ქართველი პეიზაჟისტის ნამუშევრებით მოხიბლული პიკასო და მოდილიანი.... ბევრი ადამიანისთვის საყვარელი მხატვარი და იოსებ გრიშაშვილის აუხდენელი ოცნება...
ამ ბლოგში ელენე ახვლედიანის შესახებ მინდა გიამბოთ. ის ამბავი, ხომ იცით დიად მხატვრებს სიცოცხლეში რომ არავინ აფასებს და გარდაცვალების შემდეგ ასხამენ ხოტბას, ელენეს შემთხვევაში ასე არ იყო. ის სიცოცხლეშივე აღიარეს, ბევრ გამოფენასაც მართავდა და საზღვარგარეთაც დადიოდა, მას სხვანაირი ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა. მისი ტრაგიკულობა კი ერთმა ავადსახსენებელმა დღემ, ავარიის დღემ გამოიწვია..... ფეხმძიმე ელენეს მუცელი მოეშალა და შვილი აღარასდროს ჰყოლია. შვილებად ნახატები იქცნენ...
ბიოგრაფია
დედა, ელისაბედ ერისთავი, ულამაზესი ქალი იყო. მამა სამხედრო ექიმი გახლდათ. ელენე კახეთში დაიბადა. მამამისი წარმოშობით ლეჩხუმიდან იყო, მაგრამ თელავში სამუშაოდ გაგზავნეს და იქვე დარჩა. ცოლიც შეირთო და შვილებიც შეეძინათ.
ელენეს ოთხი დედმამიშვილი ჰყავდა. თავად კი ყველაზე უფროსი იყო. საგულისხმოა, რომ ოჯახში ის ერთადერთი ხელოვანი გახლდათ.
ახვლედიანების ოჯახი თელავში თავისი სტუმართმოყვარეობით იყო განთქმული.
მათ სახლში ხშირად მიდიოდნენ მუსიკოსები და კონცერტები, საღამოები იმართებოდა. მათთან ხშირად დადიოდა მომღერალი ანა ვარდიაშვილი.
ის მღეროდა, პატარა ელენე კი ფორტეპიანოზე აკომპანემენტს უწევდა.
რადგან ელენეს მუსიკალური ნიჭი აღმოაჩნდა, მშობლებს სურდათ, მუსიკოსი გამოსულიყო.
1911 წელს მათი ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა და ელენე ქალთა გიმნაზიაში შეიყვანეს...
აქედან იწყება ელენეს, როგორც მხატვრის აღმოჩენა...
აღმოჩენილი ნიჭი
გიმნაზიაში ხატვას ასწავლიდა ცნობილი პოლონელი მხატვარი და პედაგოგი ნიკალაი სკლიფასოვსკი.
მან შეამჩნია, რომ პატარა გოგონა ძალიან კარგად ხატავდა. ერთხელ მისი მშობლებისთვის უთქვამს კიდეც, არ ვიცი, ეს ბავშვი როგორი მუსიკოსი გამოვა, მაგრამ ძალიან კარგი მხატვარი რომ გამოვა, ამის გარანტიას გაძლევთო.
სკლიფასოვსკი არაორდინარულ გაკვეთილებს ატარებდა – ბავშვებს ღია ცის ქვეშ დასხამდა და ხატვას ისე ასწავლიდა, ხან ფეხით დაჰყავდა სხვადასხვა ისტორიულ ადგილებში. ამ ყველაფერმა ელენეზე დიდი გავლენა მოახდინა, ის მომავალში პეიზაჟისტი გახდა...
1919 წელს დიდი გამოფენა მოეწყო, რომელზეც იმდრიოსთვის გამოჩენილი მხატვრების ნამუშევრები წარადგინეს. მათ გვერდით უცნობი მხატვრის, ელენე ახვლედიანის ოთხი გრაფიკული ნახატიც გამოიფინა.
ამ ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ამით მისი მომავალიც გადაწყდა.
1922 წელს სამხატვრო აკადემია გაიხსნა. ელენემ იქ ჩააბარა და გიგო გაბაშვილის ჯგუფში მოხვდა. ერთი წელი წარჩინებით ისწავლა, შემდეგ იტალიასა და საფრანგეთში გაგზავნეს სწავლის გასაგრძელებლად.
2 წელი იტალიაში იყო, 4 წელი – საფრანგეთში.
