Digest Logo

რატომ დაშორდა ეკა ხოფერია პირველ ქმარს და როგორ გრძნობს თავს 13-წლიან ქორწინებაში

1609578388
ეკა ხოფერია პირადი

ეკა ხოფერია და მიშა ხუჯაძე უკვე 13 წელია, რაც დაქორწინებულები არიან. ამ თარიღს ეკა ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავს. მეუღლესა და შვილებთან ერთად გადაღებული ფოტოები წელსაც გამოაქვეყნა, წარწერით:

„ესეც ჩვენი 13 წელი, თან 2020

ფრიად ღირშესანიშნავი რიცხვია 21 ივლისი. დავიწყოთ იმით, რომ დაიბადა ჩვენი საამაყო და განუმეორებელი ნანი ბრეგვაძე!

ამ დღეს ვიქორწინეთ მე და მიშკამ. ამ დღესვეა დაბადებული ჩვენი მეგობარი და სიამაყე გეგუშა ფიჩხაია. ამ დღეს არის მიშკას უმაგრესი ძმაკაცის, კალო მოსიძის, დაბადების დღე, რომელიც ჩვენთან აღარ არის, რომელსაც მე არ ვიცნობდი, მაგრამ ეს 13 წელი მეყო, რომ გამეცნო და შემეყვარა.

შარშან ავღნიშნეთ 12 წელი და კარგიც გაგვიკეთებია, თურმე) კარგია, რომ შეგხვდი და შემხვდი“

ეკასთვის ეს მეორე ქორწინებაა. მანამდე ის გიორგი ლევიძეზე იყო დაქორწინებული, რომლისაგანაც გოგონა, ანანო ლევიძე ჰყავს.

მან ქმართან განქორწინებისა და ახალი სიყვარულის პოვნის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა:

პირად ცხოვრებაში საწუწუნო არაფერი მაქვს, ძალიან ბედნიერი ქალი ვარ. ვინც შემხვედრია და ვინც გვერდით მყოლია, მათი მხრიდან მხოლოდ სიყვარულს და პატივისცემას ვგრძნობდი. არასდროს არავის დავუმცირებივარ და ჩემთვის არ უღალატია. ალბათ, იმიტომ ვძლებდი იქით, კარიერას ვგულისხმობ, რომ აქეთ სრული სიმშვიდე და ხელშეწყობა მქონდა. ანანოს მამას შვიდი წლის თანაცხოვრების შემდეგ დავშორდი. როგორც ამბობენ, მეშვიდე წელი კრიზისულია. შეიძლება, ეს სამსახურის გამო მოხდა. შეიძლება, თავიდანვე ვერ გავთვალეთ რაღაც ორივემ. მივხვდით, რომ ჩვენს შორის არ იყო დიდი სიყვარული და უბრალოდ, კარგი მეგობრები ვიყავით. ვამბობდით კიდეც, რომ ალბათ, თავიდანვე მაგარი მეგობრები ვიქნებოდითო, ერთმანეთის ისე კარგად გვესმოდა. დარწმუნებული ვარ, ჩემი ბედნიერების სჯერა და ასევე მეც მინდა, რომ ეს ადამიანი ბედნიერი იყოს. დღეს კარგი ურთიერთობა გვაქვს. მე რომ ანანო მიყვარს და ანანოს – მამამისი, ეს ხომ ისედაც გასაგებია. რა თქმა უნდა, გული მეც დამწყდა და მასაც, ოჯახი დაინგრა, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრების სტილია, ასე ვცხოვრობ, არასდროს ვთამაშობ. თუ სიყვარული არ არის და გული არ გიძგერს, არ გაქვს, მოლოდინი რომ ახლა მას ვნახავ, ასეთი ცხოვრება არ მინდა. ჩემსა და მიშკას შორის სულ სხვა რაღაც მოხდა. აღმოჩნდა, რომ 33 წელი ორივე თურმე ასე იმიტომ ვცხოვრობდით, რომ ერთმანეთს შევხვედროდით. რა თქმა უნდა, მეც მყვარებია, მასაც ჰყვარებია და ყველა ამ ისტორიას და გრძნობას ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მაგრამ ის, რაც ჩვენ შორის მოხდა, მართლაც განსაკუთრებულია.

– როგორ მიიღო ანანომ დედამისის ქორწინება სხვა მამაკაცთან?

– შეიძლება მტკივნეულად, მაგრამ გაგებით. ანანოს ბუნებრივი ეჭვიანობა ჰქონდა, რომ დედამისს ვიღაც სხვაც უყვარს ანანოს გარდა. ხელოვნურად არაფერი გაგვიკეთებია, მით უმეტეს, მიშკას არ აქვს ის მომენტი, რომ ითამაშოს. მან იცის, რომ ანანოს ჰყავს არაჩვეულებრივი მამა, მაგრამ ალბათ, აქვს პრეტენზია, რომ იყოს მისთვის ძალიან კარგი და ახლობელი ადამიანი. სადაც კი წავალთ, ვცდილობთ, ანანოც ჩვენთან ერთად იყოს. საქორწინო მოგზაურობაშიც კი გვყავდა. არ მინდოდა, გულში მტკივნეულად ჩარჩენოდა, რომ დედა საფრანგეთში წავიდა და მე ასე ადვილად დამტოვა. არც მომეწონებოდა ადამიანი, რომელსაც იმდენი ტაქტი არ ექნებოდა, რომ ბავშვთან ურთიერთობა შეშლოდა. გარწმუნებ, ასეთი არც შემიყვარდებოდა, ძალიან კარგად ვერკვევი ადამიანებში. მშვენივრად ეტყობა თვალებში, კეთილია თუ არა.

