Digest Logo

ნეპოტიზმით კონსერვატორიაში ჩაბარება და რეპრესირებული ოჯახი - თამარ ივერის პორტრეტი

1614937063
თამარ ივერი

ოპერის მსოფლიო ვარსკვლავი თამარ ივერი ერთ-ერთი გამორჩეული ქართველია. მას ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ გააქვს და კულტურის პოპულარიზაციას ეწევა.

დღეს სწორედ მის პორტრეტს დაგიხატავთ. თამარს საკმაოდ რთული და საინტერესო ცხვორება ჰქონდა. 

მსოფლიო ვარსკვლავი ცხოვრებისეულ ჟურნალისტებს პირად ცხოვრებაზეც ესაუბრება.

 

მამის გარდაცვალება

მამა ადრეულ ასაკში გარდამეცვალა და მთელი ცხოვრება დედასთან ერთად გავატარე. ჩემი კარიერის განმავლობაში ყველგან დედა დამყავდა, სულ ჩემ გვერდით იყო. სცენაზე რომ ვდგავარ, ამაში ლომის წილი დედას მიუძღვის.

მამის გარდაცვალების შემდეგ სიმღერისთვის თავის დანებებას ვაპირებდი, დეპრესიაში ვიყავი. დედა ყოველთვის მკაცრი და დომინანტური ქალი იყო, მაიძულებდა, გართობას არ ავყოლოდი.

სულ მეუბნებოდა, გააკეთე ის, რაც ყველას არ შეუძლია. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ჩემ სწავლა-განათლებას და კარიერულ განვითარებას.

მამა რომ გარდამეცვალა, ფეხქვეშ ნიადაგი გამომეცალა. მამა იყო ჩემი მრჩეველიც და პედაგოგიც. ზუსტად იმ წელს ჩავაბარე კონსერვატორიაში. ვერ ვიტყვი, რომ ამისთვის კარგად ვიყავი მომზადებული, მაგრამ „შევეცოდეთ“ მამაჩემის მეგობრებს – მამა თავად მომღერალი იყო და კომისიაში მისი კოლეგები ისხდნენ.

ამ ტრაგედიიდან ძალიან მალე, ცხელ გულზე ძალიან რთული იყო ჩემთვის გამოცდებზე გასვლა და მადლობელი ვარ, რომ მაშინ ამ ადამიანებმა ჩაბარების შანსი მომცეს.

შემდეგშიც დედამ ითამაშა ძალიან დიდი როლი, რომ ეს საქმე არ მიმეტოვებინა, რადგან მე ისევ ძალიან დაბნეული ვიყავი.

მეუღლე

30 წელს ისე გადავცდი, ოჯახი არ შემიქმნია. ბოლოს შემხვდა ადამიანი, რომელმაც გამიგო. ყველა თაყვანისმცემელი თავიდანვე ჭვრეტდა იმ სირთულეებს, რასაც ჩემთან ურთიერთობა მოიტანდა და დაზაფრულები იყვნენ.

შემდეგ შევხვდი მას, ვინც ძალიან ერთგული და გულწრფელი აღმოჩნდა. რამდენიმე წელი მეგობრები ვიყავით. მივხვდით, რომ ერთმანეთთან ყოფნა გვეადვილობოდა და შემდეგ ოჯახიც შევქმენით.

ქმრისა და დედის „დაპირისპირება“

რომ გავთხოვდი, ჩემს მეუღლეს ვერ ეგუებოდა. რაღაც მომენტში არც ელოდა, რომ გავთხოვდებოდი. რადგან დედისერთა ვიყავი, ცოტა ეგოისტური მომენტები ჰქონდა.

უფრო ადრეულ ასაკში მეუბნებოდა, გათხოვდიო, მაგრამ მერე აზრი შეიცვალა: არ გათხოვდე, რადგან ქართველი კაცი შემოქმედებით განვითარებაში ხელს შეგიშლის, სჯობს მხოლოდ შვილი გააჩინოო.

ამიტომ ბევრი მუშაობა დაგვჭირდა, რომ ჩემი მეუღლე მიეღო. თავიდან თვლიდა, რომ ეს დროებითი გატაცება იყო – ახალგაზრდა მამაკაცის რომანი პრიმადონასთან და მეტი არაფერი.

