„მაგდანას ლურჯა“ ხომ გახსოვთ? როგორი რთულია 3 ობლის მარტოდ აღზრდა, დედის ტრაგიკულმა ისტორიამ შეძრა მაყურებელი და მაგდანა ქართველი ერის დედა გახდა. მაგდანა იგივე დუდუხანა წეროძე ერის დედად მოინათლა.
სწორედ დუდუხუნას შეეძლო ერთ დროს მაგდანა ყოფილიყო, სხვა დროს კი „ბიჭიკოს დედა“.
აი, ხომ გახსოვთ ფილმ „უდიპლომო სასიძოდან“ ფრაზა, „ბიჭიკოს მუშაობა ვის გაუგია“, სწორედ მაგ ბიჭიკოს დედის როლს თამაშობს კომედიური ჟანრის ფილმში დუდუხანა წეროძე.
ის გოგონა რეპრესირებული ოჯახიდან იყო, რომელმაც თავისი ნიჭითა და სილამაზით გაიკვალა გზა ქართულ კინემატოგრაფიაში და სახალხო არტისტიც გახდა.
15 წლის იყო, როდესაც რეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა ეპიზოდურ როლში ათამაშა. მას სხვა როლებიც მოჰყვა, გამორჩეული სახე კი, მაინც, მაგდანა.
ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების, რეზო ჩხეიძისა და თენგიზ აბულაძის ნამუშევარმა კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პრიზი აიღო.
დუდუხუნას დისშვილის მოგონება:
„დუდუხანას მშობლები პლატონ წეროძე და პეპელა თათეიშვილი იყვნენ. პლატონი აზნაური გახლდათ, პროფესიით ფინანსისტი. ბათუმში ცხოვრობდნენ. დუდუხანა პირველი ქალიშვილი იყო, შემდეგ ეყოლათ – რუსუდანი, ლილი, მარგო და გოგი.
გოგი 18 წლის ასაკში მეორე მსოფლიო ომში წავიდა და რიგასთან დაიღუპა.
კარგა ხანი არ იცოდნენ, სად იყო დასაფლავებული. მის საფლავს მხოლოდ გასული საუკუნის 80–იან წლებში მიაგნეს.
ბაბუა პირველად 1924 წელს დაიჭირეს. ის 1921 წელს ნოე ჟორდანიას მთავრობას საზღვარგარეთ მიჰყვებოდა.
უკვე გემზე იყო ასული, როდესაც გასაცილებლად მისი ორსული ცოლი და ორი შვილი მივიდნენ (დუდუხანა და რუსუდანი).
მათ დაღონებულ სახეებს რომ შეხედა, გემიდან ჩამოვიდა და აღარ გაემგზავრა. მეორედ 1927 წელს დაიჭირეს, მაგრამ მალევე გამოუშვეს. შემდეგ სამსახურშიც აღადგინეს. ძლიერი ფინანსისტი იყო და, როგორც ბოლშევიკებს ახასიათებდათ, მისი ნიჭი კარგად გამოიყენეს. 1937 წელს კი დახვრიტეს.
ამის შემდეგ ოჯახის მარჩენალი დუდუხანა გახდა. მაშინ უკვე კინემატოგრაფიაში იყო ჩართული… რეპრესიების შემდეგ ბებია და მისი შვილები პეპელას დამ, მარიამ გარიყულმა შეიფარა.
გაჭირვებაში ცხოვრობდნენ და თან ყოველმხრივ შეზღუდულები. რადგან რეპრესირებულის შვილები იყვნენ, სამსახურის შოვნა უჭირდათ. დუდუხანამ მაინც მოახერხა და მუშაობდა. ეს იმ რეჟისორების დამსახურებაც იყო, რომლებმაც დეიდას კინოში ფეხი აადგმევინეს…
სამსახიობო განათლება არ მიუღია. სიცოცხლის ბოლო წლებში მიხეილ თუმანიშვილის ახალშექმნილ კინომსახიობთა თეატრში დაიწყო მუშაობა…
დეიდას პირველი ქმარი ოპერის მომღერალი, გივი ყიფიანი იყო. მისგან ერთი ვაჟი ჰყავდა – ბაადურ ყიფიანი, რომელიც ასევე ოპერაში მღეროდა.