ელენეს შემოქმედებით მოხიბლული პიკასო
პირველი პერსონალური გამოფენა-გაყიდვა პარიზის სამხატვრო აკადემიაში მოაწყო. სხვათა შორის, მისი ნახატები იყიდეს ამადეო მოდილიანიმ და პაბლო პიკასომ.
ამ უკანასკნელს თურმე ძალიან მოეწონა ნამუშევარი „კახეთის ზამთარი“, მაგრამ ელენემ არ მიჰყიდა.
პიკასოსთვის უთქვამს, ეს ნახატი მეც ძალიან მიყვარსო. ამის მერე ისინი დამეგობრდნენ.
ამერიკა, შვეიცარია, ჰოლანდია – ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც მისი ნახატების გამოფენა ეწყობოდა.
1927 წელს ელენემ მოულოდნელად დატოვა პარიზი. ჰოლანდიაში მისი გამოფენა უნდა მოწყობილიყო. მისი ნახატები თვითმფრინავით წაიღეს. თავადაც უნდა გაჰყოლოდა, მაგრამ საქართველოდან ცნობა მიიღო, რომ დედამისი ძალიან ავად იყო.
ყველაფერი მიატოვა და დაბრუნდა. სამწუხაროდ, ყველა ნახატი დაიკარგა, მაგრამ ამას არ განიცდიდა – მისთვის მთავარი იყო, რომ დედა ცოცხალი ენახა.
უიღბლო ქორწინება
1922 წელს, სანამ იტალიაში წავიდოდა, ელენე გათხოვდა. მისი ქმარი აგრონომი აპოლონ კაკაბაძე გახლდათ.
ძალიან პომპეზური ქორწილი გადაიხადეს. ჯვარი ქაშუეთის ეკლესიაში დაიწერეს, შემდეგ ფაეტონით რუსთაველის გამზირზე ისეირნეს. თავის ქორწილში პოეტი იოსებ გრიშაშვილიც დაპატიჟა. საქმე ის არის, რომ გრიშაშვილს ელენე უყვარდა, მაგრამ მას ცოლად არ გაჰყვა.
მოკლედ, გრიშაშვილი მივიდა ქორწილში და მწარე ლექსებიც წაიკითხა.
მაგალითად: „სიყვარულის საკითხებში შენ გრიშაშვილს ვერ წაბაძე და ამიტომ მე არ მომწონს შენი ქმარი კაკაბაძე“.
ელენესა და აპოლონის ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა. თურმე ის ძალიან ეჭვიანი კაცი იყო, ელენემ კი ეს ვერ აიტანა. იტალიაში ყოფნის დროს ერთმანეთს გაშორდნენ.
დიდი ტრაგედია
აპოლონი საქართველოში წამოვიდა, ელენე კი საფრანგეთში გაემგზავრა. თურმე მაშინ ორსულად იყო. პარიზში მანქანის მართვის სწავლა დაიწყო.
ავტოავარიაში მოჰყვა და ბავშვი დაკარგა. ეს ტრაგედია საყვარელმა საქმემ გადაატანინა. იმ პერიოდში პარიზში საკმაოდ აქტიურად მუშაობდა. აპოლონთან დაშორების შემდეგ ოჯახის მეორედ შექმნაზე აღარ უფიქრია.
მისი შვილები მისივე ნახატები იყვნენ.
თეატრის სამყარო
საქართველოში დაბრუნების შემდეგ ელენემ თავისი ე.წ. საანგარიშო გამოფენა გააკეთა, რითიც უცხოეთში სწავლის პერიოდი შეაფასა. გამოფენები თბილისში, თელავსა და ქუთაისში მოეწყო. სწორედ ქუთაისში შეხვდა პირველად კოტე მარჯანიშვილს.
აქედან დაიწყო ქალბატონი ელენეს ხანგრძლივი ურთიერთობა ქართულ თეატრთან.
მას 80-მდე სპექტაკლი აქვს გაფორმებული არამარტო საქართველოში, არამედ საბჭოთა კავშირის მასშტაბითაც.
საუკეთესო მეგობარი
ვერიკო ანჯაფარიძე და ელენე ახვლედიანი ახლო მეგობრები იყვნენ. ელენესთვის ვერიკო ქალის ეტალონი გახლდათ.
