Digest Logo

„თავის დროზე მე ვერ მივატოვე... ახლა მე დავრჩი მარტო“ - ლიკა ქავჟარაძის 34-წლიანი ავადმყოფობა და 2 ქორწინება

1613207088
ლიკა ქავჟარაძე

„...და მაინც საიდან მოდის ან სად მიდის სილამაზე...“ - თითქოს ეს სიტყვები ვინმე მარიტას კი არა იმ ქალის მისამართით თქვა ავტორმა, რომელსაც წლების შემდეგ მარიტას როლი უნდა შეესრულებინა. მართლაც,  ლიკა ქავჟარაძის ცხოვრების შესაფასებლად ზუსტ თარგზე გამოჭრილი ფრაზაა. 

რა უცნაურია, რომ ლიკაც მის მიერ შესრულებული პერსონაჟივით ჩაიფერფლა, არადა ის მსახიობობასთან არანაირი კავშირში არ უნდა ყოფილიყო. განათლებით მუსიკოსი გახლდათ. ნიჭიერთა მუსიკალური ათწლედის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში განაგრძო, რომელიც 1973 წელს დაამთავრა, ფორტეპიანოს განხრით.

კამერის წინ პირველად ექვსი წლის ასაკში დადგა, შემდეგ 12 წლის ასაკში გადაიღეს მოკლემეტრაჟიან ფილმში „შადრევანი“. მერე იყო: „როცა აყვავდა ნუში“, „მშვენიერი კოსტიუმი“, „სიყვარული, ივერია და…“, „კავკასიური რომანსი“, „ნატვრის ხე“, „პეპელა“, „სათადარიგო ბორბალი“, „დიუმა კავკასიაში“, „შეხვედრამდე, მეგობარო“, „ოჯახი“, „დიმიტრი II“, „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „ჭიდაობას რა უნდა“, „არგონავტები“, „ვამეხი მოდის“, „სპირალი“, „ოქროს ობობა“, „უძინართა მზე“, „ჩაკლული სული“, „მხოლოდ ერთხელ“ და ა.შ.

თეატრალურ უნივერსიტეტში არასდროს უსწავლია. 30 წლისამ ხატვა დაიწყო და გარდაცვალებამდე რამდენიმე პერსონალური გამოფენა მოაწყო.

„ლიკა მოწოდებით მსახიობი იყო, გატაცებით მხატვარი და პროფესიით მუსიკოსი“ - ამბობდა რეჟისორი გიორგი შენგელაია

ინტერვიუ არქივიდან

როგორც ვიცი, პირველად კამერის წინ ექვსი წლის ასაკში დადექით, ბავშვისთვის ეს დიდი დატვირთვა არ იყო?

იცით, ძალიან სპონტანურად მოხდა ყველაფერი, არც კი გამეგებოდა, სად მივდიოდი, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ვიღაც რაღაც ფილმს იღებდა (გურამ რჩეულიშვილის მოთხრობის მიხედვით), სადაც ბავშვები სჭირდებოდათ და მე გარკვეულ მანძილზე უნდა გავქცეულიყავი…. მახსოვს, დედაჩემი დაკავებული იყო და ჩემს ნათლიას დავყავდი გადაღებებზე. ეს იყო და ეს, დიდი დატვირთვა ნამდვილად არ მქონია…

მაგრამ ეს იყო თქვენი შემოქმედებითი გზის დასაწყისი…

კი, ეს იყო ჩემი პირველი შეხება კინოსამყაროსთან… შემდეგ უკვე 12 წლის ასაკში კინორეჟისორ თემურ ბაქრაძის თანაშემწემ „დამპატიჟა“ ფილმში „შადრევანი“… მერე იყო მშვენიერი „კოსტიუმი“ – რეჟისორ ლია ელიავას ფილმი, სადაც მთავარ როლს ვასრულებდი, მერე „დიდი მწვანე ველი“ – გადასარევი ფილმი. მთავარი როლი მქონდა, აგრეთვე, გაბრიაძის ფილმში „კავკასიური რომანსი“ და შემდეგ…

ალბათ, „ნატვრის ხე“, ხომ?

