„დაბნელებების დერეფანი - 17 თებერვლიდან 3 მარტამდეა“, - როგორ აისახება ეს ასტროლოგიური მოვლენა საზოგადოებაზე და რას მოგვიტანს ეს 2-კვირიანი პერიოდი, ამის შესახებ AstroBlog SkyLight წერს და რჩევებს გვიზიარებს.
როგორც პოსტში ვკითხულობთ, ეს კარმული პერიოდია და მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში უფრო კონცენტრირებული გახდება.
„დაბნელებების დერეფანი - 17 თებერვლიდან 3 მარტამდე - მნიშვნელოვანი პერიოდია.
ეს არის ორკვირიანი შუალედი ორ დაბნელებას შორის, ამ შემთხვევაში მზის რგოლურ დაბნელებასა და მთვარის სრულ დაბნელებას შორის. ეს კარმული პერიოდია, და მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში უფრო კონცენტრირებული ხდება.
ჩვენი გადაწყვეტილებები და მათი შედეგები არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი. ეს არის პერიოდი, როცა ერთ ადგილზე და ძველ პოზიციაზე გაჩერება შეუძლებელია და როცა ამ ენერგიას მივმართავთ ცნობიერად ზრდისთვის, ნიშნავს, რომ ვცხოვრობთ და ვვითარდებით სამყაროს რითმთან ერთად.
ყველაფერი, რაც ამ პერიოდში იწყება, სრულდება ან მკვეთრად იცვლება, ყოველთვის ტოვებს ხანგრძლივ კვალს.
ასევე, ასეთ დღეებში ბევრი რამ გამოდის ჩრდილიდან. ადამიანებმა შეიძლება მოულოდნელად გამოავლინონ თავიანთი ნამდვილი სახე. ურთიერთობები ამ პერიოდში სიმტკიცის გამოცდას გადის.
სიტუაციები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში ვაიგნორებდით, საბოლოო გადაწყვეტას მოითხოვს. თუ გაქვთ დაუმთავრებელი კარმული საკითხები, დაბნელებების დერეფანი თითქოს კარმული სარკის წინ გვაყენებს და გვეკითხება: „ შენი გზა შენი არჩევანი და ცნობიერად მიყვები მას, თუ უბრალოდ, ინერციით მოძრაობ - მიზნის და განზრახვის გარეშე?“ რაც ყველაზე მთავარია, ამ დროს ვეღარ მოვატყუებთ ვერც საკუთარ თავს და ვერც სამყაროს.
ისე არ გაიგოთ, რომ დაბნელებების დერეფანი სასჯელია. სინამდვილეში მას შეუძლია, დაგვაბრუნოს სწორ გზაზე, თუკი გზა აგვებნა ან შეცდომები დავუშვით. ეს შეიძლება იყოს არაკომფორტული და ინტენსიური პროცესი ან შედარებით რბილი, მაგრამ მიზანი ერთია განვსაზღვროთ სწორი მიმართულება, ვექტორი. ეს უფრო კარმული საათის გასწორებაა, ერთგვარი სინქრონიზაცია.
თუ ამ პერიოდს ცნობიერად გავივლით, დაბნელებების კორიდორი ხდება ძლიერი შინაგანი ზრდის დრო. მაგრამ თუ წინააღმდეგობას გავუწევთ, ის შეიძლება ქაოსად აღიქმებოდეს. ამიტომ მთავარი სტრატეგიაა სიფხიზლე, სიმშვიდე, დაკვირვება და საკუთარი თავისადმი განსაკუთრებული სიფრთხილე.
რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი ამ პერიოდში ჩვენს ცხოვრებაში და რა მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები გველოდება ამ ორი კვირის განმავლობაში?
დაბნელებების პორტალს განსაკუთრებულს ხდის სატურნისა და ნეპტუნის ეპოქალური შეერთება ზოდიაქოს წრის დასაწყისში - ვერძის 0 გრადუსზე, რაც მიანიშნებს ახალ ეპოქაში კვანტურ ნახტომზე.
როგორც წინა პოსტიდან იცით დღეს 16:03 სთ-ზე იქნება მზის რგოლური დაბნელება: მზე და მთვარე შეერთდებიან მერწყულის ბოლო გრადუსზე.
დაბნელებებს განსაკუთრებული ენერგია აქვთ და ყოველთვის ცვლილებების წერტილებს წარმოადგენენ. ისინი გვაძლევენ შესაძლებლობას გავთავისუფლდეთ ნეგატიური წარსულისგან, შევცვალოთ აწმყო და საფუძველი ჩავუყაროთ ახალი მომავლის პროგრამას. ისინი გვაძლევენ საშუალებას გადავიდეთ განვითარების ახალ ეტაპზე გრძელი გზის გავლის გარეშე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რა ემოციებით, რა განწყობით და რა შინაგანი მდგომარეობით შევდივართ პორტალში.
