Digest Logo

რატომ გაექცა ახალმოყვანილი ცოლი ზაზა კოლელიშვილს - 2 ქორწინება, ბოჰემური ცხოვრება და ბევრი ქალი

1612854099
მსახიობი ზაზა კოლელიშვილი

ზაზა კოლელიშვილმა რთული და საინტერესო ცხოვრების გზა გაიარა. რომ არა მსახიობი შესაძლოა,  მოქანდაკე ყოფილიყო, თუმცა ჩარლი ჩაპლინის ნახვის შემდეგ ცხოვრება კინოს გარეშე ვეღარ წარმოედგინა და მსახიობის გზა აირჩია.

18 წლის ასაკში შეთეს როლი ითამაშა ფილმში „ნატვრის ხე“. ამბობს, რომ ეს ბედის საჩუქარი იყო. ამას მოჰყვა სხვა როლები. განსაკუთრებული იყო მურტალოს როლი ფილმში „კუკარაჩა“. მნიშვნელოვანი იყო ასევე ფილმი „გარიგება“, რომელმაც ზაზას კიდევ მეტი პოპულარობა და მაყურებელთა სიყვარული მოუტანა.

დღეს მსახიობი ზაზა კოლელიშვილი თავისი ცხოვრების შესახებ გვიამბობს:

ბავშვობა…

კინოკადრივით მახსენდება ბავშვობა. ფაქტიურად თეატრში დავიბადე და სარეპეტიციოში გავიზარდე. ჩემი ოჯახიდან მეშვიდე თაობა ვარ, ვინც მსახიობი გახდა. მამაჩემის დედა — ლიდია ალექსანდროვნა ლატვიელი იყო. გადმოსახლებულები იყვნენ საქართველოში, მერე პაპაჩემმა მოიტაცა. წარმოიდგინეთ, პაპაჩემის მამაც კი მახსოვს. ასი წლის გარდაიცვალა. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. დედა ჟურნალისტი იყო, მამა – ისტორიკოსი. იმდენი წიგნი გვქონდა სახლში, ბიბლიოთეკა გეგონებოდა. ძალიან მიყვარდა თეატრში, კინოში და ბიბლიოთეკაში სიარული. თბილისში გლდანის ქუჩაზე ცხოვრობდნენ ბებიაჩემის დები — ანიჩკა, სონია და ელენე ბაჩიაშვილები. მათ ჩემზე დიდი ამაგი ჰქონდათ. ფუნქციები ჰქონდათ გადანაწილებული. ანიჩკა ბებიას ცირკში, მუზეუმებში დავყავდი, სონია ბებია მურაბებს მაჭმევდა, ელენე ბებია სხვადასხვა ისტორიებს მიყვებოდა და უგემრიელეს საჭმელებს მიმზადებდა.

ბავშვობაში როგორც კი პირველად ვნახე ჩარლი ჩაპლინის პატარა მინიატურები, იქიდან მოყოლებული ცხოვრება კინოს გარეშე ვეღარ წარმომიდგენია. კინო და თეატრი ერთდროულად შემოვიდა ჩემში. რეჟისორი გია მატარაძე დედაჩემის ძმა იყო. ერთ დღეს დედაჩემთან მოვიდა და უთხრა, მოკლემეტრაჟიან ფილმს იღებენ და თორმეტი წლის ბიჭს ეძებენო. წამიყვანეს სინჯებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, დამიწუნეს, ძალიან სუსტი ბავშვიაო.

პირველი ბიძგი ცხოვრებაში

თენგიზ აბულაძემ გადამიღო „ნატვრის ხეში“, ვთვლი, რომ ჩემთვის სწორედ ეს იყო პირველი ბიძგი. ის, რომ მსახიობი გავხდი, ქალბატონ თინა ბოლოთაშვილის დამსახურებაა. ასე ვთქვათ, მან ამაფორიაქა და მირჩია თეატრალურზე ჩამებარებინა. ამის შემდეგ მოვდივარ და მოვდივარ დღემდე…