კი, „ნატვრის ხე“, მაშინ თექვსმეტი წლის ვიყავი…. მახსოვს, ძალიან დიდი კონკურსი იყო, 300-მდე გოგონა მაინც „გასინჯეს“, მაგრამ რატომღაც მე ამირჩიეს…

მაინც რატომ, როგორ ფიქრობთ?

რა ვიცი, აბა?.. ალბათ იმიტომ, რომ კინოში მოღვაწეობის რაღაც გამოცდილება უკვე მქონდა. გადაღებებზე (კახეთში გვქონდა) მე და ბებიაჩემი ვიყავით. საერთოდ, მარტო არსად მიშვებდნენ, ხან დედაჩემი დამყვებოდა, ხან ბებიაჩემი… მოგეხსენებათ, კახელები როგორი სტუმართმოყვარე ხალხია და იყო ერთი დროსტარება, ყოველდღიური ქეიფები… მოკლედ, ძალიან დიდ პატივს გვცემდნენ.

მშობლებს თქვენს მსახიობობაზე პრეტენზია არ ჰქონიათ? მოგეხსენებათ, მამებს მაინცდამაინც არ სიამოვნებთ ქალიშვილის მსახიობობა…

მშობლები გაშორებულები იყვნენ (ხუთი წლის ვიყავი, როცა ერთმანეთს დაცილდნენ), ამდენად, უმამოდ გავიზარდე, დედა კი წინააღმდეგობას არ მიწევდა, პირიქით, ყველანაირად მიწყობდა ხელს. გარდა იმისა, რომ კინოკარიერას ვიკეთებდი, ჩემი შემოსავლით ოჯახსაც ვარჩენდი – რემონტს ვაკეთებდი სახლში, ჩემთვის ვიყიდე ინსტრუმენტი და ასე შემდეგ. მოკლედ, 12 წლიდან ფულის შემომტანი ვიყავი ოჯახში….

როგორც ვიცი, მუსიკალური განათლება გაქვთ…

კი, თბილისს სახელმწიფო კონსერვატორია დავამთავრე…

და არა თეატრალური… საინტერესოა, რატომ არ გააგრძელეთ სწავლა თეატრალურ ინსტიტუტში?

თეატრი თეატრია, კინო კი – კინო. თეატრალურ ინსტიტუტში რომ ჩამებარებინა, თეატრის მსახიობობას მაინც არ ვაპირებდი, კინოში კი ისედაც მიღებდნენ…

შეიძლება ითქვას, რომ „ნატვრის ხე“ თქვენი ერთ–ერთი საეტაპო ფილმია, რას ფიქრობთ, როგორ წარიმართებოდა თქვენი კინოშემოქმედება, ეს ფილმი რომ არ ყოფილიყო?

ჩვეულებრივ… ისევ გავაგრძელებდი გადაღებებს, უბრალოდ, არ ვიქნებოდი თენგიზ აბულაძის ფილმში, ეგ არის და ეგ…

თუ არ ვცდები, 34 ფილმში ხართ გადაღებული, უმრავლესობაში მთავარი როლი გაქვთ ნათამაშევი, საინტრესოა, რა ზეგავლენას ახდენენ განსახიერებული პერსონაჟები თქვენს პიროვნებაზე?

არანაირს, უბრალოდ, ყოველი ახალი ფილმის გადაღების დაწყების წინ ყოველთვის ვცდილობდი განსხვავებული ვყოფილიყავი, ისე არ მეთამაშა, როგორც ადრე გადაღებულ ფილმებში.

მაინც რომელი როლი დგას ყველაზე ახლოს თქვენს შინაგან სამყაროსთან?

