დედა მედეა ჩახავა, მამა ნოდარ ჩხეიძე, დედის ქმარი კოტე მახარაძე, ბებია-ბაბუა, ბიძა, მამიდა… შემდეგ მაესტრო მიშა თუმანიშვილი.
დღეს რეჟისორ თემურ ჩხეიძის იმ საინტერესო ამბების შესახებ გიამბობთ, რასაც თავად ჟურნალისტებს უყვებოდა.
ოჯახი
„ჩვეულებრივ ოჯახში ვიზრდებოდით მე და ჩემი და-ძმა, სადაც ბევრი სითბო, ყურადღება და სიხარული იყო. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ ჩემი ოჯახით, მან ბევრი რამ მომცა. ჩვენს ოჯახში სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლები იყვნენ, დედა და მამა – მსახიობები, ბაბუა და ბიძა – ექიმები. მამიდა, ციალა ჩხეიძე, ქართული ენის სპეციალისტი გახლდათ, წიგნებს თარგმნიდა. მან მასწავლა ლიტერატურასთან, ქართულ სიტყვასთან კონტაქტი. ისე ჩამინერგა ქართული სიტყვის პატივისცემა, რომ მთელი ცხოვრება მომყვება“,- უხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში რეჟისორი.
ბავშვობის მოგონება
სამი წლის გავხდი ნოემბერში და იანვარში ბაბუაჩემი - გიორგი ჩხეიძე გარდაიცვალა. როგორც დედა მეუბნება, მაშინ მომნათლეს... მახსოვს ჩემი ნათლობა – კაცი ანაფორაში, რკინის თასი წყლით... წყალში რომ ჩამაყენეს, მგონი, ვიტირე... მეშინოდა. ეს მახსოვს, როგორც სურათი.
გიორგი ბაბუა არ მახსოვს, არც მისი გარდაცვალება. ბავშვობაში ძალიან მინდოდა გამეყიდა ნავთი, იმიტომ რომ ჩემი ქუჩის დასაწყისში ყიდდნენ. გამყიდველი ავზიდან იღებდა ნავთს და დიდი სიმაღლიდან ბიდონებში ასხამდა ისე, რომ წვეთს არ კარგავდა.
მინდოდა, მეც ეს შემძლებოდა. მთელი ბავშვობა საშუალოდ ვცხოვრობდით. ჩემს მშობლებს არ ჰქონიათ ბევრის საშუალება. ჩვენ გვქონდა რწმენა, რომ რაც გვაქვს, ისიც სხვას უნდა გაუნაწილო. უამრავი ხალხი იზრდებოდა მამაჩემის სახლში, ბებიასთან.
ჩვენთანაც ვინ არ რჩებოდა... არ მახსოვს, სახლში მარტო ვყოფილიყავი. მინდოდა ველოსიპედი, გული მწყდებოდა, მაგრამ ისიც ვიცოდი, დედაჩემს ან მამაჩემს იოტისოდენა შესაძლებლობაც რომ ჰქონოდათ, არ დაზოგავდნენ. საყვედურის მსგავსი არაფერი გამივლია გულში.
დაზიანებული ხელი
ფიზიკურად არ ვჩხუბობდი, ჩემი ჯანმრთელობის გამო (ხელი დაზიანებული მაქვს დაბადებიდან) ამხანაგები მიფრთხილდებოდნენ.
ბავშვობაში მითხრეს, ყურადღებით უნდა ვყოფილიყავი – რომ დავცემულიყავი და მომტეხოდა, შეიძლება, აღარც აღდგენილიყო.
მაგალითად, ფეხბურთს ხშირად ვთამაშობდი. მახსოვს, არ მეჯახებოდნენ, თუმცა არც მითმობდნენ. რომ წამოვიზარდე და ჩხუბები დაიწყო, როცა ჯგუფი ჯგუფთან არჩევდა საქმეს, ამხანაგებს მე უფრო მოსალაპარაკებლად მივყავდი. მე ვლაპარაკობდი, ისინი ჩხუბობდნენ...
მშობლების განშორება
„მე რომ იმ ასაკში ვყოფილიყავი, როცა მათი გაშორება ნათლად დამამახსოვრდებოდა, შეიძლებოდა მაშინ უფრო განმეცადა. დედა და მამა ერთად არ მახსოვს. განვიცდიდი, მაგრამ ადამიანს ის უფრო უჭირს, როცა ახსოვს, რომ სხვანაირად იყო.
ალბათ მათ ერთად ყოფნა გაუჭირდათ, თორემ ერთმანეთს ყოველთვის დიდ პატივს სცემდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გაყრილები იყვნენ, ყოველთვის ცდილობდნენ, ჩემს თვალში ერთმანეთის ავტორიტეტი აემაღლებინათ.
დედა მეუბნებოდა ხოლმე, როგორც გინდა, ისე გააკეთე, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ მამაშენის შვილი ხარ და დაფიქრდი, მამაშენის შვილს რამდენად მოგიხდებაო. ჩემი შვილი ხარო, არასოდეს უთქვამს. სწორედ ამიტომ მათ განქორწინებას ჩემთვის დიდი ზიანი არ მოუტანია“,- იხსენებდა რეჟისორი.
3 ადამიანი
„მამამ მომცა ის, რომ მამაჩემი იყო. მან ყველაფერი დამიტოვა, დამიტოვა ბუნება, თავისი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, მან მე დამტოვა.
კოტემ ძალიან ბევრი რამ მომცა, ზრუნავდა იმაზე, რომ ჩემი ინტელექტი გაზრდილიყო, ინტერესების ფართო სფერო მქონოდა.
ლავროვი კი მოწიფულ ასაკში შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. მან მე პეტერბურგში მიმიწვია სამუშაოდ, მერე კი ძალიან დავახლოვდით. იშვიათი ბუნების კაცი იყო, უნიკალური თვისებები ჰქონდა.
ბედნიერი ვარ, რომ ამდენი წელი ძალიან ახლობლები ვიყავით. მისი ხელმძღვანელობით დაახლოებით 16 წელი ვიმუშავე. ეს კი ძალიან დიდი დროა. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ლავროვის მერე მე გავხდი თეატრის ხელმძღვანელი“,- ამბობდა თემურ ჩხეიძე.
თემურ ჩხეიძის მოგონება მამასა და მამინაცვალზე:
„მამა როგორი იყო ჩემს ცნობიერებაში?.. როგორიც საერთოდ იყო... ბევრი ადამიანი დარჩა მამაჩემის მადლიერი.
ყველა იხსენებდა, რომ სამართლიანი კაცი იყო. ჩემი არ იყოს, ისიც ადვილად აალებადი ყოფილა. მამა რომ გარდაიცვალა (1981 წელს), მაშინ უკვე მარჯანიშვილის თეატრში ვიყავი. სულ ახალგაზრდა გახლდით, რომ ხალხი „ავანსად“ მენდობოდა, მამამისის შვილია, ეგ ტყუილს არ იტყვისო. ასეთი რამ ილექება ტვინში. კოტე მახარაძემ მითხრა ერთხელ ძალიან რთულ და საჭირო დროს საჭირო სიტყვები. ვერ გადამეწყვიტა როგორ მოვქცეულიყავი. არ იყო იოლი გადასაწყვეტი...
პასუხი მანაც არ იცოდა ზუსტად. მითხრა: თვითონ უნდა გადაწყვიტო, ერთადერთი არ დაგავიწყდეს, რომ მამაშენის შვილი ხარო. და ამიტომ ის გადავწყვიტე არა ისე, როგორც უმრავლესობას მოეწონებოდა, არამედ ისე, როგორც სამართლიანად მივიჩნიე.
ძალიან ჭკვიანი კაცი იყო კოტე მახარაძე. ექვსი წლის ვიყავი, ის რომ შემოვიდა ჩვენს ოჯახში. ჩვენ იდეალური ურთიერთობა გვქონდა. მაშინაც, როცა გავიზარდე და მაგალითად, შემოქმედებითი თვალსაზრისით სხვადასხვა აზრზე ვრჩებოდით, მისი აზრი უმნიშვნელოვანესი იყო ჩემთვის.
ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში. მამინაცვალი ჰქვია, თორემ მამინაცვალი არ ყოფილა ჩემთვის. ჩემს და-ძმებს ვუთხარი კიდეც, თქვენზე არ აქვს კოტეს ისეთი ამაგი, როგორიც ჩემზე-მეთქი. იქნებ იმიტომაც რომ პირველი ბავშვი მე დავხვდი ოჯახში.
მოგონება დედაზე, მედეა ჩახავაზე:
დედა საერთოდ არ იყო მკაცრი, პირიქით. ჩემი მშობლებიც და ბებია-ბაბუებიც რაღაცნაირად ახერხებდნენ, რომ ბავშვებს არაფერს გვაძალებდნენ, მაგრამ მაინც ყოველთვის კარგად ვიცოდით, როგორ უნდა მოვქცეულიყავით.
ამას შეუმჩნევლად აკეთებდნენ, ყოველგვარი სიმკაცრისა და ძალდატანების გარეშე. ჩვენ თან ლაღად ვიზრდებოდით და თან ყოველთვის ზუსტად ვიცოდით, სად იყო ზღვარი, რომლის გადალახვის უფლებაც არ გვქონდა. როცა სკოლაში ვსწავლობდი, არ მახსოვს, ოდესმე დედას ჩემთვის გაკვეთილები შეემოწმებინა. რაღაცნაირად ახერხებდნენ იმას, რომ მერიდებოდა, რამე არ მცოდნოდა. დედაც და ბაბუაც სულ მეუბნებოდნენ, შენ უკვე დიდი ხარ და თავად აგებ პასუხს საკუთარ თავზეო.
არ ვიცი, როგორ, მაგრამ დროზე მაგრძნობინეს, რომ აუცილებლად უნდა მქონოდა პასუხისმგებლობის გრძნობა და ეს მთელი ცხოვრება უნდა გამყოლოდა. ეს მათ ყოველგვარი ლექციების კითხვის გარეშე მოახერხეს.
სტურუას სექსუალური თეორიები
„მახსოვს, ერთხელ, სტურუამ თქვა: მსახიობისა და რეჟისორის ურთიერთობა ძალიან ჰგავს სასიყვარულო აქტს, რომლისგანაც ორივე მხარე თანაბარ სიამოვნებას უნდა იღებდესო. ვიზიარებ რობიკოს სექსუალურ თეორიებს. ეგრეა, აბა, რა! ძალიან იშვიათად, რომ ხმას ავუწიო. მშვიდი სულაც არა ვარ, მაგრამ, ეტყობა, ისეთ მსახიობებთან მიწევს ურთიერთობა, ყვირილის საბაბს არ მაძლევენ, როგორც სახლში, რა. ისე, რომ ვთქვათ, ჩემი ვალია, მსახიობს მარტო კი არ გავაგებინო, არამედ, შევაძლებინო იმის გაკეთება, რასაც საჭიროდ მივიჩნევ. ფსიქოზში არ შეიძლება ამის მიღწევა, არ გამოდის, რა, ჩხუბი და ჯაჯღანი... 17 წელია, ვმუშაობ „ბერში”, სადაც რუსთაველის თეატრისხელა სცენაა, მაგრამ, რა ვუყო… „ლა სკალას” სცენაზე რომ დავდექი (დაახლოებით „დინამოს” სტადიონისხელა სცენაა), ვიფიქრე: დავიღუპე. მე თუ აქ სპექტაკლს დავდგამ-მეთქი, მაგრამ, არაფერი, გადავრჩი. ოპერა სხვაა, დიდი სივრცე იქ, უბრალოდ, აუცილებელია. პიესას რომ იღებ, ფიქრობ, რომელ სივრცეში დადგამ, რადგან, სივრცეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ოღონდ, ვერ ვიტყვი, რომ „რუსთაველმა” ან „ბერმა” ჩემზე, როგორც რეჟისორზე, ცუდად იმოქმედა...
თუ კრიტიკოსი პიროვნულ შეურაცხყოფას მაყენებს, მწყინს. როცა კრიტიკოსი ტაქტიანად წერს, რომ ჩხეიძეს ეს არ გამოუვიდა ამიტომ და ამიტომ, ვერც ერთი ადამიანი ვერ იტყვის, რომ მე ეს მეწყინა, მაგრამ, როცა წერენ, რომ ჩხეიძეს შემოქმედებითი და პიროვნული კრიზისი ჰქონდა, როცა ამ სპექტაკლს დგამდაო, რა თქმა უნდა, საწყენია. შენ თქვი, რატომ არ მოგეწონა სპექტაკლი, თორემ, ჩემს კრიზისზე ლაპარაკის უფლება ვინ მოგცა? ანდა, მიცნობ ისე კარგად, რომ ეს თქვა? პიროვნული შეურაცხყოფა ყველას სწყინს და მეც რომ მწყინდეს, რა გასაკვირია.
შვილის, ეკა ჩხეიძის მოგონება მამაზე:
„მამასთან, პირად საკითხებზე საუბარი ყოველთვის მიჭირდა, ხათრი და დისტანცია მქონდა და ვერიდებოდი. ერთადერთი, გათხოვება რომ გადავწყვიტე და ჩემი რჩეული გავაცანი, არჩევანი მომიწონა. არ დამავიწყდება, ჩემი და, თეონა პირველ ქმარს რომ გაშორდა, საყვედური უთხრა თემურმა. ის კი შემოუბრუნდა და უპასუხა, შენც იგივე არ ქენიო (იცინის). თუმცა, რჩევას თუ ვკითხავთ, აუცილებლად გულისყურით გვისმენს და გვარიგებს.
გამახსენდა, ერთხელაც ჩაერია ჩემს ცხოვრებაში და დელიკატურად დამისვა კითხვა. საერთოდ, მშვიდია და არასდროს გახვევს თავს თავის აზრს. თუმცა, ამას ისე იტყვის, გულზე მოგხვდება. ეს ცუდი თვისება აქვს. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ხატვა და დავდიოდი ხატვის გაკვეთილებზე. ძალიან მონდომებული ვიყავი და ვფიქრობდი, ამ კუთხით წასულიყავი სამომავლოდ. მამას რომ ვაჩვენე ჩემი ნახატები, დახედა და მითხრა, ასე მეც კი ვხატავო. აი, იქ დასრულდა ჩემი მხატვრობა. ბალერინობაც მინდოდა, მამიდას, მაკა მახარაძეს სულ დავყავდი სპექტაკლებზე, „სუხიშვილებშიც” ვცეკვავდი, მაგრამ მამამ აქაც პროტესტი გამოთქვა. რა გინდა, 37 წლის ასაკში პენსიონერი გახდეო?! სიმართლე გითხრათ, დღემდე მიყვარს ცეკვა და სპექტაკლებში ძალიან მეხმარება ჩემი ძველი გამოცდილება ამ სფეროში. ახლა ვხვდები, მამას უნდოდა მსახიობი გამოვსულიყავი, მაგრამ ამას პირდაპირ არ აღიარებდა. სულ იმას ცდილობდა და დღემდე ცდილობს, რომ დამოუკიდებელი ვიყო, მედეა ჩახავას და თემურ ჩხეიძის სახელებმა არ დამჩრდილოს და არ ვიყო მხოლოდ მათი შვილი და შვილიშვილი“.
თემურ ჩხეიძე შვილებზე:
„ძირითადად დედებს ჰქონდათ მინდობილი შვილების გაზრდა, მაგრამ მამაც სჭირდებოდათ და მე სულ მათ გვერდით ვიყავი. ისე გამოვიდა, რომ ჩემს შვილებს ყოველთვის დედები აძლევდნენ შენიშვნებს. მათ არ ვატუტუცებდი, მაგრამ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში თუ მივცემდი შენიშვნას, ისიც ძალიან მშვიდად. გოგოები მამის სისუსტეები არიან, ამიტომ უფრო დედებს ჰყავდათ მიბარებული“.
მეუღლესთან დაშორება
„მაშინ ყველაზე მეტი სწორედ შვილებზე, ეკასა და თეონაზე ვიფიქრე. განქორწინება ძალიან ძნელი და რთული პროცესია, მაგრამ ალბათ ჩავთვალე, რომ ეს გამოსავალი იყო. ეკასთვის უფრო რთულად გადასატანი იყო, ვიდრე ჩემთვის ჩემი მშობლების დაშორება, რადგან ის უკვე მერვე წელში იყო. არ მეგონა, თუ ოდესმე ჩემს ცხოვრებაში ეს მოხდებოდა, მაგრამ მოხდა“,- ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში ჩხეიძე.
ინტერვიუ თემურ ჩხეიძესთან:
– მგონი, შინაურების მიმართ ძალიან მკაცრი ხართ. მსმენია, რომ თავის დროზე დედაც კი მოხსენით სპექტაკლიდან რეპეტიციაზე დაგვიანების გამო.
– არა, ასე არ ყოფილა. დაგვიანების გამო უბრალოდ რეპეტიციაზე არ შემოვუშვი. ერთხელ კი ასეთი შემთხვევა მოხდა: ვდგამდი ნაწარმოებს, სადაც დედა მესამე ნაწილში თამაშობდა, მაგრამ მერე ის ნაწილი საერთოდ მოვხსენი. შესაბამისად, დედამაც ვეღარ ითამაშა სპექტაკლში.
– იმ შემთხვევის გამო თქვა ქალბატონმა მედიკომ, როგორც დედამ, შევუნდე, მაგრამ როგორც მსახიობმა, არაო?
– წინა დღეს ვთქვი, ხვალ არ დავინახო, რეპეტიციაზე ვინმემ ჩემ შემდეგ შემოაღოს კარი, თუ გინდათ, ნახევარი საათით გვიან დავიწყოთ რეპეტიცია, მაგრამ მე რომ შევალ, აღარავინ შემოხვიდეთ-მეთქი. მეორე დღეს კი რეპეტიციაზე ჩემი შესვლის მერე ააჩხაკუნა კარი მედიკომ, მაგრამ აღარ შემოვუშვი. მას თუ ეწყინა ჩემი საქციელი, მეც მეწყინა, რომ დაიგვიანა.