სამწუხაროდ, ბაადური ნაადრევად გარდაიცვალა. მას ორი შვილი დარჩა – სალომე და ზურიკო. ზურიკო უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მას დარჩა შვილები, კოტიკო, რომელიც მომღერალია და გვანცა. ბატონი გივი ლენინგრადში ცხოვრობდა, დეიდა საქართველოში იყო.
ხან ის ჩამოდიოდა, ხან ეს აკითხავდა რუსეთში. მანძილმა თავისი ქნა, ისე მოხდა, რომ დუდუხანას ქმარმა სხვა ქალი შეიყვარა, მასთან შვილიც ეყოლა და დეიდასთან დაშორების მიზეზიც ეს გახდა.
ერთი ფაქტი აუცილებლად უნდა აღინიშნოს:
დეიდა ლენინგრადში ჩავიდა, ის ქალი გაიცნო და მასთან კარგი ურთიერთობაც ჰქონდა. იმასაც კი ამბობდა, გივის მეორე ცოლი ძალიან ლამაზი ქალიაო.
სხვათა შორის, პირველ დედამთილთან ბოლომდე კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ის ქალი რომ გარდაიცვალა, დეიდა ჭირისუფლად იჯდა…
როდესაც „მაგდანას ლურჯამ“ კანის კინოფესტივალზე პრიზი აიღო, საფრანგეთში სპეციალური ჯგუფი გაემგზავრა.
უცნაურია, მაგრამ დუდუხანა არ წაიყვანეს და წაიყვანეს ლეილა აბაშიძე, რომელსაც ამ ფილმში მონაწილეობა არ მიუღია.
ჟიურის წევრები გაურკვევლობაში ყოფილან, რატომ არ იყო მთავარი როლის შემსრულებელი. სამწუხაროდ,
ასეთი ამბებიც ხდებოდა.
დედაჩემი იხსენებდა, რადგან რეპრესირებულის შვილი იყო, იმიტომ არ გაუშვეს საფრანგეთშიო…“
დუდუხანას კერპი
დეიდაჩემი ცნობილი მწერალი მარიამ გარიყული გახლდათ. მის ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ სახელოვანი ადამიანები და მეც ბავშვური აღტაცებით თვალყურს ვადევნებდი მათ. ერთხელ მამამ კინოში წამიყვანა და მაჩვენა ფილმი „ვინ არის დამნაშავე?“ ისე გამიტაცა ფილმმა, რომ სულ დამავიწყდა, სად ვიყავი. ეპიზოდმა, რომელშიც ნატა ვაჩნაძის გმირი თავს იხრჩობს, ძალიან ამაღელვა და ავღრიალდი. მამა იძულებული გახდა, გარეთ გავეყვანე, თან მამშვიდებდა, დუდუხან, ეს კინოა, კინო! ნატა ცოცხალია და კიდევ ბევრ ფილმში მიიღებს მონაწილეობას, ნუ ტირიო!..
იმ დღიდან ნატა ჩემი კერპი გახდა. წარმოიდგინეთ ჩემი სიხარული, როცა ჯერ კიდევ 15 წლისას მომიწია ნატას სიახლოვეს ყოფნამ.
ჩემთვის ეს იყო პირველი ფილმი „უკანასკნელი ჯვაროსნები“, სადაც ხევსური გოგონას ეპიზოდური როლი შევასრულე.
ამ ფილმის შემდეგ აღარც ვფიქრობდი კინოკარიერაზე, იმიტომ კი არა, რომ აღარ მინდოდა, უბრალოდ, ვერ წარმომედგინა, რომ კიდევ დამიძახებდნენ...
მაგრამ მოხდა საოცრება და დამიძახეს.
მეამაყება, რომ ჯერ კიდევ პატარა გოგოს ნათამაშები მაქვს ისეთ ბუმბერაზ მსახიობებთან, როგორიც იყვნენ: ნატა ვაჩნაძე, შალვა ღამბაშიძე, კოტე მიქაბერიძე, სანდრო ჟორჟოლიანი, მიხეილ ქორელი...