მოვლენა, რომელმაც შემცვალა

მშობლების სიკვდილი… 1992 წელი იყო. თბილისის ომი ახალი დამთავრებული იყო. დედა ავად გახდა, სავადმყოფოში იწვა. მამას ამ ამბავს ვუმალავდით. მამას დედაჩემი მესამე კლასიდან უყვარდა. მათი სიყვარულის ამბავი ცალკე ისტორიაა. დედას ავადმყოფობის ამბავი სხვა ადამიანისგან შემთხვევით გაიგო და იმ ღამესვე ჩამოვიდა. მეორე დღეს, 27 იანვარს დედას დაბადების დღე იყო და ნამცხვრებით, ტკბილეულით მიდიოდა საავადმყოფოში და დაარტყა ინსულტმა. იმ დროს 58 წლის იყო, ჩემზე პატარა. სხვა გზა არ იყო, ექიმების ნებართვით წამოვიყვანეთ დედა. ამის მერე ექვსი თვე იცოცხლა დედამ. მამის გარდაცვალებიდან ექვსი თვის შემდეგ დედაც გარდაიცვალა. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე. იყო საშინელი დეპრესია. ამ ყველაფერის გადალახვაში და დაძლევაში ძალიან დამეხმარა ჩემი მეუღლე. ნათია რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი ამ ამბავს როგორ გადავიტანდი. სიცოცხლისკენ მომაბრუნა ფესტივალმა „ოქროს არწივი“, სადაც მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ოქროს არწივი გადმომეცა. რაღაცნაირად ამან გამომაცოცხლა, სტიმული დამიბრუნა და სააქაოს წამოვედი…

ზაზა კოლელიშვილის ცხოვრებაში ბევრი ქალი იყო, მაგრამ ცხოვრების მეგზურად დარჩენა მასთან აირჩია, ვინც მსახიობს კარგად გაუგო. ნათია გოგოჭურს ქმრის არც ბოჰემურობა, არც მისი ძველი ნაცნობი ქალების სახლში სტუმრობა და პირველი შვილის მიღება გასჭირვებია. ქმარს დღემდე გვერდში უდგას და ერთად ქმნიან ოჯახში შემოსატანს.

ზაზა კოლელიშვილი და ნათია გოგოჭური

„ჩვენი თანაცხოვრება რთულად დაიწყო. იმიტომ, რომ ზაზას უკვე ჰყავდა პირველი ცოლი და შვილი. ოფიციალურად არ იყვნენ დაშორებულები, მაგრამ ნანა თავის სახლში ცხოვრობდა, ზაზა – თავისაში. ჩემი საახლობლოსთვისაც წარმოუდგენელი იყო ჩემი და ზაზას ერთად ყოფნა, გამომდინარე იქიდან, რომ მეგობრები ვიყავით. ერთმანეთს ცხრა წელი ვიცნობდით. ჩვენ მანამდეც კარგი ურთიერთობა გვქონდა, სანამ ზაზა ცოლს მოიყვანდა. ამიტომ, მის მიმართ ცოტა ზერელე დამოკიდებულება მქონდა. სიგიჟემდე მიყვარდა, ოღონდ, როგორც ჩემი ოჯახის მეგობრების შვილი და ნიჭიერი ადამიანი. ის საშინლად ბოჰემური იყო, მე უფრო ტვინდამჯდარი და წარმოუდგენელი გახლდათ ორი ასეთი, სხვადასხვა ხასიათის ადამიანი ერთმანეთს მორგებოდა.