ელენეს გარდაცვალების შემდეგ მსახიობმა მეგობარზე ასეთი სიტყვები დაწერა: „როცა შედიხარ ელენეს დარბაზებში და უმზერ კედლებს, მოფენილს მისი ნახატებით, გრძნობ, რომ მხატვრის სიცოცხლეს ბოლო არ უჩანს“.
ასევე ახლოს იყო ქალბატონი ვერიკოს ქალიშვილთან, სოფიკო ჭიაურელთან.
სოფიკო მასთან სახლში ხშირად დადიოდა. თურმე მის მიერ შესრულებული კინტაური ძალიან უყვარდა.
რამდენჯერაც მივიდოდა, სთხოვდა, რომ ეცეკვა, მერე კი თავისი ნახატით ასაჩუქრებდა. ნამუშევრების გაჩუქება ძალიან ჰყვარებია. გასაყიდ ნახატებსაც დიდ ფასს არ ადებდა.
ცხოვრება გრძელდება....
ელენე მარტო ცხოვრობდა, მაგრამ მარტო არასდროს რჩებოდა. მასთან დილიდანვე მიდიოდნენ მეგობრები და ახლობლები. სადილი ყოველთვის ჰქონდა მომზადებული, რომ სტუმრებს გამასპინძლებოდა. როგორც მისი მეგობრები იხსენებდნენ, ის ხშირად ამზადებდა ლობიოს. იმდენად ლამაზად აფორმებდა ხახვით, ბროწეულითა და მწვანილით, რომ შეჭმა დაგენანებოდაო. პროდუქტს რომ ყიდულობდა, აუცილებლად კარგი უნდა ყოფილიყო.
ძველად ვაჭრები ეზოებში დადიოდნენ. ვერაზე ბაღჩო ვაჭრობდა, რომელსაც ელენესთვის განსაკუთრებული პროდუქტები მიჰქონდა. მხატვარს ფული ხან ჰქონდა, ხან – არა, ამიტომ ოთახის კედელზე წერდა, ბაღჩოსთვის ამდენი მაქვს გადასახდელიო. ფულს რომ მისცემდა, მერე წითლად გადახაზავდა. სამწუხაროდ, როცა სახლში რემონტი გაკეთდა, ეს წარწერები წაშალეს.
ახვლედიანის სახლის კარი არასოდეს იკეტებოდა. გასაღებს ფეხის საწმენდი ტილოს ქვეშ ტოვებდა. ძალიან უყვარდა თავისი დაბადების დღის აღნიშვნა.
ამ დღეს მისი ყველა მეგობარი იკრიბებოდა.
ერთხელ უხასიათოდ ყოფილა და დაბადების დღის აღნიშვნა არ უნდოდა. მეგობრებისთვის დაუბარებია, არ მოხვიდეთო. სახლში რომ არავინ მისულიყო, მთელი დღე ძველ თბილისში ისეირნა. იქ შეხვდა ახლო მეგობარი, მხატვარი და რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი, რომელმაც იცოდა, ელენე იუბილარი რომ იყო, მაგრამ არ შეახსენა.
ბევრი ისეირნეს ერთად და ბოლოს უთხრა, სახლში გაგაცილებო. ელენე შეეცადა, მარტო წასულიყო, მაგრამ ფარაჯანოვი არ მოეშვა. სახლში შესულებს გაშლილი სუფრა და მეგობრები დახვდნენ. ელენე ჯერ გაბრაზდა, მაგრამ მერე სუფრას რომ გადახედა, კარგ ხასიათზე დადგა.
ელენემ 50-იანელი ქართველი მხატვრები შემოიკრიბა, რომლებსაც თავის ბრიგადას უწოდებდა. ისინი მიკროავტობუსებით მთელ საქართველოში მოგზაურობდნენ და ულამაზეს პეიზაჟებს ხატავდნენ. სწორედ ამ ჯგუფმა იქონია დიდი გავლენა ქართული პეიზაჟური ხელოვნების განვითარებაზე.
⚪აგრეთვე წაიკითხეთ:
ქორწილი 80 წლის ასაკში, 15-წლიანი პატიმრობა - ასლან აბაშიძის პორტრეტი
შვილმკვდარი მამა, ჩაპლინის სანთელი - აკაკი ხორავას ტრაგედია
ორი ქორწინება, შვილმკვდარი მამა - „ღიმილის ბიჭის“ სევდიანი ისტორია