რამდენიმე წლის წინ სამყარომ კოვიდპანდემია გადაიტანა. თავდაპირველად ყველას ეგონა, რომ მთავარი საფრთხე ფიზიკური ჯანმრთელობა იყო, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ვირუსმა ადამიანის ფსიქიკაზეც მძიმე კვალი დატოვა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, პანდემიის პირველივე წელს შფოთვითი და დეპრესიული აშლილობების გავრცელება მსოფლიოში დაახლოებით მეოთხედით გაიზარდა.
დღეს კაცობრიობა სხვა სახის რევოლუციის წინაშე დგას.
ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. ის გვიწერს ტექსტებს, გვაძლევს რჩევებს, გვესაუბრება და ზოგჯერ ადამიანური ურთიერთობების ადგილსაც კი იკავებს. ტექნოლოგია უზარმაზარ შესაძლებლობებს ქმნის, მაგრამ ამავდროულად ახალ კითხვებსაც აჩენს.
თუ კოვიდმა დაგვანახვა, რამდენად დაუცველი შეიძლება იყოს ადამიანის სხეული, AI გვაფიქრებინებს, რამდენად დაუცველი შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანის ფსიქიკა.
თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს ხელოვნურ ინტელექტს არა მხოლოდ ინფორმაციის მისაღებად, არამედ ემოციური მხარდაჭერისთვისაც. ადამიანები უზიარებენ მას შიშებს, ურთიერთობის პრობლემებს, მარტოობის განცდას და ცხოვრებისეულ კრიზისებს.
„ჩატბოტები“ ბევრისთვის მხარდაჭერის წყაროდ იქცა, თუმცა მათი შესაძლებლობები და უსაფრთხოება ჯერ კიდევ არასაკმარისად არის შესწავლილი. განსაკუთრებით სარისკოა ის შემთხვევები, როდესაც ადამიანი პროფესიონალურ დახმარებას ტექნოლოგიით ანაცვლებს. ფსიქოლოგები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ახალ ფენომენზე: ადამიანს შეიძლება ასობით კონტაქტი ჰყავდეს სოციალურ ქსელში, მუდმივად იყოს ონლაინ და მაინც განიცდიდეს ღრმა მარტოობას. ხელოვნური ინტელექტი ამ სიცარიელის შევსებას ცდილობს.
AI - კომპანიონებთან ურთიერთობა მართლაც ამცირებს მარტოობის განცდას, თუმცა ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ეფექტი შესაძლოა დროებითი იყოს. თუ ადამიანი რეალური ადამიანების ნაცვლად ემოციურ კავშირს ალგორითმთან ამყარებს, არსებობს სოციალური იზოლაციის, დამოკიდებულებისა და ურთიერთობის უნარების შესუსტების რისკი.
გენერაციული AI ადამიანებთან ხშირად სწორედ იმ მომენტებში ურთიერთობს, როდესაც ისინი ემოციურად ყველაზე მოწყვლადები არიან. ამიტომ აუცილებელია უსაფრთხოების წესები, რეგულაციები და მუდმივი კვლევა, რადგან ტექნოლოგიის გავრცელების სისწრაფე ბევრად უსწრებს მისი გავლენის შესწავლის ტემპს. იუნესკო ხელოვნურ ინტელექტს ადარებს ცეცხლს, რომელსაც შეუძლია ერთდროულად კეთილდღეობის შექმნაც და ზიანის მოტანაც. მისი ხედვით, AI-ის განვითარება ადამიანის კეთილდღეობის, ეთიკისა და უსაფრთხოების პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული, რათა ტექნოლოგიური პროგრესი ადამიანური ღირებულებების ხარჯზე არ განხორციელდეს.
ამ ყველაფრის ფონზე სულ უფრო ხშირად ისმის ტერმინი „ფსიქიკური უსაფრთხოება“.
თუ წარსულში სახელმწიფოები საზღვრებს იცავდნენ, ხოლო ციფრულ ეპოქაში კიბერუსაფრთხოება გახდა მთავარი გამოწვევა, მომავალში შესაძლოა განსაკუთრებული მნიშვნელობა ფსიქიკური უსაფრთხოების დაცვამ შეიძინოს. ეს ნიშნავს ადამიანის ემოციური სტაბილურობის, კრიტიკული აზროვნების, რეალური ურთიერთობების, შინაგანი თავისუფლებისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობის დაცვას იმ გარემოში, სადაც ალგორითმები ყოველდღიურად ცდილობენ ჩვენი ყურადღების, ემოციებისა და არჩევანის მართვას.
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ბავშვები და მოზარდები. მათთვის რეალური და ციფრული სამყაროს საზღვრები ხშირად გაცილებით ბუნდოვანია. ამიტომ ფსიქოლოგები აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ იმის ცოდნა, როგორ გამოვიყენოთ AI, არამედ იმის გააზრებაც, სად გადის ზღვარი სასარგებლო დახმარებასა და ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას შორის.
შესაძლოა, უახლოეს წლებში ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა აღარ იყოს, რამდენად ინტელექტუალური გახდება ხელოვნური ინტელექტი. მთავარი კითხვა იქნება, რამდენად შევძლებთ ადამიანური ფსიქიკის დაცვას. კოვიდმა დაგვანახვა დაუცველი ჯანმრთელობა. AI გვიჩვენებს დაუცველ საინფორმაციო და ემოციურ სივრცეს. ხოლო მესამე დიდი გამოწვევა, რომელიც უკვე იკვეთება ჰორიზონტზე, შესაძლოა სწორედ ფსიქიკური უსაფრთხოება იყოს. რადგან ტექნოლოგიების ეპოქაში ყველაზე ფასეული რესურსი მონაცემები კი არა, ადამიანის გონება და ემოციური კეთილდღეობაა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რატომ არ უნდა მივიღოთ კოფეინი ძილის წინ? - რას გვირჩევს მედიცინის დოქტორი, ნევროლოგი
⭕რატომ ირჩევს ქალი „საყვარლის“ როლს და როგორ ებმება ილუზიების მახეში - ფსიქოლოგის განმარტება
🎥 შორენა ბეგაშვილი ზღაპრულ კადრებს აქვეყნებს - „საოცარია, შენ, მზე და ოკეანე“