მსახიობმა ასმათ ტყაბლაძემ 70 წელს გადააბიჯა. როცა წარსულს თვალს გადაავლებს, შეცდომებს ხედავს, თუმცა საკუთარი თავისთვის საზიანოს და არა – სხვისთვის. ერთადერთი შვილი საკუთარი შრომით გამოზარდა და სარესტორნო ბიზნესი კერვითა და ქსოვით დაგროვილი თანხით დაიწყო. ახლა ძალიან ძლიერი და წარმატებული ქალია, თუმცა აქამდე ბევრი დაბრკოლება გადაიტანა, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერაში.
დღეს ასმათ ტყაბლაძეზე მის მიერ განვლი გზასა და პირად ცხოვრებაზე მოგიყვებით:
მსახიობის გენეტიკური ხაზი
მამით იმერელი გახლავართ, დედით ფშაველი. ძალიან კარგი წინაპრები მყავდა დედის მხრიდან, გვარად ჭინჭარაულები. მათი ერთ-ერთი წინაპარი ოჯახით შატილიდან წამოვიდა, დასახლდა თუშეთის ერთ-ერთ სოფელში – ეგნისში. როგორც ვიცი, სისხლი ემართა და ერთმანეთი რომ აღარ დაეხოცათ, წამოვიდა. დედაჩემის პაპის პაპა ერთ-ერთი სამასარაგველთაგანი იყო – კარგი მებრძოლი, თავის ქვეყანას ღირსეულად იცავდა. ხშირად იგებდნენ ბრძოლას. ერეკლე მეფე კარგი ბრძოლისთვის მებრძოლებს აჯილდოებდა. ზოგს აზნაურობას სთავაზობდა, ზოგს გადასახადებისგან ათავისუფლებდა. ჩემი წინაპრისთვისაც შეუთავაზებია, რომელი გინდაო.
ხევსურები თავისუფალი ხალხია, მათთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა აზნაური იქნებოდა თუ არა. რად მინდა აზნაურობა, ხარკისგან თუ გამათავისუფლებთ ყველაზე კარგი ეგ იქნებაო, – მიუგო მან და გაათავისუფლა. ჩვენმა ოჯახმა იცოდა ეს ამბავი, რომ ასეთი სახელოვანი წინაპარი გვყავდა, რომელიც ერეკლე მეფემ გადასახადებისგან გაათავისუფლა და მოხდა ასეთი რამ: ყველას გახსოვთ ის პერიოდი, როცა არც შუქი იყო, არც გაზი. ბავშვს პალტოს, ხელთათმანებს ვაცმევდი, ქუდს ვახურავდი და ისე ვაძინებდი. გაოცებული თვალებით მიყურებდა და მეკითხებოდა – დედა, სად მივდივართო. არსად შვილო, ვიძინებთ-მეთქი. ვერავინ მაჩერებდა, აქციას აქციაზე ვაწყობდი, გადაკეტილი მქონდა მთელი თბილისი. ვაკე რამდენიმე დღე გვქონდა გადაკეტილი. ყველა მხედავდა ტელევიზორში, რომ ასე აქტიურად ვიბრძვი დენისთვის, გაზისთვის. მოუმატებდნენ გადასახადს, მარეგულირებელ საბჭოში მივდიოდი დიდი ჩხუბით, რომ ტარიფისთვის დაეკლოთ. ამ პერიოდში ჩემთან სახლში მოდის ინკასატორი. სინათლე არ გვქონდა, მაგრამ რაღაც გადასახადი მაინც იყო. ძალიან მოკრძალებით მეუბნება: ქალბატონო ასმათ, იცით, სინათლის ფული გაქვთ გადასახდელი და ამისთვის ვარ მოსულიო. მე არ ვიხდი გადასახადს, გათავისუფლებული ვარ გადასახადებისგან-მეთქი. შეცბა, რადგან მაშინ არავინ არ იყო გათავისუფლებული ამისგან და მკითხა – ვინ გაგათავისუფლათო. ერეკლე მეფემ-მეთქი. ამ კაცმა იფიქრა, ამდენი დენსა და გაზზე ლაპარაკით, ეტყობა, გააფრინა ამ ქალმაო. კი გენაცვალე, როგორ არაო, – ამბობს და გარბის. მოიცადეთ – ვუძახი, მართლა ვარ გათავისუფლებული გადასახადებისგან-მეთქი
გზა მსახიობობისკენ