თავიდან ამბობდა, ეს შენი ცოლად მომყვანი არაა, ქართველ ბიჭებს უყვართ არტისტებთან ურთიერთობა და მერე უბრალო გოგოს შეირთავენ ცოლადო. მოკლედ, ბევრი ეჭვი ჰქონდა. მაგრამ მერე იგრძნო, რომ რაულს ძალიან ვუყვარდი.

თვითონ რაული იყო ინიციატორი ჯვრისწერის, შვილების ყოლის, ხელისმოწერისა და ამ ყველაფერმა დაარწმუნა, რომ ეს ადამიანი ჩემდამი ძალიან სერიოზულად იყო განწყობილი.

მანამდე ძალიან სკეპტიკურად უყურებდა იმ მიზეზითაც, რომ რაული არ იყო საოპერო სამყაროდან. დედა სულ ელოდა, რომ ჩემი ქმარი დიდი ხელოვანი, თეატრალი უნდა ყოფილიყო და არა „ჯიგრიანი ქართველი“.

მამა მომღერალი იყო, ბაბუა – ცნობილი ჟურნალისტი და ფიქრობდა, რომ ოჯახის ესტაფეტას გადავიბარებდი და ცოლად ცნობილ ადამიანს გავყვებოდი. რადგან რაული ერთი ჩვეულებრივი თერჯოლელი სპორტსმენი ბიჭი იყო, ამას თავიდან კარგად ვერ შეხვდა.

შვილები

წყვილს ორი შვილი ჰყვას, უგო-ავთანდილი და ნინო-ლიზა.

ვთანდილი მამაჩემის სახელია, უგო დაამატა მეუღლემ, რადგან მის უახლოეს იტალიელ მეგობარს ჰქვია. რაც შეეხება გოგოს, ლიზის ვარქმევდი და იმის გამო, რომ „ნინოობის“ დღესასწაულზე დაიბადნენ, მითხრეს, წმიდა ნინო იცავს შენ შვილებს და აუცილებლად მისი სახელი უნდა დაარქვაო. რადგან საქართველოში ნინო ხშირი სახელია გადავწყვიტე, ნინა-ლიზა დამერქმია მისთვის.

რეპრესირებული წინაპრები

ბაბუა ცნობილი ჟურნალისტი იყო – ვანო ჯავახიშვილი. ბებო ჰყვებოდა, რომ ღამის ორ საათზე თავზე ჩინოვნიკები დაადგნენ. ბაბუა ლობიოს და რაღაც საჭმელებს აცხელებდა და ერთადერთი გამორთვა მოასწრო. უთხრეს: გარეთ გელოდებით, ათ წუთში ჩაალაგეთ და ბავშვებთან ერთად წამოდითო.

ბებიამ მხოლოდ ბავშვების ერთი-ორი ხელი ტანსაცმელი აიღო და ათ წუთში რასაც დაავლო ხელი. ასე ჩაყარეს მთელი ოჯახი საქონლის ვაგონში. რამდენიმე დღე, კვირები, ასე მიდიოდნენ სუნში, ფანჯრების გარეშე, ბევრი გზაში ცუდად გახდა, ბევრი მოხუცი გარდაიცვალა, მერე ჩამოყარეს ყაზახეთში, რაღაც მინდვრებზე და სტეპებზე, სადაც 40-45 გრადუსი სიცხე იყო.

ძალიან მძიმე ცხოვრება გაიარა ბაბუამ, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შეეტყო კიდეც, ძილის დროს გააღებდა ფანჯარას და ყვიროდა: პავლე, არ ისროლო, დაიმალე, ახლა მოდიან მარცხნიდან! ეტყობა, სიზმარსა და ზმანებებში ხედავდა ომის თემას, თანამოსანგრეებს. ბოლოს აგონიაში იყო და ეს ყველაფერი ეჩვენებოდა. იმ დღეებში გარდაიცვალა კიდეც.

ეს ჩემი ოჯახის ძალიან დიდი ტრაგედია იყო და მადლობელი ვარ, რომ ფსიქიკურად არ დაავადდნენ.

საქართველოში სტალინის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდნენ.


🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

20 წელი შვილის მოლოდინში, სუროგაცია, დაკრძალვისას დაბადებული ვაჟი, სცენაზე გარდაცვალება - დათუნიკა სხირტლაძის პორტრეტი

18 წლის ბიჭმა 6 წლის ბიჭი გააუპატიურა - ისინი ერთ სახლში ცხოვრობდნენ

სექსშოპის მენეჯერობა, ქორწინება ნაადრევ ასაკში, შვილის გამო დაწუნებული - ნინო ლეჟავას უცნობი ამბები