვიდა და მითხრა: შენი მონაცემები მაწყობს, მაგრამ არ ვიცი, გაიხდი თუ არაო. დავთანხმდი. დამწყები მსახიობი ვიყავი და ყველაფერი, რაც ახალი იყო, მაინტერესებდა. ეს იყო „ადამი და ევა“. მე ვთამაშობდი ევას, კახი კავსაძე – ადამს, ეროსი მანჯგალაძე – ღმერთს, გოგი გეგეჭკორი – ეშმაკს, კარლო საკანდელიძე და ბორია წიფურია – ანგელოზებს. ყველანაირად საპასუხისმგებლო როლი იყო. მე უნდა მეცეკვა, მემღერა. ჩამაცვეს ძალიან თხელი, გამჭვირვალე კოსტიუმი, წინ ფოთოლით, რომელიც განათების ფონზე სიშიშვლის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ასევე იყო კახი კავსაძეც. პრემიერის შემდეგ მთელი ამბავი ატყდა. ყველა ამაზე ლაპარაკობდა. დამიბარა დეკანმა. ძალიან ცუდად მოიქეცი შიშველი რომ გახვედი. თუ ამ თეატრს თავს არ დაანებებ, ინსტიტუტიდან გაგრიცხავთო. გამრიცხეს, იმიტომ რომ რუსთაველის თეატრი ვარჩიე. ერთი წელი ვიყავი ასე. შემდეგ წელს მეოთხე კურსის საგნები ჩავაბარე და კურსი დავხურე. შემდეგ იყო სპექტაკლი, სადაც ასევე თამამი სცენები მქონდა: „რიჩარდ მესამე”, „თუთარჩელა”, ტელესპექტაკლი „ჯაყოს ხიზნები”. როდესაც დიდ რეჟისორებთან მუშაობ და იცი, რომ ეს იქნება შენი წარმატების ის საფეხური, რასაც მაღალი ხელოვნება ჰქვია, აუცილებლად დათანხმდები და ბედნიერი ვარ, რომ რობიკო და თემურ ჩხეიძე ასეთ როლებს მთავაზობდნენ“.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რეი ჩარლზი, ჯეიმს ბრაუნი და სხვა ლეგენდარული სახეები საბჭოთა საქართველოში

ცნობილი ქალების ამბები ციხიდან - „ქურდებმა ციხეში ტორტი გამომიგზავნეს, პატივი მცეს“

ილიკო სუხიშვლის ტრაგიკული სიყვარული, 2 შვილი და ბევრი რომანი