ის გრძნობა, რომ მის ცხოვრებაში პირველი არ ვიყავი დღემდე მაქვს, რომ იქნებ არ იყო სწორი მათი დაშორება და შერიგებულიყვნენ... ეჭვიანობის გრძნობა არ მაქვს, რადგან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს მე და ნანას და, ნინიკო უფრო ჩემ შვილად მიმაჩნია, ვიდრე ნანასა და ზაზას შვილად. უფროსი შვილიშვილი სამი წელია, უკვე ჩვენს ოჯახში ცხოვრობს. ნანაც გათხოვდა, შვილი გაუჩნდა. ძალიან კარგი ბიჭი ჰყავს. იმ პერიოდისთვის უცნაურიც იყო ჩვენ შორის კარგი ურთიერთობა. ყველაფერი კი ნინიკოს გამო მოხდა. ზაზას ერთი წუთითაც ვერ წარმოედგინა ნინიკოს გარეშე ცხოვრება. ჩემთვისაც სრულიად ნორმალური იყო, შაბათ-კვირას ბავშვის სანახავად წასულიყო ან ბავშვი მოეყვანა ჩვენთან. პირველი სამი წელი შვილი არ გვყავდა. ელენე მესამე წელს დაიბადა, მერე ვიტო, ბაჩო და კესო გაჩნდნენ. ჩემმა შვილებმა, რომ გაიზარდნენ, უცნაურად აღიქვეს ის ფაქტი, რომ ნინიკო მათი ნახევარდაა. ვინც დედმამიშვილების დაშორებაზე ფიქრობს, ოდესმე ისიც ხომ უნდა დაუშვას, რომ და-ძმა, რომელიც ერთმანეთს არ იცნობს, შეიძლება, სადღაც მაინც შეხვდნენ და რაღაც ცუდი მოხდეს მათ შორის. ამის არ ეშინიათ? ბევრი შემთხვევა ვიცი, მამაკაცს შვილის ნახვის უფლებას არ აძლევდა ცოლი და ის კაცი პირველ მეუღლეს დაბრუნებია. ასე რომ, გინდა-არ გინდა, ის იყო შეჩვეული გარემო და მე კი ვიყავი ახალი, ვისთან ერთადაც უნდა შეგუებოდა ცხოვრებას. ზაზას გაორება შევატყვე, არანორმალურად უნდოდა შვილთან ყოფნა. სრულიად მშვიდად დავსხედით და დავილაპარაკეთ. ვუთხარი: თუ მიგაჩნია, რაღაც შეცდომა დაუშვი, რომ ახლა ბავშვთან და ნანასთან არ ხარ, მაშინ, მოდი, ცოტა ხანს დავშორდეთ და ყველაფერში კარგად გაერკვიე-მეთქი. ოღონდ, ვთხოვე, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, ჩემთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონოდა. დაახლოებით, ათი დღე ვიყავით ცალ-ცალკე, მერე ჩემს სახლთან მოვიდა, დამირეკა – ჩამოდი, უნდა დავილაპარაკოთო.

ზაზას აქვს პერიოდები, როცა ბევრს სვამს. ფხიზელი ძალიან მორიდებულია ადამიანებთან ურთიერთობაში და ნასვამს უგროვდება ემოციები. ვხვდები, რომ ნიჭიერ და შემოქმედებით ადამიანებს სჭირთ ასეთი გადახვევები. ამიტომ, ძირითადად, ჩვენი კონფლიქტის მიზეზი სასმელია, მოვითხოვ, რომ მუდმივად საქმე აკეთოს და ფორმაში იყოს. მეც ამ პროფესიის ვარ და ერთად ვართ ჩართული სამუშაოში. საკმარისია, ზაზა ცოტა რეჟიმიდან ამოვარდეს, საქმე მთლიანად ვარდება რეჟიმიდან. ძალიან ბევრი გაჭირვება გამოვიარეთ. ისეთ პირობებში გვიცხოვრია, ნაქირავებში, ფანჯრებიდან რომ ვირთხები ძვრებოდნენ, იმიტომ რომ ყველაფერი ფილმში ჩავყარეთ. სულ გვაქვს იმის იმედი – დავიწყოთ და მერე რაღაც იქნება, მაგრამ ვიწყებთ და მერე ჩვენი ახალი წამოწყებების მსხვერპლი ვხდებით. სულ გვეჩვენება, რომ ქვეყნისთვის კარგს ვაკეთებთ და ბოლოს აღმოჩნდება, ეს მარტო ჩვენ გვჭირდება და სხვას არავის. ბავშვები პატარები იყვნენ, ქვეყანაში რომ არეულობა იყო. მე არ ვმუშაობდი. ზაზაც, ფაქტობრივად, უმუშევარი დარჩა და ვიყავით ჩვენი მეგობრების კეთილი ნების იმედად. რომ არა ზაზას რამდენიმე მეგობარი, შეიძლება, ჩვენი ცხოვრება ტრაგედიით დამთავრებულიყო. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, ალბათ, ფიზიკური დაუძლურება იქნებოდა. უკვე აუტანელი იყო ასეთი მდგომარეობა.