ძალიან ბევრი როლია ასეთი. ისტორიულ ფილმში მხოლოდ „დიმიტრი თავდადებულში“ ვარ გადაღებული, სხვა ფილმები თითქმის ყველა თანამედროვეა და ჩემი როლებიც რამდენადმე პასუხობს ჩემს მოთხოვნებს ცხოვრებაში: ავიღოთ თუნდაც ქალის დამოუკიდებლობა, თვითდამკვიდრება… თუმცა ცხოვრებაში ნაკლებად მიხდებოდა რაიმეს დამოუკიდებლად გადაწყვეტა, ყოველთვის ვინმეს მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი, უკვე გითხარით, რომ მარტო არსად მიშვებდნენ. ამას ისე ვიყავი შეჩვეული, რომ ამ რამდენიმე წლის წინათ კინაღამ ფილმის გადაღება ჩავშალე იმის გამო, რომ ვილნიუსში მარტო უნდა წავსულიყავი, საშინლად ვნერვიულობდი…

ესე იგი, თავი მხოლოდ რამდენიმე წლის წინათ იგრძენით დამოუკიდებლად?

კი, მაგრამ იქაც მარტო არსად დავდიოდი. აბსოლუტურად არა მაქვს ორიენტაციის გრძნობა. ამ მხრივ ძალიან უსუსური ვარ, შეიძლება სადღაც დავიკარგო. ვილნიუსში ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა და ისინი დამყვებოდნენ ყველგან.

თვითდამკვიდრების საშუალება რომელი უფროა თქვენთვის: კინო თუ მუსიკა?

ორივე, საოცრად ავსებენ ერთმანეთს. კინოში ყველაფერი ვიზუალურია – თვალით აღქმა ხდება, მუსიკა კი აბსტრაქტული ხელოვნებაა, ინტონაციით უნდა გადმოსცე ის, რასაც შეიგრძნობ: ბუნების სილამაზეს, სიხარულს, სიყვარულს…

თქვენ როდის შეგიყვარდათ პირველად?

ოჰ, ჩემი პირველი სიყვარული პირველი კლასიდან დაიწყო, ჩემს გვერდით ერთი ბიჭი იჯდა და ის მომწონდა ძალიან… მერე ჩემი მეუღლე გავიცანი და მის მეტი აღარავინ მახსოვდა… მითხრეს, ასეთ და ასეთ ბიჭს უყვარხარო და…

ვინ გითხრათ?

ბიცოლაჩემმა… სანდრო (თაქთაქიშვილი – თ.ო) ბიცოლაჩემის მეგობრის შვილია, ჰოდა მითხრა, ძალიან კარგი ბიჭია, წესიერი, კარგი ოჯახისშვილი, მერე ვნახე კიდეც და ტვინში ჩავიბეჭდე, ეს ბიჭი ჩემი ქმარი უნდა იყოს-მეთქი…

რამდენი წლის იყავით მაშინ?

თხუთმეტის… ვიცოდი, რომ „ტენისზე“ დადიოდა და ბიძაჩემთან ერთად მეც ხშირად მივდიოდი ხოლმე იქ. მერე ამხანაგის დაბადების დღეზე შევხვდით რამდენჯერმე, საერთო ნაცნობიც აღმოგვაჩნდა და ასე თანდათან დავუახლოვდით ერთმანეთს. ცხრამეტი წლის ვიყავი, როცა დავქორწინდით,

 


სიყვარულს ყოველთვის მოსდევს ხოლმე საოცარი აღმაფრენა…

…წვა და დაფერფვლა (თავად აგრძელებს)…

მით უმეტეს, როცა პატარა ხარ…

რატომ, პატარა რომ ხარ, მაგიტომ არა, პირიქით, რაც უფრო დიდი ასაკის ხარ, მით უფრო ძნელად გადაგაქვს სიყვარულის „ბაცილა“… კი ამბობენ, სიყვარული ბრმააო, მაგრამ ასე არ არის, როცა გიყვარს, გაცნობიერებულიც გაქვს, რატომაც გიყვარს. სიყვარული ბრმა არ არის, ბრმა შემდეგ ხდები, აღარაფერი გახსოვს, ყველაფერი მეორე პლანზე გადადის და რჩება მხოლოდ ეს სიყვარული…

მინდოდა მეთქვა, რაც უფრო პატარა ხარ, ეს აღმაფრენა უფრო მეტ სისულელეებს ჩაგადენინებს–მეთქი ადამიანს...