– თქვენს ყველა სპექტაკლში სიახლეა, არასოდეს ჩამორჩებით დროს. ამას როგორ ახერხებთ?
– მეც ჩამოვრჩენილვარ დროს. ყოველთვის ყველაფერი არასოდეს გამოდის. ოთხი-ხუთი სპექტაკლი თუ მაქვს ისეთი, რომლებიც ძალიან მიახლოებულია იმასთან, რაც მინდოდა. ზოგი ისეთია, რომ ვუყურებ, თითქოს არა უშავს, მაგრამ რაღაც მაინც არ გამოვიდა.
– ოჯახის წევრები თავიანთ აზრს გამოთქვამენ თქვენს ყოველ ახალ ნამუშევარზე?
– როგორ არა. ყველაზე მეტად მათი შეფასებების მეშინია. ჩემი მეგობრების უმრავლესობას სრულიად თავისუფლად შეუძლია მითხრას, არ მომეწონა შენი სპექტაკლიო. ყველამ იცის, რომ შენიშვნების გამო ჩემთან ურთიერთობა არავის გაუფუჭდება, ამიტომ თავისუფლად მეუბნებიან, თუ რამე არ მოსწონთ.
– თქვენს წარსულში ტკივილი ჭარბობს თუ სიხარული?
– არ ვიცი. მშობლების დაკარგვა რომ მარჯვენა ხელის დაკარგვაა, ეს კარგად ვიცი, მაგრამ შენი წარსულით სხვები არ უნდა შეაწუხო. არ ვთხოვ სხვებს, რომ, რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მათთვისაც ძვირფასი იყოს. ჩემი წარსული სხვისთვის ისეთივე საინტერესო არ იქნება, როგორიც ჩემთვის არის. მე თუ რაღაცას ვაფასებ, სულაც არ ხარ ვალდებული, შენც დააფასო, რადგან შენ სხვა გყავს, ვისაც ჩემზე მეტად აფასებ. ამიტომ არასოდეს ვამბობ, ამ ახალგაზრდებს რატომ არ უყვართ და მოსწონთ ის ყველაფერი, რაც ჩვენ მოგვწონდა-მეთქი.
შიში
მთელი ცხოვრება მეგონა, რომ იმ ასაკამდეც ვერ მოვიდოდი, რომელშიც ვარ. ნახევარი ცხოვრება საავადმყოფოში მაქვს გატარებული, მეორე ნახევარი - თეატრში. ჯერჯერობით, როცა სერიოზულად ავად ვხდები, წინა დღესაც კი ამაზე არაფერი მეტყველებს. უცებ დამატყდება ხოლმე თავს ავადმყოფობა. ამიტომ წინასწარ მომავალზე არ ვფიქრობ.
ყველაზე მეტად, იცი, რისი მეშინია? არ დადგეს დღე, როცა აღარავის არ დავჭირდები... ერთ მშვენიერ დღეს მსახიობებმა არ თქვან: აუ, ახლა კიდევ ამ ბებერთან რეპეტიცია არ გინდაო! მით უმეტეს, თუ ვერ მივხვდი ამას... თუ მივხვდები, კიდევ არა უშავს.
მე განებივრებული ვარ, მსახიობებს ყოველთვის ვუნდოდი. ბედნიერებაა, როცა გელოდებიან, შენთან მუშაობაზე ოცნებობენ. მეც ასე ვარ, როცა მივდივარ რეპეტიციაზე, კონკრეტულ მსახიობთან შესახვედრად მივდივარ და არა ზოგადად რეპეტიციაზე... ამის გარეშე წარმოდგენაც კი არ მინდა თავის.რამდენჯერ მიფიქრია: ის მნიშვნელოვანი მომენტი რომ დადგება - ბოლო მომენტი, ისეთ პანიკაში არ ჩავვარდე, ისე არ გამოვიცვალო, რამე ისეთი არ გავაკეთო, რაც მგონია, რომ მე არ ვარ...
აგრეთვე წაიკითხეთ:
მეჯვარის მოკვლა და რომანი 14 წლის გოგოსთან - სოსო პავლიაშვილის სკანდალები
საფრანგეთში ემიგრაცია, ციხე, ნარკოტიკები და ნაცნობობა ე.წ. კაონონიერ ქურდთან - კაბუს სკანდალები
მოკლული მამა და საყვარელი ბიჭი, 2 ქორწინება - „სილამაზით დაფარული“ მაკა ასათიანის ტრაგიკული ამბები