როცა ზაზას გავყევი, ძალიან ბევრ მანდილოსანს ჰქონდა ურთიერთობა. რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ადამიანები პერიოდულად ჩნდებოდნენ ჩვენს ცხოვრებაში. არასოდეს მიეჭვიანია უმიზეზოდ. სახლში შემოსულ ქალზეც კი, რომელზეც დანამდვილებით ვიცოდი, რომ ადრე ზაზასთან რაღაც ჰქონდა. ეს მისთვის არასდროს მიგრძნობინებია. არ შეიძლება, ამის გამო წივილ-კივილი აუტეხო. ამით შენ აგდებ კაცს სახლიდან. პირიქით, თბილი გარემო უნდა შეუქმნა. მან უნდა იცოდეს, რომ თუ სადღაც, ვიღაც პრობლემებს შეუქმნის, შენთან უნდა განიტვირთოს. რა თქმა უნდა, ფიზიკური ჩაბღაუჭებით ვერ შეინარჩუნებ კაცს და არც კუჭზე გადის კაცის გულისკენ მიმავალი გზა. ბევრ მამაკაცს ძალიან კარგად შეუძლია თვითონ მოიმზადოს საჭმელი და ზაზასაც მშვენივრად მოუმზადებია ბავშვებისთვის. ეს არის ბუდე, სადაც ადამიანი გარედან მიღებული სტრესისგან ისვენებს. შენ თუ დამძიმებული გაუშვი შინიდან, იმას აღარ მოუნდება სახლში შემოსვლა. იცი, რომ ყველა მამაკაცი, რომელიც ასაკშია და რომელსაც დედა აღარ ჰყავს, ცოლში ეძებს დედას? ისინი ჩვენზე მეტად დაჭრილები და ტკივილმიყენებულები არიან. ეს არის მათი ერთგვარი პოზა. დღესაც, პატარა ტყუილზეც კი, ზაზა დარწმუნებულია, რომ შემიძლია, მისი ცხოვრებიდან წავიდე, იცის, რომ ამის გამკეთებელი ვარ“, - ამბოდა ერთ-ერთ ინტერვიუში ნათია გოგოჭური.

რა არის ზაზა კოლელიშვილისთვის ოჯახი?

ოჯახი ჩემთვის არის სიყვარული, ადამიანობა. ეს არის ჩემი ცხოვრების არსი. ჩემ გვერდით არიან ის ადამიანები, ვინც მე და ჩემმა მეუღლემ შევქმენით, ჩემი სიყვარულის ნაყოფები, ჩვენი შვილები. ერთად გვტკივა, ერთად გვიხარია და გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს ნებისმიერ საკითხში, ვუფრთხილდებით ერთმანეთს. ოჯახს რომ უფრთხილდები, ადამიანი ქვეყანასაც უფრთხილდები, ქვეყანას რომ უფრთხილდები, ე.ი. სამყაროს უფრთხილდები. აქედან იბადება სიკეთე. ოჯახია ყველაფრის სათავე და ჯაჭვივით არის ეს ყველაფერი აწყობილი…


აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რომანი ბერა ივანიშვილთან, უცხოელი ქმარი და სხვა ამბები თაკო გაჩეჩლაძეზე

მივედი მის ქმართან, რომელიც ჩემი მეგობარი იყო და ვუთხარი, შენი ყოფილი ცოლი ცოლად უნდა მოვიყვანო-მეთქი - ევგენიძე

3 ქალის სექსუალური შევიწროვება, 4 ვაჟის მამა, 2 ქორწინება და კავშირი თეა წულუკიანთან - შალვა რამიშვილის სკანდალები