შემდეგ იყო უბედნიერესი წლები და ფილმები: „დაკარგული სამოთხე“, „მამლუქი“, „მაგდანას ლურჯა“, „უდიპლომო სასიძო“, „ჩვენი ეზო“ და მრავალი სხვა.
ყველაზე დიდი სამსახიობო სკოლა რონდელთან გავიარე და ჩემს დაოსტატებას სწორედ მას ვუმადლი.
გასახსენებელი ძალიან ბევრი მაქვს...
ფილმს შეწირული
„უდიპლომო სასიძოს“ გადაღებას კინაღამ შევეწირე:
ალბათ, ყველას გახსოვთ, სამძახლოების წაკინკლავების სცენა. ისეთ ეშხში შევედი, რომ აკაკი კვანტალიანს (ნანის მამას) მართლა გამოვენთე, ღობეზე გადმოვფრინდი და ფეხიც მოვიტეხე... კინაღამ მოსაჭრელი გამიხდა.
გადაღება მთელი ორი თვით შეჩერდა. მთელი გადამღები ჯგუფი ძალიან შეწუხდა, განსაკუთრებით ფილმის რეჟისორი ლელიკო ხოტივარი.
ფილმს ხან ოზურგეთში, ხან ბახვსა და ხიდისთავში ვიღებდით. ხოტივარი ერთი წუთით არ გვასვენებდა, გადაღებას დილის ხუთ საათზე ვიწყებდით.
საკმარისი იყო, რომელიმეს დაგვეწუწუნა, რომ გვეუბნებოდა, ისეთ ფილმს ვიღებ, ხალხმა 50 წელი მაინც უნდა იცინოსო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოუვიდოდა, მე რომ ფეხი დავიზიანე და გადაღებაც შეჩერდა. ღვთის წყალობით, გამოვკეთდი და ფილმიც საუკეთესო გამოვიდა.
„ჩვენი ეზოს“ გადაღებისას საშინელი სიცხე იყო თბილისში. გავრცელდა ტიფი.
თავის დასაზღვევად ავიცერი და დავიწყეთ გადაღება. მაინც ვერ გადავურჩი ტიფს. ავადმყოფობის გამო ჩემი როლი შემცირდა. ის ეპიზოდი ხომ გახსოვთ, მე და „ჩემი მეუღლე“, აკაკი კვანტალიანი ლოგინში რომ ვსაუბრობთ ერთადერთი შვილის (გიორგი შენგელაიას) კეთილდღეობაზე, იმ წუთებში მართლაც სალოგინე ვიყავი, ოცდაცხრამეტი მქონდა სიცხე და გათანგული ვთამაშობდი როლს.
ფათერაკები
„პალიასტომის” გადაღებისას რონდელმა აიჩემა, ჭაობში უნდა გადავიღოთო. ჩვენც რა გზა გვქონდა? გრძელი ჭოკებით დავდიოდით ჭაობში. ერთ ადგილას ფეხი ამიცდა და ყელამდე ჩავვარდი. ისე დავიბენი და დავფრთხი, რომ დაყვირებაც ვერ მოვახერხე, გიორგი შავგულიძეს რომ არ გამოეხედა უკან, უსათუოდ დავიხრჩობოდი. გადაღებებისას ფათერაკები არ მაკლდა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ყველაფერი სასიამოვნო მოგონებად მრჩებოდა”.
გარდაცვალება
სიცოცხლის ბოლომდე ისეთივე ახალგაზრდა და ლამაზი სულის იყო, როგორიც მანამდე. 2000 წელს გარდაიცვალა 82 წლის ასაკში. ასთმა ჰქონდა და ეს გახდა სიკვდილის მიზეზი. ასაკის მიუხედავად, ბოლო წუთებამდე ფეხზე დადიოდა, აქტიური იყო. მასთან ცხოვრობდნენ შვილიშვილები, მათ ზრდიდა და უვლიდა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
ნაადრევად დატოვებული სიცოცხლე და შეფუთნილი ლენინის უცნობი ისტორია - ცოტა რამ რამაზ გიორგობიანზე