„სკოლაში ხშირად ვმონაწილეობდი ღონისძიებებში, ვცეკვავდი, ვმღეროდი, მხატვრულად ვკითხულობდი. რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე საქართველოს მასშტაბით სამჯერ პირველი ადგილი ავიღე. ლადო ასათიანის „კრწანისის ყაყაჩოები” წავიკითხე. პიონერთა სასახლეში უმაღლესი ხარისხის ჯილდო, ოქროს მაჯის საათი და მხატვრული კითხვის ოსტატის წოდება გადმომცეს. სკოლა წითელ დიპლომზე დავამთავრე. სკოლის პარალელურად არაყიშვილის სახელობის სამუსიკო ტექნიკუმში ვსწავლობდი. ძალიან მინდოდა, თეატრალურზე ჩაბარება, მაგრამ ასევე მინდოდა, ექიმი გამოვსულიყავი. ბოლოს ორივეზე ჩავაბარე. თეატრალურში 12 აბიტურიენტი იყო და ყველაზე მეტი ქულა მე დავაგროვე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ოცდაათი წელი ვიმუშავე მარჯანიშვილის თეატრში. ყველამ კარგად იცის, რომ ეს იყო გენიალური თეატრი, სადაც იყვნენ ვასო გოძიაშვილი, სესილია თაყაიშვილი, კოტე მახარაძე, იაშა ტრიპოლსკი, ელენე ყიფშიძე, მარინე თბილელი (მერე გადავიდა რუსთაველის თეატრში), ზურაბ ლაფერაძე, სოფიკო ჭიაურელი, ტარიელ საყვარელიძე, მზია მახვილაძე... ძალიან მალე დავმეგობრდი ყველასთან. თავიდან უშტატოდ ვიყავი, მაგრამ გამოსვლებზე 150 მანეთს ვიღებდი. ყველა სპექტაკლში ვიყავი დაკავებული. მერე შტატში ამიყვანეს და ხელფასი ასი მანეთი მქონდა. ბოლოს სხვანაირად დამთავრდა ჩემი თეატრში ყოფნა“, - იხსენებს ასმათ ტყაბლაძე.
თეატრის დატოვება და წარმატებული ბიზნესი
„თეატრის ხელმძღვანელები ცუდად მოიქცნენ, დანაშაული ჩაიდინეს, რომ 35 მსახიობი გაუშვეს. თეატრიდან წამოსვლა ძალიან დიდი ტკივილი იყო. თეატრიდან გაშვების დროს დიდი ბრძოლა გადავიტანე, სასამართლოთი დავამტკიცე, რომ მართალი ვიყავი. მის სახელს არ დავასახელებ, მიმხვედრი მიხვდება, ვისაც ვგულისხმობ. იმ პერიოდში მისი შვილი მშობიარობდა. თქვეს, მძიმე მშობიარეაო. შევედი ეკლესიაში, სანთელი დავანთე და უფალს ვთხოვე, ერთადერთი შვილი გადაურჩინე-მეთქი. მტრის შვილიც და შვილიშვილიც უნდა დალოცო... ძალიან „ბუნტოვშიცა“ ხარო. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ოთარ მეღვინეთუხუცესი გახლდათ.
პირდაპირ მითხრა: ურჩი ხარო. ურჩი კი არა, გენიალური ადამიანი ვარ, რომელსაც შემიძლია, დავიცვა ჩემი მეგობრები, ადამიანები, ჩემი ქვეყანა. სიავით კი არა, სიკეთით და სიყვარულით ვაკეთებ ყველაფერს! წამოვხტი და ვთქვი: ამას ვერ გააკეთებთ, მე შეგებრძოლებით-მეთქი. მთელი ამბები იყო, ცხრა სასამართლო პროცესი მოვიგე. არა მარტო თეატრის ხელმძღვანელობას, მის დამცველებსაც ვებრძოდი. მეღვინეთუხუცესს და მის ცოლს ეგონათ, ყველაფრის უფლება ჰქონდათ. 35 კაცი დაგვითხოვეს. ძალიან ცუდი სიტუაცია იყო თეატრში საბუთების მხრივ, ზოგიერთი შეიძლებოდა ციხეშიც წასულიყო. შეეშინდათ და შემომითვალეს, ოღონდ გაჩერდი და რა როლიც გინდა და რა ხელფასიც, მოგცემთო. მე ვუთხარი ან ყველა დაბრუნდება, არ არავინ-მეთქი. უსინდისოდ მომექცნენ.
დღესაც მესიზმრება, რომ თეატრში მაგვიანდება. ჯერ კიდევ ვერ გამოვედი მდგომარეობიდან. როლზე უარი არასდროს მითქვამს, მათ შორის – ეპიზოდურზეც. საერთოდ, ეპიზოდური როლი უფრო რთული სათამაშოა, რადგან მთავარ როლში ბევრის თქმის საშუალება გაქვს. ახლა სადაც მიმიწვევენ, იქ ვთამაშობ. ვინც დამიძახებს და მეტყვის, რომ საჭირო ვარ, ყველას ვთანხმდები. ბოლო დროს ერთადერთ როლზე ვთქვი უარი, სადაც გინება მიწევდა. ასეთ როლებს არ ვითამაშებ, მაყურებელს ჩემი პირიდან საზიზღარ სიტყვებს ვერ მოვასმენინებ.
თეატრიდან წამოსვლის შემდეგ ბიზნესი დავიწყე. მე მაქვს ძალიან ბევრი უნარი. წლების წინ ძალიან კარგად ვკერავდი და ტანსაცმელს ვყიდდი, მაღაზიაში ვაბარებდი. მეგობრები რეალიზებაში ძალიან მეხმარებოდნენ, მათ შორის სესილია თაყაიშვილი, სოფიკო ჭიაურელი, მზია მახვილაძე – თენგიზ აბულაძის ცოლი. ერთი კაბა 300 მანეთად გავყიდე, ეს ხდებოდა გასული საუკუნის 80-90-იან წლებში. ქალის და მამაკაცის გადასარევ ჯემპრებს ვქსოვდი. შრომა არასდროს მეთაკილებოდა. მერე სამოსის შექმნა მომბეზრდა და სარესტორნო ბიზნესში გადავინაცვლე.
ამ საქმეს ალღო მალე ავუღე, ორი რესტორანი მაქვს. არ ვარ ცუდი მმართველი, მომფიქრებელი და შემსრულებელი. დათმობა ვიცი, მაგრამ, როცა ხელმძღვანელი ხარ, სიმკაცრე საჭიროა.
ახლობლები რესტორანს აკეთებდნენ, მითხრეს, წილში შემოდიო და დავიწყე. მერე აღმოჩნდა, რომ მე უფრო მეტი შევძელი, ვიდრე მათ. ფული სწორედ ქსოვა-კერვით მოვაგროვე. სახლში რემონტიც გავაკეთე. მაშინ თეატრში 7 ლარი მქონდა ხელფასი.
პირველი დიდი თანხა მაშინ მოვაგროვე, როცა მეგობრის რჩევით პაკისტანში წავედი, ჩამოვიტანე რაღაცები და მაღაზიაში ჩავაბარე. ასეთ რამეებს სხვები მალავენ, მაგრამ მე დასამალი არაფერი მაქვს. შვილი და მოხუცი დედა უნდა მერჩინა, - ყვება ტყაბლაძე.
მოგონებები ვასო გოძიაშვილზე
„გოძიაშვილი მართლაც გენიალური ადამიანი იყო. ახალგაზრდებს გვეჩხუბებოდა, ქალები შარვლებით რომ დავდიოდით, მაშინ ახალი შემოსული იყო ქალზე შარვალი. ვემალებოდით, თეატრში უკანა შესასვლელიდან შევდიოდით. იქვე ჰქონდა საგრიმიორო. ან კაბით უნდა გამევლო, ან არ უნდა გამევლო. მივესალმებოდი, როგორ ბრძანდებით, ძია ვასო-მეთქი. ის მეტყოდა: აი, მალადეც, ქალურად გაცვია, ბიჭივით კი არ დადიხარო. მის სპექტაკლში „მზის დაბნელება საქართველოში” ბოშა გოგოს ვთამაშობდი. დამდგმელი ქორეოგრაფი ჯანო ბაგრატიონი გახლდათ. რეპეტიციაზე რომ შევედი და ვნახე, არა, ეს არ მინდაო, – თქვა გოძიაშვილმა. მისი მეუღლე, ჟენია, „პიანისტკა“ იყო. ჟენია, შენ დაუკარიო, – უთხრა. სცენაზე ავიდა და ბოშა ქალის ცეკვა იცეკვა. თხუთმეტი წუთი ვუკრავდით ტაშს. გული მწყდება, რომ მაშინ ვიდეოკამერები არ იყო, რომ გადაეღოთ. ძია ვასოს თავისი უცნაურობები ჰქონდა. სახლში არაჩვეულებრივად მიგიღებდა, გაგიმასპინძლდებოდა, მაგრამ ცოტა ხელმომჭირნეობაც იცოდა. მისმა გერმა, ჟენიას შვილმა, ცოლი შეირთო და საჩუქარი უნდოდა, ეყიდა. მთხოვა: შენ კარგი გემოვნება გაქვს და წამოდი, რამე ავარჩიოთო. თეატრის წინ უნივერმაღი იყო. წავედით. ახალგაზრდა მსახიობისთვის ვასო გოძიაშვილთან დალაპარაკება და გავლა, პრესტიჟი იყო. ავარჩიე. ახლა მეკითხება, რა ღირსო. 70 მანეთი-მეთქი. ვა, შენ რაებს მიჰქარავ, ჩამოდი ქვემოთ, „დალშე“, წავედითო. სხვა შევარჩიე. ეგ რა ღირს – ისევ მეკითხება. 50 მანეთი, ძია ვასო, – ვუპასუხე. ვა, რა ამბავია, კაცო, ორმოცდაათი მანეთი. ორმოცდაათი მანეთით შენ იცი, კაცმა რაები შეიძლება ქნას? მთელი ოთხი სართული შემოვიარე და ბოლოს, ხუთმანეთიან საჩუქარზე ჩამოვედით. აბა, როგორია, მოეწონება? როგორ არ მოეწონება, კარგია-მეთქი. ხომ არ ვეტყოდი, არ ვარგა-მეთქი. ის რა იყო, პირველად რომ მაჩვენე, რა მიქარვა იყოო, - იხსენებს მსახიობი.
