28 სექტემბერს, 06:49 საათზე მარსი კირჩხიბის ნიშნიდან ლომის ნიშანში გადავა.
ამ მომენტიდან იწყება მისი ოპოზიცია პლუტონთან. ეს არის ორ დიდ ძალას შორის არსებული დაპირისპირება, სადაც მარსი (ნება, მოქმედება, აგრესია) ეჯახება პლუტონს (ტრანსფორმაცია, ძალაუფლება, კოლექტიური ქვეცნობიერი), რაც მძლავრი ენერგიის, კონფრონტაციების და გასაოცარი ტრანსფორმაციების კასკადს გამოიწვევს.
განსაკუთრებით კი 3 ოქტომბრის ახლო-მახოლო პერიოდში, როდესაც ასპექტი თავის პიკს მიაღწევს, თუმცა ამ ოპოზიციის ზეგავლენა აქ არ ამოიწურება. საქმე იმაშია, რომ მარსი 6 ნოემბრიდან ეგრეთ წოდებულ რეტროგრადულობის მარყუჟში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ამბების ექო, რასაც ახლა ჩაეყრება საფუძველი, გაისად გაზაფხულის დასაწყისამდე გაგვყვება, უფრო ზუსტად კი 9 ივნისამდე, სწორედ ამ დღეს გამოვა მარსი ზემოთ ხსენებული მარყუჟიდან.
მაინც რა შეიძლება მოიტანოს ამ ასპექტმა?
თუ გადავხედავთ წინა პერიოდს, კერძოდ 2024 წლის 16 დეკემბრიდან 2025 წლის 14 იანვრის ჩათვლით, მსოფლიო არენაზე ზუსტად ამ ენერგეტიკის შესატყვისი, უპრეცედენტო მასშტაბის გეოპოლიტიკური ძვრები და სახელისუფლებო ვერტიკალების რადიკალური ტრანსფორმაციები მოხდა.
ჯერ მარტო სირიაში ასადის რეჟიმის დამხობა რად ღირს!! მეამბოხეების მიერ დამასკოს აღება და ბაშარ ალ-ასადის 50-წლიანი დიქტატორული რეჟიმის დამხობა სწორედ მარსისა და პლუტონის დაპირისპირების ზუსტ პერიოდს დაემთხვა. ეს იყო პლუტონური მასშტაბის სისტემური ნგრევა და მარსიანული სამხედრო ძალის დემონსტრირება, რამაც მთელი ახლო აღმოსავლეთის არქიტექტურა შეცვალა.
2024 წლის დეკემბერშივე იყო სამხრეთ კორეის პოლიტიკური კრიზისი: პარლამენტის შტურმის მცდელობა და შემდგომი საპროტესტო ტალღა, რასაც პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტის პროცესი მოჰყვა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და მასზე კონტროლის დაკარგვის კლასიკური სცენარი აჩვენა.
იყო „ჯენზის“ გამოსვლები, იყო კიდევ ბევრი სხვა აგრესიული პოლიტიკური სიტუაციები, აღარ ჩამოვთვლი, თავადაც შეგიძლიათ მოიძიოთ შესაბამისი ინფო.
ახლა რა არის მოსალოდნელი?
მოსალოდნელია ძველი ლიდერებისა და სისტემების მსხვრევა, ფარული შეთქმულებების, კომპრომატების ომებისა და კულუარული ძალაუფლების სააშკარაოზე გამოსვლა. სავარაუდოდ გამწვავდება დაპირისპირებები როგორც სახელმწიფოებს შორის, ისე სოციალურ ჯგუფებში, სადაც კომპრომისი შეუძლებელი გახდება. დიდი ალბათობით მოხდება ძალისმიერი მეთოდების გამოყენება.
პიროვნულ დონეზე კი ეს არის დრო, როდესაც შესაძლოა შეგხვდეთ ადამიანები ან სიტუაციები, რომლებიც შეეცდებიან თქვენს გაკონტროლებას, ან თავად გაგიჩნდეთ სხვებზე დომინირების ძლიერი სურვილი.
პლუტონი დიდხანს ინახავს ემოციებს მიწისქვეშ, მარსი კი ასანთის ღერივითაა. ამ პერიოდში მოსალოდნელია ძველი, ჩახშობილი წყენისა და ბრაზის უეცარი აფეთქება. მოერიდეთ პირდაპირ კონფრონტაციას. ამ ასპექტის დროს დაწყებული ომი ხშირად ორივე მხარის დაზარალებით სრულდება. თუ გრძნობთ, რომ სიტუაცია მწვავდება, დროებით უკან დაიხიეთ.
ლომში მყოფი მარსი ითხოვს აღიარებას და ყურადღების ცენტრში ყოფნას. მერწყულში მყოფი პლუტონი კი ამბობს, რომ სისტემა ან გუნდი უფრო მნიშვნელოვანია. ეს იწვევს კონფლიქტს მეგობრებთან, ორგანიზაციებთან ან სოციალურ ჯგუფებთან.ეს ასპექტი ხშირად გაიძულებთ, იმოქმედოთ უკიდურესი წნეხის ქვეშ. ჩნდება მოთხოვნილება: ან ყველაფერი, ან არაფერი.
ამავდროულად, ეს ენერგია იძლევა უზარმაზარ შინაგან ძალას, მიმართეთ ის ფიზიკურ ან შემოქმედებით აქტივობაში - მძიმე ფიზიკურ შრომაში, სპორტში ან რთული, კომპლექსური პროექტების მოგვარებაში. გამოიყენეთ ეს უზარმაზარი ძალა ძველი, მოძველებული ჩვევების ან თქვენს ცხოვრებაში არსებული ტოქსიკური კავშირების დასასრულებლად. სინამდვილეში ეს ასპექტი სულიერი კათარსისისა და განწმენდისათვის გვეძლევა.
თუ თქვენ გყავთ პლანეტები ლომის ან მერწყულის ნიშნის დასაწყისში, ან მარსის და პლუტონის ნებისმიერი ასპექტი რუკაში, მაშინ ამ ზეგავლენას აუცილებლად იგრძნობთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემი სიყვარულები...“ - ლიზა ჩიჩუა შვილების უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს
⭕„საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება“ - ვილი სანიოლის ემოციური მიმართვა