მზის დაბნელება განსაკუთრებით მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე. ამ დროს გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი ძალისხმევით მოვიზიდოთ სასიკეთო სცენარები და გარემოებები.
ამ ენერგიების პირობებში მთავრდება მთელი ეპოქა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ენერგია მივმართოთ საკუთარი კეთილი მიზნების განხორციელებისკენ და არა კონფლიქტების, აგრესიის ან პრობლემების გაღრმავებისკენ.
მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში თავი ავარიდოთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით ურთიერთობების სფეროში.
არ იჩქაროთ, არ მიიღოთ მკვეთრი გადაწყვეტილებები და ყურადღებით შეაფასეთ სიტუაციები, რადგან ამ დროს მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად შეუქცევადია. ასევე მნიშვნელოვანია, თავი შეიკავოთ ნეგატიური ემოციებისგან, კრიტიკისგან, წყენისგან ან აგრესიისგან. ასეთი ენერგიები შეიძლება ნეგატიური სცენარების გააქტიურების მიზეზი გახდეს.
მნიშვნელოვანია სიყვარულის, მადლიერებისა და სინათლის მდგომარეობაში ყოფნა. სწორედ ასეთი ვიბრაციები იზიდავს სასიკეთო მოვლენებს.
არ გაუწიოთ წინააღმდეგობა ცვლილებებს. დაბნელება ძლიერი ტრანსფორმაციის კატალიზატორია. წინააღმდეგობა მხოლოდ დაძაბულობას გააძლიერებს. მნიშვნელოვანია დაკვირვება - სიზმრებზე, განმეორებად მოვლენებზე, შემთხვევით საუბრებზე და შინაგან განცდებზე. ეს ყველაფერი გზავნილია, რომელიც სწორ მიმართულებას გვაჩვენებს.
მადლიერების პრაქტიკა ამ პერიოდში განსაკუთრებით ძლიერია. მადლიერება ხელს უწყობს კარმული პროგრამების განთავისუფლებას და ახალი პოზიტიური სცენარების დაწყებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილოეთის კარმული კვანძი ზუსტ შეერთებაში იქნება ვენერასთან. ეს ქმნის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს სიყვარულის, ურთიერთობების, ფინანსების და თვითშეფასების სფეროში. (19 თებერვლამდე)
ეს ხელს უწყობს ურთიერთობების გაძლიერებას, ახალი მნიშვნელოვანი ნაცნობობის დაწყებას და ფინანსური სტრატეგიის გაუმჯობესებას.
ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მაინც არის სატურნისა და ნეპტუნის შეერთება ვერძის პირველ გრადუსში. ეს არის ახალი ციკლის დასაწყისი, რომელსაც მოაქვს ცნობიერების, იდეების და ცხოვრების მიმართულების მასშტაბური ცვლილებები.
ამ დროს შეიძლება იგრძნოთ გაურკვევლობა, შინაგანი დაძაბულობა ან ემოციური არასტაბილურობა. ეს ბუნებრივია, რადგან იწყება სრულიად ახალი ეტაპი.
მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება და ნდობა პროცესის მიმართ. ეს შეერთება მიზნად ისახავს ჩვენი შინაგანი სამყაროს ჰარმონიზაციას, გონებისა და ინტუიციის გაერთიანებას.
18 თებერვალს (19:52სთ) მზე გადავა თევზების ნიშანში, რაც გააძლიერებს ინტუიციას, ემოციებს და ემპათიას. თუმცა მნიშვნელოვანია ზღვრის შენარჩუნება ილუზიასა და რეალობას შორის.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ 26 თებერვლიდან მერკური რეტროგრადული გახდება და 20 მარტამდე გაგრძელდება.
ამ პერიოდში არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი ახალი პროექტების დაწყება, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება ან დიდი შენაძენები.
ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად არის არის 18–23 თებერვალი.
ძვირფასო მეგობრებო, გისურვებთ დაბნელებების კორიდორის მშვიდ და ჰარმონიულ გავლას.
დაე, ამ პერიოდმა მოგიტანოთ სიყვარული, წარმატება, კეთილდღეობა, სიხარული და ზრდა!
P.S. მეგობრებო, მიზნების და განზრახვების ფორმირება დაიწყეთ 18 საათის შემდეგ, რადგან მთვარე უკურსოა და 18 საათიდან გადადის თევზებში“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ქარი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება“ - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი