ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც პლანეტა მერკურის თევზების ზოდიაქოში გადასვლაზე საუბრობს:
„რეტრო მერკური თევზებში:
7 თებერვალს მერკური გადადის თევზებში სადაც 15 აპრილამდე დარჩება.
მერკური თევზებში ერთდროულად გაძევებულად და დაცემულად ითვლება. ეს ზოდიაქო, რომელსაც იდუმალი ნეპტუნი მართავს, უფრო ფარულ სცენარებს, ინტუიციას და სიმბოლიზმის ენას უჭერს მხარს, ვიდრე ლოგიკას. მე რომ მკითხო დაცემა-გაძევების მიუხედავად, თევზების ტერიტორია მერკურის გარკვეულ ძლევამოსილებასაც კი ანიჭებს, და ის აქ ისეთი მანიპულატორი ხდება, სხვა ნიშნებს არც კი დასიზმრებიათ. უკეთეს შემთხვევაში ამ პერიოდში ადამიანებს უმძაფრდებათ ინტუიცია, სამყაროს მინიშნებებს უფრო მკაფიოდ აღვიქვამთ. მართალია პრაგმატიზმის თვალსაზრისით გონება ცოტა მოიკოჭლებს, მაგრამ ხომ უნდა არსებობდეს დრო, როდესაც ადამიანმა უნდა იოცნებოს, იფანტაზიოროს, წარმოსახვას მისცეს ფრთების გაშლის საშუალება?
ჰოდა, ახლა სწორედ ეს პერიოდია.
12 თებერვლიდან თევზების 9°-ზე მერკური თავისი რეტროგრადულობისათვის დაიწყებს წინასწარ მზადებას, ანუ მარყუჟში შევა. 26 თებერვლიდან 20 მარტამდე უკუსვლით მოძრაობაში იქნება, თუმცა მარყუჟიდან საბოლოოდ მხოლოდ 8 აპრილს, თევზების 23° -ზე დაასრულებს.
რასაკვირველია, გავივლით სტაციონარულობის 2 წერტილსაც; პირველი - 25 თებერვალს, თევზების 23°-ზე, ვენერასთან შეერთებაში, რაც წარსულ ურთიერთობებთან, და შესაძლოა ძველ ფინანსურ საქმეებთანაც დაგვაბრუნებს. ამ დროს მნიშვნელოვანი იქნება მოვუსმინოთ- რას გვკარნახობს გული და ინტუიცია...
21 მარტს მე-2 სტაციონარულობისას, მერკური თევზების 9°, მთვარის აღმავალ კვანძთან იქნება შეერთებაში.
ამ დროს შესაძლოა გამოიკვეთოს მოვლენების რეალური მიზეზები, გამოჩნდეს, სწორი მიმართულებით მივდივართ თუ არა.
რაც შეეხება უშუალოდ რეტროგრადულობის პერიოდს, რა თქმა უნდა ეს იქნება ძველი შეცდომების გადახედვის და ახლის დაშვების დრო. რას ვიზამთ, ასეა ეს სამყარო მოწყობილი. მაგრამ თუ ჩვენ ძველის გამოსწორებაზე ვიქნებით აქცენტირებული, იქნებ ახლის გასაფუჭებლად ვერც მოვიცალოთ.
მათზე, ვისაც თევზების, კირჩხიბისა და მორიელის ნიშნებში მზე და/ან მერკური (განსაკუთრებით 8°–24°) გყავთ —ეს ტრანზიტი ძლიერ დადებითად იმოქმედებს. ხოლო მათ, ვისაც მზე ან მერკური ტყუპებში, ქალწულში ან მშვილდოსნის 8°–24°-ზე გყავთ, სიფრთხილე და მეტი მოთმინების გამოჩენა გმართებთ.
მერკური თევზებში, მით უმეტეს კი რეტრო, არ არის სწრაფი გადაწყვეტილებებისა და ლოგიკისთვის დრო. ეს მინიშნებების, სიმბოლოების, ჩუმი სიგნალებისა პერიოდია. ვინც ამ ენას ვერ კითხულობს, მარტივად აირევა; ვინც სწორად გაშიფრავს - დიდ უპირატესობას მიიღებს“, - წერს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ: