Digest Logo

„კანონიერი ქურდი“, რომლის გულის მოგებას ადვოკატი და მოსამართლე ქალებიც ცდილობდნენ

1613733322
ე.წ. კანონიერი ქურდი

იყო დრო, როდესაც მისი სახელისა და გვარის ხსენება შიშის ზარს სცემდა ადამიანებს, თუმცა რაიონში ის ბევრს უყვარდა და თავის მფარველად ეგულებოდა.

ციხეში გატარებულმა 24-მა წელიწადმა ისე გამოაწრთო, რომ ცხოვრება ალბათ, ვეღარაფრით გააკვირვებს. როგორც თავად ამბობს, მისი გულის დასაპყრობად ულამაზესი ქალები ეცილებოდნენ ერთმანეთს. მათ შორის იყო მოსამართლე, რომელმაც მას ათწლიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანა და მისი ადვოკატები...

დიახ დღეს ჩვენ მოგიყვებით კანონიერ ქრდზე, რომელმაც ეს სტატუსი 15 წლის ასაკში მიიღო. მაშ ასე:

გვარი - ბურდულაძე

სახელი - სპარტაკი

დაბადების წელი - 1957

ოჯახური მდგომარეობა - ცოლშვილიანი

საქმიანობა - კანონიერი ქურდი, 15 წლის ასაკიდან

ეს გახლავთ ანკეტური მონა­ცემები, რომელიც მასზე შედგენილ „საქმეებში“ ეწერა. იყო დრო, როდესაც მისი სახელისა და გვარის ხსენება შიშის ზარს სცემდა ადამიანებს, თუმცა რაიონში ის ბევრს უყვარდა და თავის მფარველად ეგულებოდა.

ციხეში გატარებულმა 24-მა წელიწადმა ისე გამოაწრთო, რომ ცხოვრება ალბათ, ვეღარაფრით გააკვირვებს. როგორც თავად ამბობს, მისი გულის დასაპყრობად ულამაზესი ქალები ეცილებოდნენ ერთმანეთს. მათ შორის იყო მოსამართლე, რომელმაც მას ათწლიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანა და მისი ადვოკატები...

ინტერვიუ 16 წლის წინაა ჩაწერილი. ამ პუბლიკაციით, ქურდული სამყაროს პროპაგანდას არ ვცდილობთ. პირიქით, გვსურს, სწორედ მათ ნაკლოვანებებზე გავამახვილოთ ყურადღება და გავავლოთ ზღვარი დღევანდელ და მაშინდელ ყოფას შორის, მკითხველს დავანახოთ ქურდულიი მენტალიტეტის მანკიერი მხარეები.

„ნათლიმამა“

მოჭიდავე ვიყავი. 14 წლის ასაკში გავხდი საქართველოს ჩემპიონი ჭაბუკებს შორის. დიდ მომავალს მიწინასწარ­მეტყ­ველებდნენ, ჩემ შესახებ გაზეთებში წერდნენ... სკოლაშიც, მერვე კლასამდე კარგ მოსწავლედ ვითვლებოდი. შემდეგ სწავლაზე გული ავიცრუე და მთელ დღეს ქუჩაში ვატარებდი ხოლმე. ახლაც ხშირად მახსენდება ერთი ბებერი ქურდის სიტყვები. მას არაქურდად ტოვებდნენ და ასეთი რამ თქვა: მე კაცობა და ქურდული გაგება ქუჩამ მომცა და არა ქურდებმა, თქვენ ვერ წამართმევთ იმას, რაც არ მოგიციათო... მეც სწორედ ასე დამემართა. წნორში არის რკინიგზის სადგური, რომელსაც რამდენიმე საწყობი ჰქონდა. იქ ინახებოდა აზერბაიჯანიდან შემოსული საქონელი, სამშენებლო მასალები და ათასი რამ. ყველა თავისთვის ჩალიჩობდა - ზოგი იპარავდა, ზოგიც იმ საწყობში მუშაობდა... ერთ საღამოს, კარგად შებინდებული იყო, როდესაც მე და ჩემი ორი მეგობარი სადგურზე დავხეტიალებდით და ერთ-ერთი საწყობიდან ხმამაღალი ლაპარაკი შემოგვესმა. შევე­დით.

ერთი კაცი სამს ედავებოდა და ჟარგონით ელაპარაკებოდა. სამიდან ერთ-ერთი, ამ საწყობის დარაჯი გახლდათ და კარგად ვიცნობდით. ბიჭებმა თქვეს, მივეხმაროთო, მაგრამ საწყობში რომ შევე­დით, რატომღაც მე იმის მხარეზე დავდექი, ვინც მარტო იყო. ბოლოს, ამ კაცმა იარაღი ამოიღო, ერთ-ერთს შუბლზე მიადო და უთხრა: ახლა სიცოცხლეს გჩუქნით, მაგრამ სხვა დროს გზაზე აღარ გადამეყაროთ, თქვენ რომ იცოდეთ, ვინ ვარ, შიშით სული გაგძვრებოდათო. შემდეგ მხარზე ხელი გადამხვია და გარეთ გამიყვანა. მეგობრებიც გამომყვნენ. ამ კაცმა თვალებში ჩამხედა და მკითხა:

- იცი, ვინ ვარო? - მხრები ავიჩეჩე. - ზიმა გაგიგია? ზიმა ვარო. - ლამის გავგიჟდი: ამ კაცის სახელით გვაშინებდნენ ხოლმე ბავშვებს. ქურდი იყო და მთელ საქართველოს აზანზარებდა. სამივე რესტორანში წაგვიყვანა. სუფრასთან დავსხედით.

ოფიციანტს უთხრა:

- პურმარილი გაგვიშალე და თან 500 მანეთი მოაყოლეო. ყველანი თითის წვერებზე დადიოდნენ და ცდილობდნენ, არაფერი ეწყენინებინათ მისთვის. მაშინ უფრო დავრწმუნდი, რომ ეს კაცი მართლა ზიმა იყო. სამ-სამი ჭიქა ღვინო დაგვალევინა. თან გვკითხა,

- ვინ უნდა გახდეთ, რომ გაიზრდებითო? ბიჭებმა რაღაც უაზრო პასუხი გასცეს.

- ქურდი უნდა გავხდე-მეთქი, - ვუთხარი, რადგან ამ კაცის მეშინოდა და მინდოდა, მესიამოვნებინა, რომ არაფერი დაეშავებინა ჩვენთვის. ჩემი პასუხი ძალზე მოეწონა. მაშინ 14 წლისა ვიყავი და საკმაოდ უჩვეულო სიტუაციაში აღმოვჩნდი. რესტორნიდან რომ გამოვდიოდით, მომსახურე პერსონალს ჩემზე მიუთითა და უთხრა:

- ეს ბიჭი როცა მოვა, კაცურად დახვდით და მისი ხარჯი ჩემს ანგარიშზე დაწერეთო... ზიმა სოფელ ანაგაში ცხოვრობდა. სამივენი თავისთან წაგვიყვანა. მის მეზობლად მოხუცი კაცი ცხოვრობდა. ქურდი არ იყო, მაგრამ „ნასროკალი“ და დიდი უბედური ვინმე გახლდათ.

სწორედ იმ კაცს დაუძახა:

- პატარა ქურდები მყავს მოყვანილი და მოდიო... ის თოფით წამოგვადგა თავზე, თან გვაგინებს, თან გვეკითხება:

- აბა, მითხარით, ქურდი რას ნიშნავსო? ბიჭების პასუხები არ მოეწონა და სულ გინებ-გინებით აქცია ზურგი. ბოლოს, მე მომიბრუნდა. გონება გამალებით მიმუშავებდა, მინდოდა, სხარტად ისეთი პასუხი გამეცა, რომ არ შეეგინებინა.

- ქურდი ის არის, მილიციონე­რებს დედას რომ უტირებს-მეთქი, - ვუპასუ­ხე. ჩემი პასუხი მოეწონა.

- სად სწავლობო? - მკითხა.

- სკოლაში დავდივარ, მე-8 კლასში, მაგრამ გაკვეთილებს იშვიათად ვესწრები-მეთქი.
ეს პასუხიც მოეწონა და მან და ზიმამ ერთმანეთს გადაულაპარაკეს: - ამისგან შესაძლოა, რაიმე გამოვიდესო... იმ ღამით იქ დაგვტოვეს. დილით რომ ავდექი, აღმოჩნდა, რომ ჩემი მეგობრები გაპარულიყვნენ, მე კი არც გამაღვიძეს. ვიცოდი, ოჯახი შეშფოთებული იქნებოდა, ღამე შინ რომ არ გავათიე, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ზიმასთან მთელი ათი დღე დავრჩი. სადაც მიდიოდა, თან დავყავდი. ყველა სურვილს მისრულებდა. მაღაზიაში შემიყვანდა, რაც მინდოდა, ყიდულობდა, თან გამყიდველს აფრთხილებდა:

- ეს ბიჭი რომ შემოვა, უარი არაფერზე უთხრათ, ფულს მე ვიხდიო...

უზომოდ კმაყოფილი ვიყავი. მომწონდა, რომ მისი ყველას ეშინოდა, მე კი ასე მმფარველობდა. მის გვერდით გავატარე თითქმის ერთ წელზე მეტი... 15 წლის რომ გავხდი, ავიჩემე, - ქურდობა მინდა-მეთქი. მანამდე საქმეებზე დავდიოდი, ვიპარავდი. თუ ქურდთან ერთად არ იყავი საქმეზე ნამყოფი, ისე ქურდი ვერ გახდებოდი. მე კი ეს პრობლემა არ მქონდა. ზიმა შეშფოთდა, არ უნდოდა, რომ 18 წლამდე ქურდი გავმხდარიყავი, რადგან თუ დამიჭერდნენ, არასრულწლოვნებში, ე.წ. „მალალეტკებში“ მოვხვდებოდი - ეს კი საშინელი ზონა იყო. იქ მოხვედრილ ბიჭებს „აფუჭებდნენ“ - გათიშავდნენ და ხელზე წითელ სამკლავურს უკეთებდნენ, ქურდებს აგინებინებდნენ. ამის შემდეგ ქურდი ვეღარ გახდებოდი. მე კი, ქურდი რომ გავმხდარიყავი და შემდეგ ზონაში გავეფუჭებინე, ეს დიდი სირცხვილი იქნებოდა, როგორც ჩემი, ისე ზიმასი და დანარჩენი ქურდების. სწორედ ამ მიზეზით მეუბნებოდა უარს ჩემი მფარველი. არ დავიშალე და მაინც ჩემი გავიტანე. ერთ დღეს, თბილისში ჩამოვედით. ზიმამ რამდენიმე გავლენიანი ავტორიტეტი შეკრიბა და გამოუცხადა:

ეს ბიჭი ქურდი უნდა გახდესო.

ქურდებმა შუბლი შეიჭმუხნეს.
- ცოდოა, ტანითაც პატარაა, რომ დაიჭირონ, რა ვქნათ? ქურდის სახელით რომ იქნება და დაიჭირონ, ხომ იცი, ავჭალაში (ბავშვთა კოლონიაში. - ავტ.) რას უზამენო?..

ზიმამ თავის თავზე აიღო ყველა ჩემი პრობლემის მოგვარება. შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, დამიწყეს გამოკითხვა, შემოწმება. ერთ-ერთმა უეცრად ხელი ამიქნია. ჯიქურ შევხედე თვალებში. ეს მოეწონათ. კითხვებზეც კარგად ვუპასუხე. ხანდახან, თუ რაიმე შემეშლებოდა, ზიმა ფეხზე ფეხს მაჭერდა და მანიშნებდა, რომ დაფიქრებით გამეცა პასუხი. ბოლოს მითხრეს, ქურდი ხარო. თან დამარიგეს:

- თუ გინდა, 18 წლამდე ნუ იტყვი, რა იცი, რა ხდებაო.

- არ მეშინია-მეთქი, - ვუპასუხე.

წინ დამიდეს დანა და პისტოლეტი და - აირჩიეო, - მითხრეს. დანა ავირჩიე...
მთელ კახეთს წამში მოედო ჩემი ქურდად „მონათვლის“ ამბავი. უკან რომ ვბრუნდებოდით, ყველა რაიონში გვხვდებოდნენ ქურდები და პურმარილზე გვეპატიჟებოდნენ. მე კი ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ მანქანაში უკანა სავარძელზე ვიწექი და მეძინა.
ზიმა ეუბნებოდა:

- ბავშვი დაღლილია, სხვა დროს აღვნიშნოთ ეს ამბავიო. ისინი ფულის დასტებს მიყრიდნენ მანქანაში და ამით ჩემ მიმართ პატივისცემას და მათ წრეში მიღებას უსვამდნენ ხაზს. აი, ასე გავხდი ქურდი. ამის შემდეგ საცხოვრებლად ზიმასთან გადავბარგდი. სკოლაში საერთოდ აღარ დავდიოდი. თუმცა, რამდენჯერმე დამიჭირეს მილიციელებმა და სკოლაში ძალით მიმიყვანეს. წარმოგიდგენიათ? ქურდი ხარ და გაკვეთილზე ზიხარ, როგორია?.. ზიმა მომაკითხავდა ხოლმე, მეც სკოლიდან ვიპარებოდი და ძველებურ ცხოვრებას ვაგრძელებდი. არც მშობლების პროტესტს ვაქცევდი ყურადღებას...

„ბრძოლა კაიფის უფლების მოსაპოვებლად“

ფული რომ გამიჩნდა, ნარკოტიკების გამსაღებლებმა შემიწყვეს ხელი და „წამალზე დამსვეს“. რადგან მაშინ არც ერთი ქურდი არ კაიფობდა, ისინი ეძებდნენ დასაყრდენსა და მფარველს.

ჩემი საშუალებით კი, იოლად იპოვეს გამოსავალი: წამალს მაძლევდნენ, მე კი ვმფარველობდი. ჩემი შიშით ვერავინ „აგდებდა“ ფულში და ვერც ზედმეტ სიტყვას ჰკადრებდა. ჩემი განარკომანების ამბავი ქურდების ყურამდე მივიდა. დამიბარეს „სხადნიაკზე“ და გამაფრთხილეს:

- თუ კიდევ შეგნიშნავთ, რომ კაიფში იქნები, არაქურდად დაგტოვებთო. მეც დავიფიცე, - აღარ გავეკარები-მეთქი, მაგრამ რა თქმა უნდა, პირობა ვერ შევასრულე. როცა კაიფში ვიყავი, ყველას ვემალებოდი ხოლმე, მაგრამ აბა, ქურდებს რას გამოაპარებ?.. ერთი ქურდი იყო, ანზორა ერქვა. დამიძახა და მითხრა:

- მე და შენ ქურდები ვართ, დღეს შენთან ერთად ქეიფი მინდა, როგორც მე დავლევ ღვინოს, შენც ისევე უნდა დალიოო...

რას ვეტყოდი? დავსხედით სუფრასთან, მაგრამ ორი ჭიქა დავლიე თუ არა, ცუდად გავხდი. გული ამერია და ძლივს მომაბრუნეს. რომ მოვკეთდი, ანზორა მიუბრუნდა ზიმას და უთხრა:

- რის ქურდი, რა ქურდი, ვერ ხედავ, კაიფში იბრიდება?!. დღეიდან სპარტაკა ქურდი აღარ იქნებაო! ტირილი და­ვიწყე. ზიმამ გარეთ გამიყვანა და სახეში ისეთი გამარტყა, რომ თვალებ­იდან ნაპერწკლები წამომცვივდა. თან მითხრა:

- რომ გეუბნებოდა, ქურდი არა ხარო, რატომ არ დაარტყიო?..
ამის თქმა იყო და ოთახში გიჟივით შევვარდი, ანზორას დავეტაკე და მუშტი სახეში ჩავცხე... იმის მერე ანზორას შევჯავრდი. მიხვდა, რომ ზიმამ წამაქეზა და მასაც ეჩხუბა. ბოლოს ზიმამ უთხრა: - რა გინდათ? ერთადერთი, ვისაც უფლება აქვს, ამ ბავშვს ხელი დაარტყას და რაიმე დაუშალოს, ეს მე ვარ! ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ყველას ხელს შემოგიბრუნებთ, შენც ქურდი ხარ და ესეც, ასაკს ამ შემთხვევაში მნიშვნ­ელობა არა აქვსო.

ასე დამთავრდა კონფლიქტი წამლის თაობაზე... ყოველ წუთს ვგრძნობდი ზიმას თანადგომას. ისე ვუყვარდი, თავის საწოლში მიწვენდა ხოლმე. ხშირად უთქვამს:

- წუხელ ცუდი სიზმარი ვნახე, დღეს არაფერი იმაიმუნო, ფული თუ გჭი­რდება, უჯრაში დევს და აიღე, არ მინდა, ხათაბალაში გაებაო.

შემდეგ ზიმა დაიჭირეს. ისე მენატრებოდა ხოლმე, რომ დიდ რისკზე მივდიოდი, ოღონდ მენახა. ფულზე ვჩალიჩობდი, შემდეგ ათმეტრიან კედელზე ავბობღდებოდი, კა-პე-ზე-ში შევიპარებოდი და ფულს, სიგარეტსა და პროდუქტს ვაწვდიდი ხოლმე. ერთხელ, უკან გადმოსვლისას, სროლაც კი ამიტეხეს. მაშინ სასწაულმა გადამარჩინა...

„ქალის გემო“

უკვე ქურდი ვიყავი, როდესაც ზიმამ მკითხა:

- ქალთან თუ ყოფილხარო?

- არა-მეთქი, - გავუქნიე თავი.

იმავე საღამოს, ერთ ადგილზე მიმიყვანა. იქ საკმაოდ ასაკოვანი ქალი დაგვხვდა. მოხუცი კი არ იყო, უბრალოდ, ჩემზე საკმაოდ დიდი გახლდათ - ასე, 35 წლის იქნებოდა. ზიმამ იმ ქალს ფული გადაუხადა და წავიდა. გული გამალებით მიცემდა რაღაც ახლის მოლოდინში, მაგრამ იმ ქალმა შემაბა:

- სპარტაკ, თითქმის შენი ასაკის შვილი მყავს, შენთან ვერ დავწვები, მაგრამ საიდუმლო შემინახე, გთხოვ, ზიმას არაფერი უთხრაო.

დილით ისე მოვაჩვენე ზიმას თავი, თითქოს ყველაფერი ხუთიანზე ჩატარდა... გავიდა ხანი. ოთხკაციანი ჯგუფი საკმაოდ შეძლებულ ოჯახს ვაყაჩაღებდით. უკვე სახლში ვიყავით შესულები და ოთახებს ვჩხრეკდით. ერთ-ერთი ოთახის კარი შევაღე და რას ვხედავ?.. ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ქალს იარაღით ადგას და თან... მოკლედ, ამის დანახვამ ჭკუიდან გადამიყვანა. ჩემი მეგობარი მიხვდა, რაც მჭირდა და ეს ქალი მე დამიტოვა... უზომოდ გახარებული და ბედნიერი წამოვედი იქიდან. ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა, წამოსაღებიც წამოვიღეთ და მეც კმაყოფილი დავრჩი. ზიმასთან რომ მივედი, თვალები ისე უჩვეულოდ მიბრწყინავდა, მაშინვე მიხვდა, რომ იქ რაღაც მოხდა. მეც არ დავუმალე და ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე. სახეში გამილაწუნა. შემდეგ ჯგუფის წევრები დაიბარა და ყველა წიხლით სცემა. თან ეუბნებოდა:

- თქვენ ბოზები ხართ, ქურდულთან საქმე აღარ გაქვთ, ბავშვი როგორ გასვარეთ ამ ბინძურ საქმეში? ოჯახს აყაჩაღებთ, ჰპარავთ, ართმევთ... ვინ მოგცათ უფლება, რომ ოჯახს ანგრევთო?!.
გავგიჟდი. მაშინ მივხვდი, რომ თურმე, ასე მოქცევა არ შეიძლებოდა. მართლაც, ხომ შესაძლებელი იყო, ქმარს რომ გაეგო ეს ამბავი, ცოლს გაჰყროდა?.. ზიმა კი სულ მარიგებდა:

- ეცადე, ყველას თავი შეაყვარო, შესაძლოა, მოჰპარო, წაართვა, მაგრამ დაზარალებულმა მაინც უნდა თქვას, კარგი ქურდი იყოო... აი, ასე მივიღე „ნათლობა“ ქალებში.

„პირველი „სროკი“

- თექვსმეტი წლის რომ გავხდი, ქურდობის ფაქტზე დამიჭირეს და როგორც წესი, „მალალეტკებში“ მიმიყვანეს. საქმის ძიების დროს, „კამერაში“ ვიჯექი, სადაც ჩემთან ერთად სხვა არასრულწლოვანი დამნაშავეებიც იყვნენ. იქ თავისი კანონები ჰქონდათ და არაქურდული სიტუაცია იყო. მორიგეობის გრაფიკი ჰქონდათ დაწესებული. მორიგეს წითელი სამკლავური ეკეთა და ოთახს ალაგებდა. რა თქმა უნდა, მე ეს საქმე არ უნდა გამეკეთებინა. იქ არ იცოდნენ, რომ ქურდი ვიყავი, ამიტომ რამდენიმე დღე მაცადეს, შემდეგ, დილით ადრე გამაღვიძეს და მითხრეს:

- ადექი, დღეს მორიგე ხარ და ოთახი დაალაგეო.

„ნარიდან“ წამოვდექი, მათ პირისპირ დავდექი და ვუთხარი:

- მე მორიგე არა ვარ!

- ვითომ, რატომო?

- იმიტომ, რომ ქურდი ვარ-მეთქი.

ამ სიტყვის თქმა იყო და ერთ-ერთმა სახეში მუშტი ჩამარტყა. რაღა თქმა უნდა, პასუხი დავუბრუნე, მაგრამ ისინი ბევრნი იყვნენ. დამესივნენ და მაგრად დამალილავეს. ვერანაირად ვერ შევაჩერე. ვყვიროდი:

- ქურდს ნუ ურტყამთ. თქვე ბოზებო-მეთქი! - ვერ დავაჯერე, რომ სიმართლეს ვამბობდი...
წეღან გითხარით, რომ ზიმა ჩემზე ადრე დაიჭირეს. როგორღაც მოვახერხე და წერილი მივაწვდინე:

- მიშველეთ, ქურდი ვარ და ცემით მკლავენ-მეთქი. ზიმა გადარეულა, დანარჩენი ქურდებისთვისაც უთქვამს ეს ამბავი, ყველანი შეშფოთებულან. რამდენიმე დღის შემდეგ, „კამერაში“ ციხის თანამშრომელი შემოვიდა და მითხრა:

- შენი ნივთები ჩაალაგე და წამოდიო.


მიმიყვანეს ციხის საავადმყოფოში. ეს, რა თქმა უნდა, ქურდების დამსახურება იყო. შემდეგ მათთან შეხვედრაც მოვახერხე. უამრავი ტანისამოსი, შოკოლადი და საჩუქარი დამახვედრეს. შემდეგ, ციხის უფროსს ის ბიჭები მოაყვანინეს, რომლებიც ჩემს "კამერაში" ყოჩებად თვლიდნენ თავს და უთხრეს:
- თქვენ იცით, რომ სპარტაკი ქურდია?.. ხელი როგორ დაარტყით?! ამას როგორც უნდა, ყველაფერი ისე უნდა იყოს და დღეიდან, თუ არ დაუჯერებთ, თქვენს თავს დააბრალეთო.
მე კი მითხრეს:

- შეგიძლია, ის ბიჭები მოკლა, ვინც ხელი დაგარტყაო.
ბუნებით სასტიკი ადამიანი არა ვარ, ამიტომ მათ ასეთ საშინელ განაჩენს ვერ გამოვუტანდი. როდესაც უკან დამაბრუნეს, ბიჭებს ვუთხარი:

- ყველაფერი მიპატი­ებია, რადგან არ იცოდით, რომ ქურდი ვიყავი და ვერც დაიჯერებდით, რომ ჩემს ასაკში შესაძლოა, ეს სახელი მქონოდა-მეთქი...

ამის შემდეგ, ეს ბიჭები ჩემი ერთგული ყმები გახდნენ. ამასობაში მეც გამასამართლეს, 2 წელი მომისაჯეს და ასე მოვხვდი გალის რაიონის სოფელ სიდაში მდებარე ქურდულ ზონაში... იქ თოთხმეტი ქურდი იხდიდა სასჯელს.


აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ფსიქიკურად ავადმყოფი, მოძალადე ძმა, 2 ქორწინება და მაჩალიკაშვილთან ნათესაური კავშირი - მარიამ კუბლაშვილის სკანდალები

„შავი სამყარო“ და ქუჩა ძალიან მიზიდავდა - რატომ იჯდა გიორგი ბოჭორიშვილი ციხეში და ვინ არის მისი მეუღლე

„ძონძი“ კონსულტანტი - მოშიშვლელბული მკერდი და მერსი სულხანიშვილის სხვა სკანდალები