Digest Logo

„ირაკლიმ სიკვდილი გამიადვილა, ნანამ კიდევ, სიკვდილი მომანდომა“ - გელა ჩარკვიანის ტრაგედიებით აღსავსე პირადი

1636444387
გელა ჩარკვიანი

გენიოსები მიდიან.... 2021 წლის 9 ნოემბერს საქართველომ და მსოფლიომ უნიჭიერესი ადამიანი გელა ჩარკვიანი დაკარგა. ის 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის იყო უდიდესი ტრაგედიების მომსწრე კაცი, რომელმაც სიცოცხლე ღირსეულად გაატარა.

„დაიჯესტი“ დღეს გელა ჩარკვიანის განვლილ ცხოვრებაზე მოგიყვებათ.

კარიერა

გელა ჩარკვიანის კარიერა საქართველოს ტელევიზიიდან დაიწყო, სადაც 1976-დან 1994 წლამდე საავტორო გადაცემა მიჰყავდა. 1984-დან 1992 წლამდე იყო საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ვიცე-პრეზიდენტი. 1980-იანი წლებში და 1990-იანი წლების დასაწყისში გელა ჩარკვიანმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ჯორჯიის შტატის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ახლო კავშირების ჩამოყალიბებაში. ჩარკვიანი ამერიკელ მთხრობელსა და მეზღაპრე ლორელი კულის, მისი თბილისში, 1989 წლის ნოემბერში ვიზიტისას ქართული ზღაპრების შეგროვებაში დაეხმარა. მოგვიანებით, 1990-იანი წლების დასაწყისში ქართველ მსახიობთა ჯგუფთან ერთად იმოგზაურა ატლანტაში, სადაც ამერიკაში მცხოვრებ ქართველებისთვის მოეწყო ტრადიციული, ქართული ღონისძიება – თბილისობა.

1992 წლიდან 2003 წლამდე ჩარკვიანი საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი იყო. 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო 2006 წლიდან ელჩი იყო. დიპლომატიური საქმიანობა 2011 წლის სექტემბერში შეწყვიტა. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით (2011) და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით (2013).

სიყვარული და გარდაცვლილი მეუღლე

სტუდენტობა და სიყვარული

ჩამოვედი თბილისში და ჩავაბარე სამშენებლოზე. 1960 წელს ვითხოვე ცოლი. ნანა თოიძე ქუჩაში გავიცანი, 1959 წელს. ზემელზე მივდიოდი ფეხით. ნანა და მისი მეგობარი ნანდა ნიკოლაიშვილი, მოპირდაპირე მხრიდან მოდიოდნენ, ელბაქიძის დაღმართზე.

ნანდას ვიცნობდი. ერთმანეთს გამოველაპარაკეთ. საუბრის დროს პროფილში ვხედავდი ნანას სახეს. იმ დღეს კონცერტზე დამპატიჟეს. მერე ერთი-ორჯერ კიდევ ასე, შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. ისევ კონცერტზე წავედით და ისევ მათ ხარჯზე. ფული არ მქონდა. ერთი თვის შემდეგ ისევ შევხვდით ერთმანეთს. საღამო ხანი იყო, ნანდა და ნანა სახლში უნდა წასულიყვნენ. როცა ნანა ტროლეიბუსში ჩაჯდა, გავეკიდე და მეც ჩავჯექი, სახლში მივაცილე. ქალები ხომ ეშმაკები არიან. სულ რომ ატომურ ფიზიკაზე ელაპარაკო ქალს, მაინც არ დაიჯერებს ამას. ინსტიტუტში აღარ დავდიოდი, პირდაპირ მასთან ავდიოდი სახლში. დედამისთან ერთად საღამომდე ვიჯექი. ასე თითქმის ორი წელი ვიყავით. პროლეტარული ქორწილი გვქონდა. სხვანაირი ქორწილი ჩვენი ოჯახის წესებში არ შედიოდა. გაკეთდა უბრალო სადილი. მაგიდაზე გვედო სუპი და კატლეტი. „გეპეიში“ მესამე კურსზე ვიყავი. ერთ მშვენიერ დღეს დედაჩემს და მამაჩემს გამოვუცხადე, „გეპეიში“ წასვლა აღარ მინდა. უცხო ენათა ინსტიტუტში ვიყავი, გამსინჯეს და მითხრეს, რომ შეუძლიათ, მესამე კურსზე მიმიღონ-მეთქი. ამაზე ოჯახში დიდი ამბები გვქონდა. იმ დროს ჩვენ კამოს ქუჩაზე ვცხოვრობდით. მე და ჩემს ცოლს გაბრაზებულებმა გვითხრეს, წადით აქედანო. ნანას დედას ოროთახიანი ჰქონდა ვაკეში და წავედით კიდეც. მერე, რა თქმა უნდა, შევრიგდით. წასვლით კი წავედით, მაგრამ რით უნდა გვეცხოვრა, ფული არ გვქონდა. მამაჩემი თვეში 80 მანეთს მაძლევდა. მეც რაღაცას ვცდილობდი და ამას ჩემი მუსიკალური ნიჭის წყალობით ვახერხებდი. იმ დროს მოდაში იყო თვითშემოქმედება ქარხნებში. ვიყავი ორი ორკესტრის ხელმძღვანელი – მაუდკამვოლის კომბინატისა და რადიოქარხნის. ორივე დიდუბეში იყო. ტრამვაით მივდიოდი და მოვდიოდი. ტრამვაიში ვწერდი პარტიტურებს. ამაში ფულს მიხდიდნენ. ბევრს არა, ცოტას, მაგრამ ამით ვცხოვრობდი. ამას დედაჩემისა და მამაჩემის მოცემული ფული ემატებოდა. უცხო ენათა ინსტიტუტი ცნობილი იყო თვითშემოქმედებით. მეც ჩამრთეს. მეტი რა მინდოდა? დავიწყე ლექციების გაცდენა. სამაგიეროდ, ზაფხულობით ვმეცადინეობდი ორმაგად.

გელა ჩარკვიანს, მეუღლის, ნანა თოიძის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული აკავშირდება.

გელა ჩარკვიანის ყველა პოსტი განსაკუთრებული და საინტერესოა, თუმცა ნანა თოიძის შესახებ დაწერილი მოგონებები ყველზე მეტი ემოციითა და გრძნობებითაა იყო სავსე, ის ხშირად წერდა მისი ცხოვრების მთავარ სიყვარულზე.

„2012 წელი არის ჩემი annus horribiles. ექვს აგვისტოს ჩემ თვალწინ გარდაიცვალა ნანა თოიძე, არსება, რომელიც ამ ქვეყნად ყველაზე უფრო მიყვარდა და მარად მეყვარება. ადრეც მითქვამს, ნამდვილი სიყვარული არ იკურნება“,- წერდა გელა ჩარკვიანი.

გთავაზობთ გელა ჩარკვიანის წიგნიდან ერთ-ერთ ამონარიდს, რომელშიც დიპლომატი მუსიკოს მეუღლეს, უნებისყოფო დიდ ბავშვად მოიხსენიებს:

„სიტყვით ჩვენ არასდროს შევპირებივართ ერთმანეთს, არ აგვიღია ვალდებულება მოგვეკლა თავი მეორის სიკვდილის გამო, მაგრამ ჩვენი გრძნობის სიმძაფრე, ვფიქრობ, ამას თავისთავად გულისხმობდა. ეს აზრი მოსვენებას არ მაძლევს, განსაკუთრებით, როცა ღამდება და მარტო ვრჩები. ცოცხლად დარჩენილების მიმართ პასუხისმგებლობას ვიმიზეზებ და მომაკვდინებელი ორმოცი აბის ნაცვლად, ერთს ვიღებ, იმისათვის, რომ ჩამეძინოს და სადღაც გარიჟრაჟზე ნანა დამესიზმროს.