– სად გაიცანი მიშა ხუჯაძე?

– ჯერ ეს ერთი, მართლა არ ვფიქრობდი გათხოვებაზე. ჩემი საქმიანობის გაგრძელებასა და, ანანოს განათლებაზე ვფიქრობდი და ბუნებრივია, სამომავლოდ, ჩემს პირად ცხოვრებაზეც. ჩემი მეგობარი ხატია შამუგია დამცინის, სულ გათხოვილი ხარ, გასათხოვარი ვერ გამოგიჭირეო. მიშკა ნინო შუბლაძის ქორწილში გავიცანი. ნინოს მეგობრები ერთ სუფრასთან ისხდნენ და თანამშრომლები – მეორე სუფრასთან. ცხადია, პირველი შეხვედრისთანავე ვერ დავუშვებდი, რომ შეიძლებოდა, ჩვენ შორის რაღაც სერიოზული მომხდარიყო. ჩვენ უფრო მას შემდეგ დავახლოვდით, რაც „რუსთავი 2-დან“ წამოვედი. ალბათ, მეტი დრო გამომიჩნდა და იმიტომ. მძიმე მომენტებში მხარში ამომიდგა. ჩემთვის სასიამოვნო იყო, რომ ზედმეტ კითხვებს არ სვამდა. ვიცოდი, მას ჩემგან არაფერი სჭირდებოდა და იმიტომ არ მეგობრობდა ჩემთან, რომ ცნობილი ჟურნალისტი ვარ. მივხვდი, რომ უბრალოდ, შეუყვარდა ქალი, რომელსაც ეკა ხოფერია ჰქვია. სადღაც ოთხ თვეში, ეს სიახლოვე უფრო დიდ გრძნობაში გადავიდა.

– ვიცი, ბათუმში ძალიან ლამაზი ქორწილი გქონდათ. რა მოსამზადებელი პერიოდი უძღოდა მას წინ და რა ხარჯებთან იყო დაკავშირებული?

– აბსოლუტურად არარეალური იდეები გვქონდა ამასთან დაკავშირებით. ჯერ გვინდოდა, ქორწილი ევროპის რომელიმე ქალაქში გვქონოდა, მაგრამ მერე მივხვდით, იქ ვერავის წავიყვანდით და ამდენი ფულიც არ გვქონდა. მერე კიევში გვინდოდა და მივხვდით, რომ მაინც ნაკლები ხალხი წამოვიდოდა იქ და უხერხული იქნებოდა. მერე გადავწყვიტეთ, სადმე ზღვისპირა ქალაქში გაგვეკეთებინა, სადაც რამდენიმედღიანი დროსტარების საშუალება მოგვეცემოდა. შენ იცი, როგორ მიყვარს ზღვისპირა ქალაქი და ასე გაჩნდა ბათუმის იდეა. კაბა თამუნა ინგოროყვამ შემიკერა. საერთოდ, თამუნას ბევრ საკითხში ვენდობი. გარდა იმისა, რომ დახვეწილი დიზაინერია, არაჩვეულებრივი დედაა. ორსულობის დროს რომ დავდიოდი თამუნასთან, ბევრ რჩევას ვიწერდი. მან მირჩია საბავშვო ეტლი, რომელიც საოცარი თანხები დაჯდა, მგონი, მსოფლიოს ვარსკვლავების შვილები დადიან იმ ეტლით. მიშკას საერთოდ არ ჰქონდა ნანახი კაბა, მაგრამ ჩემს გემოვნებას ენდობოდა. სამი წელი მუშაობდა საფრანგეთში. მისი მეგობრები ჩამოდიოდნენ ქორწილში და უნდა მოგვეფიქრებინა, სად, რამდენი დღით გაჩერდებოდნენ, ვინ წაიყვანდა და მოიყვანდა მანქანით. მათ უნდა ჩამოეტანათ ჩვენი მოგზაურობისთვის ვიზა. მერე ბარგი დავკარგეთ და ბევრი პრობლემა გვქონდა. მე და მიშკას შეცდომა ის იყო, რომ ქორწილი საკუთარ თავზე ავიღეთ. ჩვენდა გასაკვირად, რესტორანში არ ჩართეს კონდიციონერები. ვერ წარმოვიდგენდით, თუ შეიძლებოდა, ეს პრობლემა ყოფილიყო, იმდენად ყველა დეტალი გავთვალეთ. ცოტა სასაცილო იყო, ზოგი პულტს ეძებდა, რომ კონდიციონერები ჩაერთო, ზოგი ფანჯრებს აღებდა. ამაზე ძალიან ვინერვიულე. თანხობრივად არ მახსოვს, რა დაჯდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ჩვენ დავაბინავეთ სასტუმროში, მაინც კოლოსალური თანხა დაჯდა. თუმცა, ეს იყო ასკაციანი ქორწილი.


აგრეთვე წაიკითხეთ:

როგორ იქორწინა ცოლისგან ფარულად ვახო სანაიამ და ვინ არიან მისი ყოფილი ცოლები

ღალატი, იმედგაცრუება და ისევ... ნანუკა ჟორჟოლიანის 2 ქმარი - ცოტა რამ ჟურნალისტის პირად ცხოვრებაზე

ბევრად კარგად ვცხოვრობ, ვიდრე ქვეყნის მოსახლეობის 90% - გვარამია საკუთარ ცხოვრებაზე