ოო, საშინელ სისულელეებს…

თქვენ თუ ჩაგიდენიათ რაიმე მსგავსი?

შეიძლება ჩამიდენია, შეიძლება – არა… ისე, ძალიან ეჭვიანი ვიყავი, ელემენტარულ რაღაცებზე ვეჭვიანობდი. ძალიან ცუდი თვისებაა ეჭვიანობა!

მაგრამ ამბობენ, რომ ეჭვიანობის გარეშე სიყვარული არ არსებობს. როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ მამაკაცმა ქალი არასოდეს მიატოვოს?

ქალი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს, არასოდეს უნდა მოეშვას, დილით რომ ადგება და მთელი დღე ხალათით დადის, ეს არცერთ მამაკაცს არ სიამოვნებს. კი, ათასგვარი პრობლემებია, მერე, რაც ასაკი გემატება, ეტყობა ხასიათიც გეცვლება ადამიანს და სურვილი და სტიმულიც აღარ გაქვს თავს მოუარო, მაგრამ მაინც… ქალმა ქალურობა არასოდეს არ უნდა დაკარგოს…

ლიკა მეუღლესთან, სანდრო თაქთაქიშვილთან ერთად. თამარ ოთიაშვილის ფოტო


მაგრამ ეს სტიმულიც ხომ მამაკაცმა (ამ შემთხვევაში მეუღლემ) უნდა მოგცეს?

სტიმულს მარტო მეუღლე ვერ მოგცემს, შენი საქმე უნდა გქონდეს, რაღაცით უნდა იყო დაკავებული.

ფორმის შენარჩუნებაში, პირველ რიგში, ალბათ, გარეგნობა იგულისხმება…

რა თქმა უნდა, გარეგნობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

და მაინც, თქვენი აზრით, როგორ უნდა შეინარჩუნოს ქალმა სილამაზე?

ძალიან ხშირად უნდა ჩაიხედოს სარკეში და თავს მოუაროს, ყურადღება მიაქციოს სახის კანს, განსაკუთრებით ოცდაათი წლის შემდეგ, თვეში ერთხელ მაინც უნდა წავიდეს სალონში… ეს მინიმალურია, რაც ქალმა უნდა გააკეთოს.

თქვენ თუ გაქვთ თავის მოვლის რაიმე განსაკუთრებული ხერხი?

არაფერი ისეთი, სათქმელად რომ ღირდეს, ელემენტარულად თმებს ვიღებავ და კრემს ვისვამ სახეზე. რაც შეეხება ჩაცმას, ვცდილობ ისეთი ტანსაცმელი შევიძინო, რომელშიც კარგად გამოვიყურები.

უპირატესობას მზა ტანსაცმელს ანიჭებთ თუ მკერავებს აკითხავთ?

პატარა რომ ვიყავი, ვიკერავდი ხოლმე, ახლა მზა ტანსაცმლის შეძენას ვამჯობინებ, რადგან ნაჭერი, შეკერვა (მით უმეტეს, თუ კარგ მკერავთან მიდიხარ) თითქმის იგივე და ზოგჯერ მეტი ფასიც კი ჯდება. თან არც ისე ცუდად შეკერილი ტანსაცმელი იყიდება. ისე, ჩემი გარდერობი ძალიან პატარაა…

ამ ბოლო დროს მაყურებელმა სილამაზის კონკურსის ჟიურიში გიხილათ...

მართალი ხართ, ძალიან მომეწონა კონკურსის მონაწილე გოგონები, სახეზე რა მოგახსენოთ, მაგრამ საოცრად კარგი აღნაგობა ჰქონდათ, ფანტასტიკური ტანი, იშვიათად თუ მინახავს ასეთი სილამაზე…

და მაინც, რამდენად შესძელით საკუთარი თავის რეალიზება?