ლამაზი ნანა, ერთი შეხედვით, დიდი ბავშვი იყო – ბავშვურად ეშმაკი და თავკერძა. ნებისყოფის ნატამალი არ გააჩნდა და არც მიიჩნევდა საჭიროდ, რომ ჰქონოდა. არათუ მომავალი სიკეთეების ხიბლით, სიკვდილის მუქარითაც ვერ ათქმევინებდი უარს მყისიერ სიამოვნებაზე. ოჯახის ბიუჯეტის მართვას თუ ანდობდი, ერთი თვისას ერთ დღეში დაგიხარჯავდა. სიცოცხლის ბოლო თვეებშიც კი, დიდად შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მიუხედავად, მზად იყო ნებისმიერ დროს წასულიყო სტუმრად. დაპატიჟების დრო და თარიღი ერთადერთი რამ იყო, რაც არ ავიწყდებოდა.

გამუდმებით თამბაქოს ეწეოდა და ბოდიში მინდა მოვუხადო იმ სამედიცინო ფაქტებისა და დიდაქტიკური სისულეების გამო, უხვად რომ ვახვევდი თავს იმ იმედით, რომ წევას მოეშვებოდა, თუმცა ვიცოდი, რომ ნანა ამას ვერასდროს შეძლებდა. ინტელექტუალურ საუბრებს გაურბოდა. მისტიკური ბუნების უტყუარი ინტუიციით იკვლევდა გზას. ყოველ წამს იცოდა, რას ფიქრობდი. შეუმცდარად განასხვავებდა ბოროტსა და კეთილს, მტერსა და მოყვარეს. სიტყვაძუნწი იყო. მეგობრებთან ერთად სუფრასთან მჯდომს, შეეძლო სამი საათის განმავლობაში ერთხელ არ ამოეღო ხმა. ამიტომაც მის ბოლომდე ამოცნობას ვერავინ შეძლებდა და ვერც მე შევძელი ორმოცდათოთხმეტწლიანი თანაცხოვრების მიუხედავად.

იქნებ მისი ჭეშმარიტი რაობის მიუწვდომლობა ასაზრდოებდა და დღენიადაგ განაახლებდა ჩემს სიყვარულს. ნანა სფინქსი იყო და, ალბათ, სულის რომელიმე ღრმა სამალავში ჰქონდა საიდუმლოება, რომელიც თან გაიყოლა“, - წერდა გელა ჩარკვიანი.

გარდაცვლილი შვილი

გელა ჩარკვიანი შვილის სიკვდილის მომსწრეც გახდა.

ირაკლი ჩარკვიანი „მეფე“ 45 წლის ასაკში, 2006 წლის 24 თებერვალს გარდაიცვალა ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

„კართან ვიდექი. არც გავდიოდი და არც უკან ვიხედებოდი. ძალიან არ მინდოდა, დამენახა ის თითქმის შეუმჩნეველი ცვლილება, რომელიც შევამჩნიე და არ შევიმჩნიე – ის ზარდამცემი, უსასრულოდ მცირე სხვა¬ობა, ახლად მკვდარს ცოცხლისგან რომ განასხვავებს. რამდენ ხანს შემეძლო მეტყუებინა თავი?...

მივედი და იმავე ბეჭზე ხელი დავადე. არ სუნთქავდა. მერე მკერდს ჩავუყევი. მხოლოდ გულის სიახლოვეს აღმოვაჩინე პაწაწინა თბილი წერტილი. სასწრაფოს ექიმმა გარდაცვალება დაადასტურა,” – იხსენებდა გელა ჩარკვიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ბოლო 2 თვის განმავლობაში, 5 ათასი კილომეტრი გავიარე, ლამის მთელ საქართველოს შემოვუარე და ჩემი მანქანა ორმოში ერთხელაც არ ჩავარდნილა - ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა წინ წავიდა...“ - ბაკურ ბაკურაძე

🔵ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი

🔵მეუღლესა და ქალიშვილზე ძალადობა, სასტიკად ნაცემი ბიზნესმენი და 20 წლით პატარა რჩეული - სკანდალებში გახვეული დავით კოდუას პირადი ამბები

🔵„კაპიკები იყო ანაზღაურება... ეგონათ, სიტყვა ლეგენდა გაგვიკეთებდა ყველაფერს, მათ შორის საჭმელსაც გვაჭმევდა“ - ქეთი წიკლაური მძიმე წარსულზე