„ჩვენი ეზო“, „საბუდარელი ჭაბუკი“, „მოცურავე”, „ქალაქი ანარა”, „იყო შაშვი მგალობელი”, „დანაშაული მოხდა”, „მაცივარში ვიღაც იჯდა”... – ყველა ამ ფილმში მაკა მახარაძემ საინტერესო როლები ითამაშა. მიუხედავად შესრულებული როლებისა მედეა ჩახავასა და კოტე მახარაძის ქალიშვილის გატაცება ყოველთვის კლასიკური ბალეტი იყო, რაც მისი ცხოვრების მეგზურად იქცა.
მაკა მახარაძის პირადი ცხოვრება
„18 წლის გავთხოვდი. მურაზ მურვანიძე უკვე სახელგანთქმული მხტვარი იყო, თეატრში რომ მივედი. ახალი მისული ვიყავი თეატრში. შემომთავაზა, დაგხატავო. სამ თვეში კი ცოლობა მთხოვა. ნიშნობა და ქორწილი არ გვქონია. მხოლოდ ხელი მოვაწერეთ. მას ჰყავდა ქალიშვილი – თეა, რომელიც ჩვენს ოჯახთან ძალიან ახლოსაა, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მას დედობა გავუწიე. 12 წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა და დეიდამ გაზარდა. უბედური შემთხვევა იყო: ბავშვთან ერთად იყო წასული დასასვენებლად ფასანაურში, თოვლიან მთაზე ფეხი დაუცურდა და დაიღუპა. არაჩვეულებრივი დედა ჰყავდა, დალი ღოღელიანი, ექიმი (დალი ღოღელიანი თამაშობს ფილმში „ვინ შეკაზმავს ცხენს“, – ავტორი) თეა ჩემს შვილზე, ნატოზე, ხუთი წლით უფროსია. გავიდა წლები და მეც დავშორდით მეუღლეს ის წლები, როცა ერთად ვიყავით, იყო ძალიან კარგი და ბედნიერი, მაგრამ, როცა ატყობ, რომ ურთიერთობა იძაბება, რაღაც პრობლემებთან არის დაკავშირებული, ნათქვამია, საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო და დავშორდით. ვითომ ერთად რომ არიან და ვითომ ბედნიერი – ეს არის სწორი?! უარესია.
ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ოჯახი შეინარჩუნო, – ამას ვეთანხმები, მაგრამ, ასეთ დროს, არ ჯობია, ერთად არ იყვნენ, ვიდრე ბავშვები უყურებდნენ დაძაბულ ურთიერთობას?! სხვათა შორის, არასდროს გვიჩხუბია. რაღაც მოხდა, მაგრამ, ვერც კი ავხსნი – რა. არაჩვეულებრივი ორი შვილი გვყავს, გერიც მყავს, ვერ ვიტან ამ სიტყვას, მაგრამ, ასეა და რას ვიზამ, მეც ძალიან კარგი გერი ვიყავი სოფიკოსთვის. რაც შეეხება ჩემი მშობლების დამოკიდებულებას იმ ფაქტისადმი, რომ მურაზს გავყევი, არ იყო კრიტიკული. ისინი საერთოდ არ იყვნენ მკაცრები. მე ვიყავი მამას ნებიერა, ვიზრდებოდი ძმებთან, თემურთან და ივიკოსთან ერთად, მერე შემეძინა და – ბაია, მაშინ უკვე 22 წლის ვიყავი, მაგრამ, კოტეს მე ვყავდი ძალიან გათამამებული.
პროფესიული არჩევანი
„პატარა რომ ვიყავი, დღისით ექიმობა მინდოდა, საღამოს – ბალერინობა. ბაბუა, დედას მამა, ვასილ ჩახავა, გახლდათ მეან-გინეკოლოგი. ეტყობა, ძალიან მომწონდა, ექიმი რომ იყო, თან, თეთრ ხალათში და, გადაწყვეტილი მქონდა, მეც აუცილებლად ექიმი გავხდები-მეთქი. ბაბუას თავის კლინიკაში დავყავდი ხოლმე ანალიზებზე და ვამჩნევდი, ყველა როგორი დიდი სიხარულით მხვდებოდა, თვალები უბრწყინავდათ ჩვენს დანახვაზე და ამას მიჩვეული ვიყავი, თუმცა, ეს არ იყო მხოლოდ ბაბუასთან დაკავშირებული, ასე იყო მამას, დედას, ბებიას (მამაჩემის დედის) გვერდით, რომელიც ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა პირველი სკოლის ბიბლიოთეკის გამგედ. ჩვენს ოჯახში ბალეტის კულტი იყო. მამაჩემმა საბალეტო სტუდია დაამთავრა, მაგრამ, მერე თეატრალურმა გადაძლია და მსახიობი გახდა. დედაც, თურმე, ყოველთვის ბალეტზე ოცნებობდა, მაგრამ, ოცნება ვერ აისრულა. მე 9 წლისა მიმიყვანეს საბალეტო სკოლაში. ბალეტზე სულ ვოცნებობდი. საერთოდ, იშვიათად მინახავს გოგონა, რომელიც ბალეტზე არ ოცნებობს. ქორეოგრაფიულ სასწავლებელს რომ ვამთავრებდი, მამაჩემმა ულტიმატუმი წამომიყენა – დიდ წარმატებას ვერ მიაღწიე და სკოლიდან გამოგიყვანო. თუ ამას გააკეთებ, თავს მოვიკლავ, მტკვარში გადავხტები-მეთქი. მაშინ ამაზე ბევრი ვინერვიულე, მაგრამ დღეს სიყვარულით მახსენდება მისი სიტყვები.სკოლა რომ დავამთავრე, ოპერისა და ბალეტის თეატრში დავიწყე მუშაობა“.
მაკა მახარაძის რეაქცია მშობლების დაშორებაზე
ის, რომ მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, ცხადია, ჩვენთვის ყველაზე დიდი ტრაგედია იყო – ოცი წელი იყვნენ ერთად და, უცებ, ერთად აღარ არიან. მაშინ 19 წელი შემისრულდა, ნატოზე ფეხმძიმედ ვიყავი, და მთელი ცხრა თვე ვტიროდი. მეგონა, დედამიწა გამომეცალა ფეხქვეშ. გავიდა დრო და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ეს მათი პირადი საქმე იყო და, ამიტომ, არასდროს მიცდია, ჩავრეულიყავი – რა მოხდა, ვინ იყო დამნაშავე... ვცადე მათი შერიგება, მაგრამ გადაწყვეტილება კატეგორიული იყო. მამა სოფიკოსთან უფრო მყავს ასოცირებული, იმიტომ რომ სოფიკოსთან უფრო მეტხანს – ოცდაათი წელი იყო. რაც შეეხება მიზეზს, ნამდვილად არ გასცილებია მამა სოფიკოს გამო, სოფიკო აქ არაფერ შუაშია. მანამდე კიდევ ჰყავდა ცოლი, რომელთანაც შვილი შეეძინა, ბაია.
ბალერინა და დიასახლისი
ვახტანგ ჭაბუკიანისა და ვერა წიგნაძის მოწაფე ვიყავი – ამაზე მეტი ბედნიერება რა შეიძლება გქონდეს ადამიანს. რა თქმა უნდა, შემეძლო მეტის გაკეთება ჩემს საქმეში, როცა ვცეკვავდი, მაგრამ, ცოტა სიზარმაცე და, კიდევ, ის ფაქტორი იყო, რომ ჩემს ოჯახში პრიორიტეტი ყოველთვის იყო სახლის საქმე, ოჯახში ყველაფერი წესრიგში უნდა გვქონოდა. მაშინ არ მყავდა დამხმარე, ყველაფერს მე ვაკეთებდი. სანამ დედაჩემთან ერთად ვცხოვრობდი, რა თქმა უნდა, დედა მეხმარებოდა ძალიან, მაგრამ, მერე, როცა ცალკე გადავედით, თავისი გარეცხვით, სადილებით, უთოობით, დალაგებით, კონსერვების კეთებით – ყველაფერს თვითონ ვაკეთებდი, თან, ვცეკვავდი. პროფესიული თვალსაზრისით, საშინელებაა, რასაც ახლა ვამბობ – ეს არ არის პროფესიონალიზმის მაღალი გამოვლინება, ეს არის კარგი მეოჯახის პოზიცია. მურაზი მეხუმრებოდა: საუკეთესო ბალერინა ხარ დიასახლისებს შორის და საუკეთესო დიასახლისი – ბალერინებს შორისო. მე არასდროს მიოცნებია სახასიათო – ესპანურ და ბოშურ ცეკვებზე. ყოველთვის მინდოდა, ვყოფილიყავი „ჟიზელში“, „დონ კიხოტში“, „გედების ტბაში“... მაგრამ, არ გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ვერა წიგნაძე ძალიან ცდილობდა, თავის გზაზე დავეყენებინე, ეტყობა, მე არ მეყო ამის ძალა და, ალბათ, არც მონაცემები. არაფერს ვამადლი ოჯახს – მინდოდა ეს, თორემ, ვინ მაძალებდა. მურაზი მეტყოდა ხშირად: შეგიძლია, პრინცესასავით იცხოვრო, მაგრამ, არ გინდა; გინდა, რომ რეცხო და ხეხოო. თუმცა ისეთი კარგი კულინარი, როგორიც დედაჩემი იყო, რომელიც ისეთ კომპოზიციებს ქმნიდა, რომ გაოგნდებოდით, არასდროს ვყოფილვარ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
რატომ გაექცა ახალმოყვანილი ცოლი ზაზა კოლელიშვილს - 2 ქორწინება, ბოჰემური ცხოვრება და ბევრი ქალი
მშობლებისგან მიტოვებული ზურა ხაჩიძის ცხოვრება - ქუჩის აკადემია, რომანი ქეთა თოფურიასთან და ქონება