ალბათ, მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ ელემენტარულად მსახიობის ბედი მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული. მსახიობობა სხვაზე (თუნდაც რეჟისორზე) დამოკიდებული პროფესიაა.

 

***


2002 წელს ლიკა ქავჟარაძე პირველ მეუღლეს, სანდრო თაქთაქიშვილს გაშორდა და ცოლად გაჰყვა ლევან შანიძეს, რომელთან ერთადაც რამდენიმე წელი ცხოვრობდა. „როდესაც გამოუვალი მდგომარეობაა და ცოლ-ქმარს საერთო აღარაფერი აქვს, ოჯახი უნდა დაინგრეს. ძალით რაღაცის შეკოწიწება და ტყუილში ცხოვრება არ ღირს“, – ამბობდა იგი და შვილის, ლევან თაქთაქიშვილის ბედნიერებით ხარობდა, რომელიც ცოლ-შვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს.

აქვე ალბათ შეუძლებელია ყურადღება არ გავამახვილოთ ლიკა ქავჟარაძის ავადმყოფობაზე, რაც თავადაც არასოდეს დაუმალავს, ყოველთვის ამბობდა, რომ 24 წლიდან ცუდად იყო: სურდო ჰქონდა, რომელიც გაურთულდა, ჯერ მენინგიტი ეგონათ, მერე რაღაც ფსიქიკური აშლილობა, ექიმები იმასაც ამბობდნენ, რომ ეს მშობიარობის სტრესი იყო… მოკლედ, 24 წლიდან გარდაცვალებამდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო, წამლებს იღებდა, თავს აკონტროლებდა… თვლიდა, რომ მარიტამ მართლაც რომ წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო მის კარიერაში, არამედ, ზოგადად, ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრ ფილმში ითამაშა, „ნატვრის ხე“ მაინც სხვა იყო, თუმცა გული სწყდებოდა, რომ საზოგადოება მის დანარჩენ როლებს ნაკლებად იცნობდა.

ლიკა ქავჟარაძის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული. სამი წლის წინათ, 2017 წლის 11 ოქტომბერს იგი ვაკეში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, გულმა უმტყუნა… არადა, რამდენ რამეს გეგმავდა: გამოფენისთვის ემზადებოდა, მალე (27 ოქტომბერს) მისი სახელობის ვარსკვლავიც უნდა გახსნილიყო, დიდი ხნის უნახავ შვილსა და შვილიშვილს ელოდებოდა ამერიკიდან…

„მარიტას სული პეპელასავით გაფრინდა და ანგელოზები ზარის რეკვით შეეგებნენო…“

სიცოცხლის ბოლო წლებში მსახიობი პრესასთან ურთიერთობას თავს არიდებდა, მან მხოლოდ ბოლოს გადაწყვიტა საზოგადოების წინაშე გამოჩენა. 27 ოქტომბერს ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავის გახსნა იგეგმებოდა, სადაც მისი შვილისა და შვილიშვილის ჩამოყვანაც იყო დაგეგმილი. ემზადებოდა გამოფენისთვისაც, მაგრამ...

„თავის დროზე მე ვერ მივატოვე დედაჩემი და ჩემი შვილი, ახლა კი მე დავრჩი მარტო“, - აცხადებდა ლიკა ქავჟარაძე ერთ-ერთ ინტერვიუში, და სიცოცხლის ბოლო წუთებშიც მისი ყველაზე დიდი საფიქრალი იყო ლევანი ...

მსახიობი 2017 წელს გარდაიცვალა.

 

თამარ ოთიაშვილი

ქორწინება მოგვარეზე, პოლიტიკა და განქორწინება - ხათუნა ხოფერიას უცნობი ამბები

ამბავი, რომელის შემდეგაც ლადო ვარძელაშვილი საჯაროდ აღარ ჩნდება

ქორწინება 27 წლით უმცროს ქალზე და 3-ჯერ შექმნილი ოჯახი - ამბები მალხაზ ქვრივიშვილზე

წყარო: nostal.ge