,,- იმან თუ არ აგიხილა, მე აგიხელ, ხატია! დედას გეფიცები, აგიხელ.
- ვიცი, სოსოია!
- თუ გინდა, არ აგიხილოს, რა მოხდა მერე, მე ხომ მხედავ?!
- შენ კი გხედავ, სოსოია!
- აბა, მეტი რა გინდა, ხატია?
- მეტი არაფერი“...
დიახ, სწორად მიხვდით, ეს ამონარიდია ფილმიდან „მე ვხედავ მზეს“. უსინათლო, ცისფერთვალება გოგო ხატია კი ლეილა ყიფიანია.
დღეს სწორედ მის პორტრეტს დაგიხატავთ.
ბიოგრაფიია
ერთ-ერთი ყველაზე ლამაზ მსახიობ ქალად აღიარებული ლეილა ყიფიანი 1947 წლის 16 ივლისს, ლანჩხუთში დაიბადა. 1971 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა კინოში გადაღება 1965 წლიდან დაიწყო.
გზა ბალეტიდან კინომდე
მამა, გიორგი ყიფიანი, ცნობილი ქირურგი გახლდათ. დედა, ნინო ჯავახიშვილი – დიასახლისი. ოჯახში ხელოვნება განსაკუთრებით უყვარდათ. 9 წლის ცისფერთვალება, ლამაზი გოგონა ჭაბუკიანის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიიყვანეს.
პუანტები მოირგო და დიდ სცენაზე ცეკვის ოცნებაც თავისთავად გაჩნდა. ქორეოგრაფიულში 5 წელი სწავლობდა. ლეგენდარულ მოცეკვავეს, ვახტანგ ჭაბუკიანს, გაოცებული თვალებით შეჰყურებდა და მასავით დიდი მწვერვალების დაპყრობაზე ოცნებობდა.
„ბალერინა ან ძალიან კარგი უნდა იყოს, ან საერთოდ არ უნდა შეეჭიდოს ამ პროფესიას. ცეკვა ძალიან მიყვარდა, თუმცა იმასაც ვხვდებოდი, რომ დიდი ბალერინა ვერ გავხდებოდი. მშობლებიც ატყობდნენ, რომ სათანადო მონაცემები არ მქონდა, ამიტომ ცდილობდნენ, ცეკვას რაც შეიძლებოდა უმტკივნეულოდ ჩამოვშორებოდი.
ბალეტი ძალიან მიყვარდა, ამიტომ მასთან განშორება ჩემთვის ტრაგედია რომ არ ყოფილიყო, ფიგურულ სრიალზე მიმიყვანეს.
სწორედ იმ პერიოდში საქართველოში პირველად გაიხსნა მოციგურავეთა სკოლა და 14 წლის ასაკში ქორეოგრაფიული სასწავლებლიდან იქ გადამიყვანეს. ცეკვასთან განშორებას განვიცდიდი, ვნერვიულობდი, მაგრამ რაღაცნაირად მაინც შევეგუე”.
თითქოს ფორტუნაც ხელს უწყობდა, რომ ყველაფერი უმტკივნეულოდ გადაელახა – ბალეტთან განშორების შემდეგ ცეკვას კინო ჩაენაცვლა.
ჯერ ფილმ „მე ვხედა მზეში“ გამოჩნდა. შემდეგ - „ლონდრესა“ და „ღიმილის ბიჭებში“.
განსაკუთრებით თბილად იხსენებს მისი სასცენო პარტნიორი, სოსიას როლის შემსრულებელი გელა ჭიჭინაძე.
„ასეთი საყვარელი გოგო არა მგონია, კიდევ დაიბადოს. ჰოდა, მეც შემიყვარდა, მაგრამ ლეილას არ ვუყვარდი.
გადაღებისას გამოვუტყდი სიყვარულში და იმდენი იცინა, მეწყინა და გავებუტე - ნახევარი ფილმი ისე გადავიღეთ, ხმა არ გამიცია, თუმცა ეს ამბავი არავის გაუგია. მერე მოსკოვში, ფესტივალზე შევრიგდით“, - აცხადებდა გელა ჭიჭინაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
გაცნობის ისტორია
როგორც ცნობილია, წყვილმა ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნო. სწორედ, „ღიმილის ბიჭების“ გადასაღებ მოედანზე გაიცნო ლეილა ყიფიანმა ცხოვრების მეგზური. ნუგზარ ბაგრატიონი ცნობილი პოეტის პეტრე გრუზინსკის ვაჟი გახლდათ.
პროფესიით მსახიობისთვის „ჭკუისკოლოფა“ ყველაზე პოპულარულ როლად იქცა. წყვილი 1971 წელს დაქორწინდა. ჯვარი სვეტიცხოვლის ტაძარში დაიწერეს.
„ფილმის გადაღების პერიოდმა ყველანი დაგვამეგობრა, მერე კი... არ ვიცი, რა მოხდა... არასოდეს მიფიქრია მის სამეფო წარმოშობაზე, უბრალოდ, შეგვიყვარდა ერთმანეთი.
მე და ნუგზარს საერთო მეგობრები გვყავდა. ერთმანეთის ოჯახებში დავდიოდით. პეტრე გრუზინსკის ოჯახი საოცრად სტუმართმოყვარე იყო. ბატონი პეტრე არაჩვეულებრივი, თბილი ადამიანი იყო, ძალიან ვუყვარდი. ახალ ოჯახთან შეგუება არ გამჭირვებია. თავი უცხოდ არასოდეს მიგვრძნია, არც შეჩვევის მომენტი მქონია“, - იხსენებს ლეილა ყიფიანი ერთ-ერთ ინტერვიუში.
შვილები
შვილი ქორწინებიდან 5 წლის შემდეგ ეყოლათ. ანა რომ გაუჩნდა, 29 წლის იყო. შვილის დაბადებით ლეილას ცხოვრებაში სხვა ეტაპი დაიწყო.
„ჩემ ცხოვრებაში ანა გაჩნდა და ამან ყველაფერი შეცვალა. მერე მაიაც დაიბადა. საყვარელი პროფესიაც მქონდა, ამიტომ მთელი ჩემი ცხოვრება შევსებული აღმოჩნდა. ნუგზარი არ აღუზრდიათ შთაგონებით, შენ ტახტის მემკვიდრე ხარო. არც ჩვენ აღვზარდეთ ასე ჩვენი შვილები. მაშინ ამაზე საჯაროდ არ ლაპარაკობდნენ. დარწმუნებული ვარ, შინაგანად არც ჩემი შვილები შეიცვლებიან და მით უფრო - არ შევიცვლებით მე და ნუგზარი. ნუგზარს არ უყვარს ზედმეტად ყურადღების მიპყრობა, თავის გამოჩენა, ბატონი პეტრეც ასეთი იყო - ეგეთები ვართ და დანარჩენი თქვენ განსაჯეთ“, - ამბობდა ლეილა ყიფიანი.
„მე ვხედავ მზეს“
„ერთ დღეს ქუჩაში მეზობელი შეხვდა. კინოსტუდიაში ხმის ოპერატორად მუშაობდა. ლამაზი გოგონა გააჩერა და უთხრა, კინოსტუდიაში ხატიას როლზე გოგონებს არჩევენ, შენც მოდი, როლზე აუცილებლად დაგამტკიცებენო.
მეორე დღეს მართლაც მივიდა. გრიმიორმა კიკინები და გრიმი გაუკეთა. ფოტოები გადაუღეს და პასუხისთვის ორი კვირის შემდეგ დაიბარეს.
„კინოსტუდიაში თითქმის ნახევარი თბილისის გოგონები დამხვდნენ. ბედმა იმ დღესაც გამიღიმა. ისეთი გრიმიორი დამხვდა, რომ ხატიას გრიმი ზუსტად მომარგო. შინაგანად ძალიან ვნერვიულობდი. ერთი სული მქონდა, ორი კვირა როდის მიილეოდა და პასუხს როდის მეტყოდნენ. როგორც იქნა, დამიბარეს და ერთ-ერთ ეპიზოდში გელა ჭიჭინაძესთან ერთად გადამიღეს.
ვიდრე საბოლოო პასუხს მეტყოდნენ, წინ ისევ მოლოდინით სავსე დღეები იყო. პასუხს თითქოს ოჯახის წევრებისგან ვითხოვდი. მათ განუწყვეტლივ ვეკითხებოდი, დიდი ცისფერი თვალები ხომ მაქვს, როლზე რატომ არ უნდა დამამტკიცონ-მეთქი. სამხატვრო საბჭომ გადაწყვეტილება ჩემ სასარგებლოდ მიიღო – ხატიას როლზე მიმიწვიეს.
ეს ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი ეპიზოდი იყო“,- იხსენებს ლეილა ყიფიანი.
ხატიაზე შეყვარებული ახალგაზრდები ნახატებს, ბარათებს უგზავნიდნენ, სიყვარულს უხსნიდნენ. ლეილა დღემდე ინახავს ორიგინალურ ბარათს, სადაც ფილმის რეჟისორ ლანა ღოღობერიძის კალთის ქვეშ „ხატია“ და „სოსოია“ არიან შეფარებული.
„პირველი როლის შემდეგ ძალიან პოპულარული გავხდი. ფილმმა ტრიუმფით ჩაიარა. ამას სხვა, 14-მდე როლი მოჰყვა. ცხოვრებაში ჩემი წილი ბედნიერება მერგო“,- იხსენდა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი.
ფილმის გადაღებები 1963 წელს დაიწყო. მანამდე კი ლანა ღოღობერიძემ ლეილა უსინათლოთა სკოლაში გააგზავნა, რომ მათი ქცევები შეესწავლა. მეათეკლასელი გოგონა უცებ დიდი მსახიობების გვერდით აღმოჩნდა.
„სესილია თაყაიშვილი ეპიზოდურ როლში მონაწილეობდა. უნდა გენახათ, უდიდესი მსახიობები როგორ მუშაობდნენ. გადამღები ჯგუფი მუშაობას ძალიან მიადვილებდა. ყველაფერს მათგან ვსწავლობდი, რადგან აბსოლუტურად გამოუცდელი ვიყავი. დრამწრეშიც კი არასოდეს მივლია.
მე როცა მიღებდნენ და საჭირო იყო, რომ როლში შევსულიყავი, ჩუმდებოდნენ, თითქოს გაყინულები ერთ ადგილას ისხდნენ და მომჩერებოდნენ, გამოუცდელ გოგონას სათუთად მეპყრობოდნენ. როლი რომ შედგა, დიდი წვლილი მათ მიუძღვით. ყველაფერს მოთმინებით იტანდნენ“,- ჰყვება ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი.
გადაღებები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარეობდა. ამიტომ სწავლაც იმ სკოლაში უწევდა, სადაც გადაღებები ჰქონდა. ასე რომ, ნიშნები სხვადასხვა კუთხიდან თბილისში ჩაჰქონდა, რომ კლასში არ ჩარჩენილიყო. თან დედაც ახლდა, რომელიც ყველაფერში ეხმარებოდა.
ფილმმა “მე ვხედავ მზეს” ნამდვილი ფურორი მოახდინა. მისი ნახვის შემდეგ ნოდარ დუმბაძემ “ხატიას” ხელი მოჰკიდა, მეუღლესთან მიიყვანა და უთხრა, აი, ეს არის ჩემი ხატიაო.
იმ დროს საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს ფილმები მოსკოვის კინოსტუდიაში უნდა წარედგინათ. ლეილას სკოლის გამოსაშვები გამოცდები ჰქონდა ჩასაბარებელი. ლანა ღოღობერიძემ განათლების მინისტრს სთხოვა, გოგონა გამოცდებიდან გაეთავისუფლებინა.
მოსკოვის ჩვენებაზე რეჟისორმა ლია ელიავასთან და გელა ჭიჭინაძესთან ერთად ლეილაც წაიყვანა. პატარა მსახიობის სილამაზითა და თამაშით ყველა მოიხიბლა. ცნობილი რეჟისორები ურჩევდნენ, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაებარებინა.
„მომაშორე შენი წერილები!“
მსახიობობაზე თავადაც ოცნებობდა, მაგრამ მეორე ოცნებაც ჰქონდა – სურდა, ექიმი გამოსულიყო. პროფესიის არჩევაში მშობლებიც ჩაერივნენ. უთხრეს, თუ ფილმებში მიგიწვევენ, შეგიძლია, იქაც იმუშაო, მაგრამ მეორე პროფესია აუცილებელად უნდა გქონდესო. მშობლების რჩევა გაითვალისწინა და უნივერსიტეტში, ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა.
„სამედიცინო ინსტიტუში ჩაბარება მინდოდა, მაგრამ მაშინ იქ მოხვედრა ძალიან რთული იყო. ამიტომ მონათესავე სპეციალობაზე, ბიოლოგიურზე ჩავაბარე. კმაყოფილი ვარ, რომ მშობლების წინააღმდეგ არ წავედი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩემი პროფესიით ვმუშაობ, არც ერთი დღე გამიცდენია.
ფილმებში სტუდენტობის დროსაც მიღებდნენ. თაყვანისმცემლები ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანატში აგზავნიდნენ წერილებს. ჩემი დეკანი გამწარებული დამდევდა და მიყვიროდა, მომაშორე შენი წერილებიო“,- იხსენებდა ყიფიანი.
ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკისი ცოლზე:
ფილარმონიის წინ რომ 51–ე სკოლაა, იქ ვსწავლობდი. ლეილა გვერდით სახლში ცხოვრობდა და რუსულ სკოლაში სწავლობდა. ბირჟაზე რომ ვიდექით და ლეილა ჩამოივლიდა, ყველა მას უყურებდა. მაშინ თავში არც მომსვლია რამე სხვა აზრი.
„ღიმილის ბიჭების“ დროსაც მეგობრული ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან. მერე კი 3 წელი გაგრძელდა ჩვენი მიჯნურობა.
მცხეთაში უზარმაზარი ძაღლი გვყავდა, რომელიც მხოლოდ მე და მამაჩემს გვიკარებდა, დანარჩენებს უღრენდა. მამა ყველას აფრთხილებდა, ახლოს ნუ მიხვალთო. სუფრასთან ვსხედვართ, უცებ მამამ გაიხედა და ხედავს, ლეილა ძაღლს ეთამაშება. დაუძახა, ლეილა, შვილო, არ გაინძრეო და წამოდგა. ბიძია პეტრე, არაფერს მერჩის, ნახეთ, როგორ ვთამაშობთო, გამოსძახა ლეილამ. მაშინ თქვა მამაჩემმა, არა, ეს ნამდვილად ჩემი რძალი უნდა იყოს, ძაღლმაც კი მომავალი პატრონივით მიიღოო.
აგრეთვე წაიკითხეთ:
ქალს კლიტორი მოაჭრა, კაცი დააიმპოტენტა - ქართველმა ექიმმა ცოლსა და მის საყვარელზე შური იძია
ემიგრაცია, ჯორჯ ბალანჩინის აღიარება, ჰოლივუდი და უიღბლო სიყვარული - თამარ თუმანიშვილის პორტრეტი
ვინ არის სოფო ნიჟარაძის დედა და რატომ ჰგონიათ მომღერლის შვილის მამა მიხეილ სააკაშვილი?