ასმათ ტყაბლაძის პირადი ცხოვრება
ხშირად მყავდა როგორც მსახიობი თაყვანისმცემლები, ისე დარბაზიდან. ზოგი ყვავილებს მიგზავნიდა, ზოგი სიმპათიებს მითვლიდა. პატარა სიმპათიები და რომანები გვქონდა მე და თენგიზ არჩვაძეს, რომელიც სპექტაკლ „თვალი პატიოსანის“ მერე გაჩნდა. მაშინ თენგიზი 37 წლის იყო, ცოლს ოფიციალურად იყო დაშორებული და ამიტომ დავუშვი ეს, თორემ, არასდროს მიფიქრია ცოლშვილიან კაცთან რომანი გამება. მანამდეც მოვწონდი ცოლშვილიან მამაკაცებს, მაგრამ არავისთვის მიპასუხია. მერე თენგიზი ცოლს შეურიგდა.
ეს იყო უბრალოდ ახალგაზრდული გატაცება და სხვა არაფერი. ასე დამთავრდა ყველაფერი. მშვიდად და ლამაზად დავშორდით ერთმანეთს. ბუნებით ძალიან ძლიერი ქალი ვარ და არასდროს შემშინებია, მარტო გამეზარდა ბავშვი. შვილი აუცილებელი იყო ჩემთვის. ქვეყანას მირჩევნია. აღარც კაცი მახსოვს და აღარც სიყვარული. შვილი საკმაოდ გვიან, ორმოცი წლის ასაკში გამიჩნდა. ძალიან კარგი შვილი მყავს. პატარა რომ იყო ჰკითხეს, თამუნა, როგორი მამა გინდა, გყავდესო და მელ გიბსონი მომწონსო. მე რომ შევხვდები მელ გიბსონს, ვეტყვი და შენი ხათრით მითხოვს-მეთქი. ბრძოლის უნარი ყველაფერში მაქვს, პირად ცხოვრებაშიც, მეგობრობაშიც, ქვეყნისთვისაც. მამაკაცები სუსტები არიან, ძალა არ ჰყოფნით და ამიტომ, ადვილად მართვადები არიან. სულ არ მჭირდება, ადვილად სამართავი კაცი მყავდეს გვერდით.
სულ ცოლშვილიან კაცებს ვუყვარდი, მოვწონდი, იყო შემოთავაზებები მათი მხრიდან, მაგრამ არასდროს მიცდია, ცოლისთვის გამეშორებინა ვინმე, არადა ქალები რატომღაც ამას ცდილობენ ხოლმე. ვინმე რომ გამემწარებინა, ის ამის შესახებ აუცილებლად იტყოდა.
პირად ცხოვრებაში მაქვს შეცდომები დაშვებული, სხვა მიმართულებით – არა. ადამიანებთან დიდი არაფერი შემშლია“, - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვუში ტყაბლაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ეკა დემეტრაძის დანგრეული ოჯახი და გადასაღებ მოედანზე გაჩენილი დიდი გრძნობა
მე-13 სართულიდან გადავარდნა, ამნეზია, ბუნდოვანი ორიენტაცია - როგორ „შეეტენა“ ცოლი მარკუს მეტრველს
„კანონიერი ქურდი“, რომლის გულის მოგებას ადვოკატი და მოსამართლე ქალებიც ცდილობდნენ